რონი ჯეიმს დიო – გზა პადავონობიდან ცისარტყელამდე...
რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ როკ–მუსიკის ინსტრუმენტულ მხარეზე, ჯაზური სფეროსაგან განსხვავებით, ვოკალისტს მთლიანობაში აქ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება... ხმის ტემბრის ნაირგვარობა, ტექსტები, სასცენო იმიჯი...
ზოგადად როკ–ვოკალისტის უძველესი წინაპარი უდავოდ ელვის პრესლია, რადგან მისი შთამომავლები – როჯერ დოლტრი, მიკ ჯაგერი, რობერტ პლანტი, დევიდ კოვერდეილი, იან გილანი თუ ფრედი მერკური, მის მიმბაძველობაში საათობით ატარებდნენ დროს სარკის წინ. ამას ვერ გააკეთებდა ოზი ოსბორნი სხეულის სიბლაგვის გამო და ალბათ ვერც რონი ჯეიმს დიო, რომელიც, მცირე ზომის ტანის მიუხედავად, უმძლავრესი ხმის პატრონი იყო, რაც მამამისსაც არ გამორჩენია მხედველობიდან, ფილტვების განვითარების მიზნით საყვარელი შვილი უკვე 8 წლის ასაკში საყვირს აზიარა და ბავშვობიდანვე პატარა რონალდს მუსიკის სიყვარული ჩაუნერგა.
ნიუ ჰემპშირის შტატის პატარა ქალაქ პორტსმუტში დაბადებული რონალდ პადავონა ბავშვობიდანვე გაიტაცა უოლტერ სკოტის შემოქმედებამ, საბოლოოდ კი მისი ყმაწვილური თვალთახედვა მაფიოზური დაჯგუფების ლიდერის – ჯონი დიოს (იტალიურად ღმერთს ნიშნავს) გავლენის ქვეშ მოექცა... „მინდოდა, რომ ჩემს სასცენო ფსევდონიმში იტალიური წარმოშობა ასახულიყო“ – აღნიშნავდა მომავალში უკვე რონი ჯეიმს დიოდ ქცეული როკ–ვარსკვლავი.
რონი თავის პირველ ჯგუფში ბას–გიტარაზე დაკვრას საყვირსაც უთავსებდა, მალე The Vegas Kings–მა სახელწოდება შეიცვალა და მსუბუქი როკ–ნ–როლის შემსრულებელ Ronnie & The Rumblers, ხოლო შემდეგ კი Ronnie And The Red Caps –ად გადაკეთდა. პარალელურად დიო მომღერლობასაც შეუდგა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ათი წლის შემდეგ – 1967 წელს შექმნილ Ronnie Dio & The Prophets–მა რამდენიმე სინგლი და ერთი ალბომიც ჩაწერა. 1971 წლიდან, ჯგუფის გიტარისტ ნიკ პენტასის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, კოლექტივმა Elf დაირქვა და სწორედ ამ სახელწოდებით მიაკვლიეს მას ლეგენდარული Deep Purple–ის ბას–გიტარისტმა როჯერ გლოვერმა და მედოლე იან პეისმა. მალე ზემოთხსენებული დუეტის პროდიუსირებით Elf –მა სადებიუტო ალბომი ჩაიწერა და პუბლიკის წინაშე Deep Purple–ს გამახურებელ ბენდად წარსდგა; დიომ ასევე წამყვანი როლი შეასრულა როჯერ გლოვერის შესანიშნავ მიუზიკლ The Butterfly Ball–ში, იმღერა რა საყოველთაო ჰიტში Love Is All. რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია დიდ მაესტროს... ამ პერიოდში გლენ ჰიუზი და დევიდ კოვერდეილი ფანკის დოზებით ნელ–ნელა სულ უფრო მეტად „წამლავდნენ“ Deep Purple –ს დიდებულ რეპერტუარს, რომლის სულისჩამდგმელისთვისაც აშკარად მიუღებელი იყო Holy Man–ისა, თუ You Can’t Do It Right–ის ტიპის რეპერტუარი. რიჩიმ ალბომი Stormbringer საოცარი – ნეიტრალური სიმღერით Soldier Of Fortune დააბოლოვა, რითაც აგრძნობინა იან პეისსა და ჯონ ლორდს – გყავდეთ ეს ბიჭები, მე კი საქმიდან გავდივარ, რადგან ახალი დიდი ბენდის შექმნას ვაპირებო...
ასეც მოხდა. რონი დიოს რიჩიმ მალე საკუთარი მეორე სახელი – ჯეიმსიც დაარქვა და უკვე საბოლოოდ რონი ჯეიმს დიო, ახლადშექმნილი Rainbow–ს ვოკალისტად იქცა. რიჩის ბედნიერებასაც საზღვარი არ ჰქონდა, რადგან Elf –ის მუსიკალური რეპერტუარი საკმაოდ დაახლოებული აღმოჩნდა ახლადშექმნილი ჯგუფის სადებიუტო ალბომ Ritchie Blackmore's Rainbow –ს მუსიკალურ ხელწერასთან...
