იყო ართი ჭკვერი ბოში (მეხუთე ნაწილი)

იყო ართი ჭკვერი ბოში (მეხუთე ნაწილი)

 

ვგრძნობ, რომ აშორდიას თავგადასავალის ყოველი მომდევნო ნაკვეთის გაცნობის შემდეგ მკითხველი, ერთგვარად გულნაკლული რჩება, რადგან პასუხს ვერ პოულობს მისთვის საინტერესო კითხვაზე - კი, მაგრამ, ქალები?!

მართლაცდა, განა ოდესმე არსებულა ქვეყნად ისეთი თაღლითი, ვინც ღვთის მიერ ბოძებულ ტალანტს მხოლოდ ფულების გაკვაჭვა-გაიმასქნებაში გახარჯავდა? ასეთი ადამიანების ცხოვრება ხომ ყოველთვის აღსავსე იყო ბობოქარი ამურული თავგადასავლებით! ისინი ხომ ცხვირსახოცებივით იცვლიდნენ პარტნიორებს! განა ჩვეულებრივ, თუნდაც გამორჩეული შარმის მქონე ქალბატონებს შეეძლოთ ხანგრძლივად დაემკვიდრებინათ ადგილი დიდი კომბინატორის მსგავსი მამრების გვერდით? ამისთვის მხოლოდ ხორციელი სილამაზე და შინაგანი სიმხურვალე არ იყო საკმარისი. 

სოლომონის შესაფერისი მდედრი გამორჩეული პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომლის გვერდითაც იგი არა მხოლოდ სულის შვებასა და სიამეს იგრძნობდა, არამედ ახალი შემოქმედებითი იდეებითაც აღივსებოდა. ტრივიალური ჭეშმარიტებაა - ქალებში წარმატებული მამაკაცი იშვიათადაა წარუმატებელი სხვა საქმეში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გვაძას ბოშის გვერდით, სხვადასხვა დროს, უეჭველად იქნებოდა/იქნებოდნენ მისი სარეცელისა და შფოთიანი წუთისოფლის გამზიარებელი მანდილოსანი/მანდილოსნები...

ჰო, მაგრამ ერთია ლოგიკა და ვარაუდი, მეორე კი ის - რა ვიცით კონკრეტულად აშორდიას ცხოვრების თანამგზავრი ქალბატონების შესახებ?

სამწუხაროდ, გვაძას ბოში არც სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე იყო, არც თვალსაჩინო ლიტერატორი, რომ თავისი პლუტარქე თუ არა, იონა მეუნარგია მაინც ჰყოლოდა. თანაც, საქმეს მოჰყვა და, მისი ავანტურებით აღსავსე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოდან ათასობით კილომეტრით დაცილებულ მხარესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ადამიანები, რომლებიც, ასე თუ ისე, ინფორმირებული იყვნენ დიდი კომბინატორის ბიოგრაფიის პიკანტური დეტალების შესახებ, დიდი ხანია, ცოცხლები აღარ არიან. მართალია, დოკუმენტური წყაროებიდან ჩვენამდე შვიდტომიანმა სასამართლო საქმემ მოაღწია, მაგრამ, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც გამოძიება და არც მსაჯულები სოლომონის დიაცებით არ დაინტერესებულან. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო - რატომაც. აშორდია ჭკვიანი, ზედმეტად ფრთხილი და ეჭვიანი კაცი იყო. მას კარგად ჰქონდა ათვისებული ჯერ კიდევ ადამის დროიდან ნაცადი პრინციპის ჭეშმარიტება - საქმე და განდობილი ქალი ერთმანეთთან შეუთავსებელი კატეგორიებია. იცოდა და იცავდა კიდეც ამ პრინციპს, სანამ ერთხელ (და ერთადერთხელ) არ დაარღვია იგი, უფრო სწორად - დაარღვევინეს... 

