მოდით მოვეშვათ მარადიულ დილემაზე თავის მტვრევას - გემოვნებაზე დავიდაობის შესახებ და მივხედოთ საქმეს - ანუ, ვეცადოთ გავიკვლიოთ გზა გემოვნების დახვეწისაკენ. დღესდღეობით ამის გაკეთება გაცილებით ადვილია საბჭოთა წარსულთან შედარებით, როდესაც ბევრი რაღაცის შოვნა დიდ პრობლემას უკავშირდებოდა.
დღეს გვაქვს არაერთი საქაჩი უფასო ვებსაიტი, სადაც იმდენი მასალაა დაგროვილი, რომ მის ათვისებას ათი ცხოვრება არ ეყოფა. ეს, ერთის მხრივ, საქმეს ართულებს, მეორეს მხრივ კი - დამწყებ მსმენელს ისეთი შემსრულებლების შემოქმედების მარტივად გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, როგორიცაა მაგ. ჯგუფი The Animals, რომლის ოდენ House Of The Rising Sun იყო ცნობილი 70-იანი წლების ქართველი მელომანისათვის.
საიტებს ერთი კარგი თვისება გააჩნიათ - როდესაც ამა თუ იმ ჯგუფის დისკოგრაფიასთან ერთად მოყვანილია ხოლმე მისი მსგავსი შემსრულებლების ნუსხა. აქ შეიძლება მსგავსება ზოგჯერ არც კი იყოს ნიშანდობლივი, მაგრამ ამასაც თავის მხრივ დადებითი მხარე გააჩნია, რადგან მოულოდნელად შეიძლება ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ჯგუფს წააწყდე, მაგრამ ეს უკვე მელომანად ჩამოყალიბების ეტაპს ესაჭიროება, იქამდე კი გემოვნების გამომუშავებისა და შემდგომი დახვეწის The Long And Winding Road არის გასავლელი.
მოდით, ქრონოლოგიას მოვეშვათ და გზამკვლევის სახით იმ ალბომით ვიხელმძღვანელოთ, რომლიდანაც ერთ-ერთი დიდებული კომპოზიციის სახელწოდება ამ წამს შემოგთავაზეთ. ალბომი Let It Be სამაგიდოდ უნდა იქცეს ნებისმიერი დამწყები მსმენელისათვის. საერთოდ, კარგია ე.წ. ქავეროგენული ჯგუფებით დაწყება, რადგან ისინი ერთსა და იმავე სიმღერის არაერთი საინტერესო ვერსიის გაცნობის საშუალებას იძლევიან. ეს კი მსმენელის ფანტაზიის განვითარებას უწყობს ხელს. The Beatles-ით უკვე დავიწყეთ, ხოლო გავაგრძელებთ რაღა თქმა უნდა The Rolling Stones-ით, ოღონდ ჯგუფის სადებიუტო ალბომით, რომელიც მხოლოდ ცნობილი სიმღერების ქავერ ვერსიებისგან შედგება. ალბომს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად ამერიკის შავკანიან ბლიუზმენთა საზოგადოებაში, რომ მყისვე ბლიუზურ ლეიბლ Chess Records-ის ყურადღება მიიქცია. როლინგებმა ზოგადად ბლიუზის მოწოდების აბსოლუტურად ახლებური ინტერპრეტაცია გამოავლინეს, რის გვირგვინადაც ფსიქოდელიური Mona იქცა - ეპოქალური კომპოზიცია, რომელსაც მერე დიდი სიამოვნებით ასრულებდა არაერთი ჰიპური კოლექტივი ბო დიდლის ცნობილ Who Do You Love-თან მიმსგავსებით.
აქ უკვე შევეხეთ ორ უმთავრეს კატეგორიას მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მუსიკისა - ბლიუზსა და ფსიქოდელიას, ასევე, მათ გაერთიანებას, რასაც იმ პერიოდის შემსრულებელთა ნახევარზე მეტი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობდა და ახერხებდა კიდევაც ზემოთხსენებული როლინგებისა არ იყოს, მაგრამ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა Quicksilver Messenger Service, Jefferson Airplane, The Doors და შედარებით მძიმე The Wizard, თუ Sir Lord Baltimore, შესანიშნავ სურათს იძლევიან 60-ების მეორე ნახევრისა და 70-იანების ფსიქოდელიური როკ-სცენის განვითარებისა, რისი გაცნობაც აუცილებელია დამწყები მსმენელისათვის ბლიუზ-როკული ალღოს გამომუშავებისა და ფანტაზიის განვითარებისათვის.
