ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შეფასებისას აუცილებლად უნდა გამოვიდეთ იმდროინდელ საქართველოში შექმნილი არაორდინარული სიტუაციიდან. თუ ობიექტურად განვსჯით, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძლება პიროვნება ან მოვლენა სულ სხვაგვარად დავინახოთ, ვიდრე იგი ცხელ გულზე მოგვეჩვენა. ამიტომ, გამსახურდიაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ვითვალისწინებ იმ გარემოს, რომელშიც მას მოუხდა საქმიანობა. ზვიადი გახდა პრეზიდენტი და, ჩემი აზრით, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება, მიღებული როგორც პიროვნულად მის, ასევე პოსტსაბჭოთა სივრციდან თავდახსნილი ქართული საზოგადოების მიერ.
სახელმწიფოს აუცილებლად ესაჭიროებოდა მაღალი ავტორიტეტის მქონე ხელმძღვანელი, რომელსაც მოცემულ ეტაპზე, შესაძლოა, ერის გამაერთიანებლის ფუნქციაც ეტვირთა (იტვირთა კიდეც). მას, როგორც პიროვნებას, ვფიქრობ, კარგად ჰქონდა შეგნებული და გათავისებული საკუთარი როლი ქართველი ხალხის ისტორიაში. ალბათ, ყველას ახსოვს უზენაესი საბჭოს ერთ-ერთ სესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველური სიტყვები - “მე შემიძლია გადადგომა, მეგობრებო, მაგრამ, დაიხსომეთ, ამას მოჰყვება საყოველთაო არეულობა და ქაოსი, კუთხე კუთხეს გადაეკიდება, ძმა ძმაზე აღმართავს ხელს, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გაეხვევა”. ასეთი სიტყვები შემთხვევით არ ითქმის ხოლმე და არც ყველას გონებაში შეიძლება მომწიფდეს ისინი.
როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, წინასწარ წარმომიდგენია ჩასაფრებული ცინიკოსებისა და ნიჰილისტების რეაქცია, ვინც, მაგალითად, იცის, რომ რამდენიმე დღის წინ თითქმის ანალოგიური აზრი გამოთქვა სავარძელს შეხორცებულმა ლიბიელმა დიქტატორმა მუამარ კადაფიმ. სხვა მაგალითების დასახელებაც შეიძლება. ხალხის მხრივ გამოცხადებული ნდობა, სიყვარული და ქვეყნის მომავალზე ფიქრი ხშირად იქცევა ხოლმე სასპეკულაციო არგუმენტებად საეჭვო მორალის მქონე პოლიტიკანების ხელში. ვიმეორებ, ყოველივე ეს მშვენივრად ვიცი, გამიგია და წამიკითხავს, მაგრამ ზემოთქმული არანაირად არ მიესადაგება ზვიად გამსახურდიას.
რაც უნდა პათეტიკაში ჩამომართვათ, მაინც ვაცხადებ - ის, რაც მან თქვა, იყო განგების კარნახით შთაგონებული წინასწარჭვრეტა, წარმოთქმული არა უბრალოდ ხელისუფლების პირველი პირის, არამედ ერის რჩეული ლიდერის მიერ. ეს იყო ლამის კოსმიური გაფრთხილება, მაგრამ, სამწუხაროდ - “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. ისინი, ვისაც უნდა მოესმინა და ყურად ეღო ეს სიტყვები, არ აღმოჩნდნენ მზად ტრივიალური დემაგოგიის ძონძებში გახვეული მისტიური წინასწარმეტყველების აღსაქმელად. საკუთარი ქვენა ცნობიერებიდან გამომდინარე, მათ ეს მიიჩნიეს სკამის შესაძლო დაკარგვით შეშფოთებული ხელისუფლის პრიმიტიულ ხრიკად. ვაი, რომ მწარედ მოტყუვდნენ. ოცწლიანი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ სწორედ გამსახურდიას წასვლით დაიწყო საქართველოში არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი მთლიანობის, არამედ ეროვნული ცნობიერების რღვევაც. პირველის აღდგენა ჭკვიანური პოლიტიკის პირობებში სწრაფადაა შესაძლებელი, მეორისა კი - რა მოგახსენოთ. ეს რამდენიმე სრული თაობის გადასვლის შემდეგ თუ მოხდება, თანაც - ხელისუფლებაში ტრადიციულ ფასეულობებზე აღზრდილი პოლიტიკოსების მოსვლის შემდეგ.