დროა, კონკრეტული საფანელი დავუდოთ ამ, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებულ შესავალს, მით უმეტეს, რომ სათქმელი გვაქვს, თანაც როგორი! ქალებთან ურთიერთობაშიც გამორჩეული კოჩი აღმოჩნდა კურზუელი აზნაური. კალთახვავრიელ დიაცებს, რომ იტყვიან, ჭკუა ეკეტებოდათ მასზე. თუ არა და, მითხარი, პატიოსანო მკითხველო, წარსულში ან თანამედროვეობაში, საახლობლოსა თუ საშორეულოში, ბევრი ვინმე გეგულებათ ისეთი, ჯერ მომავალი სიდედრი ჩაეგორებინოს საწოლში, შემდეგ კი მისავე ქალიშვილზე დაქორწინებულიყოს?

სოლომონ აშორდია იყო ასეთი კაცი!

+ + +

მოდით, მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთოთ წარსულში. ვისაც პარადისისის “ბალთაზარ კოსა” წაუკითხავს, ეხსომება, როგორ იყო პაპობამდეც და პაპობის დროსაც ამურულ თავგადასავლებში ჩაფლული ბობოქარი იტალიელი ავანტურისტი. საგულისხმოა, რომ 1414 წლის კონსტანცის საეკლესიო კრებაზე გახმიანებულ და კათოლიკური სამყაროს პონტიფიკოსთან სქესობრივ კავშირში მყოფ ქალბატონებს შორის რამდენიმე წყვილი დედა-შვილიც ერია.

შეიძლება ვინმემ თქვას - დიდი ამბავი, რომელიმე მათგანი ცოლად ხომ არ შეურთავსო.

მართლაცდა, რა მოხდა (პაპიც კაცია, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა და ვნებამოჭარბებულია), გაერთო და მერე სხვასთან გადაინაცვლა. მრუშ ღვთისმსახურთა გალერეაში ბალთაზარ-იოანე არც პირველი იყო, არც უკანასკნელი. ლეო ტაქსილს თუ დავუჯერებთ, წმინდა პეტრეს ტახტზე უფრო აღვირახსნილი ტიაროსნებიც მჯდარან, მაგალითად - ალექსანდრე მე-6 ბორჯია.

თუმცა, დავანებოთ თავი ვატიკანს და საქართველოს დავუბრუნდეთ, სადაც სოლომონის დაბადებამდე ორასი წლით ადრეც მოხდა მსგავსი ფაქტი.

ეს საჩოთირო ეპიზოდი, რომელიც აშორდიას ბიოგრაფიულმა ქრონიკამ გამახსენა, კარგადაა ცნობილი ისტორიკოსთა შორის, თუმცა, ვეჭვობ, ფართო მკითხველი საფუძვლიანად იყოს ჩახედული მის პიკანტურ დეტალებში. საქმე ეხება მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთ საქართველოს შფოთიან ეპოქას, პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ქაოსისა და ზნეობრივი დეგრადაციის აპოგეას, როცა იმერეთისა და გურია-ოდიშის მესვეურთა ცილობის საგანი არა მხოლოდ ქუთათისის სამეფო ტახტი, ბაგრატოვანთა ერთი ულამაზესი ასულიც გახდა. ამ თვალ და პირმშვენიერი ბანოვანის საწოლში ჩაგორების ჟინმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ლიხთიმერეთის პოლიტიკური ცხოვრება თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში.

ხსენებული ქალბატონი თამარ ბაგრატიონი გახლდათ, შაჰ ნავაზად წოდებული ვახტანგ მეხუთის ძმისშვილი, რომელიც მეფემ 1661 წელს, იმერეთის შემომტკიცებისა და ოდიშიდან მისთვის არასასურველი ვამიყ დადიანის გაძევების შემდეგ ახლადგამთავრებულ ლევან მესამე დადიანს მისცა ცოლად.

იმდროინდელი პოლიტიკური ბატალიების დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი. ქვეყანაში ატეხილი შინაომის ჩასაცხრობად იმერეთის დიდებულებმა კათოლოკოს სვიმეონ ჩხეტისძის თაოსნობით უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ულამაზესმა თამარმა ქმრისთვის საწოლის ხეირიანად გათბობა ვერ მოასწრო, რომ ლევან დადიანს წაჰგვარეს და ქუთაისის ტახტზე ახლადგამეფებულ ალექსანდრე მესამეს შერთეს (მანამდე ეს უკანასკნელი თეიმურაზ პირველის შვილიშვილ ქეთევანზე იყო დაქორწინებული), გაწბილებული ოდიშის მთავარი კი იმავე ალექსანდრეს დას - თინათინს დააჯერეს.

