გამსახურდიას მისტერია (წერილი მეორე)

გამსახურდიას მისტერია (წერილი მეორე)

რამ შეაშინა ფსევდოელიტა (სოციუმის ამ კატეგორიას ზოგიერთები ზეპურ ინტელიგენციადაც ნათლავს)?

იგი, სხვებთან ერთად, მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იხარშებოდა ჭუჭყიან საბჭოთა ქოთანში და რადგან დუღილის პროცესში ზედაპირზე იყო მოქცეული, სხვაზე მეტად ეხლებოდა კედლებს. შესაბამისად - სხვაზე მეტადაც გაისვარა. ნეტარხსენებული სოციალიზმის ეპოქიდან მას მემკვიდრეობით გამოჰყვა მრავალი “სველი წერტილი”, რაც სხვადასხვაგვარადაა დაფიქსირებული ხალხის მეხსიერებაში. გასაოცარი როდია, რომ მხილების საფრთხემ აიძულა ფსევდოელიტა, ბუნებრივი სიმხდალისა და გაუბედაობის მიუხედავად, მხარი დაეჭირა პრეზიდენტისადმი დაპირისპირებული, თუნდაც ყველაზე რეაქციული ქუჩის ოპოზიციისთვის.

თავის მხრივ, ამ კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობაში სერიოზული შეცდომა დაუშვა გამსახურდიამაც. მან ჯეროვნად ვერ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ თანამედროვე ინტელიგენცია და მისი ფსევდოელიტა ერთდროულად გახლდათ საბჭოთა სისტემის პროდუქტიცა და მსხვერპლიც (იქნებ, სხვაზე მეტადაც), რომელშიც დიდი ინტელექტი იყო კონცენტრირებული. ეს ინტელექტი აუცილებლად უნდა ჩამდგარიყო იმ მიზნის რეალიზაციის სამსახურში, რასაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა თვითონ გამსახურდიამ. თავის დროზე მან არაერთი დაუმსახურებელი წყენა და შეურაცხყოფა მიიღო ამ ადამიანებისგან (იგულისხმება დისიდენტური მოღვაწეობისა და რეპრესიების პერიოდი). ამის დავიწყება ძნელია რიგითი მოქალაქისთვის, მაგრამ აუცილებელი - ქვეყნის მეთაურისთვის, ვისაც ერმა ნდობის მანდატი ჩააბარა მისთვის უაღრესად მძიმე მომენტში. 

ფაქტი სახეზეა... 1991 წელს ინტელიგენციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა საეჭვო დუმილის პოზიცია არჩია, ან საერთოდ განუდგა მას. იქნებ, მოწესრიგებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ფაქტი, როგორც დროებითი მოვლენა, არც ყოფილიყო დიდი ტრაგედია, მაგრამ XX საუკუნის მიწურულის საქართველოში ერთი მუჭა ინტელექტის ორად გახლეჩას ლოგიკურად მოჰყვა გამოუსწორებელი შედეგი.

ფსევდოელიტის ამბოხების უმთავრესი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მან საკუთარი სოციალური ფუნქციისა და პრივილეგიების დაკარგვის საფრთხე დაინახა. ეს ადამიანები მიჩვეული იყვნენ ხელისუფლების (არა მხოლოდ ადგილობრივის) მხრივ ყურადღებასა და დაფასებას. ძალიან მაღალი იყო საბჭოთა კულტურულ-სახელოვნებო და სამეცნიერო სივრცეში მათი ინტეგრირების ხარისხი. ისტორიულ პარალელს თუ გავავლებთ, ისინი დაახლოებით ისეთივე როლს თამაშობდნენ ქართულ საზოგადოებაში, როგორც - მსხვილი არისტოკრატია შუა საუკუნეებში. ცენტრალური ხელისუფლების მხრივ რაიმე შეზღუდვის, ან, უბრალოდ, კონტროლის შემთხვევაში (გაიხსენეთ, რამხელა ხმაური მოჰყვა ფინანსთა სამინისტროს მიერ კინოსტუდია “ქართული ფილმის” საფინანსო რევიზიას, სადაც უამრავი დარღვევა იქნა გამოვლენილი) პარტინტელიგენტები სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც ძველი დროის დიდებულები. ისინი ისპაჰანსა და სტამბულში გარბოდნენ, ამათ კი მოსკოვს მიაშურეს, სადაც უხვად დაუთმეს ტელეეთერი და საგაზეთო გვერდები.

