რონი ჯეიმს დიოს სოლო–შემოქმედება პირობითად ორ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ. პირველი – 1983 წლის Holy Diver–დან 1990 წლის Lock Up The Wolves-მდე, მეორე კი 1993 წლის Strange Highways-დან ბოლომდე... ამ ხნის განმავლობაში დიომ შექმნა არაერთი მუსიკალური შედევრი და მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე გაავარსკვლავა არაერთი მუსიკოსი, რომელთაგან უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია გიტარისტები.
Holy Diver დიოს სოლო–შემოქმედების ერთგვარ Heaven & Hell–ად იქცა. გარდა იმისა, რომ Black Sabbath–ის ნამუშევარი ამ ალბომის იდეური საფუძველია, დიომ შესანიშნავად განჭვრიტა მისი განვითარების გზები და 80–ებისთვის გაცილებით მოქნილი და მისაღები გახადა. ამაში დიოს ხელი შესანიშნავმა ირლანდიელმა გიტარისტმა ვივიენ კემპბელმა შეუწყო, რომლის დაკვრაშიც უზადო ტექნიკასთან ერთად ბლიუზისა და ზომიერების საოცარი შეგრძნებაა აღსანიშნავი.
ფუნქციურად Neon Night–ის დატვირთვა Stand UpAnd Shout-მა იტვირთა, Children Of The Sea–ის Don’t Talk To Strangers-მა, Lonely Is The World-ის Shame Of The Night–მა და Heaven & Hell–ისა Holy Diver–მა, ხოლო Rainbow In The Dark-ის სოლომ თანაბრად გვაგრძნობინა ვივიენ კემპბელზე რიჩი ბლეკმორისა და ტონი აიომის ზეგავლენა, თანაც მათი მიბაძვა აქ ნამდვილად არ შეინიშნება...
მავანმა შეიძლება იკითხოს – რაღა აზრი ჰქონდა ამ ალბომის გამოსვლასო, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, Holy Diver–ის მცოდნე ნებისმიერმა მსმენელმა შესანიშნავად უწყის. ამ ალბომის უმთავრესი დანიშნულებაა 70–ების სულისკვეთების შენარჩუნებაა როკ–ნ–როლისთვის ყველაზე მეტად არასასურველ 80–ებში, რაც ჯერ კიდევ Long Live Rock’n’Roll–იდან მოყოლებული ინერციის შედეგია. აი სად გამოგვადგა უპირველეს ყოვლისა ჩვენ – ნაღდი როკის მოყვარულებს ის – თავისი დროისათვის შეიძლება მოძველებული ჟღერადობის ალბომი, რომელმაც თავის მხრივ Rainbow–ს ხაზი განავითარა დიოს შემოქმედებაში...
მომდევნო ალბომ – The Last In Line-გან განსხვავებით, Holy Diver–ში ერთი ზედმეტი ნოტიც კი არაა აღებული. ალბომმა გაავლო ზღვარი ჟღერადობით და არანჟირებით გაცილებით რთულ Mob Rules–სა და 80-ებში როკ–ნ–როლის პრიმიტიული გზით „დამცველ“ AC/DC–სა და Deff Leppard–ის ალბომებს შორის, იმავდროულად შეასრულა რა 70–ების მოდერნიზებული ჟღერადობის მიკვლევის უმთავრესი მისია.
აბა წარმოიდგინეთ რას ემსგავსებოდა გინდ Holy Diver, გინდ The Last In Line, Deep Purple-ს Rerfect Strangers-ის, ან Black Sabbath-ის Born Again დრამ სექციის ჟღერადობით... აი სად დაჭირდა რონი ჯეიმსს ვინი ეპისი, რომელიც მისვლა–მოსვლის მიუხედავად, მომავალშიც დიოს უმთავრეს მედოლედ იქცა.
80–ების კომერციულ მოთხოვნებს დიო მომდევნო ალბომებში უკვე გვერდს ვეღარ აუვლიდა, რამაც ასახვა ჰპოვა ალბომებში Sacred Heart და განსაკუთრებით Dream Evil. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამან უარყოფითი ასახვა არა იმდენად რეპერტუარზე, არამედ ჯგუფის წევრებს შორის დამოკიდებულებაზე და პირადად დიოზე ჰპოვა. გარდა იმისა,რომ დიომ და კემპბელმა ერთიმეორე მოიძულეს და მომავალში ერთად აღარც გამოსულან სცენაზე, რონი ჯეიმს დიოს ოდნავ დამჯდარი ხმა Dream Evil –ში დაკვირვებული ყურისათვის შესამჩნევია...
