რიჩი ბლეკმორი – თანამედროვეობის ერთ–ერთი გავლენიანი მუსიკოსი

რიჩი ბლეკმორი – თანამედროვეობის ერთ–ერთი გავლენიანი მუსიკოსი

ნებისმიერ მუსიკოსს საკუთარი ადგილი აქვს და ფუნქციას ტვირთულობს თანამედროვე პოპ–სცენაზე, ხოლო აზრთა სხვადასხვაობა მის შესახებ კი საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულების შედეგია და რაც უფრო გავლენიანია მუსიკოსი, მით უფრო განსხვავებულ აზრებს წააწყდებით მის შესახებ მუსიკალურ გურმანთა სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მხრიდან.


სწორედ ამგვარი მრავალმხრივობის და ხშირად თითქოს გაუთვიცნობიერებელი ქილიკის ღირსად შექმნილა რიჩი ბლეკმორი, რომლის ჯეროვანი დაფასებისგან, როგორც მუსიკოსები, ასევე კრიტიკოსები, თუ მსმენელები, ძალიან შორს დგანან, რადგან ამისათვის საჭიროა რიჩის ფენდერიდან ამომავალი ბგერის აღქმის უნარი, რომელსაც სისუფთავითა თუ სინატიფით, შესაძლოა მრავალი სხვა გამოჩენილი გიტარისტის ბგერა ვერ უტოლდებოდეს.

არ დამავიწყდება, როდესაც რადიოგადაცემისას სტუმრად მყოფმა ერთ–ერთმა ჩვენმა თანამემამულე გიტარისტმა და შესანიშნავმა პიროვნებამ რატომღაც რიჩი ბლეკმორის ლანძღვა დაიწყო პირდაპირ ეთერში. ავდექი და საკონცერტო ალბომ Made In Europe –ის 16–წუთიანი იმპროვიზაციული კომპოზიციიდან You Fool No One, 15 წამიანი ბლიუზი ჩავურთე. საეთერო სტუმარმა თვალები განაბა და იკითხა – Это Би Би Кинг? – Нет Блекмор - თქო, რუსული სიტყვებით დავასრულე ეთერი, რადგან მაშინ ჯერ აგვისტოს მოვლენები არ იყო მომხდარი...

მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბლეკმორის შემოქმედების ვერგაგების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია და მუსიკოსმა ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში უამრავი დამფასებელი ჰპოვა სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელთა შორისაც კი, რაზედაც უდიდესი ზეგავლენა რიჩის მიერ ამერიკელ ქალბატონ ქენდის ნაიტთან 1996 წელს შექმნილმა პროექტმა იქონია. 

მაშინდელი გადასახედიდან საკმაოდ უცნაური იყო გადასვლა ტრადიციული ჰარდ–როკ რეპერტუარიდან ისეთ მუსიკალურ ჟანრში, რომელიც ახალ სახელებს არამცთუ საკუთარ „ვიწრო“ ჩარჩოებში არ ჰგუობს, არამედ ყოველივე ახლის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, თუნდაც საკუთარი იდეური სიახლეების სიმწირის გამო. როდის შექმნეს ახალი შედევრები ტრადიციულმა ბრიტანულმა ფოლკ–როკ ბენდებმა? ისინი ხომ ძირითადად ძველის გადამღერების ცდაში არიან, ათასში ერთხელ ახალი – გაცილებით მდარე და ძირითადად გაურკვეველი პოპ–მუსიკალური ორიენტაციის სიმღერებთან ერთად. 

რიჩი თავიდანვე განერიდა ამ საზოგადოებას და გულისსწორთან ერთად გერმანიის შუასაუკუნეობრივ ერთ–ერთ ციხესიმაგრეში დასახლდა, სადაც, მისი თქმით, კიდევ ერთი სამშობლო ჰპოვა. 

ქენდისი ამერიკელია და არც მაინცდამაინც ხმის ტემბრი უწყობს ხელს საუკეთესო ბრიტანელი ფოლკ–მომღერლების სიმაღლეზე ასვლისათვის. მიუხედავად ამისა, ალბომიდან ალბომამდე აშკარაა წარსულში მუსიკალური ჟურნალისტის წინსვლა, როგორც ევროპული შუასაუკუნეობრივი კულტურის შესისხლხორცების, ასევე – მუსიკალური გემოვნების დახვეწისა, თუ ხმის ტემბრის რიჩის რეინბოუსებრ მუსიკალურ თვალთახედვასთან მორგების თვალსაზრისით. 

