ათასობით რეგვენთა ბრბო

ათასობით რეგვენთა ბრბო

საახალწლო განწყობა უკვე მინელდა და შეთანხმებისამებრ ქრიდენსის ყოველდღიური მოსმენიდან გამომდინარე, შესანიშნავი განწყობა გვაქვს შენარჩუნებული. ვინც მაინცდამაინც არ იკადრა და თქვა, ეს რა პრიმიტიულობააო, მან ხომ ფრენკ ზაპაც მოისმინა ექსპერიმენტული ძიებებისა და ფანტაზიის განვითარებისათვის, 2012 წელს გაცილებით ღრმააზროვან მუსიკალურ გურმანად რომ შეეგებოს...


ჩვენ კი რა ვქნათ? რა გზით წარვემართოთ და რა მიმართულება უნდა მივანიჭოთ ჩვენს მუსიკალურ ხედვას განსაღრმავებლად? შარშან ვფიქრობდი, რომ მომდევნო თემა იქნებოდა ექსპერიმენტული მუსიკა, მაგრამ იქამდე მოდით ყველაფერი მოვიშოროთ რაც ზედმეტია და გვიხშობს გონებას, გავატანოთ ყოველივე 2010 წელს, მოვრჩეთ ერთხელ და სამუდამოდ და მომავალში უფრო თავისუფლად შევუდგეთ საქმეს, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი პირი უჩანს, რომ თაობიდან თაობას “დენ პობედი” არა მარტო რესტორნებში გადაეცემა, არამედ როგორც ჩანს გულებში... აქ კი მენტალიტეტის პრობლემაა, რომელიც უცილობლად მოგვაგონებს ქვეცნობიერ აზრს მზის ჩრდილოეთიდან ამოსვლის შესახებ, რაც გამოიხატება ჩვენი შვილების მხოლოდ რუსულენოვანი ძიძების მიერ აღზრდაში, მუსიკის თვალსაზრისთ კი 2010 წელს – 21 საუკუნეში (!!!) “იაბლოკი ნა სნეგუსა” და “მილიონი ალიხ როზ” რემიქსების (!) სმენაში. 

საინტერესოა, რომ ყოველივეს ჩვენი FM რადიოსადგურები გადასცემენ და მათი მოსმენით ტკბება მომავალი თაობა, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველო. თინეიჯერები პირდაპირ ეთერში სიყვარულის ახსნისა, თუ მეგობრისადმი მოკითხვის გადაცემისათვის ზემოთხსენებულ რეპერტუარს იყენებენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჯდებოდეს ომგადახდილი ქვეყნის მენტალიტეტში. არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი ერთგული მონა-მორჩილი, რომელსაც რადიოში მუშაობის საკმაო პერიოდის გამოცდილება აქვს, ყოველივე ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს...

როგორ გამოვიმუშავოთ გემოვნება, როდესაც ამას გვაწვდიან, ამას ისმენენ ჩვენი თანატოლები და არ ვიცით, რა არის კარგი და რა არის ცუდი - საუკეთესო შემთხვევაში, კითხვის დასმის უნარი მაინც აღმოაჩნდება ჩვენს თინეიჯერს, სხვა (და უმეტეს) შემთხვევაში კი ისიც ძალაუნებურად მისი ძმაკაცისა, თუ დაქალის მსგავსად, დაიწყებს ზემოთხსენებული ორი სიმღერის მსგავსი სისულელეების მოსმენას, გემოვნებას დაიხშობს და გაამდიდრებს წრეს, რომელსაც ბატონი როჯერ უოტერსი ”ათასობით რეგვენთა ბრბოს” უწოდებს. ასეთი ადამიანი მერე ვერც Pink Floyd-ს მოუსმენს აზრიანად და ვერც ილია ჭავჭავაძისა, თუ მიხეილ ჯავახიშვილის აზრებს ჩაწვდება სიღრმისეულად.

იყო დრო, როდესაც საბჭოთა სპეცსამსახურები, სხვადასხვა დასავლური რადიოტალღების ჩახშობით იყვნენ დაკავებულნი და ჩვენ მაინც ვცდილობდით, რომ მაგნიტოფონებზე როგორმე დაგვეტანა თუნდაც საშინელი ხარისხით მოწოდებული, რაღა თქმა უნდა, მონო-მასალა. ასე შემოვიდა უკვე ოთხმოციან წლებში ჩვენს ცნობიერებაში რეინბოუ, უაითსნეიკი, აეროსმიტი, პინკ ფლოიდის ”კედელი”, ლედ ზეპელინისა და დონა სამერის 1979 წლის ალბომები, AC/DC და კიდევ ბევრი სხვა. ჩამოთვლას ვერ აუვალთ. ახლა კი თითქოს მსოფლიოში აღარაფერი ხდება. სად არის ქეთი მელუას 2010 წლის ალბომი? რატომ არ იხილავენ მას ჩვენი FM რადიოსადგურები? რატომ არ საუბრობენ მის შესახებ ქართული ესტრადის ვარსკვლავები? ჩვენ გვაინტერესებს მათი აზრი! ალბათ, უნდა ესწრაფვოდნენ მისი დონის მომღერლობას და აზრსაც ეკითხებოდნენ, თუ რა არის საჭირო ისეთ მუსიკოსად ჩამოყალიბებისათვის, მთელმა მსოფლიომ რომ გაგიცნოს და მადონას პროდიუსერი რომ ღებულობდეს მონაწილეობას შენი ალბომის ჩაწერაში. 

