ჯერ კიდევ 2008 წელს დიდი იყო მოლოდინი, რომელმაც აშკარად გაამართლა... ალბომ Wake The Sleeper-ს Uriah Heep-ის მოყვარულები მთელი 10 წლის განმავლობაში ელოდნენ, საბოლოოდ კი მიიღეს პროდუქტი, რომელმაც ის ხალხიც კი, ვისაც ჯგუფი კენ ჰენსლისა და დევიდ ბაირონის გარეშე საერთოდ აღარ აინტერესებდა, (ანუ, უკიდურესად კონსერვატიულად განწყობილ მსმენელთა ნაწილი) დააინტერესა. სულ ორიოდ კვირის წინ კი ლეგენდარულმა როკ-ბენდმა კიდევ ერთი ალბომით – Into The Wild დაგვასაჩუქრა...
იბადება ბუნებრივი კითხვა - საიდან ასეთი შესაშური ენერგია? რამ განაპირობა სულ რაღაც სამწლიანი პაუზა ალბომებს შორის, რომელთაც ათწლიანი სტუდიური სიჩუმე დაარღვიეს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წელს Uriah Heep-მა ძველი სიმღერების რემასტერინგთა ნაკრებში ორი ახალი სტუდიური კომპოზიციაც განათავსა, რომლებიც ფილარმონიის სცენაზეც შესრულდა...
თუმცა მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ახალ ალბომს და თქვენი ერთგული მონა-მორჩილის ერთი მოსმენით მიღებულ მოკრძალებულ შთაბეჭდილებებსაც გავეცნოთ. პირველ, თითქოს ერთი შეხედვით უაღრესად პრიმიტიულ და ერთფეროვან თემას – Nail On The Head საკმაოდ ჩამთრევი აურა აქვს, რაც მიგვანიშნებს ალბომის აზარტით მოსმენის გარდუვალობაზე. მას მოსდევს როკ-ნ-როლი, რომელიც აუცილებლად ჰოლანდიურ ჯგუფ Focus-ის Hocus Pocus-ს მოგვაგონებს, თუმც აუცილებლად Uriah Heep -ის კომპოზიტორული თვალთახედვითა და ულამაზესი მისამღერით. მიკ ბოქსის “მყვარ გიტარ ფლეინგი” (Wah Wah Guitar) კი უაღერსად შთამბეჭდავია და რაც მთავარია ხანგრძლივობის თვალსაზრისით, როგორც ყოველთვის ზომიერი.
ორივე სოლო ერთი მეორის უმჯობესია. მათ მესამე – ალბომის სახელწოდების მატარებელ კომპოზიციამდე მივყავართ, სადაც როკ-ნ-როლის აურის შემცირება ოდენ ტემპის დაწევის დამსახურება თუა, თორემ ნურას უკაცრავად. ვინც იტყვის, რომ აქ 60 წელს გადაცილებული ბიძები უკრავენ, ნამდვილად ნათელმხილველად უნდა ჩაითვალოს 42 წლის კოლექტივის ისტორიის არცოდნის შემთხვევაში. სოლოები აქ უკვე მოპასუხე როლში გვევლინება.
ჯერ კიდევ კომპოზიციის ორღანოინტროდან ვატყობთ ფილ ლენზონის ჰემონდის სოლოს სავარაუდო შემოჭრას. მისამღერი კი აქ გაცილებით Uriah Heep-სეულია წინა სიმღერასთან შედარებით. Money Talk დასაწყისში უფრო DeepPurple-ს (არავითარ შემთხვევაში 2005 წლის ალბომის გახსნას) მოგვაგონებს. თითქოს ცოტა მოსაწყენია, სოლომ მდგომარეობა დროებით გამოასწორა, მაგრამ სიმღერის ხასიათი მთლიანობაში ვერ შეცვალა. კომპოზიციის ერთფეროვნებას დროებით რასელ გილბრუკის გემოვნებიანი და ვირტუოზული ბრაგაბრუგი თუ დაგვავიწყებს. თითქოს მზად ვართ I’m Ready-ის მოსასმენად, მაგრამ ჯერ არ ვიცით წინ რა გველის.
