როცა მარიაჟობა არარაობაზე უკეთესია

როცა მარიაჟობა არარაობაზე უკეთესია

ინტერნეტისა და ინფორმაციის საყოველთაო მიკვლევის საუკუნეში ბევრი რამ გაადვილებულია, მაგრამ იმავდროულად გაუფასურებული და რაც მთავარია დამაბნეველი. სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი უხვმა ინფორმაციამ ქვეშ მოიყოლოს და ჩაძიროს, ხოლო ფსკერიდან თავის დაღწევა საკმაოდ რთული საქმეა, რადგან სავალალო შედეგებითურთ ხდება ეს ამბავი. ანუ, მუსიკის თვალსაზრისით თავის დაღწევა რაღაც გაურკვეველი და აკვიატებული მელოდიების ფონზე ხდება, რა სენისგანაც დაავადებულია მთელი საქართველოს FM რადიო სივრცე, რადგან დიჯეები, მუსიკალური რედაქტორები, თუ კიდევ სხვანი იმდენად მაგრები არიან, რომ შეკითხვაზე, თუ რას უსმენენ, პასუხი გამზადებული აქვთ - ყველაფერს! აი, სინამდვილეში კი - არაფერს და სწორედ ამიტომაცაა, რომ დღესდღეობით რადიოებში ნორმალური მუსიკის მოსმენა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მსმენელის გემოვნება კი - ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი. ადამიანებს ერთდროულად მოსწონთ ჯექსონი და დიპ ფარფლი, ჯეიმიროქუაი და კინგ ქრიმსონი, მეტალიკა და ბოის თუ მენი... 


ამგვარი “მრავალფეროვნების” შედეგი კი ისაა, რომ დღესდღეობით გაღებული ფაჯრებიდან აღარ ისმის ზოგადად მუსიკის ხმა! მუსიკას - უფრო სწორად ბაგაბუგს, ან “ვარავსკოი” რეპერტუარს შავი ჯიპების სალონებიდან თუ მოჰკრავთ ყურს. ნუთუ 21-ე საუკუნე იმდენად თავს გვახვევს თავის ტემპს, რომ მუსიკისათვის დრო აღარ გვრჩება? ნუთუ მუსიკა მხოლოდ მობილური ტელეფონით, ან აიპოდით უნდა ისმინებოდეს, თანაც ქუჩაში? 

დღესდღეობით ღიმილით ვიხსენებთ პერიოდს, როდესაც ბაბინებიანი მაგნიტოფონი ჩაირთვებოდა აუცილებლად ჩაბნელებულ ოთახში და სამ-ოთხკაციან საზოგადოებას მაინცდამაინც თვალდახუჭულს უნდა მოესმინა, რა თქმა უნდა მაღალ ხმაზე, პინკ ფლოიდის ”კედელი”. ეს საბჭოეთის დროინდელი სასაცილო უკიდურესობა ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელ მუსიკალურ დეფიციტს ათასჯერ სჯობს, რადგან ერთგვარი პოზიორობა და “მარიაჟობა” სრულ არარაობაზე ნამდვილად უკეთესია.

რადიოებში მუსიკალური მხარე უკვე იქამდე ჩაკლეს, რომ FM სივრცე პრაქტიკულად საინფორმაციოა, ხოლო მისი შემავსებელი მუსიკა კი – უბრალოდ ჩაყრილი ეთერში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ძალიან სასაცილოა, როცა მავანნი და მავანნი საუბარს იწყებენ სხეულის ტემპორიტმებზე, სხვადასხვა კატეგორიებს ანიჭებენ სიმღერებს, ხოლო დანარჩენი კი უკვე პროგრამის საქმეა. ასე მაგალითად, ემი ვაინჰაუსის სიმღერას შეიძლება ”ბუტირკა”, ან ირინა ალეგროვას ან რომელიმე ეროვნული საესტრადო წარმომადგენლის რაიმე სიმდაბიოე მოჰყვეს. ხომ კარგი გადასვლაა? 

