„ქუჩის აქციები დედამიწაზე არავის უარუყვია, ჩვენი „გენიალური“ ოპოზიციის გარდა“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე Presage.tv-სთან საუბარში და იმავდროულად, საარჩევნო გარემოს სრულყოფისთვის ბრძოლაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში თქვენი პარტიის ჩართვა როგორ გესახებათ და აპირებთ ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებას?
- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში ჩვენ პირველვეი დღიდან ვიყავით ჩართულნი. ფორმალურად, ჩვენ ამ პროცესს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა ჩამოგვაშორეს, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ.
კონკრეტულად როგორ ჩამოგაშორეს?
- მინდა შეგახსენოთ, რომ თავის დროზე იმ ათ ხელმომწერთა შორის, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მოაწერეს ხელი, ჩვენი პარტიის მხარდაჭერაც იყო, ოღონდ, სამწუხაროდ, რატომღაც... რატომღაც კი არა, გასაგები მიზეზების გამო, ცალკეული პოლიტიკური პარტიები დაუღალავად იმეორებდნენ იმას, რომ ბურჯანაძის პარტია აღარ არის ჩართული ამ პროცესში. არადა, ჩვენ ვატარებდით ბრიფინგს, რომ კვლავაც ვიყავით ამ პროცესში ჩართულნი.
„რვიანს“ გულისხმობთ?
- დიახ, „რვიანს“ და შემდეგ - „ექვსიანს“. ჩვენ ვაკეთებდით განცხადებებს, რომ ვართ ამ პროცესში და არსად არ გავსულვართ. ამ დროს კი ცალკეული პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ და, ხელისუფლების დაკვეთით, ახმოვანებდნენ, რომ ჩვენი პარტია აქ არ არის. ამის მიუხედავად, ჩვენი ყველა მოქმედება მიმართული იყო სწორედ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნისთვის.
თქვენთვის დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნას ასეთ პირობებში პერსექტივა აქვს?
- სხვათაშორის, იმავე 21 მაისსაც „სახალხო კრება“ სწორედ ამ მოთხოვნით გამოდიოდა, რომ, დიახ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი-თქო.
ახლაც ხომ იგივე ხელისუფლებაა?
- დიახ, რა თქმა უნდა, და მე კიდევ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ, თუ არ მოხდა ის რადიკალური ცვლილება, რასაც ჰქვია ხუთი კომპონენტი, რომელზეც „სახალხო კრება“ ლაპარაკობდა - მედიის გათავისუფლება, ბიზნესის გათავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტის პრინციპებზე შექმნა და პოლიციის დეპოლიტიზაცია, ჩვენ ოქტომბერში მივიღებთ ზუსტად იმ შედეგს, რა შედეგსაც ვწინასწარმეტყველებდით ჩვენ ბრძოლის პირველი დღიდან; ანუ, ხელისუფლება საქართველოში იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეიცვლება, რომ დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება.
საარჩევნო გარემოს შეცვლის თვალსაზრისით, რამდენად რეალურად გესახებათ დიპლომატიური კორპუსის როლი, თუ ქუჩის აქციების გზა დარჩა?
- ქუჩის აქციების გზა დედამიწაზე არავის უარუყვია, ჩვენი „გენიალური“ ოპოზიციის გარდა, რითაც პირდაპირ წყალს ასხამენ ხელისუფლების წისქვილზე. არც ფრანგებს, არც ბერძნებს, არც ინგლისელებს, არც ამერიკელებს, არც სხვა ერებს... ჩვენს ოპოზიციონრებს რატომღაც ძალიან მოსწონთ ქუჩის აქციები სხვა ქვეყნებში, მათ შორის - რუსეთში, საბერძნეთში... მაგრამ გამორიცხავენ აქციებს საქართველოში. რატომ - ჩვენ რა ისეთი განსაკუთრებულად ცივილიზებული და სუპერცივილიზებული სახელმწიფო ვართ, ან ასეთი რა კეთილშობილური ხელისუფლება გვყავს?! მე მგონი, ყველაზე უარესი ხელისუფლება გვყავს, ვისაც კი დღეს დემოკრატიულობის რაიმე პრეტენზია აქვს.
