შესაძლოა, წინამდებარე ბლოგტექსტის წაკითხვის შემდეგ presage.tv-ზე შემოკედლებულმა რამდენიმე შტატიანმა ”კანტორშჩიკმა” (ნიკების დასახელებას აზრი არ აქვს, ისედაც ყველამ იცით, ვინც მყავს მხედველობაში) პროპაგანდისტული გნიასი ატეხოს და კრემლის გამოაშკარავებულ აგენტად გამომაცხადოს. რა პრობლემაა? საქართველოში იარლიყების მიტყეპებაზე იოლი არაფერია. მსურველი დაილევა თუ კანონით მოთხოვ პასუხს? უამისობა არც მანამდე იგრძნობოდა, მაგრამ ინსინუაციების მანქანა სრული სიმძლავრით სწორედ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მრავალჭირვარამგადანახად წყალ-ჭალებს ჩვენსას ვარდების სულის აღზევებამ გადაუარა.
2004 წლიდან მოყოლებული განსხვავებულად მოაზროვნეთათვის თიკუნების მიწებება ერთეულ დემაგოგთა სუბიექტური ახირებიდან ნაციონალური სპორტის სახეობად იქცა. ოღონდ, ეგაა, ნათლობის ცერემონიალი ცოტა განსხვავებულად ტარდება და კლასიკური ემბაზის ფუნქციას ხელისუფლების მიერ მთლიანად მონოპოლიზებული მედიასივრცე ითავსებს. ეს ახალი დროის ლევიათანი, რომლის გაუმაძღარ სტომაქში ბიბლიური იონასავით იგვემება მთელი ქვეყანა, უსირცხვილოდ ახდენს ავლაბრის ბასტილიიდან მიღებული ბილწი დაკვეთების ტირაჟირებას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბოლო ხანებში საოცრად ”მომრავლდნენ” ე.წ. კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები, წითელი ვარსკვლავის მონატრული რეტროგრადები, ახალ სერგო-ფილიპეობაზე მეოცნებე რენეგატები, ზოგადად- მსხვილფეხა თუ წვრილფეხა რუსეთუმეები. ბოლო წლებში ”რუსთავი ყველა” გადაიქცა მულტიფუნქციურ დასაქუცმაცებელ აგრეგატად, რომლის ყელში შეიძლება ჩაუშვა ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხორცი და სათანადო ტექნოლოგიური ციკლის გავლის შემდეგ მიიღო დაბინძურებული რუსული ფარში.
ჰოდა, თუ ვინმე რუსეთუმედ მონათვლას მომინდომებს, იმათ გასაგონად ვამბობ - 15 წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმყავდა კურსი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში. დროის ამ მონაკვეთში ჩემს ხელში ათასხუთასამდე ახალგაზრდამ გაიარა და მათ ჩემგან ერთხელაც არ მოუსმენიათ კონიუნქტურით ნასაზრდოები, არაობიექტური მოსაზრება. ამაში გასაოცარიც არაფერია. მაშ, როგორ უნდა მომეხსენიებინა სახელმწიფო, რომელთანაცაა დაკავშირებული რამდენიმე, ყველაზე შავბნელი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: 1801-1810- სახელმწიფოებრიობის გაუქმება ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებში, 1811- საეკლესიო ავტოკეფალიის ლიკვიდაცია, 1921- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა...(დანარჩენზე, მათ შორის ჩვენი უახლესი ისტორიის ”სანიშანსვეტო” ფაქტებზე აღარაფერს ვიტყვი).
პროფესიიდან გამომდინარე, სხვაზე ნაკლებად ნამდვილად არ ვიცი, რამდენი ჭირი და განსაცდელი დაგვატეხა თავს ჩვენი წინაპრების მიერ ხუთი საუკუნის წინათ ქვეყნის ხსნის გზად დასახულმა რუსულმა ორიენტაციამ. ასე ვფიქრობდი არა მხოლოდ გუშინ, მწამს დღესაც. სამშობლოს ბედზე დაფიქრებულ უამრავ ადამიანთან ერთად, მეც მოუთმენლად მოველი იმ დღეს, როდესაც მისი უდიდებულესობა ისტორია უკანასკნელ წერტილს დაუსვამს ”დიდი რუსობის” სისხლიან მატიანეს. თუმცა, მოლოდინი მოლოდინად და, ამ ბოლო წერტილამდე ჯერ კიდევ ბევრი მძიმის, წერტილ-მძიმის, კითხვისა და ძახილის ნიშნის ბარიერია გადასალახი.