საერთოდ, ბლიუზური საფუძვლის გარეშე როკ-მუსიკასთან გაცნობა ნებისმიერ შემთხვევაში მისი ოდენ ზედაპირულად წვდომის საწინდარია, რაც დროის კარგვის ტოლფასია დამწყები მსმენელისათვის. ეს იგივეა, რომ, მაგალითად, მათემატიკაში ემზადებოდე რეპეტიტორთან და იმავდროულად გაკვეთილებს აცდენდე... რა თქმა უნდა, არანაირად სავალდებულო არაა მაინცდამაინც Cream-ის, Ten Years After-ისა, თუ The Allman Brothers Band-ის მთელი ცხოვრება მოსმენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსმენის საწყის ეტაპზე მაინც, ამ ყაიდის ჯგუფებს გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვთ მსმენელისთვის Yes-თან, King Crimson-თან, თუ Van Der Graaf Generator-თან შედარებით.
ჩამონათვალი მიუხედავად “ბლიუზური ჩარჩოებისა” უკვე საკმაოდ სერიოზული გამოგვივიდა და ალბათ დრო მოვიდა, რომ ყოველივე ზემოთქმული ერთ მუსიკოსში გავაერთიანოთ, რომელმაც ზოგადად გიტარაზე დაკვრის ტექნოლოგია ახალ საფეხურზე აიყვანა და თანაც არა მარტომ... ამიტომაც, დამწყები მსმენელი აუცილებლად უნდა გაეცნოს The Jimi Hendrix Experience-ს სამივე ალბომსა და ჯონ მეიალის Bluesbreakers-ს ერიკ კლაპტონთან ერთად. თეთრი ბლიუზის მამად წოდებული ჯონ მეიალის ჯგუფი იმ პერიოდში საუკეთესო ინგლისელი გიტარისტების სამჭედლოდ იქცა. ერიკ კლაპტონის Cream-ში წასვლის შემდეგ მისი ადგილი ჯერ მომავალში Fleetwood Mac-ში გადასულმა პიტერ გრინმა, ხოლო შემდეგ კი მომავალმა “როლინგმენმა” მიკ ტეილორმა დაიკავა.
ბლიუზთან ერთად დამწყებმა მსმენელმა აუცილებლად უნდა აითვისოს ქანთრი საუნდი და აქედან გამომდინარე მისი აღქმა ისეთი ერთი შეხედვით განსხვავებული ყაიდის შემსრულებლებში, როგორიცაა ბობ დილანი და მარკ ნოფლერი, ჯონი ქეში და Crosby, Stills, Nash & Young, Creedence Clearwater Revival და ჯონი მიჩელი.
კიდევ მრავალი “სამაგიდო” მუსიკოსის მოყვანა შეიძლება დამწყები მსმენელისათვის გემოვნების გამოსამუშავებლად, მაგრამ Led Zeppelin-ს გვერდს ამ შემთხვევაში ვერანაირად ავუვლით, ოღონდ უმჯობესია, რომ დამწყები მსმენელი ამ ჯგუფს ქრონოლოგიურად გაჰყვეს და არც გასცდეს პირველ ოთხ ალბომს. მეხუთე ალბომიდან მოყოლებული ჯგუფის რეპერტუარი უკვე ჩამოყალიბებული მელომანის საკბილოა. იქამდე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა, როგორც არცერთმა სხვამ, შეასისხლხორცა თეთრი და შავკანიანი მუსიკა.
Led Zeppelin-ის ადრეული ალბომები გასაღებია უკვე როკ-მუსიკის არაერთი თაობის წარმომადგენლისაკენ. ერთი კია, რომ აუცილებელია ქრონოლოგიის დაცვა უშუალოდ ალბომებშიც. ანუ, მაგალითად, მესამე ალბომის მოსმენისას ყველა სიმღერას თავისი ადგილი აქვს მინიჭებული და დროულად და ზუსტი დოზებით მსმენელი ღებულობს ბლიუზის, ფსიქოდელიის, ჰარდის, ფოლკისა, თუ ქანთრის საჭირო ულუფებს.
რეალურად, ამ ჩამონათვალის გარდა, 70-იანი წლების როკში სხვა ღირებული მუსიკალური მიმდინარეობა არც ყოფილა. როგორ არა, გლემიო – იტყვიან, ფანკიო – იტყვიან, სოულიო – იტყვიან... მაგრამ პირველ მათგანზე, მითუმეტეს აგერ 21-ე საუკუნის დამწყებ მსმენელს ყურადღების გამახვილებას ნამდვილად არ ვურჩევდი, ხოლო ფანკს და სოულს რაც შეეხება, Led Zeppelin-ის III ალბომი ჭეშმარიტად ბრიტანულია, ჯეიმს ბრაუნი და Sly & Family Stone კი მივათვალოთ ზემოთხსენებულ ამერიკელ შემსრულებლებს და დაე The Long And Winding Road-ის კვლევას დამწყები მსმენელიც მათთან ერთად შეუდგეს როკ-მუსიკის უკიდეგანო სივრცეში გემოვნების დახვეწისა და განვითარებისათვის.