გამსახურდიას მისტერია (დასასრული)

გამსახურდიას მისტერია (დასასრული)

გამსახურდიას პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობრივ ხასიათზე წინა ნაკვეთებშიც ვისაუბრე. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ არცერთი ზემოთ დასახელებული შეცდომა არ იყო ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის, რომელიც კატასტროფულად აისახებოდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს იყო გარდამავალი პერიოდის გამოუცდელი და ძიების პროცესში მყოფი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი გადახრები, რომელთა სწორი შეფასება, დასკნების გამოტანა და ახალი ორიენტირების დასახვა ნორმალურ პირობებში დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

საბედისწერო და, პრაქტიკულად, გამოუსწორებელი შეცდომა გამსახურდიამ საგარეო პოლიტიკის სფეროში დაუშვა, როდესაც მოუფიქრებელი განცხადებებით რადიკალურად დაიპირისპირა მანმადე მის მიმართ საკმაოდ ლოიალურად განწყობილი დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ.

საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიხვდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შეერბილებინა კონფრონტაცია ყოფილ მეტროპოლიასთან, პერსონალურად კი-- მის იმჟამინდელ ლიდერთან (შესაძლოა, მიხვდა კიდეც, მაგრამ არ გადადგა სათანადო ნაბიჯი პატრიოტულად განწყობილი ელექტორატის ნდობის დაკარგვისა და გამსახურდია-გორბაჩოვის მითიურ ალიანსზე მოყაყანე ოპონენტების შიშით). მან, რატომღაც ჩათვალა, რომ დასავლეთი დაუყოვნებლივ შეუდგებოდა მომაკვდავი იმპერიის დემონტაჟს და მხედველობიდან გამორჩა ამ პროცესის დროში გაწელილი, თანმიმდევრული ხასიათი. მან ვერ გააცნობიერა, რომ აშშ-ს და სხვა დიდ ქვეყნებს ფრიად აშინებდათ საბჭოთა კავშირის სწრაფად დაშლისა და მის ნანგრევებზე რამდენიმე ძნელად გასაკონტროლებელი ბირთვული სახელმწიფოს აღმოცენების პერსპექტივა. შექმნილ სიტუაციაში გორბაჩოვი იყო მათი სასურველი მოკავშირე და პარტნიორი. ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ დასავლეთი ღიად ვერ დაუჭერდა მხარს კავშირიდან დ ა უ ყ ო ვ ნ ე ბ ლ ი ვ ი გასვლის მოსურნე რესპუბლიკებს (ბალტიელების გარდა, რის თაობაზეც უკვე არსებობდა პრინციპული შეთანხმება). გამსახურდიამ ჩათვალა, რომ დასავლეთი ამ საქმეში იქნებოდა მისი ბუნებრივი მოკავშირე და გაღიზიანდა, როცა მისი მხრიდან თავშეკავებულ რეაქციას წააწყდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მოსკოვური პუტჩი გორბაჩოვის მიერ დადგმულ სპექტაკლად მონათლა და ამ განცხადებით ლამის შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. ამას მოჰყვა ბუშის ცნობილი ფრაზა დინების საწინააღმდეგოდ ცურვის შესახებ და გამსახურდიას ფრიად ეფექტური პასუხი - დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები მიცურავენო. საქართველოს პრეზიდენტმა ამგვარი რეპლიკით მაშინ ბეჭებზე დადო ბუში. სამწუხაროდ, ეს იყო მხოლოდ პუბლიცისტური გამარჯვება, მაგრამ სრული კატასტროფა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. საქმე მხოლოდ განცხადებაში როდია. ბუშის ფრაზა გახდა მიმანიშნებელი სიგნალი, რომ გამსახურდია არ სარგებლობდა საერთაშორისო მხარდაჭერით, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა ოპოზიციის გააქტიურება და ესკალაციის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანა.

+ + + 


ცალკე საუბრის თემაა გამსახურდიას საკადრო პოლიტიკა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ეროვნული ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი ორიენტირები 1991 წელს.

პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკაზე მსჯელობისას ამოსავალ წერტილად უნდა ავიღოთ ის ფაქტი, რომ იგი პირდაპირ ეროვნული მოძრაობიდან (ფაქტობრივად -- ქუჩიდან) მოვიდა ხელისუფლებაში და ამას წინ უძღოდა დისიდენტური აზროვნება-საქმიანობის 30 წელი. ვინც ელემენტურად ერკვევა საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობის მეთოდებში, ალბათ, დამეთანხმება, რომ ასეთი მასშტაბის დისიდენტებს “უყურადღებოდ” არავინ დატოვებდა. რასაკვირველია, წლების განმავლობაში გამსახურდიას ორბიტაზე მეთოდურად ხდებოდა მეგობრებად და თანამოაზრეებად შენიღბული აგენტურის დამკვიდრება. მისი მეშვეობით კონტროლქვეშ უნდა ყოფილიყო არეულობის დროს პოტენციური ლიდერის (გრაფი სეგედი გაიხსენეთ) ყოველი ნაბიჯი. უეჭველია, მომავალ პრეზიდენტს ბევრი ასეთი “თანამოაზრე” ეყოლებოდა გაშიფრული, მხოლოდ საკუთარ გულში და არა ღიად, საჯაროდ. სხვათა შორის, ერთხელ საინტერესო ფაქტი გაიხსენა აკაკი ასათიანმა (შემდეგ სხვებმაც). მისი თქმით, პრეზიდენტს მაგიდაზე დაუდეს სუკის არქივიდან ამოღებული დოკუმენტები, საიდანაც ჩანდა, რომ უზენაესი საბჭოს დაახლოებით 40 წევრი სხვადასხვა სპეცსამსახურის აგენტებად ირიცხებოდა (ასათიანი არაფერს ამბობს, რომ მასზეც არსებობდა სააღრიცხვო ბარათი “მალიშის” ფსევდონიმით). როდესაც გამსახურდიას შესთავაზეს ამ მასალების გამომზეურება, მან უარი განაცხადა—იყოს, მათი სულები ჩემს ხელთაა და მივცეთ შანსი, ამის შემდეგ მაინც გააკეთონ ეროვნული საქმეო. ეჭვი არაა, პრეზიდენტის გარემოცვაში თავიდანვე ბევრი იყო ჯერ კიდევ გაუშიფრავი პიროვნება (მაგალითად, როგორც შემდეგ გაირკვა, კიტოვანი და სიგუა გრუ-სთან იყვნენ დაკავშირებული), ამდენად, გასაოცარი სულაც არაა, რომ მისი საკადრო პოლიტიკა სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა. ამ პრობლემამ განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი რეგიონებში, პრეფექტების დანიშვნის დროს. რამდენადაც გამსახურდია, ასე თუ ისე, იცნობდა თბილისურ გარემოცვას, იმდენად ვერ ერკვეოდა პერიფერიაში. არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება, რომ მის მიერ დანიშნულმა და ადგილებზე ახალი, ეროვნული ხელისუფლების სახედ მიჩნეულმა ადამიანებმა პირველი დღეებიდანვე ნეგატიურად “გამოიჩინეს” თავი.. ზოგმა მექრთამეობით, ზოგმა - ლოთობით, ზოგმა - უუნარობით, ხოლო ერთმა ნაწილმა დეკემბერ-იანვრის დღეებში გამყიდველურ-კაპიტულანტური მოქმედებით. მათ სირცხვილისა და გაწბილების მეტი არაფერი მოუტანიათ გამსახურდიასთვის