ეს ისე - ცნობისათვის. ვინც დაიჯერებს - დაიჯერებს, ვინც არა - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ სტრიქონების უკან პუტინის კამუფლირებული ემისარი იმალება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. თავის ქალაში უკუღმა ჩადგმული ტვინების შემობრუნება ჩემს ”ქირურგიულ” შესაძლებლობებს ბევრად აღემატება.
+ + +
მოსალოდნელი იყო და არც ვინმეს გაჰკვირვებია, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის მეტეორის შემოჭრის შემდეგ სახელისუფლებო მედიის ყველა განშტოება ერთდროულად ალაპარაკდა რუსულ კვალზე.
სიცრუე და სირთულე არათავსებადი ცნებებია. ტყუილი მარტივი უნდა იყოს, პრიმიტიულობამდე მარტივი. ასე მეტი შანსია, მის ”ჭეშმარიტებაში” დაარწმუნო ფიქრისა და განსჯის მოძულე, სენსაციაზე დახამებული და სხვათა ცუდის მოხარული ადამიანები, რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად აითვისა ეს ელემენტური ჭეშმარიტება და მთელი დატვირთვით აამუშავა ინსინუაციების ზარანდიასეულიმექანიზმი. ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს უბინძურესი პროპაგანდა და, ეჭვი არ შეგეპაროთ, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ისტორიის ლოგიკა სანაგვე ურნაში არ გადაუძახებს ყველაზე მარაზმატულ ხელისუფლებას საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. მანამდე? მანამდე კი, შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი ტელეეკრანები არ გადახურდება, საგაზეთო ფურცლები კი სირცხვილისგან არ გაწითლდება. ნაციონალური წისქვილის ხვიმირაში ჩაპირქვავებული ღვარძლით სავსე ტომარა ბოლომდე უნდა ჩამოიფქვას.
ივანიშვილი მხოლოდ სამაგალითოდ დავასახელე. რუსეთის მიერ მართულ ოლიგარქებად მონათვლა ხელისუფლების აპრობირებული მეთოდია, რომელიც პირველად ”წარმატებით” ამ ოთხიოდე წლის წინათგამოიყენეს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მერე და მერე ამ სიას კიდევ რამდენიმე პერსონა შეემატა, მათ შორის - ”რუსეთუმეობის ახალი ვარსკვლავი” მინდია გულუა და ბოლოს - ჭორვილელი მილიარდერი (ალბათ, ყურადღება მიაქციეთ სახელისუფლებო მედიის მიერ ამ სოფლის სახელწოდების გამიზნულ მოხსენიებას ირონიულ კონტექსტში).
სანახაობას მონატრებულმა მასამ რომ არ მოიწყინოს, პროპაგანდისტული მანქანა პერიოდულად იწყებს ყბედობას ოლიგარქობიდან შორს მდგომი, მაგრამ ”კრემლისფერი” პოლიტიკური შეფერილობის პოლიტიკოსებზე, პუტინის მისაღებში დასახლკარებულ ოქრუაშვილზე, ნოღაიდელზე, ბურჯანაძეზე და ასე შემდეგ. მეტი დამაჯერებლობისთვის (ხანდახან ტყუილს ნივთმტკიცებაც სჭირდება, მარილივით) სახელისუფლებო კულუარებში ითხზვება და მერე ტელეენაზე ითარგმნება ლეგენდები მითიური კომანდოსებით გაძეძგილ ”ზილებზე”, ენვერებზე, კოჭოიებზე, იარაღის არსენალებზე... მთელ ამ პროპაგანდისტულ ხრიგინს ერთი მიზანი გააჩნია - მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს მოსახლეობა, შეთითხნოს სადღაც, ბუჩქებში ჩასაფრებული ბუას შიში და მოლოდინი, შექმნას უახლოეს წარსულში განცდილი ქაოსისა და ანარქიის განმეორების ილუზია... საბოლოო ჯამში - ხელისუფლება წარმოაჩინოს ავი თვალისგან დამცავ ძალად, მოქალაქეთა სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტად.