გამსახურდიას ფენომენი და მისადმი ქართველი ხალხის იქნებ გაუცნობიერებელი, მისტიკური ნდობა იყო გარანტი, რასაც შეეძლო ქართული სახელმწიფოებრიობის საჭედამსხვრეული, ანძებმორყეული და აფრებდაფლეთილი ხომალდი გამოეყვანა XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის მსოფლიო ისტორიის მოტორტმანე ცუნამებიდან. ეს სხვაზე უკეთ თვითონ პრეზიდენტს ჰქონდა გაცნობიერებული. ალბათ, ეს ღვთივშეგონებული თვითრწმენა წარმართავდა მის კალამს, როდესაც წერდა “საქართველოს სულიერ მისსიას”, კითხულობდა დამოუკიდებლობის აქტს და ბიბლიაზე ხელდადებული საზეიმო ფიცს წარმოთქვამდა ღვთისა და ერის წინაშე. გამსახურდიას შეუვალი ავტორიტეტი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საქართველოსთვის, ერისა და სახელმწიფოსთვის, სადაც ამბიციონალური რადიაციის ველი მაკრორენტგენებშიც კი არ იზომება.
გამსახურდიას წასვლიდან 17 წელი გავიდა, 17 უმძიმესი და ურთულესი მოსაბრუნი ქართულ ჟამსაქცევარში. დღევანდელი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ენერგიული, მოღვაწე, ქართულად მოაზროვნე ძლიერი ხელისუფლის საჭიროება (“ძლიერი ხელის” თეორიაში ნუ აურევთ). დღევანდელი გადასახედიდან ცხადად ჩანს, რომ XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე გამსახურდიას, როგორც საყოველთაო ლიდერის ალტერნატივა არ არსებობდა და არც დღეს ჩანს. მისი შთამბეჭდავი პოლიტიკური (მხოლოდ პოლიტიკური?) ფიგურა ემყარებოდა არა მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის ზნეობრივ იდეალებს, არამედ უაღრესად რთულ, არამდგრად რეალობასაც. შემთხვევითი როდი იყო ხმათა ის საოცრად მაღალი პროცენტი, რაც არჩევნებში მიიღო ზვიადმა. პრეზიდენტის რეიტინგი, მძლავრი შერყევის მიუხედავად, დღესაც ძალიან მაღალია და კიდევ უფრო იზრდება, რაც უფრო ვშორდებით მისი ხორციელი მოღვაწეობის მიჯნას.
სწორედ მასებში უსაზღვრო პოპულარობა იყო იმის მიზეზი, რომ 90-იანი წლების დასაწყისის დახლებგამოფხეკილ საქართველოში, მავანთა ჩხირკედელაობის მიუხედავად, არა და არ იფეთქა სოციალურმა ბუნტმა. ხალხი ენდობოდა თავის პრეზიდენტს და ამას ანგარიშს არ უწევდა მხოლოდ ის, ვისაც პოლიტიკური ამბიციების ბისტი ჰქონდა თვალებზე გადაკრული.
+ + +
“ჩემი სული ეკუთვნის ქრისტეს, ხოლო მაჰმადს სხეულის ის ნაწილი, რომელზეც მისი დაღი ამომკვეთეს” - ეს ისტორიული ფრაზა პოლონელ დიპლომატ თადეუშ კრუშინსკისთან საუბარში წარმოთქვა იმჟამად ირანის შაჰის ტყვეობაში მყოფმა ვახტანგ VI-მ.
რატომ გავიხსენე აწ უკვე ფრთიან გამოთქმად ქცეული სიტყვები?
ზვიად გამსახურდიას დისიდენტობისა და პრეზიდენტობის დროს (დღესაც) ძალიან ბევრი ვინმე ლაპარაკობს მის ზნეობაზე.
საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა - მორალის თემაზე მოლაყბეთა დიდი ნაწილი ხშირად ის ხალხია, ვისთვისაც ეს ფენომენი ბავშვობიდანვე უცხო ხილია. ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს - რამდენად ზნეობრივად განვლო გზა ზვიადმა სახელოვანი მწერლის ოჯახიდან პრეზიდენტის სავარძლამდე (ინტერესზე აღარაფერს ვამბობ). 1987 წლის შემდეგ (როდესაც დისიდენტური მოძრაობა ღიად გამოვიდა ლეგალურ ასპარეზზე), ფაქტებისა და მოვლენების გრძელი ჯაჭვის გათვალისწინებით, ვფიქრობ ყველაფერი ნათელია და ამ კუთხით ზედმეტი კითხვის დასმა საჭიროც არაა (სხვათა შორის, არასაპარლამენტო ოპოზიცია 1991 წელსვე მიხვდა, რომ ამ თემის პედალირებით ბევრს ვერაფერს შეიძენდა და კურსი შეცვალა - შერცხვენილი დისიდენტიდან ერთბაშად გადაერთვნენ დიქტატორობის ვერსიაზე), მაგრამ რაკი დღესაც ხშირად ახსენებენ ცნობილ მონანიებას, ორიოდე სიტყვით მეც მოგახსენებთ საკუთარ შეხედულებას ამ საკითხზე.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დღემდე “შერცხვენილი დისიდენტის” შესახებ ნეიტრალური დამკვირვებლის მიერ გამოთქმული აზრი თითქმის არ მომისმენია. ამ თემაზე მოკამათენი ან რადიკალი ზვიადოფობების კატეგორიას განეკუთვნებიან, ან კიდევ უფრო რადიკალი ზვიადიფილებისას. ერთნი ზღვიდან ზღვამდე გაჰკივიან, რომ ცნობილი მონანიებით მან თავი მოჭრა ქართულ დისიდენტურ მოძრაობას, მეორენი კი (ხშირად - უარგუმენტოდ და გაუცნობიერებლად) აპელირებენ საკავშირო ტელევიზიის მიერ გამსახურდიას მონანიებასთან დაკავშირებულ ფაბრიკაციაზე.
მიუკიბ-მოუკიბავად ვიტყვი - გაცილებით წელში გამართული ვიქნებოდი, როგორც მოქალაქე, მიმდევარი და თანამებრძოლი, რომ ჩემი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბიოგრაფიაში საერთოდ არ არსებობდეს ეს ფურცელი. მაგრამ რაკი არსებობს, თვალებში ნაცრის შეყრას აზრი არ აქვს. “ვრემიას” ცნობილი საინფორმაციო სიუჟეტი მართალია მკრთალი, მაგრამ მაინც ლაქაა გამსახურდიას მუნდირზე და უპრიანია იმაზე კი არ ვისაუბროთ, არის თუ არა ლაქა, არამედ იმაზე, რა მიმართება გააჩნია ამ ფაქტს საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ მოვლენებთან, რამდენად განსაზღვრა მან გამსახურდიას მოღვაწეობის შინაარსი და აქედან გამომდინარე - შეფასება თანამედროვეთა ცნობიერებაში.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვიჩქარებ და წინასწარ მოგახსენებთ იმას, რასაც წესით ბოლოსთვის უნდა ვინახავდე - ის დროებითი “უკანდახევა”, რაც 1979 წელს გააკეთა დისიდენტმა გამსახურდიამ, პოლიტიკური ტაქტიკის სფეროს განეკუთვნება და არაფერი აქვს საერთო ზნეობრივ სტრატეგიასთან. დღევანდელი გადასახედიდან ეს იმდენად აშკარაა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება ცხრილით წყლის ზიდვის მცდელობას წააგავს.