პრეზიდენტის სწორ საკადრო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარდამავალი პერიოდის სირთულეთა უმტკივნეულოდ გადატანისთვის. ცნობილია, რომ იგი ზოგჯერ (პოლიტიკური მოსაზრებით) უპირატესობას ანიჭებდა ნაკლებად პროფესიონალ, მაგრამ ლოიალურ სპეციალისტებს მაღალკვალიფიციურ, მაგრამ არალოიალური შეხედულებების მქონე მუშაკებთან შედარებით. ამაზე მაშინაც ბევრს საუბრობდნენ და დღესაც იხმობენ წყალგაუმტარ არგუმენტად პრეზიდენტის ოპონენტები. რაც რეალურად არსებობდა, იმის უარყოფას აზრი არ აქვს (ბოლო-ბოლო, ტელევიზიისა და კვანტალიანის მაგალითი გავიხსენოთ), მაგრამ შორს ვარ აზრისგან, თითქოს გამსახურდია მხოლოდ პარტიულ-ლოიალური ნიშნით არჩევდა ადამიანებს. სამაგალითოდ შემიძლია დავასახელო რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქის - ქუთაისის პრეფექტის დანიშვნის ისტორია, რომელიც სხვებთან შედარებით ბევრად გაჭიანურდა. მიზეზი ის იყო, რომ გამსახურდიამ პირადი შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ დაიწუნა ადგილობრივი მრგვალმაგიდელების მიერ რეკომენდებული რამდენიმე კანდიდატურა და საბოლოოდ არჩევანი მანამდე მისთვის სრულიად უცნობ პროფესორ არჩილ კოსტავაზე შეაჩერა. ეს პიროვნება წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში სამხედრო პროფილეს საიდუმლო ობიექტზე, რაც პირდაპირ მიანიშნებაა სპეცსამსახურებთან კავშირზე (აქ აგენტობა არ იგულისხმება), თუმცა მუდამ სუკის აგენტებზე მოსაუბრე პრეზიდენტმა თვალი დახუჭა ამ გარემოებაზე. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა პირველ რიგში აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს შესთავაზა, რაზეც, სამწუხაროდ, უარი მიიღო. გამსახურდიასადმი ჰიპერკრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი ვერ იტყვიან, რომ იგი თავს იკავებდა მაღალკვალიფიციური ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის დანიშვნაზე და უნდობლად ეკიდებოდა მათ. თუ ვინმე ამის მტკიცებას დაიწყებს, კეთილი ინებოს და ახსნას, როგორ აღმოჩნდნენ საკვანძო თანამდებობებზე ჯონი ხეცურიანი (იუსტიციის მინისტრი), ბაკურ გულუა (სოფლის მეურნეობის მინისტრი), ფელიქს ტყებუჩავა (კავშირგაბმულობის მინისტრი), ირაკლი მენაღარიშვილი ( ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი), ირაკლი ჟორდანია (მეცნიერების, ტექნიკისა და პერსპექტიული დაგეგმვის მინისტრი), ალექსანდრე ჩხეიძე (ტრანსპორტის მინისტრი), თამაზ ვაშაძე (დედაქალაქის მერი) და ა.შ.

თუ ამათ დავუმატებთ ეროვნული მოძრაობიდან მოსულ, უაღრესად კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ პიროვნებებს, ლია ანდღულაძეს (განათლების მინისტრი) და ნოდარ წულეისკირს (კულტურის მინისტრი), თვალნათლივ დავრწმუნდებით, რომ გამსახურდიას მიერ დაკომპლექტებული პირველი კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა ნამდვილად საუკეთესო იყო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

ცხადია, მესმის - მედალს მეორე მხარეც აქვს და ამ ადამიანების გვერდით უნდა მოვიხსენიოთ თენგიზ სიგუა, გურამ აბსანძე, გოგი ხოშტარია, მანანა ძოძუაშვილი, დილარ ხაბულიანი, თამაზ გველესიანი, განსაკუთრებით კი-- მურმან ომანიძე - მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დანიშვნა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრული საკადრო პოლიტიკის ნიმუშად. თუმცა, აქაც შეიძლება ვისაუბროთ არაერთგვაროვან მიდგომებზე. თუ, მაგალითად გრუ-ს აგენტ სიგუას პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა ძნელია, ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხოშტარია არაკომპეტენტურობისა და არაადექვატურობის განსახიერება იყო. ვერანაირად ავხსნი, რა გახდა უაღრესად ოდიოზური ომანიძის დაწინაურების მიზეზი გარდა იმისა, რომ მან თავის დროზე საკუთარი არხებით ბეიკერთან შეხვედრა მოუწყო მოსკოვში ჩასულ გამსახურდიას. საჭირო არაა, დაწვრილებით ვისაუბროთ, რით და როგორ გამოიჩინეს თავი ამ ადამიანებმა ეროვნულ ხელისუფლებაში და შემდეგ. ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ ზოგიერთი მათგანის საქმიანობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა პრეზიდენტის რეპუტაციას და შეარყია ახალი ხელისუფლების ავტორიტეტი როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე. ერთმა საკადრო ნაბიჯმა კი, მხედველობაში მაქვს კვანტალიანის მიყვანა საქტელერადიოს ხელმძღვანელის პოსტზე, დააჩქარა ამ დაწესებულების თანამშრომელთა ტოტალურად გადაბარგება ოპოციზიურ ფლანგზე, თუმცა ისინი არც მანამდე გამოირჩეოდნენ ლოიალური დამოკიდებულებით გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ.

გამსახურდიას მიერ დანიშნული თანამდებობის პირთა დიდმა ნაწილმა კრიზისულ პერიოდში და სამოქალაქო დაპირისპირების დროსაც პატიოსნად შეასრულა მასზე დაკისრებული პოლიტიკური თუ სამეურნეო ფუნქცია, ზოგიერთმა კი, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ყველაფერი გააკეთა რესპუბლიკაში უმართავი სიტუაციის შექმნისა და ეროვნული ხელისუფლების დამხობისთვის.

