70-იანი წლების გამოჩენილი როკ-მუსიკოსები მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებებით გამოირჩევიან და დღევანდელი დღის უმრავლეს შემსრულებელთაგან განსხვავებით, იმდროინდელი მუსიკოსების დაკვრისა, თუ შესრულების მანერის მიხედვით იდენტიფიცირება, გამოცდილი მსმენელისათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
სათქმელად ადვილია, მაგრამ ჰენდრიქსის, კლაპტონის, ბლეკმორის, აიომისა თუ პეიჯის კვალდაკვალ, ახალი როკ-გიტარ ხელწერის აღმოჩენა მთლად მარტივი საქმე არ უნდა ყოფილიყო, როგორც თავად მუსიკოსისათვის, ასევე პროდიუსერთათვის. თუმცა კიდევ კარგი, რომ საწყის ეტაპზე ერთი შეხედვით არა მაინცდამაინც ვირტუოზობით გამორჩეულ ბრაიან მეის ყური მიუგდეს, იქვე ახლადშექმნილ კოლექტივ Queen-ს მელოდიური მხარე დაუფასეს და ჯგუფსაც საკმაოდ არახელსაყრელ გარემოში მოუხდა წარმატების გზის ძიება, რადგან სულაც არ იყო ადვილი 70-იანი წლების შუა ხნის როკ-სცენაზე ადგილის დამკვიდრება...
ამ საქმის წარმატებით შესრულებაში კი ბრაიან მეის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მისი სახელი აბსოლუტურად სამართლიანადაა გაიგიავებული ჯგუფ Queen–თან, თუმცა იგი არც სოლო ალბომების ნაკლებობას, არც Queen–ში დაწერილი პირადი სიმღერების ნაკლებობას უჩივის: Now I'm Here, Teo Torriate, 39, All Dead, It's late, Las Palabras De Amor, Tear It Up, The Show Must Go On, Who Wants To Live Forever, We Well Rock You - სიმღერების არასრული ჩამონათვალია, ბრაიან მეის რომ ეკუთვნის. ზოგიერთ მათგანში იგი თავად ასრულებს ვოკალის პარტიას, რაც ერთობ უჩვეულოს ხდის ხოლმე ჯგუფის რეპერტუარს, ოღონდაც ყურის დაჩვევამდე... აი შემდეგ კი მსმენელი უკვე გრძნობს, რომ ფრედი მერკურის წარმმართველი ვოკალის გვერდზე, როჯერ ტეილორის ვოკალურ გამოვლინებებთან ერთად, Queen-ის რეპერტუარი გიტარისტ ბრაიან მეის ეპიზოდური ვოკალ-ჩარევების გარეშეც წარმოუდგენელია. მერკურის გვერდზე, თუნდაც ეპიზოდურად, მაგრამ ხანდახან მაინც ლიდ-ვოკალისტობა კი უსათუოდ ბრაიან მეის დიდ ნიჭიერებასა და მრავალმხრივობაზე მეტყველებს. ამ მხრივ მეი მართლაც რომ ბევრ რამეს ასწრებს...
მომავალი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯები შორეულ 1967 წელს გადაიდგა, როდესაც მეიმ საკუთარ ჯგუფ “1984”-თან ერთად, სცენაზე თვით ჯიმი ჰენდრიქსს გაუწია აკომპანემენტი. ამ კონცერტზე ბრაიანს ხელთ ეპყრა მამამისთან ერთად მუხის მასალისაგან გამოთლილი თვითნაკეთი გიტარა, რომელიც ფორმით თინნეიჯერი ბრაიანის ოცნებას – Fender Staratocaster-ს წააგავდა. ამ გიტარის საყიდელ თანხას ბრაიანი ცოტა ხანში გამონახავს, მომავალში უკვე Queen –ის პირველი წარმატებები კი როკ-მუსიკოსს ძირითად სპეციალობას - ასტროფიზიკას, დროებით ჩამოაშორებს...
