სიტყვის ავისუფლება, ანუ მაჟორიტარობის მოკრძალებული ხიბლი

სიტყვის ავისუფლება, ანუ მაჟორიტარობის მოკრძალებული ხიბლი

ვუძღვნი ჩემს განუყრელ მეგობარს სემუელ ლანგჰორნ კლემენსს, ვის გვერდითაც არაერთი შინაარსიანი საღამო გამიტარებია მეგობრულ მუსაიფში და რომელიც ჩემს დაბადებამდე 51 წლით ადრე განეშორა მუხთალ წუთისოფელს.

უპრეტენზიო კაცი ვარ…

ისეთი კი არა, უპრეტენზიობას რომ იჩემებს, თან აქეთ-იქით იხედება, ჩემმა ნათქვამმა სხვებზე რა შთაბეჭდილება მოახდინაო. ეგეთებს ვერ ვიტან, იმიტომ, რომ მართლა უპრეტენზიო ვარ. საშინლად ვღიზიანდები, როცა მავანი ტიპები საკუთარი პრეტენზიულობით სხვების უპრეტენზიო ცხოვრებაში იჭრებიან.

თხრობის განვითარებას სჭირდება, თორემ ჩემნაირი უპრეტენზიო კაცის ვინაობა და ასაკი ვის რაში აინტერესებს? ნახევარი საუკუნეა, დედამიწას ვამძიმებ. სხვის წილ ჰაერს ვსუნთქავ, სხვის წილ წყალს ვსვამ და სხვის ადგილს ვიკავებ მზის ქვეშ. ამ წუთში აზრმა გამიელვა, ხომ შეიძლება, ეს ავტოკალამი სხვას სჭეროდა, მაგიდასთანაც სხვა ვინმე მჯდარიყო და სხვა, გაცილებით ხალისიანი ისტორია დაეწერა მკითხველის გასამხიარულებლად.

სახელი------- მიხეილი;

გვარი---------გაბრიელაშვილი;

ეროვნება-----ქართველი;

ცხოვრების სტილი-------------ზემოთ უკვე აღვნიშნე.

რამდენიმე ათეული წელია, ვცდილობდი, სხვებისთვის მაგალითი ვყოფილიყავი მოკრძალებული, უპრეტენზიო არსებობით. კი არ ვცდილობდი, სხვანაირად არც შემეძლო. ტრანსპორტში ადგილის დათმობას ვერავინ მასწრებდა. საფულეში ყოველთვის მეყარა წვრილ-წვრილი მონეტები, რომ გამყიდველები ხურდის ძებნით არ შემეწუხებინა. ავტოსადგომზე, მანქანიდან გადმოსვლის დროს კარის ძგიდეს ყოველთვის ხელით ვფარავდი, რომ გვერდით მდგომი მანქანის კორპუსი არ დამეზიანებინა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაცის მომიზეზებით ლიფტის რიგი რამდენიმე ადამიანს დავუთმე. ხომ შეიძლება, კაცს საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა სურს. არა და კარგი რამეა ლიფტში მარტო ფიქრი, მით უმეტეს, თუ გაიჭედე. მე, პირადად, ერთხელ დამემართა ასე და როცა საღამოს ხელოსანმა კაბინა გახსნა, გაოცებულმა შემომძახა - შე ოჯახაშენებულო, მე ცარიელი მეგონა კაბინა, შიგ თუ იყავი, დაგეძახნა მაინც ვინმესთვის, უფრო ადრე მოვიდოდიო.

არ ესმით ლიფტიორებს დიალექტიკა. 

იმას ჩემი გაუკვირდა, მე - მისი.

ნახევარი საუკუნე რომ მოკრძალებული ცხოვრებით იცხოვრებს, ისეთი კაცის ამჩატება იქნება?

არაო- იტყვით, ალბათ.

მეც ეგრე მეგონა, მაგრამ შევცდი. 

ვერიდებოდი ღოლოსაო, დამხვდა ბაღის ბოლოსაო - ხომ გაგიგიათ? ასე დამემართა მეც. ამ ისტორიასაც არა თავშესაქცევად, სხვათა ჭკუის სასწავლად ვწერ, რათა წაიკითხონ და გაითვალისწინონ, როგორ არ უნდა უღალატოს კაცმა საკუთარ თავს.