ერთი სიტყვით, ის, რაც ამ სფეროში მოხდა, მოსალოდნელიც იყო და ლოგიკურიც, მაგრამ იმის მტკიცება, რომ გამსახურდიას დამხობის მიზეზი მისი საკადრო პოლიტიკა გახდა, სიმართლეს არ შეესატყვისება. Uუფრო პირიქით მგონია. ეროვნული ხელისუფლების არსებობის მცირე ხნის განმავლობაში მის რიგებში მყოფი არაერთი პიროვნების გამოაშკარავება მოხდა, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეეფერობოდა დაკისრებულ თანამდებობას. პრეზიდენტმა გამსახურდიამ ნელ-ნელა, მეთოდურად დაიწყო დისტანცირება ასეთი “თანამოაზრეებისგან” (სიგუა, ხოშტარია, კიტოვანი, ადამია და ა.შ). რამდენადაც თითეული ასეთი ნაბიჯი ხელს უწყობდა ხელისუფლების გაწმენდას, იმდენად აჩქარებდა თანამდებობიდან წასული, განაწყენებული ადამიანების მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგებას და სხვადასხვა ინტერესებით გაერთიანებული ოპოზიციის ეკლექტური მასის კონსოლიდაციას. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც გარედან ინსპირირებულმა სამხედრო-კრიმინალურმა გადატრიალებამ გადაწყვიტა და არა იმან, რომ შიდაპოლიტიკურ სპექტრში სასწორის პინა ხელისუფლების ოპონენტების მხარეს გადაიხარა.

+ + +


გამსახურდიას ხელისუფლებაზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომელიც, სამწუხაროდ, დიდ გავლენას ახდენდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე. მხედველობაში მყავს პრეზიდენტის მეუღლე, ცოლისდა, მათი უახლოესი სამეგობრო და მათთან დაკავშირებული ქალბატონების უზარმაზარი არმია, რომელთა ბაზაზე შემდეგ “ახალი კარავისელების” აგრესიული გუნდი ჩამოყალიბდა. 

მანანა არჩვაძე-გამსახურდია დისიდენტი მეუღლის გვერდით ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად 1988 წლიდან გამოჩნდა. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მაშინ იგი სათავეში ედგა მოძრაობის ქალთა ფრთას და აქტიურადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის აქციაში. ძლიერი ნებისყოფის მქონე, ძალაუფლების მოყვარე და ამბიციური ქალბატონი ძალიან მალე გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა შორის არც თუ ჰარმონიულ ურთიერთობებში განხეთქილების კატალიზატორი. განსაკუთრებით უკომპრომისო იყო იყო იგი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების - წერეთლისა და ჭანტურიას მიმართ, რასაც ხშირად ხმაურიანი დაპირისპირებები მოსდევდა. კულუარებიდან გამოსული ნებისმიერი ინფორმაცია მეორე დღესვე ხდებოდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ დედაქალაქში, შემდეგ კი პერიფერიაშიც. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მანანა არჩვაძის პიროვნულმა ფაქტორმა უკიდურესობამდე გაამწვავა მოძრაობის ლიდერთა შორის კონფრონტაცია. მისი თავშეუკავებელი გამონათქვამები ვიწრო წრესა თუ სალხმრავალ აქციებზე ბევრი კონსერვატიული მენტალობის მქონე ადამიანის გაღიზიანებას იწვევდა, ვისაც სხვა მხრივ არაფერი ჰქონდა გამსახურდიას საწინააღმდეგო. ზვიადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ სუბიექტურმა ფაქტორმა კიდევ უფრო დამანგრეველი ძალით დაიწყო მუშაობა. პრეზიდენტის მეუღლე დაუფარავად ერეოდა საკადრო გადაწყვეტილებებში (ყველამ იცის, რომ სწორედ მისი რეკომენდაციით დაინიშნენ მინისტრებად დილარ ხაბულიანი, მანანა ძოძუაშვილი და თამაზ გველესიანი). მას თავის დასთან და ხელისუფლების მომხრე ქალბატონების აგრესიულ გუნდთან ერთად, ფაქტობრივად, ოკუპირებული ჰქონდა უზენაესი საბჭოს მისადგომები, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები ზოგჯერ სესიაზე შესვლასაც ვერ ახერხებდნენ (ნოდარ ნათაძეს, რომან გოცირიძესა და ელდარ შენგელაიას რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა). ყოველივე ეს ყბადაღებული კარვების დადგმითა და ოპონენტების მიერ “მდედრიონად” მონათლული ქალბატონების აქციით დასრულდა. პრეზიდენტის მეუღლე და მის მიმართ მლიქვნელურად განწყობილი გავლენიან დეპუტატთა გუნდი (ქორიძე-მოლოდინაშვილი-რცხილაძე და ა.შ) ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი იყო, რამაც 1991 წლის სექტემბერ-დეკემბერში სიტუაცია ისტერიულად დაძაბა და რის გამოც ვერ მოხერხდა კონსესუსამდე მისვლის მინიმალური შანსის გამოყენებაც კი. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რაც დაკავშირებულია ლელე არჩვაძის როლთან და სამხედრო ხასიათის განკარგულებებთან დეკემბრის საბედისწერო კონფრონტაციის დღეებში... 