ლოგიკურია, რომ კონკრეტული პერსონების წინააღმდეგ მიმართული შავი ფიარი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი რაიმე ფორმით (სიტყვიერი განცხადება, ან პრაქტიკული ქმედება) არღვევენ სახელისუფლებო ვერტიკალში დავანებულ ბიბლიურ მყუდროებას. მანამდე არავის ახსოვს მათი ოლიგარქობა და კრიმინალური ბეგრაუნდი. არც იმის გამო განიცდის ვინმე სინდისის ქენჯნას, რომ თვითონაც მშვენივრად ისარგებლეს ამ ოლიგარქთა გულუხვი ფინანსური შემოწირულობით. ჩვენი უახლესი ისტორიის ორი გამოკვეთილი ფიგურა - პატარკაციშვილი და ივანიშვილი - ამისი ყველაზე მკაფიო მაგალითია. ერთ დროს მეცენატებად და მამულიშვილებად მონათლული მილიარდერები მხოლოდ მას შემდეგ იქცნენ რუსულ ძალად, როცა გაბედეს და ღიად გამოხატეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი. ამით მათ დაარღვიეს ნაციონალური ხელისუფლების უმთავრესი ტაბუ, რაც ამა თუ იმ ფორმით არსებული ბალანსის რევიზიის შესაძლებლობას უარყოფს. სააკაშვილის რეჟიმის მიერ საკუთარი უმრავლესობისთვის შექმნილი სამოთხე რაღაცით დაემსგავსა გრაფინია ალუბლების სასახლის პარკს ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრიდან ”ჩიპოლინოს თავგადასავალი”. ალბათ, გახსოვთ, რომ პარკის შესასვლელსა და გამოსასვლელს ამშვენებდა სინიორ ოხრახუშას მიერ მოფიქრებული და გაფორმებული განცხადებები: ”შესვლა აკრძალულია” და ”გამოსვლა აკრძალულია”. ვინც ამ პრინციპს არღვევს - მტერია, ვინც არა - შეუძლია მშვიდად იყოს (ბენდუქიძე, შარანგიები და K). მათი კაპიტალის რუსული წარმომავლობით არავინ დაინტერესდება.
+ + +
რას ნიშნავს პრორუსული ორიენტაცია?
რამდენადაა, ან, საერთოდ, არის თუ არა იგი საშიში ქართული იდენტობისათვის?
რა სურთ, რეალურად, ხელისუფლების პროპაგანდისტული მაქანის მიერ რუსეთის ინტერესების გამტარებლად მონათლულ პოლიტიკოსებს?
რამდენად შესაბამისობაშია მათი ჩანაფიქრი რუსული იმპერიალისტურ დოქტრინასთან? საერთოდ, თავსებადია თუ არა ერთმანეთთან ეროვნული პოლიტიკის გატარება და რუსული ინტერესებისთვის, ასე თუ ისე, ანგარიშის გაწევა?
არის თუ არა რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის პერიოდში დაგროვილი ნეგატიური გამოცდილება საკმარისი საფუძველი მტრის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ხატის შესაქმნელად?
შეიძლება თუ არა, ამ ურთიერთობათა წარსულში დავინახოთ პოზიტიური ელემენტები, რომელთა საფუძველზეც დაშენდება სამომავლო სტრატეგია?
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია კითხვებისა, რომლებიც შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს წინამდებარე ბლოგტექსტის სათაურით განსაზღვრულ თემაზე ფიქრის დროს. აქტუალობიდან გამომდინარე, არა მგონია, თანამედროვე ქართული საზოგადოების წინაშე იდგეს უფრო მწვავე პრობლემა, ვიდრე ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაა. მეტიც - გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს თავს დატეხილი ყველა უბედურება სწორედ ამ საკითხის სათანადოდ გაუაზრებლობის შედეგია. ეროვნული ცნობიერების მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით მოგვეძებნა ოქროს შუალედი მსოფლიოს უდიდეს და, იმედი მაქვს, უკანასკნელ იმპერიასთან ურთიერთობაში.