მეცნიერულ მოღვაწეობას ბრაიან მეის ცხოვრებაში მუსიკა ჩაანაცვლებს, ხოლო შინაგანი ინტელექტი და თავმდაბლობა კი ახალი ტიპის როკ-ვარსკვლავს შექმნის, რომლისთვისაც უცხოა თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლები, ნარკოტიკები, თუ ალკოჰოლური სასმელები.
Queen-ის 1975 წლის გახმაურებულ ალბომ “A Night At The Opera”-ს, ღირსეული გამგრძელებლები 1977 წლის “News Of The World”-ისა და 1978 წლის “Jazz”-ის სახით გამოუჩნდა. საოცრად აეწყო განსაკუთრებით პირველი მათგანი, რადგანაც პირველი ორი სიმღერიდან - We Well Rock You და We Are The Champions, რომელთა განცალკევებაც ერთიმეორისაგან წარმოუდგენელია, განსაკუთრებით - მეორე, არამარტო Queen–ის, არამედ ზოგადად, მე-20 საუკუნის უნივერსალურ ჰიტად იქცა. იგი ათწლეულების განმავლობაში მრავალ ენაზე შესრულდა, ისე რომ ბევრმა ადამიანმა არც კი იცის დღესდღეობით, სინამდვილეში ვის ეკუთვნის და თავდაპირველად რა ენაზე შეიქმნა ეს სიმღერა, განსხვავებით იგივე Stairway to Heaven-გან, თუ Hotel California-გან, რომლებიც ბუნებრივადაა გაიგიავებული მათ ავტორებთან.
Queen ყოველთვის ღირსეულად იტანდა კრიზისის პერიოდებს და მუსიკოსებს შორის არსებული წინააღმდეგობების შესახებ ინფორმაციას პრესა ვერ მოიპოვებდა. თუმცა დაკვირვებული მსმენელისათვის ადვილია ჯგუფისათვის არასახარბიელო პერიოდის ამოცნობა.
შეიძლება ითქვას, რომ Queen ახლიდან ალბომ The Miracle-მ შვა, მომდევნო Innuendo კი მეის წინასწარმეტყველურმა The Show Must Go On, Who Wants-მა დაასრულა...
წინასწარმეტყველურმა კი იმიტომ, რომ შოუ კვლავ გაგრძელდება და მალე მუსიკალური სამყარო Queen –ის ახალი ალბომის მომსწრე შეიქმნება. ალბომში მერკურის პერიოდის 80-იანი წლების აქამდე გამოუქვეყნებელი მასალა უახლესი ტექნოლოგიით გადამუშავდება და შოუც გაგრძელდება...
დღესდღეობით ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი Queen-ის გიტარისტი და 2002 წლიდან ასტროფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრაიან მეი კი როგორც ჩანს ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ, მეცნიერებას გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს... ბრაიან მეი, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებთან ერთად, რომელთა ჩამონათვალში ქეთი მელუაც იმყოფება, ხშირად ჩნდება სცენაზე, 2008 წლიდან ჯონ მურსის სახელობის ლივერპულის უნივერსიტეტის რექტორია და გახლავთ 2006 წელს დაბეჭდილი სქელტანიანი წიგნის – “დიდი აფეთქება! სამყაროს სრული ისტორია” თანაავტორი...
ცხოველთა დაცვის ფონდ Save Me–ის დამაარსებელ ბრაიან მეის დევიზი ალბათ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საესტრადო ვარსკვლავების პოპ-ინდუსტრიიდან სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა იყოს სცენაზე ან მუსიკალურ კლიპში ცხოველის ბეწვითა, თუ ტყავით გამოჩენის შემთხვევაში...…
ცხოველთა დაცვის საქმეში გაწეული განსაკუთრებული აქტიურობისათვის, 2010 წლის ოქტომბერში ბრაიან მეის დაჯილდოების ცერემონიალი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში შედგა.
გიტარაზე დაკვრისას ბრაიან მეი მედიატორად მოხმარებიდან ამოღებულ ექვსპენსიან მონეტას მოიხმარს. მის საპატივცემულოდ კი ბრიტანეთის სამეფომ 1993 წელს ასეთი მონეტების მცირე პარტია დაბეჭდა.