ჩვენს მშვიდ ექსკურსს, მას შემდეგ, რაც ბლიუზის საფუძვლებს უკვე ვეზიარეთ, ისე, რომ არ გვიხსენებია ბი ბი კინგი, ბადი გაი, მადი უოტერსი, ჯონი ვინტერი, ოტის რაში, თუ მრავალი სხვა, უკვე ინსტრუმენტების სპექტრის გაფართოვების მხრივ წარვმართავთ, რადგან დღესდღეობით მიღებულია, რომ მუსიკა კომპიუტერითაც შეიძლება კეთდებოდეს - მომღერლისა თუ გიტარის ხმა “სწორდებოდეს” და საერთოდ, ყოველივე “გენიალური” მარტივად კეთდებოდეს... რა საჭიროა გიტარის ხელში აღება, როდესაც ამ ინსტრუმენტის ბგერის პოვნა ციფრულადაც შესაძლებელია. მაგრამ კიდევ კარგი, რომ გიტარა მაინც მოდური გარეგნობის ინსტრუმენტია, არ ძველდება, ხშირად რეპერების კლიპებშიაც კი არამეორეხარისხოვან როლს ასრულებს და საერთოდ მის გარეშე წარმოუდგენელია...
მაგრამ რა ვუყოთ სასულე და ჩასაბერ ინსტრუმენტებს? რა ვუყოთ საქსოფონის ნაირსახეობებს, ტრომბონს, საყვირსა, თუ სხვა მოძმეებს, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია იმპროვიზაციული მუსიკა და საზოგადოდ ჯაზი და დიდ წილად ჯაზ-როკი? რა ვუყოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “გემოვნებაზე არ დაობენ”, დღესდღეობით ჩვენში თითქმის არავის გაუგია ჯგუფი Chicago ან Blood Sweat & Tears? არადა პირველი მათგანის ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც Beatles ან Rolling Stones-სა, რადგან ამ ჯგუფმა აბსოლუტურად მარტივ მელოდიებზე, იოლად აღსაქმელი ურთულესი იმპროვიზაციული თემები ააგო. აქ იგულისხმება როგორც მაგალითად Beatles–გან განსხვავებით ვირტუოზული დაკვრა, ასევე არანჟირების შესანიშნავი ნიმუშები. ჯამში კი ეს ჯგუფი ძველ კონტინენტზე ალბომების გაყიდვის მიხედვით ამერიკულ ჯგუფთაგან მე-2 (!) ადგილზეა Beach Boys-ის შემდეგ, რომელსაც პოპულარობის მხრივ კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევდა, რადგან კომპოზიციები ზოგჯერ 10 წუთს აღწევს, პირველი ოთხი ალბომი ორდისკიანია (!), ხოლო საკონცერტო კი ოთხ(!)დისკიანი. ბევრი შეგხვედრიათ ასეთი ჯგუფი? პირდაპირ ვთქვათ, რომ არცერთი.
სასურველია, რომ მოსმენა Chicago X – ყველაზე პოპ-ორიენტირებული ალბომით დავიწყოთ, მერე გაღრმავებისაკენ სურვილი თავისთავად გაგვიჩნდება, მათ 90-იან წლების და უკანასკნელი პერიოდის ალბომების მოსმენას (1995 წლის გამოკლებით) კი ნამდვილად არ გირჩევთ. Chicago–ს სულიერი მამის პოვნა კი უმარტივესია, თუკი ინტერნეტში ძველისძველ ფილმ “მზიური ველის სერენადა”-ს მოვიძიებთ, მოვისმენთ ამავე სახელწოდების შესანიშნავ მელოდიას ფილმიდან და შემდეგ კი ზემოთხსენებულ 1995 წლის ალბომს გადმოვქაჩავთ და ახლებური – გაკეთილშობილებული ჟღერადობით მოვისმენთ Moonlight Serenade-ს. საერთოდ, როცა ქართველი კაცი უსმენს Black Eyed Pyes-ს ტიპის საშინელებებს, საკვირველია, რა აქვს საერთო მას ამ ადამიანის გენეტიკასთან, ყურთან, სიამოვნება რამ უნდა მოუტანოს... სრულ გაუგებრობას კი ისიც ემატება, რომ თანამედროვე მსოფლიო შოუ-ბიზნესის ამ კატასტროფულ – ადამიანის დამადებილებელ ქმნილებაში მელოდიის ნასახი არ არის. ჩვენი რადიოსადგურები აჭრელებულია ამ უბედურებით, აი Caravan და Moonlight Serenade კი თურმე საერთოდ არ არსებობენ.