მწარე გამოცდილებამ ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო მოღვაწისთვის აუცილებელი ისეთი თვისება შესძინა, როგორიცაა პოლიტიკური მორალი. არ ვიცი, ვინმეს უცდია თუ არა ამ ორი ცნების ერთ სიბრტყეზე განხილვა. ვგრძნობ, რომ მსჯელობის ლოგიკამ შეიძლება ვულგარულად გაგებულ მაკიაველიზმამდე მიმიყვანოს და ვინმემ ფორმულის - “მიზანი ამართლებს საშუალებას” - მხარდაჭერა დამაბრალოს. ამის მიუხედავად, მაინც იმ აზრის ვარ, რომ პოლიტიკურ მორალსა და უზნეობას შორის ჩინური გალავანია აღმართული. პოლიტიკოსისთვის მთავარია დასახული მიზნის სიწმინდე, კეთილშობილება, ჰუმანურობა, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე სწორხაზოვანი მოძრაობა ხშირად დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
ზოგჯერ ჰაერივითაა აუცილებელი გარკვეული ტაქტიკური გადახრა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზომიერი ზნეობრივი კომპრომისიც კი (ამის საუკეთესო ილუსტრაციაა ქართველ მეფეთა იძულებითი გამაჰმადიანება). დიდ მოღვაწეთა ბიოგრაფიები სავსეა ამგვარი შემთხვევებით. პიროვნება, ვინც პოლიტიკური მორალის გალიპულ გზაზე დგება, უდიდეს რისკზე მიდის საკუთარი პერსონის მიმართ. მიზნის მიღწევისას იგი გმირია და დაფნის გვირგვინი ელის, მარცხის შემთხვევაში კი საწყევრად უტოვებს შთამომავლობას არა მხოლოდ საკუთარ სახელს. პოლიტიკური მორალის სამოქმედო პროგრამად დასახვა ისეთი პიროვნების მიერ, ვინც გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას ისტორიის წინაშე, ერის სამსხვერპლოზე საკუთარი თავის ზვარაკად მიტანის ტოლფასი ქმედებაა და მისი შეფასება მხოლოდ პრიმიტიულად გაგებული ზნეობრივი კრიტერიუმებით შეუძლებელია. იქნებ მთლად მორგებული პარალელი არ გამომივიდეს, მაგრამ მგონია, რომ ცხრა საუკუნის წინ მცხოვრები დიდი ბაგრატოვანი სწორედ პოლიტიკური მორალით ხელმძღვანელობდა და მას ქვეყნის გარდამოხსნა-აღდგინების უწმინდესი ზნეობრივი იდეალი ედო საფუძვლად.
ჩვენ უკვე შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ, გამსახურდიას მონანიება განვიხილოთ არა ლოკალურ სივრცეში, არამედ დინამიკაში, მომდევნო პერიოდში განვითარებული პროცესების გათვალისწინებით. ფაქტია, “ვრემიას” სიუჟეტის შემდეგ მას არ შეუცვლია შეხედულებანი, შედარებით მოკრძალებული ფორმით და ფრთხილად, მაგრამ მაინც განაგრძო დისიდენტური საქმიანობა და 80-იანი წლების მეორე ნახევარში სათავეში ჩაუდგა ცუნამივით აზვირთებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. სწორედ მან მიიყვანა ქვეყანა კომუნისტური სისტემის უსისხლო დემონტაჟამდე და გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენა.
გამსახურდიას მონანიებას არანაირი, მით უფრო - კატასტროფული, დარტყმა არ მიუყენებია დისიდენტური მოძრაობისთვის. ამის ნათელი დასტურია 1978 წლის აპრილისა და 1983 წლის, გეორგიევსკის ტრაქტატის “იუბილესთან” დაკავშირებული მოვლენები, რომლებშიც გადამწყვეტი სიტყვა სწორედ დისიდენტთა ახალი თაობის წარმომადგენლებმა თქვეს. ამ მოძრაობის ყველაზე თვალსაჩინო, რადიკალი ლიდერები სულაც არ განიხილავდნენ გამსახურდიას, როგორც დისიდენტური სამყაროს გარეთ მყოფ ელემენტს და 1990 წლის ცნობილ დაპირისპირებამდე მის გვერდითაც იდგნენ.... (რაც მთავარია, გამსახურდიას გვერდით იდგა მისი ძმა და ერთგული თანამებრძოლი, ზნეობრივი სიწმინდის, უღალატობისა და მოქალაქეობრივი სიმტკიცის ეტალონად აღიარებული მერაბ კოსტავა) ერთი სიტყვით, საქმე არ გვქონია პრინციპულ იდეურ კომპრომისთან—გამსახურდიამ წაიფორხილა, დაეცა, ტალახში ამოისვარა, მაგრამ მაინც წამოდგა და გზა განაგრძო ცხოვრების უმთავრესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
აქ ცოტა გადავუხვევ და ერთ დამახასიათებელ ფაქტს გავიხსენებ ინგლისის უახლესი ისტორიიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო შემთხვევა, როცა ბრიტანულმა დაზვერვამ “ინტელიჯენს სერვისმა” წინასწარ მიიღო ინფორმაცია “ლიუფტვაფეს” (გერმანელთა ავიაცია) მიერ ლონდონის მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ. უმძიმესი შედეგების თავიდან ასაცილებლად ჩერჩილმა ბრძანა, დაბომბვის ღამეს დედაქალაქისთვის გაეთიშათ ელექტროენერგია. ამასთან, ფაშისტი პილოტებისთვის ორიენტირების ასარევად შეგნებულად გაანათეს ლონდონის ახლომდებარე დასახლებული პუნქტები. პრემიერს უთხრეს, რომ ამგვარ ქმედებას შესაძლოა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი მოჰყოლოდა.