+ + + 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე და იქს მაჟორიტარულ ოლქში შევიტანე განცხადება.

რამ გადამადგმევინა ასეთი ნაბიჯი?

პოლიტიკურად აქტიური არასოდეს ვყოფილვარ. არც არჩევნებში მიმიღია ოდესმე მონაწილეობა. ერთადერთხელ იყო, ჩვენს დაწესებულებაში ამომრჩევლებთან შესახვედრად ვიღაც დეპუტატი მოვიდა და დარბაზში მეც მოვხვდი. პირველი ათი წუთი, ასე თუ ისე, ინტერესით ვუსმინე მის მონოლოგს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ძალიან პრეტენზიული ვინმე უნდა ყოფილიყო. სანამ კროსვორდის შევსებაზე გადავერთვებოდი, დავთვალე და ამ ათი წუთის განმავლობაში 27-ჯერ გამოიყენა ნაცვალსახელი ”მე”. მისი ხმა ისე ისმოდა, როგორც კოდალას ნისკარტის კაკუნი გამხმარ ხეზე.

ერთხელ, როგორღაც, პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ვუყურე მეორე არხზე. ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ის უზარმაზარი დარბაზი სულ პრეტეზიული კოდალებით იყო სავსე. პირველად მაშინ გამიელვა გონებაში, ხომ შეიძლება, რომელიმე ამ კოდალათაგანის ნაცვლად მე ვიყო-თქო. გამიელვა და იქვე დამავიწყდა. მომდევნო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე არც გამხსენებია, მაგრამ, ჩანს, ამ აზრმა მაინც გაიდგა ფესვი გონებაში. ერთ მშვენიერ დღეს ისევ ამეკვიატა პარლამენტზე ფიქრი და სწორედ მაშინ მივიღე საბედისწერო გადაწყვეტილება- კენჭი უნდა ვიყარო!

მერე რა, რომ ბევრი ფული არ მაქვს?

მერე რა, რომ საარჩევნო გუნდი არ მყავს?

იმას მაინც გავიგებ, რამდენი უპრეტენზიო და წესიერი ამომრჩეველია ამ ქალაქში.

+ + + 

ვერ დავიჩემებ, არჩევნებში გამარჯვების სერიოზული იმედი მქონდა-თქო, თუმცა, ამ საქმისთვის მთლად მსუბუქადაც არ შემიხედავს. შავი დღისთვის გადანახულ თანხას მესამედი მოვაკელი და 500 ეგზემპლარი შავთეთრი საარჩევნო პლაკატი დავბეჭდე (მასზე, ცხადია, მე ვიყავი გამოსახული, პროფილში, მკაცრი, რომაული გამომეტყველებით. სურათს, ჩარჩოს მსგავსად, მავთულხლართი ჰქონდა შემოყოლებული. წარწერა? ჩვენი ეპოქის აქტუალური ფრაზა- ”არა ლაყბობა, არამედ საქმე”). ათპუნქტიანი საარჩევნო პროგრამაც გავაშანშალე...

+ + +

არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე სახლში დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატი, ჩემი ძველი ნაცნობი ხ.ს. მეწვია თავისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად.

- მიხეილ-ბატონო, ამ არჩევნებში ორი პატიოსანი კაცი ვმონაწილეობთ, მე და შენ. დანარჩენი ჩათლახია ყველა. ჰოდა, წესიერი ამომრჩეველი ისედაც სანთლითაა საძებნი და რატომ უნდა გავყოთ მაგათი ხმები, გინდა შუაზე, გინდა ერთი მესამედი ორ მესამედზე. მე შენზე მეტი შანსი რომ მაქვს, კი ხვდები და კაცურად, მოხსენი კანდიდატურა. ნუ შემიშლი ხელს. შეიძლება ისე მოხდეს, შენგან წართმეულმა ერთმა ხმამ დამტოვოს პარლამენტის გარეთ.

ყოყმანი რომ შემატყვეს, ახლა შტაბის უფროსი ჩაერია საუბარში.

