გამსახურდიას მისტერია (წერილი პირველი)

გამსახურდიას მისტერია (წერილი პირველი)

1979 წლის აპრილი იდგა - ენასთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენების წლისთავი. მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი. ერთხელ, ფოლკლორისტიკის ლექციაზე, რატომღაც, მამაშვილობის შესახებ ჩამოვარდა საუბარი. ლექტორმა ჯერ ყაზბეგი მოიშველია, შემდეგ გოგოლი და მერიმე, თან აქტიური დისკუსიისკენ გვიბიძგა. ავდექი და ფორტუნატოსთან პარალელის გასავლებად, სრულიად ანგარიშმიუცემლად, ზვიად გამსახურდიას მაგალითი მოვიხმე, როგორც სახელოვანი მამის შემარცხვენელი შვილისა (ეს ის დრო იყო, როცა სამუშაო მაგიდასთან, კედელზე სტალინის პორტრეტი მეკიდა და გულწრფელად მჯეროდა, რომ თებერვალი საქართველოს გაზაფხული იყო). გუშინდელივით მახსოვს ჩემი პროფესორის გაფითრებული სახე და საყვედურნარევი გაოცებით აღსავსე ირიბი შემოხედვა. ქვეშეცნეულად მივხვდი, რომ რაღაც დიდი სისულელე ვთქვი და ხმა აღარ ამომიღია.

ლექციის დამთავრების შემდეგ ანაკლიელი თანაკურსელი მომიახლოვდა, სახე სახესთან მომიტანა, თვალებში ჩამხედა და მკაფიოდ გამოკვეთილი აქცენტით წაისისინა:

- რა შენი სახსენებელია ზვიად გამსახურდია, ბი-ჭო!

მაშინ მთლად გავშრი.

+ + + 

ამ შემთხვევიდან თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ბედმა ინება და ზვიად გამსახურდიას წინ აღმოვჩნდი.

ის საქართველოს რესპუბლიკის დევნილი პრეზიდენტი იყო, მე—კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად სამეგრელო-აფხაზეთში წასული მოხალისე (რა უაზრო და უსუსურია ეს სიტყვა სამშობლოს დაცვასთან მიმართებით?).

იდგა წელი 1993, თვე - სექტემბერი, რიცხვი - 24.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში შეიკრიბა 50 000 კაცი გროზნოდან ახალჩამოფრენილ პრეზიდენტთან შესახვედრად.

ექსტაზში შესული, ფანატიკურად აღტკინებული ხალხი სათაყვანებელი ადამიანისკენ მიიწევდა. ყველას უნდოდა, ხელი შეეხო, მოფერებოდა და დარწმუნებულიყო, რომ ყოველივე ეს ცხადი იყო და არა სიზმარი.

ჩემს თვალწინ ძლიერი სულიერი აღელვებისგან რამდენიმე ადამიანმა გრძნობა დაკარგა. სამმა თუ ოთხმა სულაც ენა გადაყლაპა და ჩვენს თანამებრძოლს, ვეტექიმ ზურაბ გორდეზიანს მთელი ოსტატობის გამოყენება დასჭირდა გადაყლაპული ენების უკანვე “ამოსაგლეჯად”.

პრეზიდენტისგან სამიოდე მეტრის დაცილებით ვიდექი, მის ქაღალდისფერ, სექტემბრის მცხრალი მზისგან განათებულ მომღიმარ სახეს, ოდნავ მოჭუტულ თვალებს მივჩერებოდი და, უნებლიეთ, მეხსიერებაში ზემოთ აღწერილი თხუთმეტი წლის წინანდელი შემთხვევა ამომიტივტივდა.

ვფიქრობდი: ბედისწერის რომელმა მოირებმა განსაზღვრეს ამ უაღრესად წინააღმდეგობრივი პიროვნების ბიოგრაფია, ვისაც ცხოვრებაში წილად ხვდა, ერთი მხრივ, ათასების ზღვარდაუდებელი სიყვარული და მეორე მხრივ—უსამანკედარო სიძულვილი; ვინც დროის უმოკლეს მონაკვეთში გადაიხადა ფანტასტიკური ტრიუმფი და განიცადა ქართული ცნობიერების წიაღიდან გამომდინარე წარმოუდგენელი, მაგრამ სავსებით კანონზომიერი კატასტროფა; ვინც მეტეორივით გაიელვა საბჭოური ბნელეთით ჩაწყვდიადებულ ქართულ ცისგვამზე და მძლავრი დარტყმით შეარღვია 70-წლიანი უძრაობით ჩაჟანგებული სტერეოტიპების შლიუზი?