გამსახურდიამ აშკარად ვერ შეაფასა ელიტის შესაძლებლობები და ჩათვალა, რომ მასთან კონფრონტაცია საფრთხეს არ წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის. როგორც მოვლენების განვითარებამ აჩვენა, ეს იყო სერიოზული შეცდომა, რადგან საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყული წითელი ინტელიგენცია რადიკალურად დაუპირისპირდა გამსახურდიას და იდეოლოგიურად შეამზადა მომავალი შეიარაღებული ამბოხება.

რაც უნდა ამტკიცოს დღეს პარტოლიგენციამ, ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით, მაგრამ შეიარაღებულ ამბოხებას მხარს არ ვუჭერდითო, ყველამ იცის, რომ ეს ასე არაა. საილუსტრაციოდ შეიძლება გავიხსენოთ ეპიზოდი ნოდარ ნათაძის წიგნიდან “რაც ვიცი (ფაქტები და ანალიზი)”. 

1991 წლის სექტემბერში, როცა კიტოვანის გვარდიელებმა ტელევიზია დაიკავეს, ნათაძემ ერთ დილას შეიტყო, რომ ქუთაისის ბატალიონის წევრებს (დაახლოებით 30-35 მებრძოლს, ვინმე რეზო ჩაკვეტაძის მეთაურობით) კიტოვანი აგზავნიდა სპორტის სასახლეში მყოფი სახელისუფლებო “ომონის” გამოსადევნად. სახალხო ფრონტის ლიდერმა როგორღაც მოახერხა, დაერწმუნებინა გვარდიის სარდალი, ხელი აეღო ამ შლეგურ იდეაზე. ნათაძის თქმით, “იქ ტრიალებდა ორი კაცი (თუმცა, მართალი ვთქვა, აქ ამ სიტყვის ხმარება მიჭირს კიდეც) და ბრძოლაში მიმავლებს აგულიანებდა “მიდით, მიდითო!” (განა, “მივიდეთ, მივიდეთო”! არა, თქვენ “მიდით, მიდითო”! ერთი იყო რეჟისორი გიორგი შენგელაია, მეორე - მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი” (ესენი ორივენი დღესაც ჭკუის საკითხავ “მოღვაწეებად” ითვლებიან საქართველოში და ხალხს, რატომღაც, გადაავიწყდა, რომ “დათა თუთაშხიას” ავტორმა 1962 წელს ვასილ მჟავანაძესთან ჩაუშვა ტერორისტი მელაძე, რომელიც ხრუშჩოვის მოკვლას გეგმავდა საქართველოში ვიზიტის დროს). თუ გავიხსენებთ, როგორ ხეხა წელიწადნახევარი ციხის ნარები ირაკლი ბათიაშვილმა კვიციანის “ინტელექტუალური მხარდაჭერის” გამო, თვითონვე განსაჯეთ, რა შეფასებას და სასჯელს იმსახურებდა ზემოთ დასახელებული ორი ინტელიგენტის მოქმედება (მათი მსგავსი კი ასეულობით იყო იმდროინდელ საქართველოში).

როცა ინტელიგენციის ფსევდოელიტაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მომენტი - რაც უნდა გასვრილი ყოფილიყო იგი კომუნისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მასში ბუნებრივად მაინც სულდგმულობდა დემოკრატიისა და თავისუფლების უჩინარი გენი, რასაც ასე დანატრებული იყო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მშიშარა ფსიქოლოგიის გამო (30-იანი წლების რეპრესიების შემდეგ შიში ვის გაემტყუნებოდა?) სამზეოზე ვერ გამოჰქონდა. 1988-1989 წლებში ამ სურვილმა ერთბაშად დატოვა იატაკქვეშეთი, მაგრამ უკვე საბოლოოდ ლეგალიზებულმა, მისდა გასაოცრად, შეამჩნია, რომ ოცნებებში დახატულ რეალობამდე ჯერ კიდევ შორია და, რაც მთავარია, მას ხელიდან გამოეცალა პროცესების მართვის წინასწარ შეგულებული ფუნქცია. 