კიდევ კარგი, რომ ამ მხრივ არ გვაქვს Wonderful World-ის დეფიციტი, მაგრამ სასურველია, რომ ლუი არმსტრონგის შემოქმედებას გაცილებით ფართომასშტაბურად გავეცნოთ, რათა ყურში გაგვიჯდეს და ჭყვიტინად აღარ გვეჩვენოს მისი განუმეორებელი საყვირის ბგერა. ჩვენი ლამის ნახევარი საუკუნის წინანდელი წინაპრები ხომ რკინის ფარდის მიუხედავად შესანიშნავად ერკვეოდნენ ამ დიდი მუსიკოსის შემოქმედებაში, ფანტაზიამ თუნდაც “კოჯრის ტყის სიზმრების” შესახებ საოცარ ფილმში რომ ჰპოვა ასახვა. იმავე ფანტაზიით შემდგომში მაილს დევისს და ჯონ კოლტრეინის კვარტეტსაც ვეზიარებით. ყური კი ამასობაში გამოიმუშავებს იმპროვიზაციის ალღოს, გაეცნობა რა ჯაზის ნაირსახეობებს, რის გარეშეც თანამედროვე მუსიკალური გემოვნების ეპიცენტრში აღმოჩენა შეუძლებელია, როგორც არ უნდა გვიმტკიცებდნენ საპირისპიროს საკუთარი ქმედებით თავის მქნევარა “მეტალისტები”, “პაპსავიკებს” რომ დასცინიან... მუსიკოსად ჩამოყალიბებამდე კი აუცილებელია ისეთ ინსტრუმენტალისტებთან გაცნობა, როგორიცაა მაგალითად ჰერბი ჰენგკოკი და ჩიკ კორეა, ვისი შემოქმედების უკეთ გარკვევაშიც თავდაპირველად ზემოთხსენებული Chicago და Blood Sweat & Tears დაგვეხმარებიან, ჩაგვახედებენ რა ჯაზ-როკის რაობაში უმარტივესი ხერხებით.
ნუ ვიფიქრებთ, რომ ამით საქმე დამთავრებულია. წინ უდიდესი სიამოვნება გველის, რადგან Colosseum-ის სახით ინგლისურ ჯაზ-როკსაც უნდა ვეზიაროთ. მართალია, ამ ჯგუფის ლიდერი – დრამერი ჯონ ჰაისმანი ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში პირველი ჯაზ-როკ ბენდი მისი შექმნილია, ძნელია დაეთანხმო ნათქვამს ქრონოლოგიური თვალსაზრისით. მთავარია, რომ აქ ბლიუზი გაცილებით მეტია და რაც მთავარია იგრძნობა Graham Bond Organisation-ში გარდამავალი ალექსის კორნერის სკოლა.
Colosseum ექვსი მუსიკოსისაგან შედგებოდა, ხოლო Graham Bond Organisation-ის კიდევ ერთი წარმონაქმნი Cream, ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჰარდ-ბლიუზ ბენდად იქცა. ჯეკ ბრიუსის, ერიკ კლაპტონისა და ჯინჯერ ბეკერის მხოლოდ სახელების ხსენება, გემოვნების გამომუშავების long and winding road-ს უკვე ცოტათი შეგვიმსუბუქებს, ხოლო იქვე თუ Colosseum–ის პირველ შემადგენლობაში ჯონ მეიალის Bluesbreakers-ის მუსიკოსებსაც შევნიშნავთ, თამამად ვიტყვით – ბლუზი როკის იდეა!
ეს ფრაზა კარგა ხანს ისმოდა ერთ-ერთ რადიოტალღაზე, მომავალში იმედია სხვაგანაც გაისმება, მაგრამ ამ ფრაზას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ როკ-მუსიკის მოსმენას Nightwish-ით, Scorpions-ითა, თუ Metallica-ით არ დავიწყებთ. ბლუზი ყოველთვის დაგვეხმარება არამარტო სიღრმისეული განწყობით მუსიკაში შესაღწევად, არამედ მისით “სრული კაიფის” განცდის მინიჭებაში. ბლუზის აღქმა გაცილებით ღრმად შეგვაცნობინებს Led Zeppelin III-ს და მხოლოდ Since I’ve Been Loving You-ით აღარ შემოვფარგლავთ განთქმული ჯგუფის ბლიუზურ წიაღსვლას. ბლიუზის სიღრმისეული აღქმა თავად ჯიმი პეიჯსა და მის კოლეგებს დაეხმარება მომავალში ისეთი სტუდიური შედევრების შექმნაში, როგორიცაა The Song Remains The Same და Achilles Last Stand, No Quarter და Trampled Underfoot. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით, ამ ერთიმეორისაგან სრულიად განსხვავებულ კომპოზიციებს, ექსპერიმენტულ ბლიუზს ვუწოდებთ.
ტერმინმა ხომ არ გაგვაკვირვა? კარგით, მოდით, მოვიფიქროთ და შემდგომში სხვა სიტყვა მივუსადაგოთ. ესეც არ არის პრობლემა. მთავარია, რომ ვხედავთ, როგორ იზრდებოდნენ მუსიკოსები საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე. მხოლოდ ამ გზით ხერხდებოდა უდიდესი მუსიკალური კომპოზიციების შექმნა. ჯიმი პეიჯმა The Ocean-ის დასკვნით ნაწილში ცალ არხზე (დინამიკში) წამყვანი მძლავრი როკული, ხოლო მეორეზე კი რიტმ-ენდ-ბლიუზური მშვიდი აკომპანემენტი შეუშვა, ერთიან კალაპოტში განათავსა და თეორიულად სრული ვაკხანალია ალბომ Houses Of The Holy-ის უაღრესად ჰარმონიულ - ულამაზეს დაბოლოვებად აქცია. აი ასე ყალიბდებოდნენ ბლუზურ იდეაზე უდიდესი ექსპერიმენტატორები, რომელთაგან ზოგიერთზე შემდგომში გვექნება საუბარი.