განვლილი 20 წლის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიას პორტრეტი მრავალი ახალი შტრიხით შეივსო, რისი გათვალისწინებითაც კიდევ უფრო სრულად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მისი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ამ საბედისწერო ვირაჟზე.

საკითხის დელიკატურობის მიუხედავად, არ შემიძლია, არ გავიხსენო მთაწმინდაზე პრეზიდენტის ნეშტის ამოთხრასთან დაკავშირებული უკანასკნელი, ყოვლად წარმოუდგენელი ინციდენტი... სხვა ფაქტებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ დასკვნა ამის გარეშეც ნათელია—ქალბატონი, რომელიც იყო ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამეცხედრე და ბედისწერა, იმავდროულად იქცა ქვეყნის ბედისწერად. იგი დღემდე განაგრძობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის პრივატიზების მცდელობას და ჯიუტად არ სურს გაიგოს, რომ ეს ადამიანი უკვე საერთო-სახალხო ისტორიის კუთვნილებაა და ყველა ჩვენგანს ისევე გვეკუთვნის, როგორც მას.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ერთპიროვნული “დამსახურებაა”, რომ ჩვენს თვალწინ მოხდა ე.წ. “ზვიადისტური” ფენომენის დისკრედიტაცია და მისი, იმედი მაქვს-- არა საბოლოო მარგინალიზაცია. მოძრაობა, რომელმაც ოცი წლის წინ ტაიფუნივით შეაზანზარა საქართველო, დღეს ასოცირდება რამდენიმე ათეულ დროსა და სივრცეში გაყინულ ადამიანთან, რომლებიც პერიოდულად იკრიბებიან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციასთან და მინორში გალობენ—“შევარდნაძე მელია, ჯოჯოხეთში გელიან”, ან კიდევ—“შევარდნაძე წამლის ბარიგა”

+ + +

1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბარიკადები აღიმართა.

ოპოზიცია მხოლოდ გამსახურდიას ზიზღში იყო ერთიანი. სხვა თვალსაზრისით, მასში გაერთიანებული გახლდათ სხვადასხვა მიზნის, მენტალობის, თაობისა და სოციალური მდგომარეობის წარმომადგენლები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ რევანშის წყურვილი ამოძრავებდა. ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებული ადამიანების ერთი ჯგუფის მსოფლმხედველობა მეგალოთიმიით იკვებებოდა, რაც სხვებთან შედარებით მეტად აღიარებას გულისხმობს და ქართული ხასიათისთვის ესოდენ დამახასიათებელი თვისებაა. შედარებით ნაკლებად იყვნენ იზოთიმისტები, ანუ სხვა ადამიანებთან თანასწორად აღიარების მოსურნენი, ოღონდ მინუს ერთი ფორმულის მიმდევარნი (მინუს ერთში, ცხადია, გამსახურდია იგულისხმებოდა). თუ ნათქვამს შევაჯამებთ, იმ დროისათვის საქართველოს დედაქალაქში კლასიკური გამოვლინება ჰპოვა ნიცშეს მიერ “წითელლოყება მხეცად” წოდებულმა თიმოსმა, ანუ აღიარების სურვილმა, რომელმაც დაუნდობლად გადათელა ადამიანის ზნეობრივი “მე”-ს მიერ დადგენილი სამანები და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

