საკმაოდ გაჭიანურებული გეოპოლიტიკური ექსკურსის შემდეგ დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას და მის წინაშე მწვავედ მდგარ ორიენტაციის პრობლემას.
არაერთხელ მიფიქრია იმაზე, რაციონალური ახსნა მომეძებნა ხელისუფლების მიერ დანერგილი ანტირუსული ისტერიისათვის, მაგრამ, გულახდილად უნდა ვაღიარო, არაფერი გამომივიდა. ქართულ მედიაში არაერთხელ თქმულის გამეორება მიხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო - შინაარსით სუპერრადიკალური და ფორმით ელემენტური დიპლომატიურობის ფარგლებიდან გამოსული რუსოფობია იმ დროს, როცა ღია, ან შირმას ამოფარებულ რუსულ კაპიტალს ფიანდაზები აქვს დაგებული ქართულ ეკონომიკაში, ლოგიკურ განსჯას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, დღეს სახეზე გვაქვს უცნაური სიტუაცია, რასაც, პირიბითად, ორიენტაციული დუალიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ეს არ არის ბოლო წლების ნოვაცია ხელისუფლების არსენალში. მეტნაკლებად, ამგვარი სურათი შეინიშნება 2004 წლიდან, შედარებით გამძაფრებული ხასიათი მიიღო 2006-ში, ხოლო აგვისტოს ომის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად გაბატონებულ მიმართულებად იქცა პოლიტიკაში.
უარყოფით შედგებს შორის, რაც ამ წაჯექ-უკუჯექობას მოჰყვა, ქვეყნისთვის, ძალდაუტანებლად შეიძლება გამოვყოთ ორი გარემოება: 1) ქართული პროდუქციისთვის, პრაქტიკულად, მთლიანად დაიხურა რუსული ბაზარი და 2) კიდევ უფრო გართულდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, რადგან რუსეთმა დე იურე აღიარა ჩვენი იურისდიქციიდან ფაქტობრივად თავდაღწეული რეგიონები. პლუს - მისი სამხედრო ჩარევის შედეგად დაიკარგა ახალი მიწები.
შეიძლება ვიფიქროთ თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლების ვერბალურად ანტირუსული პოლიტიკა ისეთ ბუნებრივ და იოლად აღსაქმელ ფაქტორს ემყარება, როგორიცაა ისტორიულ მეხსიერებაზე დამყარებული წყენა?
სახელმწიფოებრიობისა და საეკლესიო ავტოკეფალიის გაუქმება...
ეთნიკური ბალანსის ხელოვნურად შეცვლა და არაქართულ უმცირესობათა სეპარატისტული ტენდენციების წახალისება...
ისტორიულად ქართული რეგიონების (ტაო-კლარჯეთი, ლორე, საინგილო, დვალეთი... აწ უკვე აფხაზეთი და შიდა ქართლის ნაწილი) წაგვრა-გაჩუქება...
საკმარისია თუ არა ყოველივე ეს, რომ ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას ჯვარი ჩრდილოელ მეზოელს, დაივიწყოს კავკასიონს გადაღმა მდებარე ვეებერთელა სივრცე (”ხაზარეთიდგან ვიდრე ბნელეთამდე”), ხელი ჩაიქნიოს და ოკეანის გაღმა დაიწყოს მოკეთეების ძიება?
ვერ ვიტყვი, რომ ეს გარემოება უმნიშვნელო რამ გახლავთ, რომელსაც შეიძლება ანგარიში არ გაუწიო, მაგრამ იგი, ყველა ვარიანტში, მაინც ემოციური ფაქტორია. ემოცია კი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში ცუდი მრჩეველია.
