კენ ჰენსლი – რომანტიკოსი, წითელი ღვინის გურმანი

კენ ჰენსლი – რომანტიკოსი, წითელი ღვინის გურმანი

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონშია დაბადებული, აღზრდილი და საწყისი განათლება ძირძველ ინგლისში – სტივენეიჯში აქვს მიღებული, უცნაურია, მაგრამ ამ კაცში მაინც შეიმჩნევა რაღაც არა ინგლისური, ალბათ - სამხრეთული, ჩვენთან დაახლოებული, რამაც უფრო ასაკთან ერთად იჩინა თავი...


წარსულში Uriah Heep-ის ლიდერი და მამოძრავებელი ძალა შეიძლება ნაკლებადაა დაფასებული როგორც პოპ-კულტურის, ასევე ზემოთხსენებულ ჯგუფში მისი კოლეგების მხრიდან... ეტყობა ჰენსლი საკმაოდ თავმდაბალი პიროვნებაა, რისი საფუძველიც რელიგიური მსოფლმხედველობა და აქედან გამომდინარე პოპ-ვარსკვლავებისაგან განსხვავებით ნაკლები ამბიციურობაა. ამის დამადასტურებელია კენ ჰენსლის მიერ შექმნილ სიმღერათა უმრავლესობა გინდ Uriah Heep-ში, გინდ დღესდღეობით, როცა მისი სოლო-შემოქმედება უკვე არაერთ საინტერესო ალბომს ითვლის. 

კენ ჰენსლი გიტარაზე დაკვრას 12 წლის ასაკში შეუდგა, როდესაც მთელი ევროპა და ამერიკა როკ-ნ-როლის ბუმს მოეცვა, ბითლზიც უკვე გარიჟრაჟზე იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ახალგაზრდობაც გარკვეულწილად მის მიერვე შექმნილი ახალი სოციალური გარემოს ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა.

ამ დროს არ იყო ადვილი ისეთ მუსიკოსად ჩამოყალიბება, განსხვავებული ხელწერა რომ გქონოდა. მთელ ბრიტანეთს მეოთხე განზომილებად რიტმ ენდ ბლუზი მოევლინა. ამ სფეროში კი კენს როგორც სახელით, ასევე - ქრონოლოგიური თვალსაზრისით, არაერთმა მუსიკოსმა გადაუსწრო. 

კენ ჰენსლის თავდაპირველი პროექტი – The Gods, Bluesbreakers-ის, Yardbirds-ისა თუ Cream-ის გზიდან აშკარა გადახვევა იყო. თანაც, თუკი იმავე Pink Floyd-ს საწყის ეტაპზე საერთოს ბევრს ვუპოვით თუნდაც The Beatles-თან, The Gods –ის ორივე ალბომი, არტურ ბრაუნის სადებიუტო ალბომისა არ იყოს, ბრიტანული ექსპერიმენტული როკ-ალბომის ერთ-ერთ პირვანდელ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ. ის შეიძლება ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ სიმღერათა თემების ორიგინალური განვითარების, მათ შორის ეგზოტიკურ ტალღოვან-ფონური გადასვლებისა და ზოგადად მომავალში Uriah Heep-ის ტიპის მელოდიურობის ფონზე, ალბომმა უდავო როლი შეასრულა ბრიტანული პროგრესივ როკის განვითარებაში.

სწორედ ამ ალბომებში ჩამოყალიბდა კენ ჰენსლი «ზრდასრულ» პიანისტად და გიტარისტად. მისი კომპოზიტორული ტალანტი კი უკვე საბოლოოდ გამომჟღავნდება მომავალში Uriah Heep-ად ქცეულ Spice-თან თანამშრომლობისას, სადაც ჰენსლიმ გიტარისტი მიკ ბოქსი და მომღერალი დევიდ ბაირონი გაიცნო.