ამგვარმა კონტრასტმა ინტელიგენციაში პროტესტის მძაფრი გრძნობა აღძრა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ადამიანები, ვისაც გუშინ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული (მცირე გამონაკლისის გარდა), ეროვნული ხელისუფლების დროს თავაწყვეტილ “დემოკრატებად” მოგვევლინენ და კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს თავს პრეზიდენტს. თავის მხრივ, გამსახურდიამაც ვერ სძლია ცდუნებას და სუკ-ის არქივიდან გამოტანილი დოკუმენტების ცნობილი პუბლიკაციით თითი დაუქნია ოპონენტებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - ეს იყო სერიოზული შეცდომა. “საქართველოს რესპუბლიკაში” ხელმოწერების გარეშე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას გაცილებით სჯობდა ბუჩქებში ჩასაფრებული მათი ავტორებისათვის ტყვიის დაშენა. ელიტა ჯერ პანიკამ მოიცვა, შემდეგ კი გაცოფდა. ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ბიოგრაფიის სახამუშო ფურცლები საიმედოდ იყო ჩაქვესკნელებული სუკ-ის სეიფებში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ასე სულაც არ ყოფილა. მხილების ცხოველურმა შიშმა წარმოუდგენელი რამ შეძლო - პოლარიზაცია გაუკეთა და ერთ პოლუსზე მოუყარა თავი ადამიანების ფართო კატეგორიას, მათ შორის ისეთებსაც, ვინც სხვა შემთხვევაში შეიძლება არც დაპირისპირებოდა ხელისუფლებას.

+ + + 

1991 წელს და მომდევნომ პერიოდშიც ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზას - ზვიად გამსახურდია შეცდა, როდესაც პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი. მას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოცდილება, ამიტომ უმჯობესი იყო, კვლავაც ხელისუფლების გარეთ მდგომ ერის ლიდერად დარჩენილიყო და, ფაქტობრივად, კონტროლქვეშ ჰყოლოდა სახელისუფლებო სტრუქტურებიო.

ამ სიტყვების უკან, ღიად თუ შეფარვით, იგულისხმება აზრი, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და უამრავი შეცდომა დაუშვა, რამაც კრიზისულ სიტუაციამდე მიიყვანა სახელმწიფო.

რამდენად მართებულია ეს მოსაზრება?

თუ ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის ერთწლიანი მოღვაწეობის ისტორიას გადავხედავთ, მიკროსკოპის გარეშეც ჩანს, რომ შეცდომები იყო, მათ შორის - საკმაოდ მძიმეც (რომ არ ყოფილიყო, გასაოცარი ეს უფრო იქნებოდა).

სავსებით შემიძლია გავიგო, რომ ეროვნული მოძრაობის წიაღიდან (ე.ი. ქუჩიდან) პირდაპირ უზენაეს საბჭოში შესულ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონოდათ კანონშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება. ამ პრობლემამ რელიეფურად იჩინა თავი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. არაერთხელ შედგა პრეცედენტი, რომ ესა თუ ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი იმ პლენარულ სხდომამდე ორი-სამი დღით ადრე ქვეყნდებოდა, რომელზეც მათი დამტკიცება-არდამტკიცების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ხშირი იყო სერიოზული გადაწყვეტილებების პირველი მოსმენით მიღების შემთხვევები (რა ღიმილისმომგვრელად გამოიყურება ყოველივე ეს თანამედროვე საპარლამენტო “გამოცდილების” ფონზე?)

შესაძლოა, 1991 წელს ეს ფაქტორი გაცილებით უფრო მწვავე ზემოქმედებას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და პარალელები გავავლოთ მომდევნო პერიოდის მოვლენებთან. დღეს, როდესაც უკვე ისტორიაა 1992 წლის სახელმწიფო საბჭო; 1992, 1995, 1999, 2003, 2004 და 2008 წლების საპარლამენტო არჩევნები; როცა მოსახლეობაში აბსოლუტურად დისკრედიტებულია სახალხო-წარმომადგენლობითი ორგანო და ტერმინი “ხალხის რჩეული” არაფრით განსხვავდება ლამაზად შეფუთული ექსკრემენტისგან, სასაცილოც კია, სერიოზულად ვისაუბროთ უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტის ფატალურ გადაცდომებზე. პოსტკომუნისტური სახელისუფლებო სპექტრის საქმიანობის კომპლექსური ანალიზის შემდეგ ამგვარი განსჯა ან სიბრიყვეა (რბილად რომ ვთქვათ), ან - გამიზნული პროვოკაცია. სხვაგვარად შეფასება გამიჭირდება, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური დალტონიზმით დაავადებულთა კატეგორიასს არ განვეკუთვნები დ, ასე თუ ისე, შემიძლია შავის გარჩევა თეთრისაგან. 