იყო დრო, როცა ქვეყნის ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გაუთვალისწინებლად, ჩრდილოეთის მიმართულება ხელაღებით დავსახეთ ხსნის გზად, მაგრამ, სინამდვილეში, მივიღეთ ”ვია დოლოროზა”. დღეს სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ - ოფიციოზის დონეზე რუსეთი მიჩნეულია მტრის ხატის აბსოლუტურ განზომილებად, ვისთანაც ცივილიზებული საუბარიც კი შეუძლებელია. ვერბალურად გამოხატულმა რუსოფობიამ იმ ზღვარს მიაღწია, არ გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს სასკოლო თვალსაჩინოების მაღაზიებში კომპასის გაყიდვაც კი აიკრძალოს, აქაოდა მისი მაგნიტური ისარი მუდამ ჩრდილოეთითაა მიმართულიო. თუმცა, ეს მხოლოდ პრობლემის გარეგნული მხარეა. რუსეთის წრეგადასული ძაგება ნაციონალურ რეჟიმს სულაც არ უშლის ხელს, გამიზნულად შემოიტანოს იქაური კაპიტალი ქართულ ეკონომიკაში და მეტიც - არაერთ სტრატეგიულ სფეროში საკომანდო სიმაღლეებიც ჩააბაროს მას (ათასჯერ ნათქვამის გამეორება რომ არ მომიხდეს, ამ თემაზე საუბარს აღარ განვაგრძობ).
ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უპრიანია, მცირე გეოპოლიტიკური ექსკურსს მივმართოთ და საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში შევხედოთ, რა ინტერესი ამოძრავებს რუსეთს საქართველოში (ზოგადად - ამიერკავკასიაში). ეს დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, შესაძლებელია თუ არა ჯანსაღი კონტრინტერესების შეგებება და, საერთოდ, ჩრდილოური და დასავლური ვექტორების რაციონალური თანაარსებობა ქართულ სინამდვილეში.
+ + +
თანამედროვე რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი და ყოველივე ეს ორ, ადრინდელისგან მკვეთრად განსხვავებულ რეალობას ემყარებოდა.
პირველი იყო ახალი ეთნიკური სინამდვილე. იგი აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე მონღოლთა ორსაუკუნოვანმა ბატონობამ განაპირობა, რასაც შედეგად მოჰყვა სლავურ-თათრულ-თურქული ეთნოსების ათქვეფის ბაზაზე შექმნილი ახალი რუსული ეთნიკური ერთობის ფორმირება.
მეორე გახლდათ ბიზანტიის დაცემა (1453 წელი), რამაც არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით განაპირობა ახალი პოლიტიკური რეალობა. ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ღერძზე ოსმალთა გაბატონებამ ორ საინტერესო პროცესს მისცა იმპულსი. დასავლეთში ეს იყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ნავიგაციის როლის წინ წამოწევა, აღმოსავლეთში (რუსეთში) კი - ბიზანტიური მემკვიდრეობის დაუფლებაზე პრეტენზია და მესიანისტური სარჩულის მქონე ”მესამე რომის” დოქტრინის ჩამოყალიბება.
ამ იდეამ, რომელიც რუსი ხალხისა და რუსული სახელმწიფოს განსაკუთრებულ ისტორიულ მისიას გულისხმობდა, ხუთი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე განიცადა ტრანსფორმაცია. თუმცა, უცვლელი დარჩა მისი მთავარი შინაარსი და მასზე დამყარებული ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ინტერესები.
თავდაპირველად, ”მესამე რომის” დოქტრინა რელიგიურ საბურველში იყო გახვეული და მოსკოვის მეფეს ყველა ქრისტიანი ერის მფარველ ძალად მოიაზრებდა (იგულისხმება მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონე ხალხები).