გამსახურდიას წინააღმდეგ ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადეს ყოფილმა მმართველმა პოლიტიკურმა წრეებმა, საბჭოთა ეპოქაში ფრიად დაწინაურებულმა ადმინისტრაციულ-ბიუროკრატულმა და სამეურნეო ელიტამ, სოციალური ფუნქციების შელახვით განრისხებულმა ზეპურმა ინტელიგენციამ, შეურიგებელმა და რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ზომიერმა ოპოზიციამ, კონტროლიდან გამოსულმა ეროვნულმა გვარდიამ და კრიმინალური ჰაბიტუსის მქონე გასამხედროებულმა შენაერთებმა. მთელი ეს სპექტრი პირდაპირ ან ირიბად იმართებოდა ყოფილი მეტროპოლიიდან, რომელსაც მოსკოვის ყოფილი მერის გავრილ პოპოვის აღიარებით გამსახურდიას დამხობა 65 მილიონი მანეთი დაუჯდა.

სამწუხაროდ, ამ ჭრელ კონგლომერატში ჭარბად იყო წარმოდგენილი საზოგადოების დაბნეული, ფეხის ხმას აყოლილი, სამეგობროს ნიშნით გაერთიანებული ან ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ (ხშირად თითიდან გამოწოვილი) მოტივით შეურაცხყოფილი ადამიანები, განსაკუთრებით—სტუდენტი ახალგაზრდობა. ისინი მაშინ ჯეროვნად ვერ აცნობიერებდნენ ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირების შესაძლო შედეგებს, გულწრფელად სჯეროდათ, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობას ებრძოდნენ და ბევრი მათგანი დღესაც იგივე შეხედულებისაა.

ძნელი სათქმელია, იყო თუ არა კონფრონტაციის შენელებისა და კალაპოტში მოქცევის შანსი. შესაძლოა, იყო კიდეც, მაგრამ ოპონენტების წარმოუდგენელ თავხედობასა და ხშირად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მხილებისა და შემხვედრ ბრალდებათა ნიაღვარი მოჰყვა. დაშვებულმა შეცდომებმა შეუძლებელი გახადა პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. პროფ. დიმიტრი შველიძის თქმით, გამსახურდიამ ოპონენტებს დაუპირისპირა “ოპოზიციის ძალისა და როლის შეუფასებლობა; მის სხვადასხვა ფენებთან თანამშრომლობის უგულებელყოფა; რეფორმების გაუტარებლობა (მაგ. მიწის); პარტიების საქმიანობის შეზღუდვა; მედიის თავისუფლების შეზღუდვა; ავტორიტარული მმართველობის სტილი; დესტრუქციულ პროცესებთან, ანტიკონსტიტუციურ მოვლენებთან უბრძოლველობა; ამბოხებულთა მიმართ უმოქმედობა და სახელმწიფოს თავდაცვითი ღონისძიებების გაუტარებლობა; ელიტარული ინტელიგენციის ოპოზიციური ნაწილის მარგინალიზაცია; პასიურ მოსახლეობაზე იმედის დამყარების და მისი აქტიურობის თავდაცვითი მიზნისათვის გამოყენების მცდარი ტაქტიკა; პრეზიდენტის პიროვნებისათვის დამახასიათებელი სუბიექტური თვისებები—რთული, წინააღმდეგობრივი ხასიათი, ხისტი, არადიპლომატიური დამოკიდებულება მოწინააღმდეგეებთან და ხან მომხრეებთანაც; მოუზომავი, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი შეურაცხმყოფელი სიტყვიერი ლექსიკა, რომელიც არც თუ იშვიათად მხარდამჭერებს ოპოზიციონერებად აქცევდა, ოპოზიციონერებს მოძულეებად, მოძულეებს შეურიგებელ მტრებად”…

გარკვეული კორექტივებით, ზემოთ ნათქვამის დიდი ნაწილი სრული სიმართლეა, მაგრამ არანაირი გამართლება იმისა, რის განხორციელებაც ჰქონდათ განზრახული ეროვნული ხელისუფლების ოპონენტებს.

+ + + 

ვინც იმ დღეებში დედაქალაქში იყო, კარგად ეხსომება დიდრონი ლოდებით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებითა და ლითონის ნაირნაირი ხარახურით ახორხლილი ეს უცნაური ქმნილება, რომელიც პრეისტორიული არქეოპტერიქსივით იყო გადაშხლართული ზედ იმელის წინ (ადგილიც რა სიმბოლურად იქნა შერჩეული?)

გამზირზე გარდიგარდმო გახირულ ბარიკადაზე პერპენდიკულარულად იყო გადაყუდებული მსხვილი განივკვეთის მილები (გაუქმებული “კაჩიგარიის” აქსესუარი), რომელიც ძალდაუტანებლად ასოცირდებოდა ზარბაზნის ლულებთან.