გამსახურდიას მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მან ვერ შეძლო მობილური გუნდის ჩამოყალიბება, რის გამოც ძირითადი დატვირთვა მის მხრებზე გადადიოდა. მთელ აღმასრულებელ და კანონშემოქმედებით პროცესს თავისი პლუსებითა და მინუსებით წარმართავდა უშუალოდ პრეზიდენტი და უზრუნველყოფდა მისი მაღალი ავტორიტეტი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თვალში. სხვას რომ თავი დავანებოთ, სულ რაღაც სამიოდე თვის განმავლობაში ექსპრესული სისწრაფით განხორციელებული სამი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება რად ღირს (განსაკუთრებით - 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი, აგრეთვე - 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები). შეგახსენებთ, ამ სამიდან პირველი ორი სწორედ ის სვეტებია, რასაც დაეფუძნა აღორძინებული ქართული სახელმწიფოებრიობა - ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ახლა სხვები “აშენებენ”, უგამსახურდიოდ და გამსახურდიას ლანძღვა-გინებით.

დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება თამამად ვილაპარაკოთ გამსახურდიას მთავრობის მიერ საინფორმაციო საშუალებათა მონოპოლიზაციაზე. ზემოთქმული განსაკუთრებით და უპირატესად ტელევიზიას ეხება, პრესასთან დაკავშირებით კი მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმოთ. მთელი 1991 წლის განმავლობაში სახელისუფლებო მედია მოსახლეობას აწვდიდა მძაფრი ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე, იქნებ არატენდენციურ, მაგრამ მაინც ცალმხრივ ცნობებს. მის ფურცლებზე არ ჩანდა სრული ინფორმაცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე პროცესებზე, არ ხდებოდა ზღვარსგადაცდენილი საკადრო ოთურმის მიზეზების ანალიზი; იშვიათად, ან საერთოდ არ ეთმობოდა ადგილი საპარლამენტო ოპოზიციას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და ქაღალდზე ფასების ასტრონომიული ზრდის მიუხედავად, საქართველოში ბევრი გაზეთი გამოდიოდა და სხვაგვარად მოაზროვნეებს არ უჭირდათ მათი მეშვეობით საკუთარი პოზიციის გამოხატვა. ასე რომ, პრესის თვალსაზრისით საერთო სურათი მაინც დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც ვერასგზით ვერ ვიტყვით ტელევიზიაზე. 

ისეთ პირობებში, როცა როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხი არსებობდა, ცხადია, აუცილებელი იყო ხელისუფლების მხრივ მისი ფხიზელი კონტროლი, ოღონდ - ოპოზიციური პარტიებისთვის ალტერნატიული საეთერო დროის დათმობის მყარი გარანტიით. არავითარი მსგავსი რამ საქართველოს ტელევიზიაში მაშინ არ იგრძნობოდა. კვანტალიანის ხელმძღვანელობით იგი გადაიქცა პირმოთნე, ქლესა მსახურად. ასეთმა ვითარებამ თუ ვინმეს ავნო, პირველ რიგში - ხელისუფლებას და პირადად გამსახურდიას პრესტიჟს. რესპუბლიკაში 1991 წლის შემოდგომაზე შექმნილი კრიზისული სიტუაციის განსამუხტავად, პირველ რიგში, სწორედ ტელესივრცის ლიბერალიზაცია იყო საჭირო. ეკრანი სისტემურად უნდა დათმობოდა საპარლამენტო და, გარკვეული დოზით - ქუჩის ავანტურისტულ ოპოზიციას, რომლის ნამდვილი სახის ჩვენება (რეალურად - კომპრომეტირება) სწორედ ეკრანზე გამოჩენით შეიძლებოდა. აკრძალული ხილის კომპლექსი ბუნებრივად აღვივებს ინტერესს მოსახლეობაში, მაგრამ როდესაც ეს კომპლექსი იხსნება, დგება უკუეფექტის მომენტი. სანიმუშოდ გავიხსენებ გ. ჭანტურიას მიერ მოსკოვში ჩატარებულ გახმაურებულ პრეს-კონფერენციას, რომლის ვიდეოჩანაწერი მთლიანად აჩვენა საქართველოს ტელევიზიამ და ზედაც დესერტად დაურთო თემურ ქორიძის კომენტარი. ეს სრულიად ზედმეტი იყო. ჩემი ღრმა რწმენით, ჭანტურიასთვის ეკრანის ხშირად დათმობა ხელს შეუწყობდა ქუჩაში სიტუაციის განეიტრალებას და მისი პარტიის ოპოზიციური, მაგრამ უკიდურესად არასერიოზული ჰაბიტუსის დაღვინებას.

