უინტერესო პარლამენტის საინტერესო სხდომა

უინტერესო პარლამენტის საინტერესო სხდომა

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა საქართველოს უინტერესო პარლამენტში მართლაც საინტერესო გამოდგა. ეს იყო ის შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს თუ რა ძალა აქვს სიტყვას და სიმართლეს. არავისთვის სიახლე არ არის, რომ მართველი ელიტა ძირითადად განუხორციელებელი და უსარგებლო „რეფორმების“ შემოქმედია, მაგრამ  ეს დღე განსაკუთრებული კრახით დასრულდა მათთვის. გმირების ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ დღესაც ჰყავდა ორი გმირი და ერთი ანტიგმირი. გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას მძაფრ კრიტიკას მოუმზადებლად შეხვდა ნაციონალური ელიტის „დაუმარცხებელი“ ფალავანი და მოხდა ის, რაც ადრეც მომხდარა, მან ბრძოლის ველი მიატოვა.

კრიტიკის 15 წუთი

ოპოზიციონერ დეპუტატებს კრიტიკისთვის 15 წუთი ჰქონდათ, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის (რომელიც დებატების რეჟიმს გადაჩვეულია) მდგომარეობიდან გამოსულიყო და ჩვენ  პირდაპირ ეთერში, დიპლომატების თანდასწრებით, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვიხილეთ როგორ ემუქრებოდა პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი დეპუტატს. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, მას როგორი შინაარსის „ბრძანების“ გაცემა შეუძლია მაშინ, როცა დაცულია ამ „ბრძანების“ კონფიდენციალურობა.

აპლოდისმენტები სხდომათა დარბაზში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ალბათ ყველაზე უინტერესო ფიგურაა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. იგი ერთგვარად ქართული პარლამენტს განასახიერებს. არც მას და არც პარლამენტს არავინ არაფერს ეკითხება. თუმცა წლიდან წლამდე ერთი ფუნქცია ხელის ხელზე დატყლაშუნება მაინც შემორჩათ და ეს შანსი არ გაუშვეს ხელიდან. მერე რაა, რომ აპლოდისმენტები მუქარის შემცველი  შინაარსის სიტყვებს მოჰყვა და ეს ამორალურად ჩანდა, ფუნქცია ფუნქციაა და უნდა შესრულდეს.

დაზიანებული ინტელექტი

არსებობს სახელისუფლებო მოსაზრება და ამ  მოსაზრების განმარტებისთვის გამოყოფილი თანხებიც, რომელსაც პატრონიც ყავს, მას „ექსპერტი“ ჰქვია. ექსპერტი ჩვენს რეალობაში ერთი „უბრალო“ კაცია, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და მასაც ჰყავს გმირი და ეს გმირი მუდმივად მართალია. ექსპერტების ნაც. ნაწილმა, რომლებიც ყველაფერს ხედავენ საპარლამენტო გამოსვლაშიც შენიშნეს პოზიტივები. ანგარებით დაზიანებული ინტელექტი მოიხმეს და თქვეს რაც სათქმელი იყო, „ეს იყო ძლიერი ლიდერის ნათელი გზავნილები“ - ალავერდი ნაც. არხებს!  რაში შესცდებიან ექსპერტები?!

აკრძალული ოცნება

სხდომაზე იყო კიდევ ერთი კონტექსტი, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით. სახელისუფლებო აზროვნებაში სიახლეა, მათი გმობის ობიექტი ამჯერად უკვე აღიარებული მილიარდერია, რომლის სახელის ხსენებასაც კი ვერ ბედავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თუმცა ყველაფერი ნათელია, დადგა ახალი ეტაპი და ამ ეტაპს პირობითად აკრძალული ოცნებების ხანა ჰქვია. მინაშვილის მუქარა უტოპიას გასცდა და იგი ყველა ჩვენგანის აზროვნების მატრიცაში შემოიჭრა და აგვეკრძალა ოცნება მომავალზე. თუმცა ეს ოცნება უცნაური რამ არის და იგი განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს. აი, მაგალითად, მე ვოცნებობ (თანაც საჯაროდ), რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდეს ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს მოქალაქეები აღარ ჩურჩულებდნენ სახლებში, ჟურნალისტები ამბობდნენ იმას, რაც რეალურად ხდება, მოქალაქეები არ იხოცებოდნენ პოლიციის შენობებში, ბიზნესი იყოს თავისუფალი და მასწავლებელი  უფრო თამამი ვიდრე არის დღეს, ქვეყანაში იყოს თავისუფლებისა და პერსპექტივის განცდა.