- ტყუილად არაფერს ვამბობთ, მიხეილ-ბატონო. შენ უკვე საარჩევნო კამპანია დაწყებული გაქვს, ფულსაც დახარჯავდი, იასნია. ჩვენც გვესმის მაგდენი. არ ვიცი, რამდენში ზიხარ, მარა 5000 რომ არ იქნება, დარწმუნებული ვარ. ა, ძმაო, შენ 10 000 და ეს ბოლო თაობის ახალი მობილური ფეშქაშად. გლახა სიტყვას არ ვამბობთ, მგონია...

არ მახსოვს, რა არგუმენტები მოვიშველიე, მაგრამ უარით გავისტუმრე ოპონენტი. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა მომდევნო დღეს ჯიხურში გამოფენილი ერთი ჭორიკანა გაზეთის პირველ გვერდზე თვალი მოვკარი მყვირალა სათაურს - ”მიხეილ გაბრიელაშვილმა 20 000 იცოტავა”? ავტორი ამტკიცებდა, რომ მე კანდიდატურის მოსახსნელად სწორედ ამდენი შემომთავაზეს, მაგრამ 50 000 ფეხი არ მოვუცვალე და გარიგება ჩაიშალა. თავად განსაჯეთ, სჭირდება თუ არა საქართველოს პარლამენტს ხმებით მოვაჭრე მეძვირე დეპუტატიო, ირონიულად შენიშნავდა ჟურნალისტი.

ეს კიდევ არაფერი. მეორე დღეს სამსახურში მისულს მაგიდაზე გადაშლილი და ყვითელი ფლომასტერით გახაზული კიდევ ორი ახალი გაზეთი დამხვდა. დავხედე და სისხლი თავში ამივარდა. პირველ სტატიაში მოთხრობილი იყო, როგორ დამაგორეს კიბეზე მეცხრე სართულიდან, როდესაც რელიგიური ლიტერატურით დატვირთულმა კარზე დავაკაკუნე და მასპინძელს ჭეშმარიტ რწმენაზე საუბარი შევთავაზე. იქვე, სასხვათაშორისოდ, ნათქვამი იყო, რომ მეორე ვერსიით ჩემი კოჭლობა ვიღაც ღვთიან-მადლიანის მიერ ნათავაზებმა მარგილმა გამოიწვია. თურმე, ნუ იტყვით, ”ლევად” მქონია შეყვანილი დენის ხაზი სადარბაზოში მდგარი გამანაწილებელი ჯიხურიდან, რამაც მეზობლების რისხვა და ჩემთვის ფიზიკურად ანგარიშსწორება გამოიწვია.

ეჭვი არაა, დენის ქურდი გაბრიელაშვილი პარლამენტში შესვლას იეღოველთა ინტერესების დასაცავად აპირებსო, ასე წინასწარმეტყველურად მთავრდებოდა სტატია.

მეორე გაზეთმა მთლად გამაგიჟა. პირველი გვერდის მესამედზე დაბეჭდილი იყო ჩემი სურათი სუპერფეშენებელური ვილის ფონზე, რომელიც, თურმე, გასულ წელს შევიძინე მილიონ დოლარად. აი, რა ქონების გასაპრავებლად მიძვრება ბ-ნი გაბრიელაშვილი პარლამენტშიო, აღნიშნული იყო სტატიაში, რომელიც სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დროულად გაერკვიათ ჩემი ქონების წარმომავლობა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. მოთმინებიდან გამოსულმა ბრიფინგის ჩატარება გადავწყვიტე, რათა საფუძვლიანად გამებათილებინა მედიაში ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ნაცნობებს რჩევა ვკითხე, პრეს-რელიზი შევადგინე, ადგილობრივი კლუბის შპალერგაყვითლებული დარბაზი დავიქირავე და თაბახის ფურცელზე არგუმენტები თეზისებად ჩამოვწერე.

ჩემდა გასაოცრად, იმდენი ჟურნალისტი მოგროვდა, ოთახში ძლივს დაეტივნენ.

დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ორ წუთში ბრიფინგი პრესკონფერენციად გადამექცა.