ის იდგა ტრიბუნაზე და ჩვეული მოთმინებით ელოდა აზვირთებული მასის ჩაყუჩებას, რომ მარჯვენა ხელი ესოდენ კარგად ცნობილი ჟესტით ზემოთ აეწია და წარმოეთქვა ყველა ბუდექართველისთვის ნანატრი სიტყვები—მოგესალმებით, მეგობრებო!..

+ + + 

ისტორია ღაღადებს, რომ ქართველი კაცი დალხენილი არასოდეს ყოფილა—არც მაშინ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფოს სვებედნიერ ქვეშევრდომს წარმოადგენდა და არც მაშინ, როცა შინააშლილობით ნაკუწებად ქცეულ სამეფო-სამთავროთა მიწაზე ერკინებოდა მომხდურს. და მაინც, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელის მსგავს ტრაგიკომიკურ სიტუაციაში იგი არასოდეს ჩავარდნილა. არც მასობრივი ფსიქოზის გამოვლენას ჰქონია ჩვენში ოდესმე ამგვარი მასშტაბი, როცა ერი და ბერი უცნაურ, ლოგიკას დაუქვემდებარებელ ბედისწერას აუტანია და ისტორიის ულმობელი ჟამთააღმწერლის წინაშე ცდილობს საკუთარი ატროფირებული მე-ს თვითგამომზეურებას.

სადღაც წავიკითხე, რომ მწერთა ფსიქოლოგიის გამოკვლევაზე მომუშავე მეცნიერები ატარებენ ხოლმე დაკვირვებას სკაზე, როცა იგი ელექტრული ველის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ დროს ფუტკრები საოცრად აღგზნებულები არიან. მათ მოქმედებას ეკარგება ჩვეული მიზანსწრაფულობა. მთელ სკაში გამეფებულია საშინელი ქაოსი და ისმის უჩვეულოდ ინტენსიური ზუზუნი. საკმარისია, სკა წრედიდან გამორთონ, ყველაფერი მყისვე ძველებურ კალაპოტში ბრუნდება.

არ ვიცი, ზენაარი ახდენს დღეს დაკვირვებას ვნებათაღელვის წრედში ჩართულ საქართველოზე, თუ ყველაფერი სივრცეში ვარსკვლავთა ფატალური განლაგების შედეგია, მაგრამ ადამიანური პოზიციიდან იმას, რაც 19 წლის წინ მოხდა, ახსნა-გააზრება სჭირდება. ვიმეორებ - ადამიანური და არა მესიანისტური პოზიციიდან, როდესაც ყველას, ვინც სამეტყველოდ დაძრავს ბაგეს, საკუთარი თავი დელფოს ორაკული და ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია ჰგონია.

თითქმის მეოთხედი საუკუნეა, საქართველო უაღრესად პოლიტიზებულია. ჩვენი ცნობიერებიდან თითქოს განიდევნა ყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა სხვა პრობლემა. კარგია ეს თუ ცუდი, ერთბაშად ძნელი შესაფასებელია. ორი საუკუნის განმავლობაში დაგროვილმა ენერგიამ მძლავრად ამოხეთქა და, ბუნებრივია, სწორედ იმ კალაპოტს მიაშურა, რომელშიც ქართულ ხასიათს ყველაზე უკეთ ხელეწიფება საკუთარი ფენომენის წარმოჩენა. ამ სტიქიისთვის ერთბაშად წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, რადგან იგი დაუნდობლად გადათელავს გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას. როგორც ყველა სხვა სტიქიის, მასების მეყსეულად მოვარდნილი ტაიფუნის დაურვება მხოლოდ ზომიერი რეგულირებით შეიძლება. ასეთ დროს, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ მაინც დამოკიდებულია იმაზე, ვინც სამართავ პულტთან ზის და ვისაც ბედისწერამ ღილაკზე თითის დაჭერის საპატიო, მაგრამ სარისკო მისია არგუნა წილად.