”რას ვიზამთ - იყო პასუხი - ჩვენ, ადამიანებს, ვისაც ისტორიამ ნაციის მესაჭეობა დაგვაკისრა ასეთ საპასუხისმგებლო პერიოდში, ხანდახან ღმერთის ტოლი გადაწყვეტილების მიღება გვიხდება იმავე ნაციის გადასარჩენად.…
ფაქტია, რომ ჰუმანისტურ ტრადიციებზე აღზრდილი დისიდენტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერ ამაღლდა (თუ დადაბლდა?) პრეზიდენტობამდე ამ სიტყვის ყველაზე პრაგმატული გაგებით. ის იყო თავისი ხალხის ზნეობრივი წინამძღოლი, მაგრამ ვერ გახდა პოლიტიკური მესაჭე, ვისაც შეუძლია გადამწყვეტ მომენტში უყოყმანოდ მიიღის გასაწირის გაწირვისა და მოსაკვეთის მოკვეთის გადაწყვეტილება. ეს არაერთგზის გამომჟღავნდა გამსახურდიას პრეზიდენტობის ჟამს, მაგალითად, რკონის, შავნაბადასა და თბილისის ზღვის ეპიზოდებში; გამომჟღავნდა იზოლატორში მყოფ პატიმრებთან მიმართებით, საბედისწერო რვაასსმეტრიანი ომის დღეებშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც ფორტუნამ ინება და შედგა პრეცედენტი - გამსახურდიას ასი დღე... ეს იყო სავსებით გასაგები ადამიანური სისუსტე, რომელიც თავისუფლად შეიძლება მიეტევოს ვისაც გნებავთ, მაგრამ არა მძვინვარე შტორმში მოხვედრილი სახელმწიფოებრივი ხომალდის კაპიტანს, მით უმეტეს, თუ იგი ამავდროულად ლოცმანიცაა.
ყველა შემთხვევაში განმსჯელი ისტორიაა. მან მისცა შანსი გამსახურდიას, ბეწვის ხიდზე გაევლო გაევლო ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მისგან მოითხოვდნენ ამ ხიდზე წელგამართულ გავლას ისე, რომ წონასწორობის შესანარჩუნებლად არც მარჯვნივ გადახრილიყო და არც მარცხნივ. ეს კი ობიექტურად შეუძლებელი იყო გამსახურდიას მასშტაბის პიროვნებისთვისაც კი, რასაც თან მოჰყვა სავსებით კანონზომიერი და ლოგიკური კატასტროფა.
გამსახურდიას პიროვნული ტრაგედია ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის ლახვრის ჩაცემასა და ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას ნიშნავდა.
განვლილმა წლებმა თვალნათლივ დაადასტურა ამ სიტყვების ჭეშმარიტება.
+ + +
თავის დროზე გამსახურდიამ ყველას დაუმტკიცა, რომ ძალუძდა კრიტიკულ სიტუაციაში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაზე მკაფიოდ მოსკოვის პუტჩის დღეებში გამოჩნდა. გულახდილად ვიტყვი, გამსახურდიას მსგავსი რადიკალისაგან ერთგვარად მოულოდნელიც კი იყო ასეთი უაღრესად ზომიერი, თავდაჭერილი რეაქცია. თუმცა, მაშინაც იყო და ახლაც აქვს ადგილი მცდელობას, პასიურობად და ლამის მშიშრობად მონათლონ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიცია.