ერთმა მკითხა - ბებიაჩემი გამარჯვების მოედანზე, რვასართულიანი სახლის პირველ სართულზე მდებარე გასტრონომში მუშაობდა გამყიდველად, სადაც თქვენ ბავშვობაში პურს ყიდულობდით. ერთხელ ხუთი კაპიკი დაგკლებიათ და დღემდე არ დაგიბრუნებიათ. ხომ ვერ მეტყვით, ინფლაციის გათვალისწინებით მაშინდელი ხუთი კაპიკი დღეს რამდენს უდრის და საერთოდ, რატომ არ თვლით, რომ ვალის დაუბრუნებლობა უსინდისობააო.

მეორემ- ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში თქვენზე საჩივარია შესული, 30 წლის წინ, თევზაობის დროს, ოღასკურაში კუ დაგიჭერიათ, ზურგზე დაგიწვენიათ, შემდეგ ქვა დაგიდევთ და მიგიტოვებიათ. მაინტერესებს, ახლაც ასეთი გულქვა ხართ თუ სადისტური მიდრეკილებებისგან უკვე განიკურნეთო.

მესამემ ფოტოსურათი ამიფრიალა. მასზე გამოსახული იყო რომელიღაც ოთახის დალაქავებული კედელი და იქვე, წრეში, მსხვილი პლანით ამობეჭდილი რაღაც უცნაური ფიგურა, გარეგნულად ორ პომიდორს შორის გაჩხერილი ბადრიჯნის მსგავსი. ეს კომპოზიცია ხომ არ გეცნობათო- მკითხა. როცა ვიუარე, ლამის ყიჟინა დასცა და დემონსტრაციულად განაცხადა, რო ეს ჩემი ქვედა სართულის მეზობლის ბინაში გადაღებული სურათია, ვისთანაც მე აბაზანიდან წყალი ჩავუშვი და ბოდიშის მოხდაც კი არ ვიკადრე.

- ნუთუ არ ფიქრობთ, შინაბერა ქალის ფსიქიკაზე როგორ იმოქმედებს ყოველდღე ასეთი სურათის მზერა? რომ აგირჩიონ და პარლამენტის საპირფარეშოშიც ღია დატოვოთ ონკანი, არც მაშინ მოიხდით ბოდიშ საზოგადოების წინაშე?- ნიშნის მოგებით მკითხა მან.

თავზარი დამეცა. ჯერ გაღიმება დავაპირე, მაგრამ კუშტად მომზირალ ჟურნალისტებს რომ შევხედე, მივხვდი, უარესი ამბავი ატყდებოდა - მედიას დასცინისო. ეგ ყველაფერი ტყუილია, ვიღაც უსინდისო ხმებს შეგნებულად მივრცელებს-თქო, ძლივს ამოვილუღლუღე და გავწითლდი. მაშინ დაგვიმტკიცე, რომ ასე არ ყოფილაო. როგორ დაგიმტკიცოთ-თქო? არგუმენტები წარმოადგინეთ, თქვენ ხომ პარლამენტის წევრობას აპირებთ და არჩევის შემთხვევაში დებატებში საკუთარი პოზიციის დაცვა იქაც მოგიწევთო.

ხეირიანად დაფიქრებაც ვერ მოვასწარი, ახალი კომპრომატების სეტყვა წამოვიდა.

რამდენი რამ გავიგე საკუთარ თავზე, სახტად დავრჩი.

თურმე, მერვე კლასში ხაზვის მასწავლებლის „პობედის“ მაყუჩში ჩვარი შემიჩურთია და რაკი მანქანა ვერ დაქოქა, საცოდავი კაცისთვის წნევას აუწევია. გასულ ზაფხულს მუშტაიდის ბაღში პენსიონერებისთვის ჭადრაკის დაფა გადამიყირავებია და გავქცეულვარ. ერთმა ისიც მკითხა, მართალია, რომ ზოოპარკის ეგზოტარიუმში ჯიბიდან ჩაქუჩი ამოგაცალეს, რომლითაც მინის ჩამსხვრევას და აფრიკული ხუთმეტრიანი პითონის გარეთ გამოშვებას აპირებდითო?

ამის გამგონეს წნევამ მართლა ამიწია. ჯიბიდან რაუნატინის კოლოფი ამოვიღე და ბარე ხუთი აბი ერთად გადავყლაპე, მაგრამ თავი მაინც მიხურდა. სახლამდე ძლივს მივძლაყუნდი.