ამჟამად ჩვენს ინტერესებში არ შედის რუსული გეოპოლიტიკური აზრის განვითარების ეტაპებების დეტალური მიმოხილვა (”სლავიანოფილობა”, ”მედასავლეთეობა”, ”პანსლავიზმი”). მსჯელობის სისრულისთვის დავძენ, რომ XX საუკუნის დასაწყისში რუსულმა იმპერიალიზმმა რელიგიური შირმა უარყო და აქცენტი მსოფლიო რევოლუციასა და კომუნიზმის საყოველთაო გამარჯვებაზე გადაიტანა. იდეაში, ეს გულისხმობდა ყველა ჩაგრულის გათავისუფლებას მჩაგვრელთა უღლისაგან.
70-წლიანი სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტისა და საბჭოთა სისტემის კრახმა ბიძგი მისცა ახალი, არსით კიდევ უფრო იმპერიალისტური გეოპოლიტიკური დოქტრინის ჩამოყალიბებას, რომელიც ნეოევრაზიანიზმის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს მოძღვრება მიზნად ისახავს რუსეთის ევრაზიული სუპერსახელმწიფოს აღდგენას, ოღონდ კატეგორიულად უარყოფს ამ ახალი პოლიტიკური მონსტრის საფუძვლად ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური იდეოლოგიების (სლავიზმი, მართლმადიდებლობა, კომუნიზმი) გამოყენებას. იგი უპირატესობას ანიჭებს ევრაზიულობის, როგორც გეოპოლიტიკური ერთობის შეგნებას.
რუსული გეოპოლიტიკური აზროვნების საკმაოდ ვრცელი მიმოხილვა შემთხვევით არ მოგვიხდენია. მისი განვითარების ყოველი ეტაპი, რაგინდარა იდეოლოგიური საფუძვლით, ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში ყოველთვის განიხილავდა საქართველო-ამიერკავკასიას. არა მხოლოდ განიხილავდა, გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მას განსაკუთრებულ დატვირთვასაც ანიჭებდა, როგორც შუალედურ პლაცდარმს სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების (სპარსეთის ყურე, ხმელთაშუაზღვისპირეთი, ინდოსტანი) ათვისების გზაზე. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ რუსეთმა, 80-90-იანი წლების მიჯნაზე მომხდარი დიდი მალტური გარიგების შემდეგ, შედარებით უდრტვინველად დათმო ბალტიისპირეთი, მაგრამ მწვავედ განიცდის და რეაგირებს მოსკოვის კონტროლიდან საქართველოს გამოსვლის ნებისმიერ მცდელობაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ რუსეთი ამიერკავკასიას დღესაც ისევე განიხილავს საკუთარი გავლენის ზონად, როგორც ცარიზმისა და საბჭოთა იმპერიების ზეობის ხანაში. რაც ყველაზე უსიამოვნოა, იგი არც მომავალში აპირებს განზრახვაზე ხელის აღებას. ნეტარ არიან მორწმუნენი, ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა უახლოეს, ან შორეულ პერსპექტივაში ჩადგება დემოკრატიული ღირებულებების პატივისმცემელი სახელმწიფოების რიგში. მე, პირადად, ამას არ მოველი. შესაბამისად - მიმაჩნია, რომ რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებში საქართველომ, შესაძლებლობის ფარგლებში, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გაითვალისწინოს მისი რეგიონული ინტერესები და გამონახოს თანაარსებობის ოპტიმალური ფორმა, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება გლობალურ კონტექსტში.