იქნებ, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და მოლდოვას მსგავსად
საქართველოს პოზიცია გარეგნული კატეგორიულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი შთაბეჭდილებაა. პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის სახელმწიფოებისადმი გარკვევით შეიცავდა მოწოდებას, მხარი დაეჭირათ მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის და ეცნოთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. დღეს, განვლილი წლების სიმაღლიდან კიდევ უფრო მკაფიოდ მოჩანს, რაოდენ მართებული იყო პრეზიდენტის ნაბიჯი, რომელიც ვალდებული იყო, ყველაფერი ეღონა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. დღესავით ნათელია, რომ ზედმეტი აქტიურობის შემთხვევაში არსებობდა რუსი სამხედროების მიერ თბილისის (და არა რომელიმე სხვა დედაქალაქის) ქუჩებში სისხლის ტბათა დაყენების საფრთხე. ვის შეეძლო მაშინ პროგნოზი გაეკეთებინა, რომ პუტჩი მხოლოდ სამ დღეს გასტანდა? გამსახურდიას მიერ საპირისპირო პოზიციის გამოხატვისა და აქტიური წინააღმდეგობისკენ მოწოდების შემთხვევაში მისი ოპონენტები სწორედ ამას დაიხვევდნენ ხელზე და ყიჟინას დასცემდნენ - მეამბოხეთა მოსალოდნელი ფიასკო წინასწარ ვერ განჭვრიტა და უდანაშაულო ხალხი ჯარისკაცებს შეაწყვიტაო.
ნებისმიერმა, ვინც თვლის, რომ აგვისტოს პუტჩის დღეებში გამსახურდიამ კაპიტულანტური პოზიცია დაიკავა, საკუთარი თავი წარმოიდგინოს მის ადგილზე. მეორე დღესვე პრეზიდენტთან მოსკოვიდან საგანგებო მისიით ჩამოფრინდა იანაევის ემისარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი ჟურავლიოვი, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა სამხედრო ფორმირებათა დაშლა. ცხადია, ზვიადს შეეძლო ეპასუხა, რომ რუსეთს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, მაგრამ ეს არაფერს შეცვლიდა. რეალობა იყო სასტიკი. გამსახურდიას უკვე ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა მოჰყვა შედეგად ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა უარს, დაეშალათ გასამხედროებული შენაერთები. 19 აგვისტოს რიგაში საბჭოთა სამხედრო ტექნიკა შევიდა, მომდევნო დღეს კი რუსმა მედესანტეებმა ტალინის ტელეცენტრის შენობა დაიკავეს. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შეიძლება მომხდარიყო თბილისში, გამსახურდიას რომ დროულად არ მიეღო გადაწყვეტილება გვარდიის რეორგანიზაციისა და განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფის სტატუსის მინიჭების შესახებ.
მტკნარი სიცრუეა, თითქოს ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებლობისა და რკონში გასვლის მიზეზი გამსახურდიას აღნიშნული ბრძანება გახდა. ყოველივე ეს მოგვიანებით შეთხზული ზღაპარია. ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია წაიკითხოს გაზეთ “საქართველოს გვარდიელში” 1991 წლის 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ვრცელი წერილი “გვარდია რკონში” (თარიღს მიაქციეთ ყურადღება). მასში მომავალი ამბოხების ორგანიზატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გვარდიის რკონში ყოფნასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები ჭორია და სინამდვილეში ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი მანევრი (შეიცვალა მხოლოდ დისლოკაციის ადგილი, მუცოს ხეობის ნაცვლად - თრიალეთი). პუბლიკაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული გვარდიის სტატუსის შეცვლის პოლიტიკური მნიშვნელობა და სრული ლოიალობა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ერთადერთი, რის გამოც კიტოვანმა პროტესტი განაცხადა, იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ხაბულიანის მუქარა, რომ იარაღის დაუყოვნებლივ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა გვარდიელთა წინააღმდეგ.
კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი - კიტოვანმა დეზინფორმაციად, დეზორიენტაციად და მტრის წისქვილზე წყლის დასხმად შეაფასა რკონში საგანგებოდ ჩასული ემისრების მიერ გავრცელებული ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი პროკლამაცია, რომელშიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გვარდიელებს მოუწოდებდა, არათუ დამორჩილებოდნენ კანონიერ (“კრემლის მორჩილ მარიონეტ”) ხელისუფლებას, პირიქით, იარაღი შეეტრიალებინათ მის წინააღმდეგ.
