მიხეილ მაჭავარიანის ძმა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას გეგმავს?

მიხეილ მაჭავარიანის ძმა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას გეგმავს?

For.ge-ის ინფორმაციით, მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ვანო მაჭავარიანი „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებას გეგმავს. მართალია, ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

იმის გამო, რომ ვანო მაჭავარიანი საპარლამენტიო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში თავად ვანო მაჭავარიანიც ხელისუფლების გუნდის წევრი იყო დიპლომატიურ სამსახურში.

როგორც არაოფიციალურად ამბობენ, იმ ელჩების მსგავსად, რომლებიც დღეს ალასანიას გუნდის წევრები არიან, ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ გარკვეული საკითხების გაპროტესტებას არ ერიდებოდა და მორჩილად არ ეთანხმებოდა ყველაფერს. სხვათა შორის, არსებობს ინფორმაციაც, რომ ამის გამო მას გარკვეული უთანხმოება მიხეილ მაჭავარიანთანაც ჰქონდა.

როდესაც ირაკლი ალასანია პარტიას ქმნიდა, სამთავრობო კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ მასთან ვანო მაჭავარიანიც აპირებდა გაწევრიანებას, თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ძმის გამო არ მიიღო.

ცხადია, თუ იგი ოპოზიციაში წავიდოდა, მაშინ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერსა და უმრავლესობის ლიდერს გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა.

გამორიცხული არაა, რომ ეს ფაქტორი აფერხებდეს ვანო მაჭავარიანს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. არადა, არსებობდა ინფორმაცია, რომ მისი წარდგენა „ქართული ოცნების“ საბჭოს წარდგენისას უნდა მომხდარიყო და ეს იქნებოდა ერთ-ერთი სიურპრიზი. მაგრამ, ფაქტია, ამ დღეს არც მისი წარდგენა მომხდარა და ამაზე საერთოდ არაფერი თქმულა.

თავად ვანო მაჭავარიანს კი ამ საკითხზე შემდეგ რამეს ამბობს: „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანება ჩემთვის არავის შემოუთავაზებია და ამიტომ, ამ თემაზე საუბარიც კი არ ყოფილა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა Presage.tv -სთან საუბრისას.