აქციები არჩევნებამდე თუ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში?
- მანამდეც და შემდეგაც. აქციები რომ ყოფილიყო, ხელისუფლება ვერ შეძლებდა, ვერ გაბედავდა ამ დრაკონული კანონების მიღებას. ხელისუფლებამ გაბედა ის, რაც მას არც ერთხელ არ გაუბედავს, აქამდე მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის „რვიანის“ და შემდეგ „ექვსიანის“ დამსახურება, რომლებიც მუდმივად გვკვებავდნენ იმ ილუზიებით, რომ ხელისუფლება მათთან დიალოგის შედეგად დათმობებზე წავიდოდა.
რაც შეეხება დიპკორპუსს, ვთვლი, რომ მათ გაცილებით უფრო აქტიური როლის შესრულება შეუძლიათ. მეტიც - ჩემი აზრით, საკმარისი არ არის ის როლი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი თამაშობს. მხოლოდ განცხადებები, ისიც კულუარულად, რომ კანონები კარგი არ არის, ასეთი ხელისუფლების პირობებში არ მუშაობს. დიახ, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული არჩევნების გზით, მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ეს დღევანდელ პირობებში, ეს სხვა საქმეა.
ხელისუფლებაში ნამდვილად „ნიჭიერი“ ადამიანები არიან და სათავისოდ იყენებენ არასამთავრობოებისგან წამოსულ ინიციატივას - ხომ ხედავთ, არასამთავრობოების შემოთავაზებები გავითვალისწინეთ და პრეტენზიები არ უნდა იყოსო. კარგა ხანია, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია დაწყებული, ამიტომ არჩევნები რეალურად არჩევნებამდე უნდა იყოს მოგებული.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები არჩევნებამდე მოიგოს. რეალურად, დრაკონული კანონები მიიღეს, რომლებიც ყველა პარტიას, ნაცმოძრაობის გარდა, საარჩევნო პროცესში რეალურ პრობლემას უქმნის. ამიტომ, ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი კომპონენტის გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში რეალური არჩევნების ჩატარება.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საარჩევნო გარემოს შეცვლის მცდელობას პოზიტიურად ვაფასებ, თუმცა, ბუნებრივია, არის პრობლემებიც. მნიშვნელოვანია, რომ მიმართვა გაკეთდება, რომლითაც არასამთავრობოები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, სადაც პრაქტიკულად წერია, რომ არჩევნები დღეს უკვე გაყალბებულია, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, რაც სხვა პარტიებისთვის, პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელია და, გარდა ამისა, იყენებს იმ რესურსებს, რომელიც მას აძლევს განუზომელ უპირატესობას იმ არადემოკრატიულ გარემოში, რა გარემოც ჩამოყალიბებულია ქვეყნაში.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია?
- იმ ინფორმაციების, საინფორმაციო ველის საფუძველზე, რასაც სახელისუფლო ტელევიზიები ახორციელებენ, იმ წნეხის გამო, რაც რეალურად მებრძოლი პოლიტიკური პარტიის და აქტივისტების მიმართ ხორციელდება, იმ გარემოს გამო, როდესაც პოლიცია პოლიტიზირებულია და საერთოდ, იმ გარემოდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია. ავტოკრატიულ და დიქტატორულ სახელმწიფოებში არჩევნებს იგებენ მხოლოდ და მხოლოდ ავტოკრატი მმართველები.
რეალურად მებრძოლი ოპოზიციური პარტია რომელია, თქვენი პარტიის გარდა?
- სახალხო კრება და სახალხო კრებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები. ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს საზოგადოებაში თავიანთი თანმიმდევრული ბრძოლით სწორედ იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დემოკრატიული გარემო, თავისუფალი და დემოკრტიული არჩევნების ჩასატარებლად. რეალურად მებრძოლ პარტიებს, სამწუხაროდ, ძალიან ცოტას ვხედავ. სამწუხაროდ, ჩვენი მისამართით შეიქმნა კლიშე, რომ თურმე ჩვენ საარჩევნო გარემო არ გვაინტერესებს, ეს ტყუილია. მზად ვართ, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები კონკრეტული საკითხების განხილვაში ჩაერთონ.