+ + +
გამსახურდიას რაციონალური პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული კონსესუსი. ამის თაობაზე ბევრი დაიწერა და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. ოპონენტები საუბრობენ პრეზიდენტის მხრივ აბსოლუტურად გაუმართლებელ უკანდახევაზე, უფრო სწორად, კაპიტულაციაზე, რამაც განაიარაღა აფხაზი სეპარატისტების წინაშე მარტო დარჩენილი ქართული მოსახლეობა და ქართველი დეპუტატები. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამგვარ პოზიციაზე იდგნენ არა მხოლოდ გამსახურდიას შეურიგებელი ოპონენტები, არამედ მისი მომხრეებიც და სულ მცირე, არაკრიტიკულად განწყობილი, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები. წმინდა ემოციური თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, თითქოსდა, არანაირი გამართლება მოეპოვება. სხვას რომ თავი დავანებოთ, აფხაზებისთვის გარანტირებული უმრავლესობის დატოვება უმაღლეს საბჭოში დემოკრატიის ელემენტური ნორმების იგნორირება მაინც იყო, რადგან მათი რაოდენობა იმ დროისათვის მოსახლეობის საერთო რიცხვის 17% არ აღემატებოდა, ქართულენოვანი მოსახლეობა კი 45% შეადგენდა.
მოდით, ეს ციფრები და პროცენტები სტატისტიკის მოყვარულებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ცივი გონებით ვცადოთ, გავაანალიზოთ, რამ მიიყვანა გამსახურდია ასეთ კომპრომისამდე და რა მოიგო ამით ქვეყანამ.
ვფიქრობ, პრეზიდენტის კრიტიკოსები არ, ან ჯეროვნად ვერ ითვალისწინებენ ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ დროისათვის შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას. სეპარატისტებისა და მათი ლიდერის (არძინბაზე არჩევანის შეჩერება გამსახურდიას სერიოზული შეცდომა იყო, მით უფრო, ისეთ დროს, როცა არსებობდა თავისი ლოილური მიდგომებით ცნობილი ხიშბას კანდიდატურა) ზუსტად გათვლილი ნაბიჯებით აფხაზეთი მეთოდურად ახორციელებდა ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან დისტანცირებას. საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ არძინბამ საქართველოს უზენაესი საბჭოს ცნობილი დადგენილების მიუხედავად 17 მარტს მაინც ჩაატარა საკავშირო რეფერენდუმი აფხაზეთში, გალის რაიონის ამომრჩეველთა გამორიცხვით გააყალბა შედეგები და საქმე ისე გამოიყვანა, თითქოს ავტონომიის მოსახლეობის 50,3% მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ე.წ. ნოვო-ოგარიოვოს პროცესში, რაც მიზნად ისახავდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების მომზადებას. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 26 აპრილის კანონი “სსრ კავშირის და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ”, რაც გულისხმობდა ავტონომიური რესპუბლიკების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების გაზრდას და მათ გათანაბრებას მოკავშირე რესპუბლიკებთან. გამსახურდია, გასაგები მიზეზების გამო და სავსებით სწორადაც, არ ჩაერთო ნოვო-ოგარიოვოს პროცესში, რასაც მოჰყვა ცნობილი მუქარა გორბაჩოვის მხრიდან აფხაზეთში პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით. საქმე ისე მიდიოდა, რომ ნოვო-ოგარიოვოს პროცესების წარმატებით განვითარების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის შემადგენელი ავტონომიური ერთეული შეიძლება “კანონიერ” საფუძველზე გამხდარიყო ახალი საკავშირო გაერთიანების სუბიექტი.
მოვლენების ამგვარმა განვითარებამ აიძულა გამსახურდია ფართომასშტაბიან კომპრომისზე წასულიყო აფხაზებთან ურთიერთობაში. ამიტომ დაეთანხმა იგი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მათთვის გარანტირებული უმრავლესობის მიცემას (65 სადეპუტატო მანდატიდან აფხაზებს ჰქონდათ 28, ქართველებს კი - მხოლოდ 26 ადგილი. დანარჩენი 11 მანდატი უნდა განაწილებულიყო რეგიონში მცხოვრებ სხვა ეროვნებებზე (რუსები, სომხები, ბერძნები). ამგვარი მიდგომით სრულიად იყო იგნორირებული არჩევნების დემოკრატიული პრინციპი და, პირველ რიგში, შეილახა სწორედ ქართული მოსახლეობის ინტერესები, მაგრამ ღრმად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს “ნოუ ჰაუ” გამსახურდიას ეკუთვნოდა. ჯერ ერთი, საბჭოთა პერიოდშიც ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ორი-სამი მანდატით მეტი (მაგ. ბოლო, 1985 წელს “არჩეულ” უმაღლეს საბჭოში აფხაზი დეპუტატების რაოდენობა ორით აღემატებოდა ქართველებს), მეორეც, მსგავს კომპრომისულ მიდგომას თავის დროზე ჯერ კიდევ ჟორდანიამ ჩაუყარა საფუძველი. 1919 წელს არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს 40 წევრიდან 18 იყო აფხაზი, 16 კი ქართველი. მეტსაც გეტყვით, მმართველი მენშევიკური პარტიის მიერ გაყვანილი 27 დეპუტატიდან მხოლოდ 10 იყო ქართველი, 12 კი-- აფხაზი. ცხადია, 1991 წელს, 1919-თან შედარებით განსხვავებული სიტუაცია იყო, რადგან, სხვას რომ თავი დავანებოთ, სახეზე აღარ იყო ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა მდგარი პარტიული სოლიდარობის პრინციპი.