+ + + 

ეროვნული ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტის სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია პრივატიზაციის შესახებ კანონისა და მიწის რეფორმის დაგვიანება. ამ კანონების მომზადება გადაულახავ წინააღმდეგობასთან არ იყო დაკავშირებული. საქართველოს იმდროინდელი კანონმდებლები ამ საქმის პიონერები ხომ არ იყვნენ? არსებობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილება, ვინც უკვე განვლო განვითარების მსგავსი ფაზა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გეოკლიმატური და გეოპოლიტიკური პირობებით, აგრეთვე სხვა სპეციფიკური ნიშნებით ემსგავსებოდნენ საქართველოს. საჭირი იყო მათი გამოცდილების ქართულ სინამდვილესთან მისადაგება. საამისო დრო ნამდვილად არსებობდა. პრივატიზაცია და მიწის რეფორმა საშინაო პოლიტიკის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია, რომ მათზე მუშაობა არათუ უზენაესი საბჭოს არჩევის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ეროვნული ძალები ხელისუფლების გარეთ მდგომ ოპოზიციას წარმოადგენდნენ.

ვინც “მრგვალი მაგიდის” პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმაში ჩახედულია (ეს უკანასკნელი, როგორც ამბობენ, თავის დროზე თენგიზ სიგუამ მოამზადა), ეხსომება, რომ ეს დოკუმენტი სრულად ითვალისწინებდა გარდამავალი პერიოდის სირთულეებსა და გამოწვევებს. ცოტა მოგვიანებით, ოპოზიციამ გამსახურდიას ბრალი დასდო, თითქოს მან შეცვალა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და უარი თქვა საბაზრო პრინციპების დანერგვაზე. ეს იყო სრული აბსურდი, ან შეგნებული დეზინფორმაცია, რადგან პლატფორმაში საუბარიც კი არ ყოფილა ე.წ. “შოკურ თერაპიაზე” და დასახული იყო საბაზრო ეკონომიკაზე ეტაპობრივად, ევოლუციური გზით გადასვლის გეგმა. 

გამსახურდიას პრინციპულად არასოდეს უთქვამს უარი პრივატიზაციაზე, სამაგიეროდ, იგი მხარს უჭერდა სახელმწიფოს მიერ იმ საწარმოთა დროებით შენარჩუნებას, რომელთა ფუნქციობა კერძო მეწარმეობის პრინციპით მოცემულ ეტაპზე გაუმართლებელი იქნებოდა. დღევანდელი გადასახედიდან განა სავსებით ლოგიკური არ ჩანს, რომ სახელმწიფოს დროებით უნდა შეენარჩუნებინა რეგულირების ფუნქციები ისეთ “სტრატეგიულად მნიშვნელოვან” პროდუქციაზე, როგორიცაა პირველადი მოთხოვნილების საქონელი! საშუალო დონის ეკონომისტიც კი გეტყვით, რომ ფასწარმოქმნის თავისუფალ პრინციპზე დაუყოვნებლივ გადასვლა მთლიანად დაანგრევდა ეკონომიკას და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო როგორც საშინაო ბაზრის დაცვა, ასევე პროტექციონისტული საბაჟო-სატარიფო რეჟიმის ამოქმედება.