Blackmore’s Night-ის თითოეული კონცერტი დიდებული შოუა, რომლის ელფერსაც ყოველგვარი გარეგანი ეფექტის გარეშე, მხოლოდ მუსიკოსები ქმნიან. კონცერტების დასასრულს რიჩი ხშირად Deep Purple–ს რეპერტუარს მოუხმობს ხოლმე, რაც მსმენელებზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს. აუდიტორია და სცენა ამ დროს გაერთიანებულია რიჩის საკმაოდ პირქუში ხასიათის მიუხედავად, Black Night–ით მსმენელის აგდების შემდგომ კი, კონცერტის დასრულება ჭირს... 


Blackmore’s Night–მდე კი რიჩის როკ–მოღვაწეობის განუმეორებელი წლებია აღსანიშნავი. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მაესტრომ უამრავი ტალანტი აღმოაჩინა და სრულყოფილი მუსიკოსობისაკენ გზა გაუკაფა. მძიმე ხასიათის მიუხედავად, ვერვინ უარყოფს იმ უდიდეს როლს, რაც თითოეული მათგანის ცხოვრებაში მას უთამაშია – იან გილანი, როჯერ გლოვერი, დევიდ კოვერდეილი, გლენ ჰიუზი, ტონი კეირი, დონ ეირი, რონი ჯეიმს დიო, ქოზი პაუელი, გრემ ბონეტი, ბობ დეისლი, ჯო ლაინ ტერნერი, ბობ რონდინელი, დუგი უაიტი – ეს იმ მუსიკოსთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ბლეკმორის „რეინბოუში“ პირველხარისხოვანი მონაწილეობის გარდა, თავადაც სრულყოფილი სიძლიერის სოლო–ალბომები აქვთ შექმნილი – ანუ რიჩისთან თანამშრომლობისას კომპოზიტორებადაც ქცეულან. დააკვირდით, რომ მათ შორის მედოლეებიც არიან... 

და რამდენ „გარეშე“ მუსიკოსზე მოუხდენია რიჩის კეთილისმყოფელი ზეგავლენა ჯგუფ Mostly Autumn – ით დაწყებული, Mighwish–ით, თუ მაიკლ შენკერით დამთავრებული? ამას არვინ უარყოფს, თუმცა ჭეშმარიტი დამნახავი ცოტაა, რადგან რიჩის ხელწერის აღსაქმელად, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მახვილი ყურია საჭირო...

ძალიან გვიყვარს რონი ჯეიმს დიოს პერიოდის Black Sabbath, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ იქამდე რიჩი ბლეკმორთან გატარებული წლების გარეშე, ოდესმე აიომი–დიოს ტანდემი შექმნილიყო და მომავალში დიოს ასეთი შესანიშნავი ალბომები შეექმნა... ყველაფერი კი ELF–ით დაიწყო, რომელიც არსებობის სამი წლის შემდეგ Ritchie Blackmore’s Rainbow–დ გარდაიქმნა... სწორედ Rainbow იქცა ზემოთმოყვანილი დიდი მუსიკოსების სამჭედლოდ, რომელთაც 80–90–იან წლებში არაერთი დიდებული სოლო–ალბომი შექმნეს. 

თავად რიჩი კი გულის სიღრმეში შეიძლება ბევრ რამეზე ნანობდეს კიდევაც, რასაც ხმამაღლა არც იტყვის. 

შეიძლება, დროდადრო კვლავაც ფიქრობდეს იმ აუხდენელ ოცნებაზე, რასაც Deep Purple–ში პოლ როჯერსთან თანამშრომლობა ჰქვია... ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რიჩი ბოლომდე ევროპული ყაიდის მუსიკოსად დარჩა და, როგორც ჩანს. სწორედ ამ მიზეზით უარყო რამდენიმე წლის წინ გლენ ჰიუზის თხოვნა – დაეკრა მის ალბომში ერთი სოლო მაინც, რომელ სიმღერაშიც მოისურვებდა. რიჩის არასოდეს დაავიწყდება, რა დღეში ჩააგდო გლენ ჰიუზმა Deep Purple მისთვის მიუღებელი მუსიკალური იდეების გამო, თუმცა მაესტროს იმ დროს თვალი სრულიად განსხვავებული მუსიკალური ხელწერისაკენ ეჭირა, რამაც განაპირობა კიდეც თანამშრომლობა რონი ჯეიმს დიოსთან...

(გაგრძელება იქნება)