+ + + 

მომდევნო ორმა დღემ მშვიდად ჩაიარა. იმედი მომეცა, ვიფიქრე, ეტყობა, ჟურნალისტებმა ფაქტები გადაამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ჭორებია და ”გუდვილში” პროდუქტების შესაძენად წავედი. როდესაც სალაროში თანხა გადავიხადე და დატვირთულ ხელურიკას კარისკენ მივაგორებდი, თითქოს ჭერიდან ჩამოცვივდნენო, ყველა მხრიდან ვიდეოკამერიანი ოპერატორები შემომეხვივნენ. ამ დროს შავ უნიფორმაში გამოწყობილი, რაციამომარჯვებლი დაცვის თანამშრომელი მომადგა და მითხრა, თუ შეიძლება, ქურთუკის ჯიბეები ამოაბრუნეთო. სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, თვითონვე ჩამიყო ხელი ჯიბეში და ერთი შეკვრა ”სიკო” ამოაძვრინა. ოპერატორებმა ყოველივე ეს გადაიღეს და მაშინვე კისრისტეხით გაქანდნენ. თუმცა არა, წასვლამდე ერთმა მკითხა, ბატონო მიხეილ, ეს პირველი შემთხვევაა თუ პრეზერვატივები ადრეც მოგიპარავთო...

ცხადია, იმ საღამოს საინფორმაციო გადაცემები არ მინახავს. ნამდვილად გული გამისკდებოდა. მეორე დღეს გავიგე, რაც უთქვამთ- პრეზერვატივების ქურდი მიხეილ გაბრიელაშვილი დაჭერას მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ დეპუტატობის კანდიდატია და იმუნიტეტი იცავსო.

+ + + 

არჩევნების მოახლოებამდე ნაციონალურმა ტელევიზიებმა ახალი რუბრიკა შემოიღეს - ”რას ფიქრობს ხალხი”? მიკროფონმომარჯვებული ტუტრუცანა ჟურნალისტები ტროტუარზე და სხვადასხვა ადგილებში აჩერებდნენ გამვლელებს და სთხოვდნენ, საკუთარი აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ.

მათი ყურადღების ცენტრში, სხვებთან ერთად, მეც აღმოვჩნდი.

”ბოსტან-ქალაქ 2”-მა აჩვენა ჩემს ეზოში გადაღებული სიუჟეტი, რომელშიც მეზობელ სადარბაზოში მცხოვრები ამხანაგობის თავმჯდომარე (შეთავსებით პანაშვიდებზე ყვავილების საყიდელი ფულის ამკრები) საჯაროს ამტკიცებდა, დეპუტატობის კანდიდატი გაბრიელაშვილი პრორუსული ორიენტაციის კაცია და საბჭოთა კავშირის აღდგენას უჭერს მხარს. თუ არ გჯერათ, ადით კორპუსის სახურავზე და ნახეთ, მისი ტელევიზორის ანტენა პირით ჩრდილოეთისკენაა მიქცეულიო. როგორ ფიქრობთ, რა ქნა ჟურნალისტმა? ავიდა და გადაიღო კიდეც. მეტი თვალსაჩინოებისთვის ანტენის გვერდით კადრში კომპასიც აჩვენა და სხვა ანტენებიც. ჰოი, საოცრებავ! დანარჩენები დასავლეთით იყვნენ მიქცეული, მხოლოდ ჩემი ანტენა და კომპასის ისარი უჩვენებდა ჩრდილოეთს.

„იმე დი“-ს სიუჟეტში გამოჩნდა რიკოთის უღელტეხილზე მდებარე სასაუზმის მზარეული. ამ უკანასკნელმა უტიფრად განაცხადა, ვიცნობ მაგ გაბრიელაშვილს, აფერისტი და შანტაჟისტია, შარშან ჩვენთან შემოიარა და ხარჩოში ჩანთით სპეციალურად მოტანილი მოხარშული თაგვი ჩააგდო, რომ ფულები დაეცინცლაო. აბა, ასეთ მასტს პარლამენტში რა უნდა, ჩემი ნება რომ იყოს, კანონით კენჭისყრის უფლებას საერთოდ ჩამოვართმევდიო.

