„ქართული აკადემიის“ განცხადება

„ქართული აკადემიის“ განცხადება

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამოვყოფთ, ჩვენი აზრით, ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტს:

ა) იგორ ივანოვთან და რუს ექსპერტებთან მიუნხენში საქართველოს დელეგაციის გასაიდუმლოებულ შეხვედრას საზოგადოებისათვის უცნობი თემატიკითა და შედეგებით;

ბ) მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო საპარლამენტო გამოსვლაში რუსული ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის იგნორირებას;

გ) ოკუპანტ სახელმწიფოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად მოხსნას;

დ) სახელისუფლებო მედია-პროპაგანდის მიერ შერისხული, რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ზურაბ წერეთლის ჩამოსვლას საქართველოში და სააკაშვილის მიერ მის მიმართ გამოჩენილ ხაზგასმულ ყურადღებას და სხვ.

ყოველივე ეს იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დასავლეთის პოლიტიკური წრეებით იმედგაცრუებული სააკაშვილი ეძებს გზებს რუსეთის ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოსანახავად.

ჩვენ არა ვართ და ვერც ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების წინააღმდეგნი. თუმცა ეს უნდა ხდებოდეს ღიად და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ფორმატში და, ამასთანავე, დაისმის კითხვაც: მოწესრიგება რის ფასად?

სრულიად აშკარაა, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ეცდებიან ნებისმიერი საშუალებით, - მათ შორის, უკანონო მეთოდებითაც და თვით საერთაშორისო იზოლაციის ფასადაც კი, - შეინარჩუნონ ძალაუფლება და ამით აიცილონ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ ქართველი ხალხი დააკისრებს დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო.

ზემოხსენებულ „საშუალებებს“ შორის, ადვილი შესაძლებელია, იგულისხმებოდეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ქვეყნის დაბრუნება რუსული გავლენის ორბიტაზე, რაც სხვა არაფერი იქნება, თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების პირდაპირი ღალატი.

საგანგებოდ მივმართავთ ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ესმით დასავლური პოლიტიკური კურსის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავლისათვის - იყავით ფხიზლად, საბოლოოდ ნუ დაასამარებთ თქვენს ისედაც შეცდომებითა და ცოდვებით დამძიმებულ პოლიტიკურ ცხოვრებას.