არასოდეს დამავიწყდება, როგორ ამომაღებინა “მწვანე ტალღის” ფლეილისტიდან აწგარდაცვლილმა ჩემმა მეგობარმა უჩა ჩაჩხიანმა ჯონ ლენონის სიმღერის შემდეგ საკუთარი სიმღერა. რა დონის თავმდაბლობა გამოიჩინა ამ დიდმა პიროვნებამ! ასეთი ხალხი, ვინც წესით უნდა მართავდეს FM რადიოს მუსიკალურ მხარეს (და ასეთი ადამიანი, ზოგადად მელომანი, მრავალია ჩვენში), აბსოლუტურად არანაირ კავშირში არაა ამ სივრცესთან, ხოლო ვინც დაკავშირებულია ამ ამბებთან, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღესდღეობით მთელი კვირა შეიძლება ისე გავიდეს, რომ ვერცერთ რადიოსადგურზე ვერ გაიგონოთ ჯიმი ჰენდრიქსი, ბობ დილანი, როლინგ სთოუნზი! ხომ შეიძლება, რომ პროგრამამ “ეინჯი” რაიმე ალბათობით არსად ამოაგდოს... 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი რადიოსადგურების მესვეურების დიდი დამსახურებაა, რომ ქვეყანაში მუსიკალური საზოგადოება პრაქტიკულად არ არსებობს. თუკი საბჭოეთის პერიოდშიც კი, ჩვენი ბებერი როკმენები განა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, თელავში, ფოთში და კიდევ ბევრგან კონცერტების ჩატარებას ახერხებდნენ, დღესდღეობით საოცარი საშემსრულებლო ოსტატობის მქონე მუსიკოსები ოდენ ბარებსა და ღამის კლუბებში სხვადასხვა ცნობილი მელოდიების ერთსა და იმავე ქავერ–ვერსიების შესრულებით არიან დაკავებულნი. კონცერტები კი, აღარ არსებობს, რადგან ამისთვის არც ბაზარია და აღარც განწყობა. ის მუსიკოსები კი, ვიზედაც ეყრდნობა FM რადიო სივრცე, კონცერტებს ვერც ჩაატარებენ, რადგან ხშირად ცოცხლად არც სიმღერა შეუძლიათ, არც დაკვრა. თანაც საკონცერტო პროგრამასაც ხომ აწყობა უნდა. ტელეეკრანზე მანჭვა-გრეხით აღმოცენებული კლიპი განუხორციელებელი სიყვარულის შესახებ წვიმისა და ცრემლების ფონზე არანაირ კავშირში არაა საკონცერტო რეპერტუართან.

21-ე საუკუნეში ხმის ტექნოლოგია რომ საოცრად დაიხვეწა, ეს არავისთვის სადუმლო არაა. თუკი გასული საუკუნის 70-იან წლებში უამრავ საკონცერტო და ხშირად სტუდიურ ალბომსაც კი ამ მხრივ წუნი ედებოდა, დღევანდელი ლაივები გვაოცებს ჩანაწერის ხარისხითა და არანჟირების სიმწიფით. თუკი გვინდა, რომ დასავლეთს მივბაძოთ და გავიკვლიოთ გზა თანამედროვე სამყაროში, რატომ არ ვიღებთ იმ დაუწერელ კანონებს, რაც ასე ნათლად გამოსჭვივის ნებისმიერი თანამედროვე “საესტრადო” პოპ-შემსრულებლის შემოქმედებაში? კერძოდ – აბსოლუტური სხვაობა სტუდიურსა და საკონცერტო რეპერტუარს შორის. ამის დასანახად არა მაინცდამაინც პრინცის, მადონას, კრისტინა აგილეირასა, თუ კიდევ სხვათა მაგალითებია მოსაყვანი. უმდარესი ბრიტნი სპირსის (რომელსაც რატომღაც ჩვენში ფანები არ ჰყავს) ლაივების ჟღერადობა და არანჟირებაც კი როკულია! 

მთელი მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ლაივების გაფორმება აწყობილია ბლიუზზე, როკზე, ჯაზზე, ფანკზე, ერთიმეორის აღრევითა, თუ მონაცვლებით, ჩვენ კი ახალ ბორბალს ვქმნით და ყოველივე ამას გამოვრიცხავთ და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, რომ აღარაფერი გვრჩება, რადგანაც ბლიუზი თურმე ერთფეროვანია და რაღა დროის ბი ბი კინგია, ჯიმი ჰენდრიქსი მაგარი იყო თავის დროზე, მაგრამ დღესდღეობით კისერშია ამოსული და მისი სოლოების დაკვრა ყველა გიტარისტს ხელეწიფება! რაღა დროის კოლტრეინია და მისი 20–წუთიანი ტვინის მჭამელი კომპოზიციები, ბითლზს უკვე თურმე აღარსად უსმენენ და თვით ლივერპულშიაც კი არ გაუგიათ... 

მაგრამ რა ვუყოთ როლინგ სთოუნზს, აღარ მოვიდა დრო, რომ ლეგენდარული ხუთეულის უახლესი სინგლი რომელიმე FM-მა “გააპიაროს”, ან, ბოლოს და ბოლოს, ერიკ კლაპტონის ახალი - ფანტასტიური სტუდიური ალბომი ოდნავი ყურადღების ღირსად გახადოს? ეს ალბომი ხომ არაა სლეშისა და ოზი ოსბორნის მსგავსი “ჯაგაჯუგი”, რომელიც რეკლამის პოტენციურ დამკვეთს დააფრთხობს და გააქცევს? “მადლობა ღმერთს, რომ მძლავრი აკორდებისთვის შემოინახა ადგილი დედამიწაზე” - ეს ფანტასტიური სიტყვები აეროსმიტის სტივენ ტაილერს ეკუთვნის, მაგრამ მას ეტყობა, რომ არც გაუგია ჩვენი ქვეყნის შესახებ. მოდით გავაგებინოთ და, ამისათვის ჩვენც გავაჩინოთ მძლავრი აკორდებისთვის სულ პატარა ალაგი მაინც ჩვენს ქვეყანაში...