სისტემა გაჭედილია!

სისტემა გაჭედილია!

პრეზიდენტის ნაქები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სისტემა სრულყოფისაგან ძალიან შორს არის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სისტემა ჭედავს. დიახ, სისტემა ჭედავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნატურალიზაციის წესით მოქალაქობის მინიჭების შესახებ  პასუხი ბიძინა ივანიშვილს უნდა გასცეს. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „განცხადება 905 779 საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე  შესულია 05.01.2012 -  პასუხის  გაცემის ვადაა 14. 02 2012.“  თუმცა,  რეალურად, არათუ 14 თებერვალს,  განცხადებაზე პასუხი ამ მოქალაქეს  დღემდე არ მიუღია.

რეგისტრატორიც და ელექტრონული რეესტრიც ადასტურებენ, რომ პასუხი ჯერ კიდევ 14 თებერვალს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეობის და მიგრაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი ამისულაშვილი პასუხობს:

„5 იანვარს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მართვის სისტემაში განცხადების რეგისტრაციასთან ერთად ვებგვერდზე დაფიქსირდა საქმის წარმოების დასრულების თარიღი (14 თებერვალი),  რისი შესწორებაც არ მომხდარა. გაცნობებთ, რომ ამ ეტაპისთვის ელექტრონული პროგრამა სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს (...) თავდაპირველად დაფიქსირებული ვადის კორექტირებას. აღნიშნულის გამო, ვებგვერდზე განთავსებული განცხადებების ელექტრონულ რეესტრში დარჩენილი იქნა საქმის წარმოების დასრულების თავდაპირველი თარიღი. რაც შეეხება ოპერატორის პასუხს დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით, მას შეეძლო საქმის მასალებში ჩახედვის გარეშე ეპასუხა თქვენთვის და დაყრდნობოდა, პროგრამაში დაფიქსირებულ თარიღს“.

ახლა უკვე მარტია, თუმცა მოქალაქისათვის განცხადებაზე პასუხის გაცემის თარიღად პროგრამაში  რატომღაც  ისევ 14 თებერვალია მითითებული.

როგორც ჩანს, კომპიუტერული პროგრამა ჯერ ვერ მიხვდა, რომ სამოქალაქო რეესტრი პოლიტიზებული ორგანოა და იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი  წერია,  რეესტრის ხელმძღვანელებივით კანონი უნდა დაარღვიოს და პასუხს  უნდა გაექცეს, დროც ხელოვნურად  უნდა  გააჭიანუროს, გულუბრყვილო  რეგისტრატორი შეცდომაში უნდა შეიყვანოს... რა ქნას საწყალმა პროგრამამ, ვერ მიეჩვია სიცრუეს... რეესტრის  ელექტრონული პროგრამა ვერ უზრუნველყოფს თარიღის შესწორებას,  იმიტომ, რომ ამას კანონი არ ავალდებულებს, მას კი ტყუილის თქმა არ ასწავლეს და რა ქნას?

სამაგიეროდ, ეს კარგად ეხერხება იუსტიციის მინისტრის მოადგილეს  გიორგი ვაშაძეს, რომელმაც 14 თებერვალს განაცხადა: „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვადა  დღეს იწურება, არასწორია. დასკვნა მიმდინარე თვის ბოლოსთვის იქნება მზად, მისი დეტალები კი არ ვიცი. ამ საკითხზე იურისტები მუშაობენ“.

მას სულაც არ უგრძვნია უხერხულობა, როდესაც მარტის დადგომისთანავე ჟურნალისტებს ჯერ განუცხადა, რომ ამ ვადების საკითხი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში უნდა დაედგინათ, თითქოს თვითონ სწორედ ამ უწყებას არ წარმოადგენდეს, სააგენტოს ონლაინსერვისი კი ჯიუტად ამტკიცებს, 14 თებერვალს დასკვნა უკვე გაცემულიაო. ამის შემდეგ ახალ ჩვენებას „მიაწვა“ და დააზუსტა: „სამთვიანი ვადაა ჩვეულებრივ და სამ თვეში იქნება პასუხიო“.

ჩვეულებრივ კი ასეა, მაგრამ ამ პროცედურის დაჩქარებაში და ორმოც დღეში ჩატევაში ოფიციალურად  200 ლარი რომ გამოგვართვით, ეგ როგორაო? კითხულობს ზაქარია ქუცნაშვილი.   

ამ შეკითხვაზე გიორგი ვაშაძე, არც კი წითლდება, უბრალოდ თავს ქვიშაში მალავს და დუმს. პრეზიდენტი კიდევ გვპირდება, პასპორტს და ფინჯან ყავას ყოველი მსურველი ზუსტად ვადაში, მანქანიდან გადაუსვლელად მიიღებსო.

ყავა არ გვინდა, მოქალაქის პასპორტი მოგვეცით თქვენ მიერ დადგენილ ვადაშიო, - აცხადებენ ივანიშვილის იურისტები.

რეესტრის სააგენტოს საწყალი კომპიუტერი კი ამტკიცებს, 14 თებერვალს უნდა მიგეცათ პასუხი და მე მაინც ნუ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, თორემ გავჭედავო!!!

დიახ, სისტემა ჭედავს, როდესაც პრეზიდენტს ქვეყანაში უამრავი ქველმოქმედების გამწევი ადამიანისათვის მოქალაქეობის წართმევა სურს მხოლოდ  იმიტომ, რომ მმართველ ძალას ამ ქველმოქმედი კაცის პოლიტიკაში მოსვლის ეშინია.

სისტემა ჭედავს, როცა პრეზიდენტი მაღალი ტრიბუნიდან 16 წლის სკოლის მოსწავლის ყველა უფლებას არღვევს და  მას ხულიგანს ეძახის.

სისტემა ჭედავს, როდესაც ოპოზიციონერის ბრალდებებზე  პასუხის ნაცვლად პრეზიდენტი დარბაზიდან გარბის.

სისტემა ჭედავს, როდესაც პოლიციის შენობაში ადამიანის დაღუპვაზე  შინაგან საქმეთა მინისტრის რეაქციაა -  ამის შემდეგ შუშის შენობებს კიდევ უფრო გამჭვირველეს გავხდით და იქნებ ვინმე დავსაჯოთ კიდეც, მაგრამ ამჯერად თვალს დავხუჭავო.

ჭედავს მმართველობის  სისტემა საქართველოში, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები შიშით იმართებიან და შიშის გამო პირში წყალს იგუბებენ. მოგეხსენებათ, გაჭედილი სისტემა გამოუსადეგარია.

გაჭედვიდან ჩამოშლამდე კი ერთი პატარა ნაბიჯია... ფრთხილად ბატონებო, ჩამოიშლებით!