“გემოვნების გამომუშავების კურსებში” აქამდეც აღვნიშნავდით და ახლაც გავიმეორებთ, რომ ადამიანს უპირველეს ყოვლისა მელოდიური მუსიკა აღაფრთოვანებს, რჩება მის გულსა და გონებაში და სადაც არ უნდა მიდიოდეს - სამსახურში, პაემანზე, ბაზარში, თუ კონცერტზე, კარგია როდესაც გზას უნათებს ლამაზი მელოდია, რომელიც გამჯდარია ყურში და მით უკეთესია, თუ მას მზამზარეულს რომელიმე რადიო აწვდის მარშრუტკაში მგზავრობისას. ამას წინათ დავფიქრდი, რომ ეროვნულ FM სივრცეში საბოლოოდაა მივიწყებული მაგალითად ელექტრიკ ლაით ორკესტრი და კერძოდ ამ ჯგუფის შესანიშნავი ალბომი - თაიმ. 

რაშია საქმე? რატომ გვიბურღავენ ტვინს ისეთი სიმღერებით, რომლებიც მხოლოდ პოსტ-საბჭოურ სივრცეშია მეტ-ნაკლებად პოპულარული? რატომ ჩამოვრჩებით ცივილურ მუსიკალურ სამყაროს და რატომ არ ვამახვილებთ ყურადღებას თანამედროვე, რეალურ ჰიტებზე? რატომ არ ვიხსნებთ პოპულარულ მუსიკალურ წარსულს? რატომაა ჩვენთან მარკ ნოფლერზე და ფილ კოლინზზე უფრო პოპულარული ირინა ალეგროვა და ალა პუგაჩოვა? 

თინეიჯერები (და მუსიკალური წამყვანებიც!), რომლებიც რუსული ესტრადის თაყვანისმცემლებად ქცეულან, განსხვავებით 80-იანი წლების ახალგაზრდებისაგან, ხომ ხშირად რუსული ენის ბაიბურშიაც არ არიან! ვის მივმართოთ ამ დროს პრეტენზიით - მშობლებს? რას ერჩოდით შვილებს მთელი ბავშვობა რომ ლასკოვი მაის ასმენინებდით და ათაყვანებდით-თქო? 
შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ უკვე შეგნებულ ასაკში ხომ მაინც უნდა ვხვდებოდეთ, რომ მსოფლიოში რუსულ ესტრადას არსად ისმენენ, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი. რაც მართალია მართალია, მეზობელ სომხეთში ამ მხრივ ჩვენზე საშინელი სიტუაციაა, რადგან სომხური ესტრადა, ქართულისაგან განსხვავებით, მგონი საერთოდ არც არსებობს (ყოველ შემთხვევაში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ რუსული ესტრადაა ჩართული და მიმტანები ფლოსტებში დარბიან) და უნდა გენახათ ჯეთრო ტალის კონცერტის მეორე დღეს იმავე დარბაზში დანიშნულ ალა პუგაჩოვას კონცერტზე რა ამბავი იყო! 

იურაი ჰიპის თბილისური კონცერტის შემდეგ ქუჩაში გამოსულს ამეკვიატა აზრი, რომელიც სამწუხაროდ ალბათ სინამდვილესთან ახლოსაა. ანუ ჩვენთანაც აუცილებლად იგივე მოხდებოდა, განთქმული ალას ჩამოყვანის შემთხვევაში. 

ვისი და რისი ბრალია ეს ყველაფერი? ამას წინათ მარშრუტკაში მგზავრობისას და იმავდროულად ძალაუნებურად რომელიღაცა რადიოს მოსმენისას გავიფიქრე - რა კარგი იქნება, თუ ახლა ამ საზიზღრობას ვიღაც ჩაახშობს მეთქი, როგორც ამას საბჭოთა სპეცსამსახურები აკეთებდნენ ოდესღაც “ბილწი” ბურჟუაზიული კულტურის შემოტევის თავიდან ასაცილებლად...