ცხელსისხლიანი და შუბლგახურებული გურულების ამბავი ყველას მოგეხსენებათ. გიორგი გურიელი, თამარი რომ იხილა, გადელდა და, ლამის, გააბდლდა კაცი. არ ვიცი, ნესტანის პირველად მნახველი ტარიელივით რეტი დაესხა თუ არა, მაგრამ დედოფლის ნდომამ მთელ ტანში დაუარა და სახსრებში დააჟრიალა. რა არ იღონა ყაზილარმა მის დასასაკუთრებლად, ახალციხის ფაშას ჩოქვით ეახლა, კაი გვარიანი ქრთამიც შეაძლია - შენი საუკუნო ყმა ვიქნები და აჩიკბაშების ქვეყანასაც ფეხქვეშ დაგიფენ, ოღონდ მაი ციცა მე მიწყალობეო. საცოდავმა ბაგრატ მეფემ მანამ ვერ მოიშორა თანამეცხედრის მოცილე მთავარი, სანამ საკუთარი ასული დარეჯანი არ გაატანა ცოლად და ზედ მსუყე მზითევიც მიაყოლა.

ამ დღიდან მოყოლებული დასავლეთ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა და გაუარესდა, გარდა ერთისა - თამარ ბაგრატიონის სილამაზეს წლების მატებამ ვერაფერი დააკლო. რაც უფრო სიმწიფეში შედიოდა ეს ვნებიანი ბანოვანი, მით უფრო იზრდებოდა მისი დაუფლების ჟინი ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის. აქეთ, უკვე სიძედ მოკიდებული გიორგი გურიელი ვერ ივიწყებდა სასურველ სიდედრს, იქით ყოფილი ქმარი ლევან დადიანი შფოთავდა - ეს რა მიქნა კათოლიკოსმა, რა მარგალიტივით ქალს დამაშორაო და გეგმებს აწყობდა ნაცოლარის დასაბრუნებლად. ბედმაც გაუმართლა, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. 

1678 წელს მეფე-პოეტმა არჩილმა, კაცმა არ იცის, მერამდენედ, იმერეთის ტახტი დაიბრუნა, გაქცეულ ბაგრატს თამარი წაჰგვარა და მოკავშირე ოდიშის მთავარს დაუბრუნა. თუმცა, დიდხანს ვერც მეორედ მოათია ზუგდიდის სასახლეში ხანი ამ უკანასკნელმა. მეფე ბაგრატი გიორგი გურიელისა და არზრუმის ფაშას დახმარებით ისევ დაბრუნდა ქუთაისში, შემდეგ დადიანზე გაილაშქრა და სანუკვარი მეუღლე უკანვე დაიბრუნა.

ამით როდი დამთავრდა ეს უცნაური თამარიადა ლიხთიმერეთში. 1681 წელს, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი გურიელის გულში კიდევ ერთხელ იფეთქა სიყვარულის ალმა. დაქვრივებული სიდედრის ეშხით შეპყრობილმა სიძემ ფიცხლად შეჰყარა ლაშქარი, საჯავახოს ვიწროებიდან იმერეთში შეიჭრა, ტახტსაც დაეუფლა და თამარსაც, თუმცა, როგორც კანონმორჩილ არისტოკრატს შეშვენის, მანამდე, სჯულიერ მეუღლეს, იმავე თამარის ასულ დარეჯანს გაეყარა.

ორი წლის შემდეგ, ოსმალეთის ხონთქრის ბრძანებით, ქუთაისში ბაგრატის ვაჟი ალექსანდრე მეოთხე გამეფდა. გურიელი გურიაში გაიქცა, თამარმა კი ზუგდიდს მიაშურა, რათა ოდიშარნი ტახტზე ასული გერის წინააღმდეგ აემხედრებინა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და 1683 წელს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, უფალს მიაბარა ცოდვილი სული. კაცმა არ იცის, ბუნებრივი სიკვდილი ეწვია დედოფალს თუ ვინმე წაეხმარა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში ძლივს დასრულდა ცილობა თამარსა ზედა და უხილავმა ავტორმა ბოლო წერტილი დაუსვა პოემას - “სიძე-სიდედრიანი”.