ასეთ კრიტიკულ მომენტებში ისტორიის მრუმე წიაღიდან გეიზერივით ამოიტყორცნებოდნენ ხოლმე დიდი პიროვნებანი. ზოგიერთი მათგანი სატანასთან იყო ნაზიარები, ზოგიც - მაცხოვართან. ერთნი პოზიტიურ მოღვაწეებად შემორჩნენ ისტორიის ავზნიან მეხსიერებას, მეორენი წყევლა-კრულვით გაისტუმრეს ასფოდელოს ველისკენ თანამედროვეებმა. ერთი რამ კი ყველა მათგანს საერთო და განუყოფელი ჰქონდა: აზროვნების მასშტაბი, ხასიათის სირთულე, წინააღმდეგობრივი, ხშირად გაუწონასწორებელი ფსიქოლოგია, თანამედროვეთა გამახვილებული, ლამის ტელესკოპური ყურადღება, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობის მძაფრი შეგნება, წრეგადასული აპოლოგია და თავშეუკავებელი სიძულვილი... მოკლედ, ყველაფერი ის, რითაც ფორტუნას მიერ გამორჩეული პოროვნება ამაღლებულია მასაზე და საკუთარ, განუმეორებელ ადგილს იმკვიდრებს დიდ დედამიწელთა თანავარსკვლავედში.

+ + + 

განგებამ და ქართველმა ხალხმა ასე განსაჯა—ისტორიის ამ უაღრესად რთულ, საბედისწერო ვირაჟზე სამართავ პულტთან დადგა ზვიად გამსახურდია, ადამიანი, რომლის მთელი მოღვაწეობა სამად სამ ლაკონურ, მაგრამ უაღრესად ტევად სიტყვაში შეიძლება მოთავსდეს: დისიდენტი... პრეზიდენტი... მოწამე...

ზვიად გამსახურდიას სახელი მისი ყმაწვილკაცობიდანვე დამკვიდრდა ქართველი კაცის ცნობიერებაში, როგორც ბრძოლისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლო. იგი ჩვენი თანამედროვე იყო, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა და საქმიანობდა. საბჭოთა წეს-წყობილების წინააღმდეგ ხანგრძლივმა ბრძოლამ ლეგენდარული შარავანდედით შემოსა მისი პიროვნება. ზვიადის ტრიუმფალური პოპულარობის ასახსნელად მერაბ კოსტავასთან მისი იგავმიუწვდომელი მეგობრობაც უნდა გავიაზროთ, რომელიც რუსთველური ანალოგიის შუქზე შეისისხლხორცა “ვეფხისტყაოსნის” ტრადიციებზე გაზრდილმა დღევანდელმა თაობებმა.

დღეს, როცა ზვიად გამსახურდია უკვე ისტორიის კუთვნილებაა, როდესაც საკუთარი ხელისგულივით ვჭვრეტთ და ვაანალიზებთ მის ღვაწლს ქართულ ჟამსაბრუნავში, კიდევ უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მიმართ. ვინ იყო იგი - ჩვეულებრივი მოკვდავი, ვინც დილით სხვათა მსგავსად სვამდა ჩაის და ბუტერბროდს აყოლებდა, ჩვეულებრივად იპარსავდა პირს და ისხურებდა ოდეკოლონს, თუ ანტიკური მითების მსგავსად მიწისქვეშა მდინარეში ნაწრთობი გმირი, “უშიში, ვითარცა უხორცო”, რომლის ამქვეყნად მოვლინება წინასწარ იყო გადაწყვეტილი იქ, სადღაც ზემოთ, ნისლებით მოფენილ თანავარსკვლავედში, სადაც ადამიანების, ხალხთა და სახელმწიფოთა ხვედრის გამგებელნი სუფევენ და სადაც შობითგან იჭედება არესის შეუპოვარ ტაძრეულთა სვე-ბედი?

ისტორიას ხშირად უყვარს პარადოქსები. უახლესი პერიოდის საქართველოს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პარადოქსად შეიძლება ისიც მივიჩნიოთ, რომ სწორედ პანქართული ერთობის მებაირაღტრედ მოვლენილი პიროვნების სახელს “უკავშირდება” ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათამკვლელი ომი, ტრანსეროვნული ფსიქოლოგიის რღვევა და დღემდე ჭაპანწყვეტით შენარჩუნებული ქართული მიწების დაკარგვა. პოლიტიკურ სარბიელზე სწორედ ამ ბუნებრივად გამოკვეთილი ლიდერის დამკვიდრება გახდა ერის ორ ნაწილად გახლეჩის მიზეზი. აგერ, უკვე 20 წელზე მეტია, ერთ მხარეს დგანან ზვიადაურები (ზოგი სიყვარულით იყენებს ამ ტერმინს, ზოგიც - ირონიით), მეორე მხარეს კი მისი ოპონენტები, ან— დაუძინებელი მტრები. იყო დრო, როცა რაოდენობრივ განზომილებაში პირველნი გაცილებით აღემატებოდნენ მეორეთ. შემდეგ, დროთა განმავლობაში, ეს პროპორცია დაირღვა და უფრო გასაშუალოვდა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, რაოდენობას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არ გააჩნია. მთავარია თვითონ ფაქტი... ის, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მიჯნაზე ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ისტორიის მომდევნო გამოცდას.