A Spice-ში ბოქსი და ბაირონი დომინირებდნენ, არაერთი სიმღერა მომავალ Uriah Heep-საც მოგვაგონებს, მაგრამ, ფაქტია, რომ უკვე ალბომ Salisbury-დან მოყოლებული, ჰენსლი ჯგუფის ლიდერია. იგი მარტომ ქმნის სიმღერათა უმრავლესობას, Uriah Heep–ის განუმეორებელ მრავალხმიანობას, მღერის, უკრავს გიტარასა და ჰამონდ ორგანზე. 15 წუთიანი კომპოზიცია Salisbury სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაა ჩაწერილი. ამავე სტილში ჰენსლი Magician’s Birthday-ის აწყობასაც გადაწყვეტს, მაგრამ ტანდემ ბოქს-ბაირონის წინააღმდეგობას შეხვდება, რაც მთლიანობაში ალბომის ხასიათსაც შეცვლის... 

არადა კენ ჰენსლის მარტოს აქვს შექმნილი July Morning, Look at Yourself, Paradise/The Spell, Rain, Sircle Of Hands, Return To Fantasy, The Hanging Tree, Firefly, რომელთა გარეშეც Uriah Heep სახელს ნამდვილად ვერ მოიხვეჭდა...

ჰენსლის 10 წლის განმავლობაში უწევდა ჯგუფის საკუთარი მხრებით თრევა მენტალური თვალსაზრისითაც. როდესაც დევიდ ბაირონის ლოთობამ უკვე ზღვარს გადააჭარბა და ბოქსმაც კი აღიარა მისი ჯგიფიდან წასვლის აუცილებლობა, ჰენსლი კვლავ მარტო დარჩა, რადგან ბაირონის შემცვლელმა - ჯონ ლოტონმა შესანიშნავი ხმის მიუხედავად, კომპოზიტორად ვერ ივარგა. ჰენსლი ბაირონის ბოლო პერიოდის თანმდევი სოლო-ალბომების ჩაწერას მოეშვა და მთლიანად კონცენტრირდა საყვარელ ჯგუფზე. მალე ამანაც აზრი დაკარგა და 80-იანებიდან მოყოლებული, როგორც Uriah Heep, ასევე ჰენსლი, იდეურმა კრიზისმა მოიცვა. ჯგუფის 10 წლიანმა ლიდერობამ კი თავი უკვე 90-იანების მეორე ნახევრიდან იჩინა, როდესაც კენ ჰენსლის კომპოზიტორული შტრიხები მიკ ბოქსისა და იმ დროისათვის უკვე ჰენსლისთან შედარებით უფრო დიდი სტაჟის მქონე კლავიშებზე შემსრულებელ ფილ ლენზონის ტანდემმა გამოავლინა... 

ჰენსლის კომპოზიტორული ზეგავლენა Uriah Heep–ის 2008 და 2011 წლების ალბომებში წარმოდგენილ თითქმის ყველა სიმღერაში კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა (გამონაკლისია თრევორ ბოლდერის კომპოზიციები), ხოლო თავად კენი Uriah Heep –ის სცენის ეპიზოდური სტუმარია, მეუღლესთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს და 5 ნოემბერს თბილისში კონცერტის ჩატარებას აპირებს...

წითელი ღვინო კენ ჰენსლის ესპანეთმა შეაყვარა, სადაც მისი თქმით ცხოვრება ინგლისთან შედარებით, სადაც მუდამ მოქუფრული ამინდია, გაცილებით სახალისო და იაფია... სწორედ აქაურ ბენდთან ერთად ჰქმნის სახელოვანი მუსიკოსი რომანტიკულ ალბომებს, საჭიროებისამებრ იხმობს სიმფონიურ ორკესტრს, რომელმაც ბრწყინვალედ გააფორმა სულ ცოტა ხნის წინათ ჩაწერილ ალბომ Faster-ში, Uriah Heep-ის ძველი შედევრი Circle Of Hands...  

ჩვენც ალბათ უნდა შევკრათ წრე და დავესწროთ შესანიშნავი მუსიკოსის კონცერტს, რომლის დასრულების შემდეგ ვინ იცის და მოგვეცეს შანსი მისთვის კახური წითელი ღვინის შეთავაზებისა, რომელიც ბებერ ჰიპს სამუდამოდ დაამახსოვრებს ჩვენს ქვეყანას...…