ეს იმპროვიზებული “საბრძოლო ტექნიკა” პირით მთავრობის სასახლისკენ იყო მიქცეული. ჭკვიანი და გამგები მაშინვე მიხვდებოდა, რა სისხლიანი სპექტაკლის რეპეტიცია ტარდებოდა მაშინ დედაქალაქის ცენტრში.

 “იმელის” შემოგარენი პრეზიდენტის ზიზღით ბორგავდა და ტორტმანებდა. გონდაბინდული და ისტერიული ჟინით შეპყრობილი ადამიანებიდან არავინ ფიქრობდა, რომ გამსახურდიას უკან მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა იდგა. ბარიკადის შემოქმედთ ამის მიხვედრა-გააზრების უნარი არ დაამადლა უფალმა. ვისაც ეს ნიჭი ჰქონდა, ისინი ტელევიზიის კიბეებიდა და უნივერსიტეტის ეზოდან უკეთებდნენ ცეცხლში მუგუზალს.

არანაირი განსჯა, არანაირი ანალიზი, არანაირი კომპრომისი. საღ აზრზე ორივე მხრიდან პრევალირებდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და ხოშის გატანის გიჟური ვნება. პიროვნულმა ამბიციებმა და ზიზღმა იმდენად დააბრმავა ერის ზნეობრივ მესაჭეობაზე პრეტენზიის მქონე “მოღვაწენი”, რომ ბარიკადის მეორე მხარეს მყოფი ჯანსაღი პოზიციის ადამიანებისგანაც კი (ცხადია, იყვნენ ასეთებიც) ვერ ჩამოყალიბდა ის, რასაც პოლიტიკაში კონსტრუქციულ ოპოზიციას ეძახიან. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დიალოგი არ შედგა და 22 დეკემბერს დაპირისპირებამ პიკს მიაღწია.

1991 წელს უკვე მტრად ქცეულმა ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა გამსახურდიას ზიზღის გარდა. მიკროსკოპითაც რომ ეძებოთ, ვერანაირ პრინციპულ განსხვავებას ვერ აღმოაჩენთ სახალხო ფრონტის, ჭავჭავაძის საზოგადოების, ქარტია-91 და კოსტავას საზოგადოებისა და კიდევ რამდენიმე “პარტიის” მიერ დეკლარირებულ იდეებსა და ოფიზიოზის პოლიტიკურ კურსს შორის. რაც შეეხება იმათ, ვისაც ასე თუ ისე ჰქონდა განსხვავებული შეხედულებანი (იდეურ კონგრესმენებს ვგულისხმობ), დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 1991 წლის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშკარა გახდა კონგრესის იდეის აბსურდულობა. ჭანტურიამ და წერეთელმა თავის დროზე შესაშური “სიზუსტით” იწინასწარმეტყველეს ბრძოლის ბალტიისპირული მეთოდების კრახი (რა ღიმილისმომგვრელია დღეს ამგვარი მტკიცება) და საქართველოც ზედ მიაყოლეს. ამის შემდეგ “ვანგა-პოლიტიკანებმა” ახალ ჰანგზე წამოიწყეს სიმღერა და წინ წამოსწიეს ლოზუნგი—“ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა”, რომლის შესახებ სერიოზული მსჯელობაც კი არ ღირს მისი უაზრო, თვითმიზნური ხასიათის გამო. ეჭვგარეშეა, ამგვარი ლოზუნგი თვითონ პრეზიდენტს რომ წამოესროლა, ოპოზიციონერები განგაშის ზარებს დაარისხებდნენ—აქაოდა, იცის, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას დიდი დრო დასჭირდება და დამოუკიდებლობის გამოცხადებას აჭიანურებსო