ეს იყო აბსოლუტურად რეალისტური ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც მორგებული იყო გარდამავალ პერიოდზე. მისი დასრულების შემდეგ კი ქვეყანაში მთლიანად ამოქმედდებოდა საბაზრო პრინციპი და სახელმწიფო არანაირ მონაწილეობას აღარ მიიღებდა ფასწარმოქმნის პროცესში.

მკითხველს ისიც მინდა შევახსენო, რომ 1991 წლის სექტემბერში უზენაეს საბჭოში განსახილველად შეიტანეს და პრესაშიც გამოქვეყნდა კანონპროექტი მიწის შესახებ. სწორედ აქ გამოჩნდა, რომ გამსახურდია პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებით უდგებოდა ესოდენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემას. დოკუმენტი, ერთი მხრივ, პრინციპულად იზიარებდა მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. პრეამბულაში ჩაწერილი იყო, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების უმრავლესობა უნდა გაცემულიყო სარგებლობის (და არა საკუთრების წესით). ეს ნიშნავდა, რომ მიწით მოსარგებლეს არ გააჩნდა მისი სამუდამოდ ფლობის გარანტია, რაც, ცხადია, ჩაახშობდა სტიმულს და უარყოფითად იმოქმედებდა მის ეკონომიკურ აქტივობაზე.

გამსახურდია აბსოლუტურად მართალი გახლდათ, როცა ეკონომიკური საზღვრების უქონელ სახელმწიფოში (პლუს - მწვავე პოლიტიკური ვითარება, კომპაქტურად დასახლებული არაქართული ანკლავები, ყოფილი მეტროპოლის მიერ ინსპირირებული ეთნოკონფლიქტები) მიწის რეფორმის სირთულეებზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ეს მაინც სერიოზული შეცდომა იყო. მხოლოდ პოლიტიკური იდეალისტი თუ იფიქრებდა, ნაციონალური მოსაზრებით შეეფერხებინა მიწის გადაცემა კერძო საკუთრებაში (ბოლო-ბოლო, რა უნდა ექნა ხელისუფლებას კომპაქტურად დასახლებული ნაცუმცირესობებისთვის, მთვარეზე ხომ არ გადაასახლებდა?) არგუმენტი, რომ ამით თავიდან აიცილებდნენ მოსალოდნელ მტაცებლურ პრივატიზაციას (“პრიხვატიზაცია”), დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, რადგან საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაშიც კი სახელმწიფოს გააჩნდა არასასურველი პროცესების რეგულირების არაერთი ბერკეტი. გამსახურდიამ რისკზე წასვლა და ლიბერალიზაციის პროცესის თვითდინებაზე მიშვება ვერ გაბედა არა მხოლოდ მიწის, არამედ - სხვა საკითხებშიც. გზა, რომელიც მან აირჩია ადგილობრივი ბაზრის უცხოური კაპიტალის მხრივ ექსპანსიისგან დასაცავად, არ იყო ეფექტიანი იყო წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და წამგებიანი - პოლიტიკურად. ეს ერთ-ერთი ის გარემოებათაგანი იყო, რაც ხელზე დაიხვიეს მისმა შინაურმა თუ გარე ოპონენტებმა და წარმატებით შეუქმნეს საერთაშორისო არენაზე მოფაშისტო ნაციონალისტი პოლიტიკოსის იმიჯი.

მომდევნო წლების სამწუხარო გამოცდილებამ აბსოლუტურად დაგვარწმუნა ამ ფაქტორების რეალობაში, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ჯერ არავის გაუწყვეტია და მოსახდენი მაინც უნდა მომხდარიყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველივე ეს შემდეგ მაინც განხორციელდა, თუმცა - სხვა ვითარებაში, სხვა ხელისუფლების მიერ, რომელიც არანაირად არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და ამის დამღუპველი შედეგი საკუთარ ტყავზე იწვნია ქვეყანამ.