I’m Ready რომანტიული ჰარდ-როკის სტილში გადაწყვეტილი უბრალოდ კარგი სიმღერაა მიკ ბოქსის ლამაზი და ვირტუოზული სოლოთი რაღა თქმა უნდა მის ჩვეულ “მყვარ გიტარ” სტილში, რომელსაც აგვირგვინებს ფილ ლენზონის მდიდრული ჰემონდი. უცნაურია, მაგრამ ტექსტში მზის სხივებით გაჯერებული ვოკალ პარტია უცნაურ Hair-ისებურ აურასაც კი გვანიჭებს (მისდა უნებურად), რაც ბოქსის მეორე სოლოსთან ერთად 1977 წლის Illusion-ს გვახსენებს. ცოტა ხანში კი ვხვდებით, თუ რისთვის გვამზადებდა სინამდვილეში პირველი ხუთი სიმღერა... Trail Of Diamond ალბათ 1998 წლისა და 2008 წლის ალბომებში მისი ფუნქციების მატარებელ წინამორბედ 2 სიღრმისეულ კომპოზიციას ტოლს არაფერში უდებს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა როგორც პირველ ორ შემთხვევაში, აქაც მოახერხა წინამორბედებისაგან აშკარად განსხვავებული კონცეპტუალური კომპოზიციის შექმნა. საოცრად მღერის ბერნი შოუ, რომელსაც დევიდ ბაირონის ყაიდის ვოკალის პარტია საბოლოოდ Very Eavy Very Umble-ს პერიოდის Uriah Heep-ის მისამღერში გადაჰყავს. იმ ალბომში კენ ჰენსლი ჯერ არ კომპოზიტორობდა, თუმც არსებობს ეჭვი ამის უბრალოდ დამალვის შესახებ... აწი კი ვისვენებთ. Southern Star უბრალოდ კარგი სიმღერაა, რომლის ძირითადი მოტივი არაფრით გამოირჩევა. მისამღერი გვახსენებს რა ჯგუფსაც ვუსმენთ, მაგრამ მას თავის მხრივ არამაინცდამაინც მიკ ბოქსისეული სოლოთი თემის განვითარებაც მოჰყვება, შემდეგ კვლავ ვოკალის თემა და პირველადი შეფასებაც თითქოს მიღებულია.
ანუ, ალბომი ზოგადად კარგია! ამაში გვარწმუნებს როგორც მხნე და ოპტიმისტური მძიმე როკ-ნ-როლი Believe, რომელიც ხასიათით გახსნის კომპოზიციადაც კი ივარგებდა, ასევე დარჩენილი სიმღერებიც.
ერთგვარად უცნაური შთაბეჭდილება ერთხელ მოსმენილმა Into The Wild-მა მაინც დატოვა. Uriah Heep ყოველთვის მიიჩნეოდა საკუთარი ხელწერის მქონე ბენდად. თუნდაც 2008 წლის ალბომისაგან განსხვავებით კი მეჩვენა, რომ ზოგიერთი კომპოზიცია, ან ზოგჯერ თემათა განვითარება საკმაოდ ბანალურია და მისაღები ზოგადად რაიმე X ტიპის ჰარდ-როკ ჯგუფისთვის, რომელიც ჯერ არც დაარსებულა, რადგან მეორეს მხრივ მიკ ბოქსის კოლექტივზე სხვა ჯგუფების ზეგავლენა არ შეინიშნება...
ანუ Uriah Heep დღესდღეობით არის კლასიკური მაგალითი კლასიკური ბენდისა, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება და არ ბერდება. საზოგადოება კი ბერდება და ამიტომაც ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება როკ-ლეგენდას. ეს არამარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო პრობლემაცაა.