საზოგადოებრივი მაწყლულებლის ეთერში „განრისხებული ცოლების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა, ვიღაც ზონზროხა დედაკაცმა დამაყვედრა, ეგ ვაჟბატონი დემონსტრაციულად დაბრძანდება რესტორან ”ცოლის ცრემლებში”, ფულს უანგარიშოდ ფანტავს და ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალებს. კაცი რომ საკუთარი მეუღლის გრძნობებს ასე შეურაცხყოფს, სხვებს ხომ საერთოდ ფეხებზე დაიკიდებსო. ცოდვას ვერ ვიტყვი, ობიექტურობისთვის ისიც დაამატა, ინფორმაცია გვაქვს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ქალბატონებს უკანალზე ჩქმეტს, მაგრამ ნივთმტკიცების დელიკატური ხასიათის გამო ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებო (გვიან გავიგე, ეს ქალი ჩემი კონკურენტის სიდედრის დაქალი ყოფილა).

ტელეკომპანია ”გალაქტიკამ” სულ წაიყარა ლაგამი. ჟურნალისტმა კედელზე გაკრული დეპუტატობის კანდიდატების სარეკლამო პლაკატების ფონზე ვიღაც 15 წლის ცინგლიანი, ჩამობრანძული მაწანწალა გოგონა გადაიღო და ჰკითხა, ამ ხალხიდან რომელიმეს თუ იცნობო. იმანაც პირდაპირ ჩემს სურათს დაადო ხელი. აბა, თუ იცნობ, ეგ კაცი პარლამენტის წევრობას აპირებს, ახლა შეგიძლია ტელევიზორიდან მიმართო და საკუთარი თხოვნა, ან სურვილი გადასცეო. იმ ეშმაკის კერძმა მიკროფონი ჩაბღუჯა, იბიექტივს მიაშტერდა და თქვა- ბიძია, შენი მუხლების ჭირიმე, ამას წინათ ჩემს დაქალს რომ ტიტველას გადაუღე სურათი და 10 ლარი მიეცი, მეც მინდა, მაგრამ სად უნდა მოვიდე, არ ვიციო.

ინტერნეტტელევიზია ”აგია ტვ”-მ ჩაბნელებულ ოთახში ობიექტივისკენ ზურგით მდგარი ტიპი აჩვენა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მე მას საკუთარი აივნიდან ფეკალური სითხით სავსე ცელოფნის პარკი ვესროლე და ფეხებთან ავუფეთქე. ჟურნალისტმა მაყურებელს შეწუხებული ხმით მოუბოდიშა, ჩვენმა რესპონდენტმა ამ ამბის შემდეგ ტანისამოსიც გარეცხა და იბანავა კიდეც, მაგრამ ისეა შოკირებული, სახეს ვერ გიჩვენებთ, თანაც შიშობს, მხილების გამო გაბრიელაშვილმა პირადი დაცვის ბიჭებს არ აცემინოსო.

თუმცა, ყველაზე სასეირო მაინც ”ირეალ ტვ”-ის სიუჟეტი აღმოჩნდა. ვიღაც ფსლიკიანმა ჟურნალისტმა, არ ვიცი, საიდან გამოჩიჩქნა, რამდენიმე მკითხავი ჩაწერა, რომლებმაც ჩემი მომავალი იწინასწარმეტყველეს.

ამ თვალხილულ ორაკულებს რომ მოვუსმინე, მართლა შემეშინდა.

ერთმა თქვა, გაბრიელაშვილის ხელისგულზე სიცოცხლის ხაზი ჩვეულებრივზე ბევრად მოკლეა და, სავარაუდოდ, დიდი დღე აღარ უწერია. ჩემი წინასწარგანჭვრეტით, მას სამზარეულოში ნარდის თამაშის დროს co გაგუდავსო.

მეორემ - განსხვავებული ვერსია შესთავაზა მაყურებელს- ყავაში მექანიკურ დაზიანებებს ვხედავ, ეგ უეჭველად ლიფტის შახტაში ჩავარდებაო .

მესამემ - დომკრატი ჩაეშლება და ”გლუშიტელის ხამუტის” გადასაჭერად მანქანის ქვეშ შემძვრალს ”ატვერკა” პირდაპირ საფეთქელში ჩაერჭობაო.

მეოთხემ მოულოდნელი სიკვდილის ვერსია არ უარყო, მაგრამ სასულეში მოხარშული კვერცხის ნამცეცების გადაცდენით ასფიქსია მიწინასწარმეტყველა.