სამყაროს შექმნიდან დღემდე ადამიანის მიერ ჩადენილ საშინელებათა შორის პრეცედენტი არ მოეპოვება ამერიკელთა მიერ ხიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვას 1945 წლის აგვისტოში. ზემოთ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინებით, თითქოსდა, იაპონელებს სამუდამოდ უნდა დაევიწყათ შეერთებული შტატების არსებობა და მთელი სამომავლო პოლიტიკა ამ ქვეყნისთვის სამაგიეროს მიზღვის სურვილზე დაემყარებინათ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მსგავსი არაფერი მომხდარა. ორი ხალხი და სახელმწიფო დღესაც სტრატეგიული პარტნიორები არიან და საერთო ხედვა გააჩნიათ საერთაშორისო ურთიერთობათა განმსაზღვრელი არაერთი საკითხის მიმართ. არა მგონია, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიწყოს მტკიცება, რომ ამომავალი მზის ქვეყანამ დაივიწყა ატომური ბომბარდირებით გამოწვეული ტრაგედია. იგი თაობიდან თაობას გადაეცემა და მოუშუშებელ იარად დარჩება იაპონელი ხალხის მეხსიერებაში მანამ, სანამ გალაქტიკაში იარსებებს დედამიწის სახელით ცნობილი ცოდვილი პლანეტა.
თუ ასმილიონიანი იაპონიის პოლიტიკაში პრაგმატულმა დასძლია ნემეზიდური, ხუთმილიონიან ქართველობას რაღა დაგვემართა? ნუთუ იმდენად ბრიყვები ვართ, რომ ვამჯობინებთ, ისტორიული მეხსიერება ვანაცვალოთ ქვეყნის სახვალზეგიო ინტერესებს?
ძნელი შესამჩნევი არაა, რომ წყენა მხოლოდ შირმას წარმოადგენს და, ამ თვალსაზრისით, ხელისუფლება შერჩევით პოლიტიკას ახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა ლოგიკით შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიულ პარტნიორად თურქეთი, ან ვიფიქროთ ირანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე? ბოლო-ბოლო, ის მაინც ვიცით, რომ ამ ორ ქვეყანას, მეტი თუ არა, ნაკლები ვნება ნამდვილად არ მიუყენებია საქართველოსთვის. საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი ეროვნული იდენტობის ამოსავალ ფორმულას წარმოადგენდა ლოზუნგი - ”ნუ გათათრდები”, რომელიც თანაბრად მიემართებოდა ორივე სამხრეთელ მეზობელს (ეს ანდაზაც გავიხსენოთ - ”ალი და ოსმანი ორივე თათარიაო”).
არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებაში იმდენად ბრიყვები ისხდნენ, არ ესმოდეთ რუსული ბაზრის მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის.
მართალია, ნაცვერტიკალი, ორიოდე გამონაკლისის გარდა, საზღაპრო გაუნათლებლობით გამოირჩევა, მაგრამ ის მაინც ესმით, რომ რუსეთის მეზობლობა მკაცრი გეოპოლიტიკური რეალობაა და იგი დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლება (ხელისუფლების ”კარმუშკაზე” მყოფი, ცინცაძის ჯუფის პოლიტოლოგ-ექსპერტების დარად ნუ ვიმკითხავებთ, როდის დაინგრევა იმპერია, ან მოხდება მისი მეტამორფოზა დემოკრატიის მიმართულებით).
თუ ვინმეს არ ესმის, რომ რუსეთს ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესები საქართველო-ამიერკავკასიაში, მას არც ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია უნდა გააჩნდეს. ასეთების ადგილი, ქუთაისურად რომ ვთქვათ, წინწკილაზეა, ან კოხნარში (რამდენადაც ვიცი, ასათიანზე ცნობილი დაწესებულება უკვე გააუქმეს).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ანტირუსული დისკურსი მხოლოდ ხელისუფალთა სიბრიყვის შედეგია. ვფიქრობ, აქ უფრო დაბალანსების წარუმატებელი პოლიტიკის რეციდივთან გვაქვს საქმე, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ა ხ ი რ ე ბ ა შ ი გადაიზარდა.
შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებში ნამდვილად შეინიშნებოდა რაციონალური ელემენტი. იმთავითვე გამოიკვეთა, რომ იგი ცდილობდა ბალანსირებას ჩრდილოურ და დასავლურ ვექტორებს შორის. მე, პირადად, სტრატეგიული თვალსაზრისით, ვიზიარებ ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებზე ორიენტირებულ კურსს. ჩანს, სააკაშვილს კარგად ესმოდა ამგვარი პოლიტიკის რისკ-ფაქტორები, კერძოდ - მოსკოვის შესაძლო რეაქცია, და გადაწყვიტა, პოლიტიკის დასავლური მიმართულება ეკონომიკაში რუსული კაპიტალისთვის კარის გაღებით დაებალანსებინა. ამგვარ მიდგომაში უცხო, მიუღებელი და ნოვატორული არაფერია. მეტიც - ვიტყვი, რომ იგი საუკუნეთა განმავლობაში იმპერიებთან ჭიდილში შემუშავებული პოლიტიკის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ ქართველი მეფეები (გავიხსენოთ, რას წერდა დავით გურამიშვილი ვახტანგ VI-ის შესახებ: ”სამს დიდ ჴელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა”!) თუმცა, ერთია სტრატეგიული განაზრახი და მეორე - ის რეალობა, რომელშიც ის უნდა განხორციელდეს.
სააკაშვილის ხელისუფლებას, როდესაც იგი დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის ლავირების პოლიტიკას იწყებდა, მზად უნდა ჰქონოდა სარეზერვო ვარიანტიც, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს კურსი წარუმატებელი აღმოჩნდებოდა. რუსეთის იმდროინდელი ხელისუფლების (განსაკუთრებით - ვლადიმერ პუტინის) იმპერიალისტური მადისა და მიზნების გათვალისწინებით, ეს მოსალოდნელიც იყო. როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, კრემლის ორთავიანი ფასკუნჯისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა პერიოდულად მიწოდებული ლუკმები და მან პოლიტიკური ამბიციები არ დათმო, თუნდაც, სოლიდური ეკონომიკური ბონუსების სანაცვლოდ. ამას შედეგად მოჰყვა ურთიერთობათა მკვეთრი და მომენტალური გაუარესება ორ ქვეყანას შორის, რაც, ობიექტური წანამძღვრების პარალელურად, კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოს ხელისუფლების ვერბალურად გამოხატულმა რუსოფობიამ (ამ მხრივ, ტონის მიმცემად პრეზიდენტი სააკაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი მოგვევლინენ). 2007-2008 წლებში დაძაბულად მომლოდინე რუსეთი მყისიერად გადაერთო აგრესიულად ჩასაფრებულ პოზიციაზე და, ისარგებლა რა სააკაშვილის საბედისწერო შეცდომით, მოგვაყენა უმძიმესი დარტყმა - დე იურე აღიარა საქართველოს სეპარატისტული ავტონომიები.
ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება არ არის მოღალატე მხოლოდ იმის გამო, რომ გარისკა და ორი ფაქტორის გათვალისწინებით (დასავლეთის მხარდაჭერა, საკუთარი სამხედრო ძლიერების რწმენა) გადადგა უკიდურესად ავანტურისტული ნაბიჯი (ჯოჯოხეთის კუპრში მოსახარშად მას სხვა ცოდვებიც ეყოფა). ამგვარი ლოგიკით, მოღალატედ შეიძლება ჩავთვალოთ, მაგალითად, ვახტანგVI, რომლის მიერ მოწყობილმა განჯის სამხედრო კამპანიამ კატასტროფამდე მიიყვანა ქართლის სამეფო), მაგრამ, იგივე ხელისუფლება, ელემენტური პასუხისმგებლობისა და თავმოყვარეობის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გადამდგარიყო. პრეზიდენტი, ცხადია, ასე არ მოიქცა და 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღემდე განაგრძობს ანტიხალხურ, არასახელმწიფოებრივ და უაღრესად საშიშ პოლიტიკას.
სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა აღვნიშნე, რომ სააკაშვილის პროდასავლური კურსი ახირებულ რუსოფობიაში გადაიზარდა. ამას მცირე საფუძველი მაინც გააჩნდა ბუშის პრეზიდენტობის დროს, მაგრამ სრულიად გაუმართლებელია ახლანდელ ვითარებაში, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მთავარ გზავნილს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა წარმოადგენს.
+ + +
რას ნიშნავს პრორუსულობა?
რამდენად საშიშია იგი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის?