+ + + 

ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიაში ძალიან დიდ, ზოგჯერ გადამწყვეტ როლს თამაშობს იღბლის ფაქტორი. ისტორიამ არაერთი შემთხვევა იცის, როდესაც არახელსაყრელ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მოხვედრილი გოლიათები დამარცხებულან, შედარებით უკეთეს პირობებში კი გაცილებით ნაკლები მასშტაბის მოღვაწეები ფონს იოლად გასულან. იღბლის სუბიექტური ფაქტორის შესწავლა პოლიტიკაში ერთ-ერთი საკვანძო და, სამწუხაროდ, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში (ქართულზე რომ არაფერი ვთქვათ) ჯერ კიდევ სათანადოდ ყურადღებამიუქცეველი პრობლემათაგანია.

ზვიად გამსახურდია, როგორც პრეზიდენტი და პოლიტიკოსი, ჯამში, იღბლიანი კაცი იყო. როდესაც ამას ვამბობ, მხედველობაში მაქვს სუბიექტური თუ ობიექტური ხასიათის რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გადაჯაჭვამ იგი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე აქცია აღიარებულ ლიდერად. აქ, პირველ რიგში, თავისი როლი ითამაშა ოჯახურმა წარმოშობამ და სახელოვანი მამის შვილობამ...

შეიძლება ვინმე შემომედაოს და თქვას, რომ ზვიადის ბიოგრაფიაში კონსტანტინე გამსახურდიას ფაქტორს ვაზვიადებ. მართლაც, იმდროინდელ საქართველოში არაერთი სახელოვანი მოღვაწე ცხოვრობდა, ვისაც ჰყავდა საზოგადოებრივად აქტიური შთამომავლობა, მაგრამ მათ შორის ვერცერთმა იტვირთა საერთო-სახალხო ლიდერის ფუნქცია. ამაში ვერაფერს ვხედავ გასაოცარს. ჯერ ერთი, მხოლოდ ოჯახური წრე არაა გადამწყვეტი და აკაკის არ იყოს, ბუნებამ უნდა თქვას საბოლოო სიტყვა; მეორეც - ქართველთა დიდი თაობის უკანასკნელ მოჰიკანებს შორის კონსტანტინე ნამდვილად გამორჩეული იყო, ვინც საკუთარი შემოქმედებითა და ცხოვრების წესით იმთავითვე იქცა მითოსის შემადგენელ ნაწილად. თანამედროვენი მასში ერთდროულად ხედავდნენ კოლხურ კოშკში მცხოვრებ მეფე გიორგის და დავით აღმაშენებელს, სვეტიცხოვლის ამგებ უტა არსაკიძესა და თარაშ ემხვარს... ლეგენდას კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი ბობოქარი ხასიათი, შავჩოხოსანთა დასის წევრობა, პოლიტიკური ექსორია, ბეწვის ხიდზე სიარული და მამაკაცური ხიბლი (უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დიაცთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად). 

1939 წლის შემდეგ დიდი ლეგენდის გვერდით გამოჩნდა შინდისფერ ჩოხაში გამოწყობილი პატარა ბიჭი, რომელიც 1956 წლიდან თვითონვე იქცა პატარა ლეგენდად. ხალხში დადიოდა მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ დიდი კონსტანტინე პატარა ზვიადს იმთავითვე ამზადებდა ერის ლიდერის მძიმე მისიისთვის. კაცმა არ იცის, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, სად მთავრდება მითოსი და იწყება სინამდვილე, მაგრამ სწორედ ასეთი ბუნდოვანებაა ლეგენდის ცხოველმყოფელობის მასაზრდოებელი არტერია.

ანტისაბჭოთა საქმიანობამ, 70-იანი წლების თვითგამოცემებმა, მწერალთა კავშირიდან გარიცხვამ და გადასახლებამ ახალი შტრიხები შესძინა ზვიად გამსახურდიას პიროვნებას. 

აქვე, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მისი ბავშვობის მეგობარსა და თანამოაზრე მერაბ კოსტავას, როგორც ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შექმნილი ლეგენდის შემადგენელ ნაწილს. მერაბის უზარმაზარი პიროვნული ავტორიტეტი, მისი დგომა ზვიადის გვერდით (და უკან) ჭირსა თუ ლხინში ძალაუნებურად იწვევდა “ვეფხისტყაოსნის” ტრადიციებზე ამოზრდილ ტარიელ-ავთანდილურ რემინესცენციას. ეს მითის იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხის მიერ დისიდენტი გამსახურდიას ბიოგრაფიის ერთი, ფრიად სახამუშო ფაქტის დავიწყებაში...