მეხუთემ - რამდენ ხანს იცოცხლებს, არ ვიცი, მაგრამ არჩევის შემთხვევაში პარლამენტის კიბეზე ფეხი გაუსხლტება, დაგორდება, თავს საფეხურზე დაარტყამს და ამნეზია დაემართებაო. 

წინა ოთხის ფონზე ამ შედარებით მაჟორულმა წინასწარმეტყველებამ ისე გამახარა, იქვე გავიფიქრე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ტიპს სადეპუტატო ბიუროს უფროსად დავნიშნავ-თქო. 

+ + + 

მოახლოვდა არჩევნები.

იმედი მომეცა. ვიფიქრე, როგორც იქნა, ეს კოშმარი დასასრულს მიუახლოვდა და ისევ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდები-თქო, მაგრამ, თურმე, ჯერ სად ხარ?

ყველაზე დიდი დარტყმა არჩევნების წინა დღეს მელოდა. დილით, კორპუსის ეზოდან გამოვედი თუ არა, პირველივე გზაჯვარედინზე უზარმაზარი ბილბორდი მომხვდა თვალში ინგლისურ-ქართული წარწერით:

- Mikhael-Gabriel(ashvili)- ჩვენი არჩევანი, თქვენი ნათელი მომავალი! (ფრჩხილებში ჩასმული ნაწილი პატარა ასოებით)

ავოეეეეე... უუუუუ... დღნ... ნწყ... პჭყ... დშტ... კუ-კუუუუუუუ!

თქვენი დედის დის დეიდის მაზლის, რძლის და ქვისლიწულის...

აღარ მინდა კენჭისყრა.

გადავიფიქრე.

დღესვე შევკრავ ბარგს, ბილეთს ავიღებ, ლიტვაში გავფრინდები, იქიდან ნორვეგიაში, ბარჟას ვიქირავებ, არქტიკაში გადავალ, სელაპის ქონს შევჭამ, იგლუში ვიცხოვრებ, თეთრ დათვებს ჩავეხუტები!

თავი დამანებეთ. ერთი უპრეტენზიო კავი ვარ. არ მინდაააააააა!

+ + + 

პატივისცემით, ყოფილი დეპკანდი, ხმგ (ხმების მეძვირე გამყიდველი), (მი) მაწანწალა იეღოველი, (ლხგ) ”ლევი” ხაზის გადამყვანი, (უქგ) უკანონო ქონების გამპრავებელი, (ხკშ) ხუთი კაპიკის შემტყაპუნებელი, (უკმ) უმწეო კუს მჩაგვრელი, (შქლმ) შინაბერა ქალების ლიბიდოს მტერი, (პმჩშ) ”პობედის” მაყუჩში ჩვრის შემჩურთავი, (პჭდგ) პენსიონერთათვის ჭადრაკის დაფის გადამყირავებელი, (ზტ) ზოოპარკელი ტერორისტი, (პქ) პრეზერვატივის ქურდი, (ჩოამ) ჩრდილოური ორიენტაციის ანტენის მფლობელი, (მთმფდს) მოხარშული თაგვის მეშვეობით ფულის დაცინცვლის სპეციალისტი), (ცცფდ) ცოლის ცრემლების ფეხებზე დამკიდებელი, (სტგუსმ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში გოგონებისთვის უკანალზე სავარაუდო მჩქმეტელი(შცპტგმ) შარდიანი ცელოფნის პარკის ტყორცნით გართობის მოყვარული, (co,ლშ,ა და მკნ სა) ცეო-ს, ლიფტის შახტის, ატვერკის და მოხარშული კვერცხის ნამცეცის სანაწეროდ ატროვებული, სიტყვის თავისუფლებაზე მეოცნებე მიქელ-გაბრიელი, თქვენი არჩევანი და ნათელი მომავალი.

P.S. რამდენჯერ ვთხოვე ამ გია იაკობაშვილს, სანამ ბლოგტექსტს საიტზე დადებ, ყურადღებით წაიკითხე, კორექტურული შეცდომა არ გაიპაროს-თქო. საქმეა ახლა ეს? სათაურის მეორე სიტყვის დასაწყისში თ ასო გამომრჩენია...