+ + + 

მკითხველმა მომიტეოს, საკმაოდ ვრცელი ისტორიული ექსკურსი გამოგვივიდა, მაგრამ გურიელ-დადიან-ბაგრატოვანთა დავა თამარის გულისა და ხელის დასაუფლებლად ტყუილად როდი გავიხსენე.

როგორც ვხედავთ, დედა-შვილის სიყვარულის ვერდამთმობ აშორდიას შორეული წინამორბედი ჰყოლია შფოთისთავი გურიელის სახით. მოდგმით გლეხი, მაგრამ სულით არისტოკრატი, თვითონაც დიდებული წინაპრების ნაკვლევზე დადიოდა. დიდი კომბინატორი მათ ბაძავდა ყველგან და ყველაფერში - მარიფათში, ჩაცმულობაში, დროსტარებასა და ფულების ფლანგვაში. ერთი კია, ნამდვილ არისტოკრატებზე ჭკვიანი და კეთილშობილი გახლდათ გვაძას ბოში. ისინი, როცა ფარა შემოელეოდათ, ყმა გლეხებს ჰყიდდნენ, უკეთეს შემთხვევაში - ერთმანეთს, უარესში - თურქ ვაჭრებს. სოლომონიც ჰყიდდა, ოღონდ საკუთარი გარჯითა და ოფლით შექმნილ პროდუქციას - ყალბ სიგელ-გუჯრებს, საბანკო ჩეკებს, კონოსამენტებს, “პროპუსკებს”... ჰყიდდა და მიათრევდა მღელვარე წუთისოფელს. დედა-შვილთან ურთიერთობაშიც, ზნეობრივი თვალსაზრისით, მთლად ფსკერამდე არ დაცემულა გურიელივით. დედასთან არაოფიციალურად იყოფდა სარეცელს, იგი ცოლად არ შეურთავს და, როგორც ამბობდნენ, შვილზე დაქორწინების შემდეგ (დამთხვევაა თუ ბედის ირონია, მასაც თამარი ერქვა სახელად) მისკენ ერთხელაც არ გაქცევია ავხორცული მზერა (ესეც “შეღავათია”, ალბათ).

+ + + 

საბედნიეროდ, სასამართლო მასალებში დაფიქსირებულია იმ ქალბატონის ვინაობა, რომელმაც გამორჩეული როლი ითამაშა აშორდიას ცხოვრებაში - ნინა ჯოხაძე. ძნელი სათქმელია, რა ქარმა მოისროლა იმერელი გლეხის ხოსია იაშვილის ასული შორეულ აღმოსავლეთში (ჯოხაძე მისი ყოფილი ქმრის გვარი იყო), მაგრამ ბედის ნებიერი რომ გახლდათ, ფაქტია. დახვეწილი მანერებისა და მაცდური გარეგნობის მქონე მანდილოსანი ოსტატურად თამაშობდა მაღალი წრის ქალბატონის როლს (გლეხურ წარმოშობას მალავდა და თავადიშვილობაზე დებდა თავს, თუმცა, ცნობილი არაა, შეიტანა თუ არა რაიმე წვლილი თავის დროზე გვაძას ბოშმა მომავალი გულის მურაზის გაკეთილშობილებაში) და, როგორც ამბობდნენ, ვლადივოსტოკის მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა. მას ხშირად ხედავდნენ კომერსანტების, ბანკირების, სამოქალაქო თუ სამხედრო ელიტის გარემოცვაში, სულ რაღაცას ჩალიჩობდა და აგვარებდა, მავანთ რეკომენდაციას აძლევდა მავანებთან (არც თუ უანგაროდ, ცხადია), მავანთაგან კი, პირიქით - თვითონ იღებდა რეკომენდაციებს ზემდგომი მავანების წინაშე წარსადგომად. ერთი სიტყვით, ნინა ჯოხაძე საქმიანი და მაღალ საზოგადოებაში მიღებული ქალი იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისის ძირმომპალ და კორუფციის მეტასტაზებით დასნებოვანებულ იმპერიაში მისი ქალური შარმი ალმასივით ჭრიდა. 