სამწლიანმა შესვენებამ ძალზედ კარგად იმოქმედა რონი ჯეიმს დიოზე და ახალ კოლექტივთან ერთად ჩაწერილ Lock Up The Wolves-ში, მსმენელისათვის მანამდე კარგად ნაცნობ ხელწერასთან ერთად დიომ რეპერტუარში ფსიქოდელია ნაზავი ბლიუზიც დანერგა და My Eyes–ში Rainbow Eyes–თან შედარებით, თითქოს მეტი პიროვნული „მეც“ ჩადო...
ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ Black Sabbath–ში დიო საუკეთესო ფორმაში და იდეებით აღვსილი დაბრუნდა, რაც აუცილებლად უნდა ასახულიყო მის მომდევნო სოლო ალბომზედაც, რომელმაც თავის დროზე გაგვაკვირვა, თუ გაგვაოგნა სიმძლავრითა და უკომპრომისობით. დიომ 1993 წლის ალბომ Strange Highways-ში მანამდე უცნობ გიტარისტ ტრეისი ჯის უხმო და ტრადიციულ ტექნიკურ მელოდიურ გიტარ სოლოებზე უარი თქვა. მათ ნაცვლად ახალ რეპერტუარში ზოგჯერ ქარხნული ჟღერადობის მეტალ ვაკხანალიურ სოლოებს ვისმენთ. დიოს ამ ალბომს რომ მსმენელისგან ახლებური მიდგომა დასჭირდებოდა, თუნდაც King Crimson–ის 21st Century Schizoid Man –ის ყაიდის გახსნის კომპოზიცია Jesus, Mary & Holy Ghost გვამცნობს. გასაოცარი კი უმძლავრესი ჟღერადობის ფონზე შენარჩუნებული მელოდიურობაა, რასაც ყველაზე მარტივად Hollywood Black წარმოაჩენს.
მომდევნო ალბომი Angry Machines ჟღერადობის ერთი შეხედვით დარბილებითა და აქედან გამომდინარე Holy Diver–თან თუ არა, The Last In Line–თან ოდნავი მიმსგავსებით მაინც აღინიშნა, თუმცა ფსიქოდელიური გაფრენებით აღსავსე King Crimson-თან მიახლოებული ალბომის ცენტრალური კომპოზიცია Stay Out Of My Mind, შესაძლოა ყველა დროის უმძიმესი ბლიუზიც კი იყოს... ბალადურ ჟანრს აქ ფილოსოფიური This Is Your Life წარმოაჩენს, რომელიც ცხადყოფს ნამუშევრის მელოდიური ხაზის სიმწიფეს.
2000 წლის ალბომ Magica –ში დიომ მისთვის საყვარელი მისტიკური თემა განავრცო და ალბომის კონცეპცია კეთილისა და ბოროტის შერკინების 18 წუთიანი მონოლოგის ირგვლივ შეკრა. საბოლოოდ კი მომღერლისთვის აუხდენელ ოცნებად იქცა ამ ნაწარმოების ბოლომდე მიყვანა, რასაც Heaven & Hell –ად ქცეული Black Sabbath-დან წასვლის შემდეგ, ალბათ თუნდაც 2012–ში აპირებდა...
2004 წლის Master Of the Moon შესანიშნავად სმენადი ძველის ლამაზ განმეორებად იქცა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები კი რონი ჯეიმს დიომ ალბათ ბლეკმორთან შედარებით, მისთვის უფრო მეტად მიახლოებულ ტომი აიომისთან პარტნიორობაში გაატარა. თუმცა კიდევ კაცმა არ იცის, რომ არა ქენდის ნაითი, იქნებ მომავალში აღდგენილიყო კიდევაც ბლეკმორ–დიოს უნიკალური ტანდემი. აბა წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა რონი ჯეიმს დიო Rainbow–ს 1995 წლის ალბომ Stranger In Us All-ში და განსაკუთრებით დაუვიწყარ Ariel–ში. ამის წარმოდგენა არ გაგვიჭირდება, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ Rising-სა და იქაურ ვარსკვლავთმრიცხველურ გაფრენას.
ერთი კია, რომ როკ–მუსიკის არაერთი თვალსაჩინო პორტრეტისაგან განსხვავებით, დიომ უამრავი რამ მოასწრო და დაუკვრელი და უმღერელი მას ბევრი არც არაფერი დარჩენია. პადავონათი დაწყებულ, დიოთი დასრულებულმა სასცენო ეპიტაფიამ ხომ 53 წელი შეადგინა...