როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ის არ არის პოლიტიკოსი და არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, თუმცა ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობისა და პოლიტიკური ვითარების გამო, პოლიტიკაში წასვლას აპირებს.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე და იმაზე, თუ როგორ და სად ხედავს საკუთარ თავს იგი მომავალში Presage.tv გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გია ხუხაშვილი: „პირველ რიგში უნდა დავისვენო და ვიფიქრო. ბევრი ფიქრის საშუალება უნდა მქონდეს და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რამეზე ჩამოვყალიბდები. წინასწარ რომ გითხრათ, ასეთი ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. მაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ ბოლომდე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ფაქტია, რომ ვიქნები ძალიან აქტიური ამ პროცესში, მაგრამ რა მიმართულებით და როგორ, ამაზე ჯერ უნდა ვიფიქრო.
ბატონო გია, რას უკავშირდება თქვენი ეს გადაწყვეტილება?
- ჩემს გადაწყვეტილებას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტური მიზეზი ალბათ გახლავთ ის, რომ (ძველი ამბავია პრინციპში) მე ეს ქვეყანა არ მეჯავრება. მეორე გახლავთ, შედარებით ახალი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ეს არის ობიექტური მიზეზები. რაც შეეხება სუბიექტურს, სუბიექტური არის ის, რომ ძალიან ბევრი ინსინუაციებია ჩემი პერსონის ირგვლივ ამ ბოლო დროს. როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, მაღალრეიტინგული ფიგურა გავხდი, მათ შორის პროპაგანდის ხელში. შეიძლება ითქვას, ეს გახდა კატალიზატორი, თუმცა მე ამის გარეშეც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ინსტიტუტის მიზნები არ შეიძლება იყოს ძალიან აქტიური, რომ არ დაგწამონ პოლიტიკური მიზნები. როგორც ჩანს, მე ამ ზღვარზე დავდექი, თუმცა აქვე გეტყვით, რომ არ ვაპირებ გრძელვადიან პოლიტიკაში შესვლას. მე არ ვარ პოლიტიკოსი კლასიკური გაგებით, ანუ იმ ამბიციით, რომ ხელისუფლებაში მოვიდე. ეს ალბათ არის რამდენიმეთვიანი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც გაგრძელდება არჩევნებამდე. იმედი მაქვს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული პროცესის სივრცე შეიქმნება და მე ჩემს ფუნქციას ამ მომენტისთვის ამოწურულად გამოვაცხადებ (ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს) და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას.
თქვენი ეს განცხადება, რომ არჩევნებამდე შეიძლება იყოთ პოლიტიკაში, ცოტა ბუნდოვანია. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი პოლიტიკაში, შეიძლება რომელიმე პარტიის წევრი გახდეთ თუროგორ?
- ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე გავხდე რომელიმე პარტიის წევრი, თუმცა შეიძლება აქტიური ვიყო რომელიმე პოლიტიკური ძალის საზოგადოებრივი შემადგენლის სახით. მე არ ვარ პატარა ბიჭი, რომ ამ ასაკში დავიწყო პარტიული მოღვაწეობა. ეს ძალიან სასაცილო იქნებოდა. აქედან გამომდინარე, უფრო ასე ვხედავ ჩემს თავს. თუ ვისთან და რა ფორმით, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული.
რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თუ აწარმოებთ მოლაპარაკებას?
- შეიძლება ამ წუთისთვის მქონდეს გარკვეული სიმპათიები, მაგრამ პრინციპში ნებისმიერთან ვისაუბრებ, ალბათ, ვინც იზიარებს იმ ფუნდამენტურ განწყობებს, რომელიც მე მაქვს - დასავლური ფასეულობები (ფასეულობათა დონეზე ვამბობ, და არა გეოგრაფიული), ეკონომიკაში თავისუფალი ბაზარი და სამართლებრივი სახელმწიფო. ვინც ამ მიმართულებით არა დეკლარირებულად, არამედ რეალურად წავა და მე ამას დავინახავ, ალბათ, იმ პოლიტიკურ ძალასთან მექნება მოლაპარაკება. ასეთი საბედნიეროდ რამდენიმე პოლიტიკური ძალაა ამ ქვეყანაში, ყოველ შემთვევაში, მათ დეკლარირებული აქვთ ეს ფასებულობები და მე ყველაზე ვიფიქრებ.
პირდაპირ გკითხავთ, მას შემდეგ რაც თქვენ გააკეთეთ განცხადება პოლიტიკაში წასვლის შესახებ, მუსირებს აზრი, რომ თქვენ შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ გიხილოთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- თუ „ქართულ ოცნებაში“ პარტიას გულისხმობთ, პარტიაში შესვლას არ ვაპირებ.
თეორიულად „ქართული ოცნება“ დასაშვებია, მაგრამ რა დააშავეს მაგალითად მემარჯვენეებმა? ასე შემოგიტრიალებთ კითხვას. ჯერ-ჯერობით, არჩევანის საშუალება მაქვს, ჯერ შევხედავ ყველას და შემდეგ გავაკეთებ არჩევანს.