ცნობილია, რომ გავლენიანი მანდილოსანი დაახლოებული იყო შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ თუ მასავით ბედის საძიებლად ჩახეტებულ ქართველებთან, განსაკუთრებით - ზემოთ ხსენებულ სოკრატ იოსელიანთან. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით გაიცნო მან ჩიტადან ვლადივოსტოკში ჩასული აშორდია და მათი დაახლოება მალევე დასრულდა იმით, რითაც მთავრდება ხოლმე ლამაზი ქალ-ვაჟის კურკური. ცოტა ხნის შემდეგ სოლომონმა ნინასთან გადაინაცვლა სასტუმრო “ხარკოვსკიე ნომერას” კეთილმოწყობილ აპარტამენტებში. სასიყვარულო ინტრიგებში ჭიპმოჭრილმა ჯოხაძის ქალმა მთელი პროფესიული გამოცდილება გამოიყენა და საწოლში ისეთი ქარიშხალი დაატრიალა, მრავლის მომსწრე და მნახველ დიდ კომბინატორს კარგა ხნით დაუკარგა სხვა მდედრებისკენ გახედვის სურვილი.

ვლადივოსტოკის ქართველობაში ხმები დადიოდა, რომ ნინა ჯოხაძე აშორდიას სპეციალურად შეუჩინა იოსელიანმა, რათა მისი მეშვეობით მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა გვაძას ბოში. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ აბეზარი და ანგარი თანამემამულეებისგან შეწუხებული სოლომონი პერიოდულად ცდილობდა ხოლმე მათგან თავის დაღწევას, რამდენჯერმე გააკეთა კიდეც ეს, მაგრამ მზირთა მახვილ თვალს ვერსად დაემალა. საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ იოსელიანის “შაიკა” სწორედ ჯოხაძისგან იღებდა ინფორმაციას აშორდიას გადაადგილების შესახებ. შესაძლოა, სასიყვარულო ტკბობის წუთებში სახელგანთქმული გამყალბებელი საკუთარი გეგმების შესახებ ზედმეტად ეგულახდილებოდა კიდეც ერთგულ ნინიკოს. ამდენად, პატარა სოკრატემ ზეპირად იცოდა არა მხოლოდ ის, სად იყო და რას საქმიანობდა მოცემულ მომენტში მანჯურიელ ქართველთა უზრუნველი ცხოვრების გარანტორი, არამედ ისიც - რა ჰქონდა სამომავლოდ ჩაფიქრებული გაიმასქნებისა და კომბინაციების უებრო დიდოსტატს.

+ + + 

აშორდიას ცხოვრების შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოცემული პიკარესკული რომანის ავტორი ელგუჯა თავბერიძე დიდი კომბინატორის კიდევ ერთი სასიყვარულო გატაცების შესახებ გვიამბობს, რომელიც საფრანგეთის კონსულის ქალიშვილთანაა დაკავშირებული.

დეტალურად არაა ცნობილი, როდის და რა ვითარებაში გაიცნეს ახალგაზრდებმა ერთმანეთი. ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ სოლომონს ეს ქალიშვილი წრფელი გულით უყვარდა (უფრო იმ აზრისკენ ვიხრები, რომ შვილთან რომანი მამასთან დაახლოებას და მორიგი თაღლითური კომბინაციის გეგმებს უკავშირდებოდა), სამაგიეროდ, მეოცნებე “ფრანცუჟანკას” ჩაუვარდა გულში ხელგაშლილად მცხოვრები და ქორისებრ გამომზირალი კავკასიელი “თავადი” (ხომ არ გაგახსენდათ მსგავსი ეპიზოდი “კვაჭი კვაჭანტირაძიდან”?). ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მან დაქორწინება და პარიზში გამგზავრება შესთავაზა გვაძას ბოშს, რაზეც ამ უკანასკნელისგან კატეგორიული უარი მიიღო.

შნოიანი ცხოვრების მოტრფიალე კურზუელი ყაძახის შთამომავალმა, თვითონ გააზნაურებულმა და თავადობაზე თავის დამდებმა დარდიმანდმა ყმაწვილმა მსოფლიო ხელოვნებისა და კულტურის მექად აღიარებულ პარიზზე თქვა უარი და ერთსართულიან, ნესტისგან ჩამპალ-ჩახავსებულ ვლადივოსტოკში დარჩენა ამჯობინა.