ვიმეორებ, ნაბიჯი, რომელიც გადადგა გამსახურდიამ, ნაკარნახევი იყო უკიდურესი აუცილებლობით. ეს იყო გარეგნულად კაპიტულაციის შირმაში გახვეული გონივრული კომპრომისი, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებას სულ მცირე, “სტატუს ქვოს” შენარჩუნების შესაძლებლობას მაინც აძლევდა. ამ დათმობის სანაცვლოდ ხელისუფლებამ აიძულა არძინბა 1991 წლის 27 აგვისტოს ხელი მოეწერა კანონზე აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამგვარი დათმობისკენ სეპარატისტთა ლიდერს უბიძგა "გეკაჩეპეს" ცნობილი პუტჩის დამარცხებამ, რის შედეგადაც მისი უმთავრესი მფარველი ლუკიანოვი ციხეში აღმოჩნდა), რომლის თანახმადაც ავტონომიის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებისთვის საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა 2/3. აფხაზებს, დანარჩენი არაქართველი დეპუტატების სრული მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, ხმათა საჭირო რაოდენობის შეგროვება არ შეეძლოთ (საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგად ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში ქართველებთან ერთად ქართული ორიენტაციის რამდენიმე არაქართველიც მოხვდა, მათ შორის ეთერ ასტემიროვა, შემდგომში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი). ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ კრიტიკულ სიტუაციაში გამსახურდიას შეეძლო რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ და მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვათ იმის გამო, რომ მან ეს ვერ მოახერხა შინაურ ოპონენტებთან ურთიერთობაში. პრეზიდენტს რომ ამის ნახევარი კომპრომისისთვის მიეღწია ოპოზიციურ პარტიებთან დამოკიდებულებაში, შესაძლოა, დეკემბრის საბედისწერო დაპირისპირება თავიდან აგვეცილებინა.
+ + +
იყო და არის მცდელობა, რომ რესპუბლიკის ეკონომიკის კრახის მიჯნამდე მიყვანა და მწვავე ფინანსური-სამეურნეო კრიზისი გამსახურდიას პოლიტიკურ კურსს გადააბრალონ. ამ მოსაზრების ავტორები და მხარდამჭერები არ ითვალისწინებენ იმას, რომ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეკონომიკის დაღმასვლას ვერ შეაჩერებდა ვერცერთი ხელისუფლება, თუ იგი პირდაპირ ან ირიბად დაადგებოდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზას. ხელის შეშლა ეკონომიკური საზღვრების უქონელი პატარა რესპუბლიკისთვის, რომლის სახალხო მეურნეობა ათწლეულების განმავლობაში “საერთო ძმური ოჯახის” ინტერესებთან იყო ინტეგრირებული, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დადამბლავებული კავშირისთვისაც კი არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. ეს თავიდანვე ცხადი იყო ყველასთვის, ვინც ხმა მისცა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ძალებს და შინაგანად შემზადებული იყო კიდეც მოსალოდნელი კრიზისისთვის. ეკონომიკური რეცესიით გამსახურდიას უუნარობით ახსნა სრული სიყალბეა და ეს მითი იმ წრეებში შეითხზა, სადაც მისადმი ბიოლოგიური სიძულვილის გამო მზადაა მილიონობით წლის წინ მცხოვრები დინოზავრების გადაშენებაც კი პრეზიდენტის არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკით ახსნან.
(გაგრძელება იქნება)