+ + +
ცალმხრივი მსჯელობა რომ არ გამომივიდეს, რამდენიმე სიტყვით შევეხები საკითხს, როგორ განიხილავს რუსეთის ფაქტორს დასავლური გეოპოლიტიკური აზრი და რამდენად შეიძლება ჩაჯდეს საერთაშორისო კონიუნქტურაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა და აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს დასავლური (ანგლო-ამერიკული) გეოპოლიტიკური დოქტრინის ძირითადი პოსტულატი, რომლის თანახმადაც კაცობრიობის პოლიტიკური ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობანი ოდითგანვე მართველობის ორი განსხვავებული ტიპის, საზღვაოსა და სახმელეთოს დაპირისპირებაზეა დამყარებული. მათ აღსანიშნავად გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინები: თალასოკრატია (საზღვაო მართველობა) და თელუროკრატია (სახმელეთო მართველობა). მისი უმთავრესი იდეოლოგები იყვნენ ამერიკელი ადმირალი ალფრედ მეჰენი და ინგლისელი სწავლული ჰელფორდ მაკინდერი. მეჰენის უმთავრესი ნაშრომია ”საზღვაო ძალების როლი ისტორიაში”, რომლის თანახმადაც პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების უმთავრესი ინსტრუმენტია საზღვაო კომუნიკაცია, ვაჭრობა და ფლოტის მეშვეობით მოწინააღმდეგის ბლოკირების უნარი (ე.წ. ”ანაკონდას” პრინციპი) სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იწინასწარმეტყველა მან აშშ-ის გადაქცევა მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ. იგი სამართლიანად ითვლება ე.წ. ატლანტისტური გეოპოლიტიკის პიონერად.
მეჰენის იდეები გაიზიარა და განავრცო მაკინდერმა. მისი აზრით, მსოფლიო ბატონობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ევრაზიაზე, როგორც სამყაროს ღერძულ სეგმენტზე კონტროლს და ამ რეგიონის აღსანიშნავად შემოიტანა ტერმინი - შუამდებარე მიწა (”Heartland”) გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი ემთხვევა თანამედროვე ურალს, ციმბირს და ცენტრალურ აზიას.
მაკინდერს ეკუთვნის გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში კარგად ცნობილი რუკა, რომლის თანახმადაც მსოფლიო სივრცის იერარქია სამი კონცენტრული წრის სახითაა წარმოდგენილი. პირველი წრის, ანუ Heartland-ის გარდა მასში შედის ე.წ. შიდა (ევრაზიის სანაპირო ზოლი, ანუ სამხრეთ ინდოჩინეთი, არაბისტანი, ჩრდილო აფრიკა და დასავლეთ ევროპა) და გარე (ამერიკის ორივე კონტინენტი, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ოკეანეთი) ნახევარმთვარეები. Heartland-ზე ბატონობის ამოსავალ წერტილად მაკინდერმა შიდა ნახევარმთვარეზე კონტროლის დამყარება დაასახელა.
ამ თეორიაში ჩვენთვის საგულისხმო ისაა, რომ დასავლურმა გეოპოლიტიკურმა აზრმა ჩამოყალიბების საწყის ეტაპზევე საქართველო-ამიერკავკასია თანამედროვე რუსეთთან ერთად სწორედ Heartland-ში მოაქცია, როგორც ორგანულად ერთგვაროვანი სივრცე (აი, რუსული ნეოევრაზიულობის კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორი).
მოგვიანებით, ამ თეორიის რევიზია მოახდინა ამერიკელმა მეცნიერმა ნიკოლას სფიქმენმა. მართალია, იგი პრინციპულად დაეთანხმა მაკინდერს ზემოთ დასახელებული კონცენტრული წრეების განსაზღვრაში, მაგრამ ისტორიის ღერძულ სეგმენტად ჩათვალა არა Heartland-ი, არამედ შიდა ნახევარსფერო (Rimland-ი)
პოლულარული დასავლური გეოპოლიტიკური თეორიების მხოლოდ ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. რადგან საანალიზო პრობლემასთან უშუალო კავშირშია, აქ მხოლოდ ყველაზე თანამედროვე, ე.წ. ნეოატლანტისტურ დოქტრინებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელთა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფრენსის ფუკუიამა და სემუელ ჰანტინგტონი.
კომუნიზმის კრახისა და მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ ფუკუიამამ განავითარა თეორია ე.წ. ”ისტორიის დასასრულის” შესახებ. მან იხელმძღვანელა საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრებით, რომლის თანახმადაც კაცობრიობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა კეთილი და ბოროტი საწყისების ჭიდილი. რაკი კომუნიზმი, ანუ უკანასკნელი ბოროტება დამარცხდა, ამ გაგებით, ისტორიული პროცესი დასრულდა. ამას, ლოგიკურად, შედეგად უნდა მოჰყოლოდა გამარჯვებული კეთილი საწყისის, ანუ ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფალური მარში მთელ პლანეტაზე (რაოდენ ღიმილისმომგვრელად გამოიყურება ეს მოსაზრება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების გათვალისწინებით).