რა იყო ამის მიზეზი?

ცხადია, უნივერსალური მეთოდი ჩვენ არ გაგვაჩნია და არც პრეტენზიას ვაცხადებთ განვლილი პერიოდის პოლიტიკური ქარტეხილების სრულყოფილ ანალიზზე, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე შეიძლება ზოგიერთი დასკვნის გამოტანა. ყოველ შემთხვევაში, რაც უფრო ვშორდებით 1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას ზეციურ საქართველოში აღსაყდრების სამანს, მით უფრო საცნაურდება მისი ვარსკვლავის თვალისმომჭრელი სიკაშკაშე. საცნაურდება და ეს გასაოცარი არცაა, რადგან ახლომახლო სხვა ტოლფასოვანი ფიგურა, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ღმერთმა ნუ ქნას, მალე არ გამოჩნდეს.

+ + + 

უკანასკნელი ოცწლეული მასობრივი ფსიქოზის პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებიღ ძნელია ამა თუ იმ პიროვნების ღვაწლის ობიექტურად შეფასება. ფსიქოზის ხანას თან სდევს განუკითხაობის სინდრომი. გამონაკლისი არც ჩვენი დროა. ყველაზე მეტად ეს განუკითხაობა აზროვნებისა და შეფასების სფეროში იგრძნობა. დღეს შეფასების კრიტერიუმები იმდენად გაპრიმიტიულდა, რომ პიროვნების მიერ გამოთქმული შეხედულების განსაზღვრა მხოლოდ ორი პარამეტრითღაა შესაძლებელი - პლუსით ან მინუსით. შუალედური პოზიცია მისთვის არ არსებობს და საერთოდაც, ცენტრიზმი ქართულ მენტალობაში ერთი ადგილის თამაშთან ასოცირდებოდა ყოველთვის. ყველაზე ცუდი, რაც ამ განუკითხაობას ახლავს, ესაა პოლიტიკური დალტონიზმი და უკიდურესობამდე გამახვილებული მაქსიმალიზმი, რომელიც არასდროს და არავისთან არ მიდის მინიმალურ კომპრომისზეც კი. ამგვარი განურჩევლობის შედეგი იყო ის, რომ 1991 წელს პრეზიდენტის მხარდაჭერას ოპონენტები დიქტატორის წინაშე ნასუფრალის გამორჩენის იმედით ნასაზრდოებ მონური ფსიქოლოგიის გამოვლინებად აღიქვამდნენ. იმავე პერიოდში ოპოზიციის მიმართ თუნდაც ირიბად გამოხატული თანადგომაც კი საკმარისი იყო საეჭვო იარლიყის მისაწებებლად. შუალედური პოზიციის დაკავება არათუ მაშინ, ახლაც სახიფათო საქმეა. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობის აზრი ლაჩარ, უპრინციპო, მედროვე და ლერწამივით გადახრილ პიროვნებად მიგიჩნევს, ვისაც დამოუკიდებელი პროგნოზირება უჭირს და ორივე დაპირისპირებულ მხარესთან იგვარებს საქმეს, ვინძლო, ხვალ ან ერთი გამომადგება, ან - მეორეო. 

ჩემი შეხედულება ცალსახად გამოკვეთილია: ზვიად გამსახურდიას სახით ჩვენ გვყავდა პიროვნება და მოღვაწე, რომელიც გენეტიკური ფესვებით იყო დაკავშირებული სახელოვან წინაპრებთან ფარნავაზიდან დაწყებული ივანე ჯავახიშვილის ჩათვლით. ასეთი რანგის ლიდერები საუკუნეში თითო-ოროლა იბადებიან და ფორტუნამ სწორედ მისი მოვლინება ინება, რათა წინ წაძღოლოდა ქვეყანას წითელი ურჩხულის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში.

კაცი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა მითად, ლეგენდად.

კაცი, ვის სახელსაც უკავშირდება მთვლემარე ეროვნული ენერგიის ვულკანისებრი აბობოქრება და 70-წლიან წყვდიადში ნალოლიავები დამოუკიდებლობის აღდგენა.

ლეგენდა კი, ვის გესწავლებათ, ყველაზე გამძლე სუბსტანციაა, რაც ორგანული თუ არაორგანული სახით დღემდე შეუქმნია კაცს და ბუნებას.