ამ საკითხის სწორად გააზრებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. ეს დაგვეხმარება, თავი დავაღწიოთ სააზროვნო კლიშეებს, სწორად გავერკვეთ პრობლემის არსში და დღის წესრიგში ნელ-ნელა დავაბრუნოთ ტაბუირებული თემები.
მავანს და მავანს უჭირს, ზღვარი გაავლოს პრორუსულობასა და ავადმყოფურ რუსეთუმეობას შორის. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამ საქმეში თავის როლს თამაშობს ჯერ კიდევ ნედლი ისტორიული მეხსიერება. ბევრს, რატომღაც, ჰგონია, რუსული ორიენტაციის მიმდევრობა იგივეა, რაც სერგო-ფილიპეობა, რომლებმაც 1921 წლის თებერვალში მე-11 არმიის დახმარებით დაამხეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობა. სახელისუფლებო პროპაგანდის წყალობით ჩამოყალიბებული ეს სტერეოტიპული ხატი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია. ყოველ შემთხვევაში, ნაცმანქურთების დემაგოგიურ არსენალში იგი უპირველეს და აპრობირებულ არგუმენტს წარმოადგენს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში ჩავა, ან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე დაიწყებს საუბარს, ავტომატურ რეჟიმში ცხადდება კრემლიდან მართულ ძალად, რომლის უკანაც დგას პუტინი, რუსული კაპიტალი და იმპერიის შემადგენლობაში უკან შეთრევის განზრახვა. სწორედ ამიტომ მოგვიმრავლდა დღეს, სახელისუფლებო მედიის ენაზე რომ ვთქვათ, ამდენი ”გამყიდველი”, რომლებიც დაუსჯელად დადიან ქუჩაშიც და პარლამენტის დერეფნებშიც და, მიტყეპებული სამარცხვინო თიკუნის მიუხედავად, არავინ ცდილობს, სამართლებრივად მოსთხოვოს პასუხი ჩადენილი ”ღალატის” გამო.
ამგვარ პოლიტიკოსთა პერსონალური ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, საჭირო არა არის. მსუბუქად დაძაბეთ მეხსიერება და გაიხსენეთ, ვინ იმყოფებოდა ბოლო ხანებში რუსეთში. ხელისუფლების ენაზე, ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა და იმის მზადყოფნის დემონსტრირება, წინ წამოუძღვე 58-ე (მეთერთმეტემ, კარგა ხანია, ჩვენი ჭირი წაიღო) არმიას და იერიში მიიტანო დედაქალაქზე. სავარაუდოდ, თითოეულ ასეთ ”რენეგატს” გულისჯიბეში უდევს ოთხად გაკეცილი, წინასწარ მომზადებული დეპეშის ტექსტი - ”თბილისის თავზე სამფეროვანი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს ... საქართველოს!“
მრავალწერტილის ნაცვლად ჩასაწერი სიტყვის შერჩევა თქვენთვის მომინდვია.
ახლა, სერიოზულად: სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს სინამდვილეში ჯერ კიდევ არიან ოდინდელი იმპერიის შემადგენლობაში საბჭოთა საქართველოს ხილვის მსურველები (გრიშა ონიანი, ვალერი კვარაცხელია, ავთანდილ მარგიანი, იგორ გიორგაძე და K), მაგრამ, ასეთი რანგის ოდიოზური მარგინალები მხედველობაში არაა მისაღები. მთლიანობაში, ქართული პოლიტსპექტრი, მისი მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული ნაწილები შორს დგანან პრორუსულობის ამგვარი კვაზიგაგებისგან. ჩრდილელი მეზობლის მიმართ დამოკიდებულებაში პრევალირებს პრაგმატული ელემენტი. ყველას ესმის, რომ ორთავიან არწივთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები ვერ გადაიჭრება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვინ რა გზით ცდილობს მათ მოგვარებას. არიან ძალები, ვინც თვლის, რომ ეს უნდა მოხდეს დასავლეთთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებითა და მისი მხრიდან რუსეთზე ზეწოლით (თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ახალი მემარჯვენეები...). რატომღაც, ჩვენში მოდად დამკვიდრდა, რომ დასავლეთზე ორიენტაცია და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი შეუთავსებელი ცნებებია, რაც სერიოზულ შეცდომას წარმოადგენს. არსებობს პარტიათა ისეთი კატეგორიაც, რომლებიც ამ მიმართულებას აღიარებენ, მაგრამ იმიჯის შელახვის მიუხედავად (საკითხავია, ვის თვალში?) შესაძლებლად თვლიან უშუალო ვიზიტებს კრემლის ”ხაზეინებთან” (მაგალითად, ბურჯანაძე და ნოღაიდელი. ასევე, შედარებით მცირეკალიბრიანი ლიდერები - ძიძიგური, დავითაშვილი, კუკავა). მართალია, ამგვარი კონტაქტების რეალური შედეგი, ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს მოსალოდნელი არცა არის.
საზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მეშვეობით ხელისუფლება რეგულარულად ცდილობს, მიაღწიოს რუსეთთან რაიმე ტიპის კონტაქტების მქონე ოპოზიციური ძალების კომპრომეტირებას. ცხადია, ეს გაცვეთილი პროპაგანდისტული ხრიკია, რომელიც, ძირითადად, ახალგაზრდა (არა საბჭოთა კავშირში გაზრდილ) თაობაზე ზემოქმედებისთვისაა გამიზნული (უფროს თაობებზე ეს პრიმიტიული მეთოდი არ ჭრის). პრობლემა ის კი არა არის, ოპოზიციური სპექტრიდან ვინმე ჩავა თუ არა მოსკოვში, არამედ - მიზანშეწონილია თუ არა ამგვარი კონტაქტები საბოლოო შედეგის თვალსაზრისით. აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის მოძებნა ძნელია. ცხადია, საქმისთვის უკეთესია, მოწესრიგებული ურთიერთობა ოფიციოზის დონეზე არსებობდეს და ყველა პრობლემა უშუალოდ პირველი პირების შეხვედრისას წყდებოდეს.
გავლენიანი, მაგრამ მაინც ოპოზიციური ლიდერების ვიზიტს, რა თქმა უნდა, ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სიტყვაზე, პუტინმა და ბურჯანაძემ შეიძლება ისაუბრონ, აზრები გაცვალონ, მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე შეთანხმებას ვერ დადებენ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები ასეთ პრეცედენტებს არ ცნობს, თუმცა, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მსგავსი შემთხვევის დასახელებაც შეიძლება. მაგალითისთვის, გავიხსენოთ 1915-1916 წლებში ევროპაში არალეგალურად მოქმედ საქართველოს გათავისუფლების კომიტეტსა (ლეო და გიორგი კერესელიძეები, პეტრე სურგულაძე, გიორგი მაჩაბელი...) და, მეორე მხრივ - გერმანია-ავსტრო-უნგრეთ-ოსმალეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. დადების მომენტში ამ აქტებს არ ჰქონდათ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული იურიდიული ძალა, მაგრამ, რეალურად, იმთავითვე შეიძინა უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. ეს დაადასტურა 1918 წლის აპრილ-მაისში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. ამ დამოუკიდებლობისა და ახლად შექმნილი ქვეყნის საზღვრების დაცვის გარანტია გერმანიის მთავრობამ სწორედ 1915 წლის დეკემბერში დადებული არაფორმალური ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა.
რაც უნდა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს ეს ფაქტი, ის მაინც მხოლოდ ისტორიული პარალელია და სხვა არაფერი. მისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მიცემა სისულელეა, მაგრამ არც მთლიანად იგნორირება შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის მსგავსი მეზობელი გყავს.
რეალურად, თუ ხელისუფლების მიერ შეთხზულ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცნობიერებაში ჩაბეჭდილ სტერეოტიპებს გამოვრიცხავთ, ”პრორუსულ” ორიენტაციაში არაფერია სამარცხვინო, მოღალატური და ანტისახელმწიფოებრივი (იდეალური წინადადებაა კონტექსტიდან ერთი ნაწილის ამოსაგლეჯად და ავტორის კრემლის აგენტად გამოცხადებისთვის). პირიქით - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის წარმოადგენს ყველაზე აქტუალურ (და პრობლემურ) მიმართულებას საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. რეალურად, ამაზეა დამოკიდებული რამდენიმე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება.