ჯოხაძის ქალმა თუ იგრძნო კონკურენტისგან მომდინარე საფრთხე და დროულად მოზიდა აღვირი? ან, იქნებ, რამსები აერია ყალთაბანდების უსტაბაშს?

ვითომ, ასეა? ვითომ, მართლა შეეშალა გათვლა და ანგარიში აშორდიას? ვითომ, მართლა ვერ მიხვდა, რომ გავლენიანი სიმამრის მეშვეობით პარიზის მაღალ საზოგადოებაში შეეძლო შეღწევა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზება?

ცხადია, არა! დიდი კომბინატორი საკმარისად ჭკვიანი იყო საიმისოდ, რომ საკუთარი თავისთვის უკეთეს პერსპექტივაზე უარი არ ეთქვა და თუ თქვა, ამ დასკნამდე ცივი ანალიზის შედეგად მივიდა.

მართლაცდა, რა უნდა ეკეთებინა თაღლითად დაბადებულ ქართველ კაცს საფრანგეთში? ფერწერის მას არაფერი ესმოდა, არც აღორძინების ხანის ოსტატები აინტერესებდა, არც იმპრესიონისტები, თორემ ბაგრატიონების გუჯართა გამყალბებელს ტინტორენტოს, კოროს და პისაროს ასლების დამზადება გაუჭირდებოდა?

ეს ოხერი, არც “პარლე ვუ ფრანსე” და “ორევუარ” იცოდა, რომ რომელიმე ანრის, ფრანსუას ან ლუდოვიკოს მიერ გაცემული წყალობის სიგელი გაეყალბებინა და ამით ტკიცინა ფრანკები მოეთიბა. კიდეც რომ მოეხერხებინა, სად ნახავდა უცხო ქვეყანაში გაგრაფება-გაბარონება-გამარკიზება-გავიკონტების მოსურნე ყაძახებს? ფრანგული ბანკების დაცულობის ხარისხი რუსულებისას ბევრად აღემატებოდა, რის გამოც ყალბი ჩეკებით დიდი ფულის მოხსნის შანსი მინიმალური იყო, ჩავარდნისა კი - დიდი. ვერც ბაქოსა და ომსკის ციხეთა უფროსებივით ბრიყვ მოხელეებს ნახავდა პარიზში, რომლებსაც მის მიერვე შედგენილ ოფიციალურ წერილებს შეუგზავნიდა და თავს გაათავისუფლებინებდა. სხვა რა დარჩა? ყალბი “პროპუსკები” შეედგინა? სად ან ვისთვის? საფრანგეთი იაპონიასთან არ ომობდა და არც აპირებდა... არც ფრანგული კონოსამენტებისა ესმოდა რამე.

ერთი სიტყვით, გვაძას ბოშმა სწორად განსაჯა. მისი სტიქია რომანოვების რუსეთი იყო - გონებაჩლუნგი ბიუროკრატიისა და წრეგადასული კორუფციის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა. აქ ჰქონდა გასავალი ყველა ჯურის კომბინატორსა და ავანტურისტს. აქ გრძნობდა თავს სოლომონი, როგორც თაგვი ბეღელში და საფრანგეთის კონსულის ქალიშვილი კი არა, მშვენიერი ელენეც ვერ აიძულებდა, დაეტოვებინა ეს მიწიერი სამოთხე.

სწორედ ამის გამო სტკიცა აშორდიამ უარი პირმშვენიერ კლოზეტას და ნინა ჯოხაძე არაფერ შუაშია.

სავარაუდოდ, დიდმა კომბინატორმა ლათინური არ იცოდა და არც იულიუს კეისრის შესახებ გაეგო რამე, მაგრამ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ მაცდური წინადადების შემდეგ მიიღო, ნამდვილად იყო რაღაც კეისრული...

”ალეა იაკტა ესტ!” - რუბიკონის ნაპირთან ჩაფიქრებული კონსულივით შესძახა გვაძას ბოშმა და რუსეთ-ჩინეთის ბანკის ვლადივოსტოკის განყოფილებიდან დიდი ფულის მოსახსნელად საჭირო ყალბი ჩეკების დამზადებას შეუდგა.

(გაგრძელება იქნება)