სრულიად საწინააღმდეგო იყო ჰანტინგტონის თეორია, რომელმაც პოსტკომუნისტური კაცობრიობის ისტორიაში დაპირისპირებათა ახალი პოლუსები იწინასწარმეტყველა - ბრძოლა განსხვავებულ ცივილიზაციურ ერთობებს შორის (ე.წ. ”ცივილიზაციათა შეხლა”). ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ჰანტინგტონის მიერ გამოყოფილი რვა ასეთი ერთობიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მართლმადიდებლური ცივილიზაცია და მასში, რუსეთთან ერთად, საქართველოც იგულისხმება.
+ + +
თუ ზემოთქმულს შევაჯამებთ, თითქოსდა, ჩვენთვის არასახარბიელო სურათი იკვეთება. რუსული და დასავლური გეოპოლიტიკური დოქტრინები, განსხვავებული მიზანდასახულობით, მაგრამ მაინც, საქართველოს რუსეთთან ერთად განიხილავენ, როგორც ერთიან სივრცეს (ევრაზიული ერთობა), ცივილიზაციურ სუბიექტსა (მართლმადიდებელი სამყარო) და სამყაროზე ბატონობისათვის სტრატეგიულ ღერძს (Heartland-ი, ანუ შუამდებარე მიწა). ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს რუსული იმპერიალისტური მიზნების ერთგვარად მასტიმულირებელი ფაქტორია.
თუ ხსენებულ დოქტრინებს ჩავთვლით ატლანტისტური და ევრაზიული ორიენტაციის სახელმწიფოთა პრაქტიკული პოლიტიკის თეორიულ ბაზისად (და ეს ნამდვილად ასეა), საქართველოს პერსპექტივა ”კავკასიური ცარცის წრის” ფინალურ სცენას ემსგავსება. იგი, პატარა მიხეილ აბაშვილის მსგავსად, გასაგლეჯად განწირული, წრეში დგას და აქეთ-იქიდან ექაჩებიან. ერთი ძალა მას თავის ორგანულ ნაწილად თვლის, მეორე კი მსოფლიოზე ატლანტისტური სამყაროს ბატონობის ინსტრუმენტად. ცხადია, საკუთარი სარგებლის გარეშე დათმობას არცერთი მათგანი არ აპირებს.
ერთია, თუნდაც, ყველაზე მოდური გეოპოლიტიკური თეორიები და მეორე - ისტორიული განვითარების ცოცხალი პროცესი, რომელსაც მომენტალურად შეაქვს ხოლმე კორექტივები მხარეთა სტრატეგიულ მიზანდასახულობაში. დღეს, რეალურად, საერთაშორისო ურთიერთობებში თანაბრადაა წარმოდგენილი რამდენიმე მომენტი. ჯერ ერთი, უახლოესი წარსულისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, მსოფლიო აღარაა ბიპოლარული (ბოლო ხანებში ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სახით მკაფიოდ იკვეთება ტრიპოლარული სამყაროს კონტურები), მეორეც - ძველი, ბიპოლარული სამყაროს ძირითადი კონტრაგენტების (ატლანტისტური დასავლეთი და კონტინენტური რუსეთი) ურთიერთობაში პარალელურად შეინიშნება რამდენიმე მიდგომა. დასავლეთი (პირველ რიგში - აშშ) ხან ე.წ. ”გადატვირთვის” პოლიტიკას მიმართავს (ობამას ადმინისტრაციის გზავნილი), ხანაც ცივი ომის დროინდელ ”ანაკონდას” ტაქტიკას, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიებზე აღმოცენებული სახელმწიფოების ხელშეწყობასა და მათი მეშვეობით რუსეთის ნეოევრაზიული ამბიციების მოხრჩობას გულისხმობს (ასეთი იყო ბუშის პოლიტიკა, რომელიც ახლა უკანა პლანზეა გადასული, მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ გააქტიურდება თეთრ სახლში რესპუბლიკელთა დაბრუნების შემთხვევაში).