1) ორ ქვეყანას შორის დაძაბული ფონის მოხსნა, ცივილიზებული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მოლაპარაკებათა დასაწყებად საჭირო პირობების შექმნა;
2) რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების თაობაზე ღია, კონსტრუქციული დიალოგის გამართვა; პოზიტიური შედეგის მისაღწევად ადამიანური და ინსტიტუციური რესურსების (განსაკუთრებით- ეკლესიის) მობილიზება;
3) ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე;
4) რუსეთში მყოფი ქართული დიასპორის (განსაკუთრებით - გასთარბაითერების) მიმართ იქაური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა;
5) სახელმწიფოებრივ ურთიერთობათა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის მოკლე და გრძელვადიანი პროექტების შემუშავება;
6) განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროებში არსებული ტრადიციების აღდგენა და გაღრმავება;
აღნიშნული პუნქტების განხორციელების დროს ამოსავალ დებულებას უნდა წარმოადგენდეს, ერთი მხრივ - სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის პატივისცემა და ხელშეუხებლობა, მეორე მხრივ - შექმნილ სიტუაციაში საკუთარი შესაძლებლობების რეალურადშეფასებისა და ყველა შესაძლო (თუნდაც - მაქსიმალური) კომპრომისისთვის მზადყოფნის უნარი.
ვფიქრობ, მხოლოდ ამგვარი მიდგომით შეიძლება დათბეს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს და ბოლოს უზრუნველყოფს პირობების შექმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. სხვა გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან ვერ ვხედავ.
არ მინდა გულუბრყვილო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, ვისაც სჯერა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებათა განხორციელების შემთხვევაში რუსეთი მეორე დღესვე დაივიწყებს იმპერიულ ამბიციებს და ხონჩით მოგვართმევს წართმეულ ტერიტორიებს. გზა ქვეყნის გამთლიანებისკენ იქნება მსგავსი სიზიფეს შრომისა, რომელსაც უამრავჯერ დაუგორდა მწვერვალამდე ატანილი ლოდი, მაგრამ ჯიუტად ისევ თავიდან იწყებდა საქმეს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი, არაჩვეულებრივი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ”სერენადას”-ს პერსონაჟის მსგავსად (გაიხსენეთ რამაზ გიორგობიანის კინოგმირი, რომელიც, უამრავჯერ ცემის მიუხედავად, მეთოდურად, დაჟინებით მანამდე ”ამუშავებს” ფიზიკურად მასზე ბარე სამჯერ აღმატებულ მეტოქეს, სანამ თავისას არ მიაღწევს) უნდა აღიჭურვოს ჭკუით, მოთმინებითა და ნებისყოფით და მხოლოდ ამ სამი კომპონენტის კომბინირებული ზემოქმედების შემთხვევაში შეიძლება ვიქონიოთ წარმატების იმედი.
თუ ვინმეს ყოველივე ის, რაც ზემოთ აღვნიშნე, პრორუსულ ორიენტაციად მიაჩნია, პრობლემას ვერ ვხედავ - დაე, მიწოდონ რუსეთუმე! ვისურვებდი, ასეთი ”პრორუსული” ძალების რაც შეიძლება მალე მოსვლას ქვეყნის სათავეში. გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების უმთავრეს ღირსებას ყოველთვის წარმოადგენს მზაობა ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი, თუნდაც, მოცემულ მომენტში არაპოპულარული და რეიტინგის დამგდები ღონისძიებების განსახორციელებლად. როცა სახელმწიფოებრივ მიდგომას მომენტისმიერი, დროებით ეფექტზე დამყარებული და ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით ნაკარნახები პოლიტიკა ცვლის (ანუ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში), რეალურად, ეს არა მხოლოდ არასახელმწიფოებრივი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი მიდგომაა!
ასეთ პოლიტიკას ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ უარი - ხელისუფლებამაც და ხალხმაც!
”ედრენა მატ” ასეთი ხელისუფლება!
”ედრენა მატ” ასეთი პრეზიდენტი!