გამსახურდიას იღბლიანობაზე საუბრის დროს უმთავრესი მაინც ობიექტური და საგარეო ხასიათის ფაქტორებია, რომელთა დამთხვევამ მის წინაშე დასახა პერსპექტივა, დავით აღმაშენებლის ტოლი მოღვაწის სახელით შესულიყო საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს შანსი მან ვერ გამოიყენა.

მხედველობაში მაქვს ის გარემოება, გამსახურდიას მოღვაწეობის სახელისუფლებო ეტაპი გიგანტური საბჭოთა იმპერიის დასუსტებისა და რღვევის სტადიას დაემთხვა. თუმცა, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს ჰქონდა მეორე განზომილებაც, რაც ათწლეულების განმავლობაში საფუძვლიანად ჩაკირული საზოგადოებრივი აზრის მომენტალურ გამოღვიძებაში გამოიხატა. ასეთ დროს ძველი ღირებულებების გადაფასება და ყოველივე ახლისადმი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენაა. საშუალო მასის ბარიერზე ბევრად თუ ნაკლებად ამაღლებული პიროვნება ერთბაშად ექცევა განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსში. საზოგადოებას უჩნდება მისი ზოგადსტრატეგიული თუ ტაქტიკური ნაბიჯების შეფასების მძაფრი, ლამის ცხოველური სურვილი. ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ყველა ფიქრობს, რომ სწორედ მისეული დასკვნა და ანალიზია ჭეშმარიტი, სხვა კი - მცდარი და მიუღებელი. ერთი სიტყვით, ზამთრის ძილისგან გამოფხიზლებული საზოგადოებრივი აზრი ბორგავს, კედლებს ეხლება, საკუთარი ადგილისა და პოზიციის დამკვიდრებას ცდილობს. უჩვეულოდ იზრდება მასის პოლიტიზაციის ინტენსივობა (ისევ ქართული ხასიათის სპეციფიკის გათვალისწინებით). ასეთ პირობებში საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ყოფნა ორმაგად სარისკო საქმეა, რადგან აგრესიული დილეტანტიზმის მღელვარე ოკეანეში უაფრო ნავით ცურვის ტოლფასი ქმედებაა. როცა იღბლის ფაქტორზე ვსაუბრობთ, ეს გარემოება აუცილებლად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული.

ამ ფონზე და ვითარებაში ზვიად გამსახურდიას გამოჩენა პოლიტიკურ სარბიელზე ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორთან იყო დაკავშირებული. ერთი მხრივ, მის წინ იდგა ნაციონალური თვითშეგნებით ანთებული, გმირისა და ლიდერის მომლოდინე, ტრადიციულად პატერნალისტური მსოფლმხედველობის მქონე სოციუმი, რომლის მართვა (გნებავთ - მანიპულირება, ამ ცნების არა კონიუნქტურული გაგებით) მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მეორე მხარეს იყო ასევე უჩვეულოდ პოლიტიზებული, ყველაფერზე საკუთარი აზრისა და შეხედულების მქონე საზოგადოება, რომელსაც არ ესმოდა (არც სურდა, გაეგო) დიდი პიროვნების მიმართ აუცილებელი დისტანციის დაკავების აუცილებლობა. ამ საზოგადოებას ჰქონდა მაღალი ინტელექტი, აქედან გამომდინარე - კანონზომიერი, ხშირად წრეგადასული ამბიცია და ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი, ჯერ კიდევ არარეალიზებული, დამანგრეველი ძალის ენერგია. ასეთ პირობებში პოლიტიკოსის მოღვაწეობა, ვინც გუშინ თვითონ იყო იმავე საზოგადოების ნაწილი, შეიძლება აღინიშნოს ტრიუმფალური აღმასვლით, ანდა - პირიქით. გამსახურდიას შემთხვევაში მოხდა ერთიცა და მეორეც, რისი უმთავრესი მიზეზიც საშინაო და საგარეო ფაქტორების ფატალურ გადახლართვაშია საძიებელი.