აქ გასაკვირი ბევრი არც არაფერია, რადგან საწყისი პერიოდის Rainbow გახლავთ Elf + რიჩი ბლეკმორი... რეპერტუარის მშვენებად მხნე გახსნა Man On The Silver Mountain, რომანტიული Catch The Rainbow, ასევე Yardbirds–ის მივიწყებული Still I’m Sad იქცა.
ძნელია 70–ების შუახანს ასეთი მარტივი არანჟირებით ჩაწერილ უაღრესად ხალას ალბომს მიაკვლიოთ – პარალელისათვის გნებავთ Black Sabbath–ის Sabotage და Led Zeppelin–ის Physical Graffity, თუნდაც Queen–ის A Night At The Opera გავიხსენოთ. მიუხედავად დიოსთან ერთად Rainbow–ს მიერ ჩაწერილი კიდევ ორი სტუდიური ალბომისა, Ritchie Blackmore's Rainbow ჯგუფის საკონცერტო რეპერტუარის ქვაკუთხედად იქცა სიმღერების იმპროვიზაციულობისა და სხვადასხვა პერიოდში არაერთი განსხვავებული ხელწერის მუსიკოსის მიერ მათი შესრულების გამო.
1976 წლის ალბომი Rainbow Rising ჯგუფის რეპერტუარის უმძლავრეს გამოხატულებად იქცა. 6 კომპოზიციიისგან შემდგარი ალბომი ბრიტანეთის ჩარტებში მეექვსე ადგილს იკავებს და ჯგუფში უდიდესი მედოლის – კოზი პაუელის, ვირტუოზ პიანისტ – ტონი კეირისა და მომავალში რონი ჯეიმს დიოს კარგა ხნის პარტნიორის – ჯიმი ბეინის ბენეფისად გვევლინება.
რონი ჯეიმს დიოს როლი ამ ალბომში რიჩი ბლეკმორისას უტოლდება და შემოქმედებითი ტანდემი მწვერვალს სიმღერაში Stargazer აღწევს. კოზი პაუელის მძლავრი დრამ–სექცია აღმოსავლურნაზავ შუასაუკუნეობრივ ევროპულ მუსიკალურ ფეიერვერკში გადაიზრდება და რონი ჯეიმს დიოს უკიდეგანო დიაპაზონის ვოკალის თანხლებით რიჩის ქრესტომატიულ სოლოში გადადის... ფორმები იმდენად დახვეწილი და სრულყოფილია, რომ იმპროვიზირებას არ ექვემდებარება და ალბომი Rainbow Rising დატვირთვის თვალსაზრისით Deep Purple–ის Fireball-ის ფუნქციას ტვირთულობს...
საოცარი გამოდგა რონი ჯეიმს დიოსთან ერთად ჩაწერილი Rainbow–ს რიგით მესამე ალბომი Long Live Rock’n’Roll–იც, რომელმაც ღირსეულად გააცილა როკ’ნ’როლის ეპოქა და მრავალჟამიერი უსურვა მას, ხოლო ჯგუფიდან დიოს გასვლამ კი თითქოს მოსპო პოპ–მუსიკის რომანტიულობის ეპოქა და იწინასწარმეტყველა კიდეც საშინელი 80–ები, როდესაც დისკო მუსიკამ გამოდევნა როკ’ნ’როლი მეინსტრიმიდან და იმპროვიზაციულმა როკ’ნ’როლმა საკუთარი თავი ბინძური პანკებით ჩაინაცვლა... თვით სიმღერა Long Live Rock’n’Roll დაბოლოებისას ურთულესი და ულამაზესი ვოკალ–ჩანართებითაა აღსანიშნავი, ხასიათით რომ Led Zeppelin–ის Whole Lotta Love-ის რობერტ პლანტისებრ ვოკალ–წიაღსვლებს მოგვაგონებს. ამგვარი პარტიებით კი არცთუ ისე მდიდარია როკ–ხელოვნება... ალბომს ულამაზესი შუასაუკუნეობრივი ბალადა Rainbow Eyes ასრულებს, რომელშიც დიოს როლი განუზომლად დიდია. სწორედ ასეთ მელანქოლიურ ნოტაზე დაემშვიდობა რონი ჯეიმს დიო რიჩი ბლეკმორს, რადგან მისი მუსიკალური მსოფლმხედველობა ალბათ კიდევ უფრო მძლავრი გიტარული ჟღერადობისაკენ მიიწევდა...
(გაგრძელება იქნება)