+ + +
თეორიულად, არსებობს მეორე გზაც და, ალბათ, მის შესახებაც ღირს რამდენიმე სიტყვის თქმა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს სურს, თვითონაც მოესწროს ქვეყანაში მომხდარ პოზიტიურ ცვლილებებს (სანამ უნდა ვიძახოთ სადღეგრძელოებში - ღმერთმა ქნას, ჩვენს შვილებს გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთო!). ადამიანის ბუნება სულსწრაფია, მით უმეტეს - ატომისა და ელექტრონის ეპოქაში. თუმცა, მკაცრი რეალობა იშვიათად არის ხოლმე სინქრონში ჩვენს მოლოდინებთან. ეს ეხება არა მხოლოდ პირად ცხოვრებას, არამედ - სახელმწიფოებრივ მოწყობასაც. ხანდახან, ობიექტური საჭიროება მოითხოვს, ხელი ავიღოთ ამა თუ იმ პრობლემის მყისიერ გადაწყვეტაზე და ვიფიქროთ მისი მოგვარების ალტერნატიულ გზებზე ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით.
მოკლედ და კონკრეტულად - ხომ არ ჯობს, დავაკონსერვოთ რუსეთთან დღეს არსებული რთული ურთიერთობები? მაგალითად, ხელი ავიღოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უნაყოფო მცდელობებზე და დაველოდოთ საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაციის ჩვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით შემობრუნებას?
დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ბევრს საუბრობენ და იგრძნობა იმის მოლოდინი, რომ ტექნოლოგიურად არაკონკურენტუნარიანი და, თითქმის, მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზე დამოკიდებული რუსეთი დიდხანს ვერ გაქაჩავს და მალე დაიწყება მისი რღვევის პროცესი. ასეთი პერსპექტივა, ერთი შეხედვით, ფრიად მომხიბვლელად გამოიყურება საქართველოსთვის, რადგან მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე იხსნება უმთავრესი ბარიერი. ამაში მართლაც ჩანს ლოგიკა, თუმცა, მხოლოდ - პირველი შეხედვით. ჯერ ერთი, ძნელია იმის პროგნოზირება, როდის ჩავარდება რესურსებით მსოფლიოში უმდიდრესი რუსეთი ეკონომიკურ კოლაფსში. თუ ეს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოსალოდნელი პერსპექტივაა, მაშინ მასზე სერიოზული მსჯელობა არც ღირს (სანამ პეტრე მოვა, პავლეს ტყავი არ შერჩება). მეორეც, ვფიქრობ, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კრახის მომლოდინეთაგან სერიოზულად არავინ დაფიქრებულა, როგორი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნება პოსტიმპერიულ ხანაში და რამდენად ხელსაყრელი იქნება იგი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. არსებული რეალობისა და ლოგიკის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება აგრესიული ისლამის გარემოცვაში აღმოვჩნდეთ და მწარედ ვინანოთ, რომ კავკასიონის გადაღმა აღარ იარსებებს ამ ძალის გამანეიტრალებელი ფაქტორი - ქრისტიანული რუსეთი.
საით წავიდეთ და ზემოთ დასახელებული რომელი გზა უნდა ავირჩიოთ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაში?
აი თემა, რომელზეც უკვე დღეს უნდა იმტვრიოს თავი ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა, რათა დროულად განისაზღვროს პოსტნაციონალური საქართველოს საგარეო პოლიტიკის მაგისტრალური ვექტორი. ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას საერთო-სახალხო განსჯისა და დაკვირვების საფუძველზე ისტორიული წარსულის, არსებული რეალობისა და ხვალინდელი პერსპექტივის გათვალისწინებით. დრო, როდესაც ხალხი ალთას მოითხოვს, ხოლო ხელისუფლება ბალთას მიერეკება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ეს იქნება ტესტი ყველა ჩვენგანისთვის და პასუხი კითხვაზე- შეგვიძლია თანამედროვე, თავისუფალი აზრისა და ნების პატივისცემაზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება, თუ ვამჯობინებთ, დავრჩეთ სხვათა მოიმედეობის ნირვანაში.