ზვიად გამსახურდია უკვე გაასამართლა ისტორიის სამსჯავრომ და გამოუტანა ყველაზე მკაცრი, პირუთვნელი სასჯელ - უკვდავება ეროვნული მეხსიერების მბორგავ უსასრულობაში (ამისი უპირველესი და ბოლო, სახიერად ხილული დასტური გახლდათ 2007 წლის 1 აპრილი, დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა მთაწმინდაზე ააბრძანა დამაშვრალი გმირი).

განაჩენი საბოლოოა და გადასინჯვა-გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

+ + + 

ზვიად გამსახურდიას პიროვნებასთან კიდევ ერთი პარადოქსია დაკავშირებული. ბუნებით უაღრესად კეთილშობილი და ჰუმანისტინ ადამიანი, რომელიც მზად იყო მოწინააღმდეგის მიერ დაშენილი ტყვიების ნაცვლად ყვავილებით გაეცა პასუხი, ნებსით თუ უნებლიეთ გახდა შიშის ატმოსფეროს დამკვიდრების მიზეზი საზოგადოების ერთ, ფრიად გავლენიან ნაწილში

მხედველობაში მაქვს მოსახლეობის ის კატეგორია, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად ინტელიგენციას ვუწოდებთ.

თუმცა, ამ ცნების შინაარსი, როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, ჯერ კიდევ გასარკვევია. იმათ საკმაოდ დიდ ნაწილს, ვისაც დღეს ინტელიგენტად მიიჩნევენ, არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ინტელიგენტურობასთან. ეს ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ წინამდებარე წერილში ინტელიგენციად უმაღლესი განათლების მქონე, დიპლომირებულ ადამიანებს ვგულისხმობ, განსაკუთრები - მის ფსევდოელიტას (პატიებას ვთხოვ ყველა ჭეშმარიტ ინტელიგენტს, რომელთა რაოდენობაც დღევანდელ საქართველოში საგანგაშოდ მცირე მეჩვენება).

ყველას კარგად გვახსოვს ისტერია, რაც საქართველოში ატეხა ინტელიგენციის “ვერხუშკამ” (უმთავრესად - ხელოვნებისა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა) 1991 წლის სექტემბერ-დეკემბრის შუალედში. გვახსოვს ტელევიზიის თუ უნივერსიტეტის კიბეებზე გამართული აქციები, მოსკოვში გახშირებული მისვლა-მოსვლა და ზურაბ წერეთლის სახელოსნოში გამართული საიდუმლო სერობანი, “ცნობადი სახეების” ვიზიტები რკონში, შავნაბადასა და თბილისის ზღვაზე, მათი ყელგამოწვდილი ვედრება კიტოვანისადმი - რაღას უცდით, დაარტყით და თავი გაუჭეჭყეთ ამ ქვეწარმავალსო.

მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ პრეზიდენტის უკან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იდგა, მაგრამ მაინც წავიდნენ მის წინააღმდეგ.

ერის ინტელექტუალური ელიტა საკუთარი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ.

როგორ შეიძლება ისტორიის მეხსიერებიდან ამოიჩეხოს მოსკოვიდან ახალჩამოფრენილი ე. შევარდნაძის სიტყვები:-- “მადლობას ვუხდი საქართველოს ინტელიგენციას, რომელმაც იარაღით ხელში დაამხო ფაშისტური რეჟიმი”

”დიახ, ჩვენ ვესროლეთ გამსახურდიას და თუ საჭირო გახდა, კიდევ გავაკეთებთ ამას” - ეს სიტყვები, ჩემდა სამწუხაროდ, უდიდეს შემოქმედს, ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის, მწერალს, ვინც კაცობრიობას აჩუქა სიქველისა და ზნეობრივი სრულყოფილების კლასიკური განსახიერება - დათა თუთაშხიას ლიტერატურული პორტრეტი. 

გველის ხვრელში რომ გავძვრეთ, სიტყვიერების მთელი დიპლომატიური არსენალი ავამოქმედოთ და სათქმელი მაქსიმალურად შევფუთოთ, სიმართლეს ვერსად გავექცევით - 1991-1992 წლების მიჯნაზე საქართველოზე თავდატეხილ უბედურებაში თავისი წონადი სიტყვა თქვა მთელი ცხოვრების განმავლობაში პარტიული ნასუფრალის შემყურე ინტელიგენციის ელიტამ (მისი ნამდვილი სახის საჩვენებლად შეიძლება გამოვიყენოთ ნეოლოგიზმი - პარტოლიგენცია)... 

გაგრძელება იქნება