პრიმიტივიზმით, სულსწრაფობითა და მოთხოვნათა გამოხატვის ყოვლად მიუღებელი, ულტიმატუმური მეთოდებით ოპოზიციონერთა დიდი ნაწილი (მათ დიფერენცირებულად განვიხილავ და არა ერთიან, ამორფულ მასად) იმთავითვე ეჭვს აღძრავდა, რომ რომ მათ დემოკრატიის ბედი საერთოდ არ აღელვებდათ და სხვა, ცუდად შენიღბული მიზნები ამოძრავებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რა დაინახეს გამსახურდიას ხელისუფლებაში ისეთი, რაც წარმოუდგენელი იყო 70-წლოვანი ტყვეობიდან ახალთავდახსნილი ქვეყნისათვის. დემოკრატიის დასავლური მოდელი ჩვენში ხელის ერთი დაკვრით რომ არ დამკვიდრდებოდა, იმთავითვე ცხადი იყო. ყველაფერს თავისი დრო და რიგი აქვს. შეუძლებელია ერთბაშად მიაღწიო 100 კილომეტრს სისწრაფეს, თუ თანმიმდევრულად არ გაიარე ზრდის ყველა ფაზა ერთიდან ასამდე. სხვა საქმეა, რომ ამის მიღწევა შეიძლება ხუთ წუთშიც და რამდენიმე ათეულ წამშიც.

ამბიციონალიზმის სენით შეპყრობილ ოპოზიციას რეალურად ვერ წარმოედგინა, რამდენად დიდი იყო მოსახლეობის ნდობა ეროვნული ხელისუფლებისადმი და რა როლს თამაშობდა ამაში პერსონალურად პრეზიდენტის მიმართ გამოხატული ნდობა. მახსოვს, გამსახურდიას იჯევანიდან გამოღწევის შემდეგ, როდესაც დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული წინააღმდეგობისთვის მზადების პირველმა ნიშნებმა იჩინა თავი, ჭანტურიამ “ვრემია”-ს კორესპონდენტთან საუბარში ჩვეული რიხით განაცხადა—“უვერიაიუ ვას, მაკსიმუმ ჩერეზ დვე ნედელი პრობლემა გამსახურდიი ნე ბუდეტ ნე ვ ვოსტოჩნოი, ნე ვ ზაპადნოი გრუზიი”. ამ სიტყვების წარმოთქმიდან 17 წელი გავიდა. ჩვენს თვალწინ კალეიდოსკოპურად გაირბინა სამეგრელოს რამდენიმეგზის დალაშქვრა-აწიოკების შემზარავმა სცენებმა, ხალხმრავალმა მიტინგებმა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დახვრეტამ “არალობიო დემოკრატების” მიერ, ჰაერში მათრახივით გაიტყლაშუნა “იბერია სპექტრის”, “საქართველოს სამრეკლოს”, “აღდგომისა” და სხვა გაზეთების მამხილებელმა პუბლიკაციებმა. 1993 წლის შემოდგომაზე კანონიერების აღსადგენად დასავლეთიდან დაიძრა სრულიად საქართველოს სახალხო ლაშქარი, რომლის წინსვლა ქუთაისთან მხოლოდ შინაგამყიდველებისა და რუსული ტანკების მეშვეობით იქნა შეჩერებული. რეპრესიების მიუხედავად, ეროვნული ხელისუფლების ნარჩენებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენეს 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რომ არა ტოტალური გაყალბება, სოლიდურ დეპუტაციასაც გაიყვანდნენ საკანონმდებლო ორგანოში.

დიახ, ყოველივე ეს იყო, არის და იქნება, ვიდრე საქართველოში არ აღსდგება დარღვეული კანონიერება და ერთხელ და სამუდამოდ არ მიეცემა შესატყვისი კვალიფიკაცია 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ნომენკლატურულ-კრიმინალურ გადატრიალებას. მანამდე კი ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც უნდა იცოდეს, რომ “პრობლემა გამსახურდიი” არასოდეს მოიხსნება დღის წესრიგიდან, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა და არც ის ეშლება, ვისი გორისაა, საიდან მოდის და საითკენ მიემართება.

და ბოლოს, უმთავრესი არგუმენტი—1991-1992 წლების გადატრიალების თაოსან-შემსრულებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ მისივე ჭირისუფლების ხსოვნაში არსებობს (არა ვინმეს მიმართ ნიშნის მოგებით, გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს), რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნეშტი კი რამდენიმე წლის წინ დიდი პატივით ააბრძანა მთაწმინდაზე სრულიად საქართველომ.

+ + + 

ზვიად გამსახურდია უკვე საქართველოს მღელვარე ისტორიის კუთვნილებაა. მერაბ კოსტავასთან ერთად სწორედ მას უკავშირდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოღვიძება, აზვირთება და ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტის აღდგენა 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ. თუნდაც ეს ორი ფაქტია საკმარისია, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწეროს “ქართლის ცხოვრების” უახლეს მატიანეში.

ზვიად გამსახურდიამ კარგად იცოდა, რა მისიაც დაეკისრა ღმერთის, სამშობლოსა და თანამემამულეთა წინაშე...