რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. რას ნიშნავს პუტინის ძალაუფლებაში დარჩენა საქართველოსთვის, როგორი სცენარით განითარდება მოვლენები რუსეთსა და საქართველოს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე? ამ თემებზე უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.
- რუსეთის არჩევნების მიმართ ძალიან ორიგინალური არა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. იმას, რასაც არჩევნები ჰქვია, რუსეთში არ ჩატარებულა. ჩემთვის ცალსახაა, რომ არჩევნები შეიძლება მხოლოდ თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის, რესურსებთან თანაბარი წვდომის პირობებში შეიძლება ჩატარდეს. როდესაც ალტერნატივა განადგურებული, ან შეზღუდულია იმ ეტაპიდანვე, ვიდრე საქმე საარჩევნო ბიულეტენამდე მივა, ამას არჩევნებს ვერ დავარქმევ. ზოგადადაც, პუტინი გახდა პრეზიდენტი, ჩემთვის არასწორი ინტერპტეტაციაა, მე ვიტყოდი, რუსეთში არ შეიცვალა ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს მეოთხე ვადაა თუ ოცდამეშვიდე, ის პრემიერ-მინისტრია თუ ვინ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთი რჩება ქვეყნად, სადაც ხელისუფლება არ იცვლება და ეს ამ ქვეყნის შორსმიმავალი პრობლემაა.
ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც იმავე ჭრილში უნდა განვიხილოთ, რაც დღემდე იყო, თუ მოსალოდნელია გარკვეული კორექტივები?
- რაც შეეხება პუტინის გაპრეზიდენტების ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ასახვას, ორ ასპექტს გამოვყოფდი. ეს არის ქართული და რუსული ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება, ეს ანტაგონიზმი ერთი მხრივ, შიდა მოხმარების პროდუქტია. მტრის ხატის კულტივიზაცია მობილიზაციურ გავლენას ახდენს, როგორც ელექტორატზე, ასევე მმართველ გუნდზე. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინზე კარგი არჩევანი რუსეთში ახლა არც არსებობდა.
ყველა იმ სავარაუდო კანდიდატებიდან განსხვავებით, ვისაც რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლის მინიმალური შანსი ჰქონდა, პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა მიხეილ სააკაშვილისთვის არის დღეს ყველაზე მომგებიანი. მომგებიანი იმიტომ, რომ მტრის იდეალურ იმიჯს არანაირი კორექტირება არ სჭირდება. ვლადიმერ პუტინი არის დამნაშავე ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე - ეს ცალსახაა, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს პუტინზე აწყობილი პროპაგანდისტული სისტემა, რომელიც არ საჭიროებს კორექტირებას, დამატებითი მატერიალურ-კრეატიული რესურსების გარეშე ტლანქი პროპაგანდა გაგრძელდება, ამ მხრივ სააკაშვილისთვის პუტინი საუკეთესო არჩევანია.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თუ პუტინის პოლიტიკურმა გუნდმა ვერ მოახერხა თვისობრივი სისტემური ცვლილებების დაუყოვნებლივი დაწყება რუსეთში, თუ მან არ შეიცვალა ჰიპოსტაზი, მაშინ მოვლენები სხვა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.
ანუ პუტინი თუ აქამდე გარკვეულწილად, სტაბილურობის გარანტი იყო ( 1990-2000 წლები, რუსეთისთვის არის პერიოდი, როდესაც ხდებოდა დემოკრატიზაცია და პირველადი კაპიტალის გაჩენა, შემდეგ დაიწყო სტაბილიზაციის პერიოდი და ამისი გარანტია იყო პუტინი), ახლა მეორე ინკარნაციაში მოსული პუტინი უნდა იყოს უკვე რაღაც ინოვაციური, მაგრამ არა ქაღალდზე. უნდა იყოს არა მედვევდევივით მხოლოდ დეკლარაციული, არამედ, რაღაც მეტი გააკეთოს. მაგალითად, გამოუშვას ხადარკოვსკი, დაუშვას პარტიების რეგისტრაცია, მოახდინოს სახელმწიფო ცენტრების სერთიფიკაცია და პარლამენტში გადაიტანოს დისკუსია. თუ ამას მოახერხებს, მაშინ რუსეთში პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც აქამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, გაცოცხლდება. ის გარკვეული დისკუსია, რომელიც ასეთ რუსეთში დაიწყება, ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგი იქნება.
თუ მან ვერ მოახერხა ამის დაწყება, მაშინ ახალი ლეგიტიმაციისთვის შესაძლოა, დასჭირდეს აპრობირებული მეთოდოლოგია, რუსები როგორც ამბობენ „мальенкая победоносная война“ ანუ შეიძლება, სამიზნე ჩვენი ხელისუფლება აღმოჩნდეს, მიხეილ სააკაშვილი, რომლის, როგორც თვითონ ამბობდა, ერთი ადგილით დაკიდებაც ჰქონდა გადაწყვეტილი. სწორედ ამ დაკიდებისკენ სვლა შეიძლება აღმოჩნდეს მისი ხელახალი ლეგიტიმაციის საფუძველი. სწორედ ამიტომაა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები რჩება ისეთივე, როგორიც იყო.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა მედვედევმა 6 მარტს უკვე მოითხოვა ხადარკოვსკის საქმის გადახედვა და ხელახალი განხილვა, შესაძლოა, რუსეთში მართლაც დაიწყოსის ახალი ეპოქა, რაზედაც თქვენ საუბრობდით. ასეთ შემთხვევაში რა პერსპექტივევები შეიძლება გამოიკვეთოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში?
- ხადარკოვსკის გამოშვება, ან მისი შეწყალება თუ არის ფასადური მოვლენა, მაშინ ეს არაფერს არ შეცვლის, მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ გახსნას საჯარო სივრცე, პოლიტიკაში მონაწილეობა გახდეს შესაძლებელი, ანუ, თუ ლეგალური პოლიტიკური საქმიანობა რუსეთში ლეგიტიმური გახდა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს არანაირი 5 წელი არ დასჭირდება. პოლიტიკური დუღილი იქნება და პოლიტიკური რეფორმის შემდეგ, ჩემი აზრით, ერთ-ორ წელიწადში უნდა ჩატარდეს ახალი საპარალამენტო არჩევნები. თუ ამ არჩევნების შედეგად მივიღებთ პლურალისტურ პარლამენტს (სადაც წარმოდგენელი იქნება, როგორც ხელისუფლება - მსუყედ, დავუშვათ, მემარცხენე მიმართულების კომუნისტები, ნაციონალისტები, მაგრამ აქეთ, იქნებიან მემარჯვენე ლიბერალები, ან თუნდაც მარცხნივ - მემარცხენე ლიბერალები, მაგალითად, იავლინსკის მიმართულების. იქნებიან ასევე მაგალითად, არასისტემური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ოკუპაციას თვლიან სულ ცოტა არაპრაგმატულ გადაწყვეტილებად), შესაბამისად, დისკუსია თუ გაიხსნა რუსულ პარლამენტში, ეს ჩვენ ქართველ ერს მოგვცემს საშუალებას, გავსხსნათ დიალოგი. თუ არის დიალოგი, ბომბებიც არ ცვივა. ანუ, ეს ჩვენთვის ორ-სამწლიან პერსპექტივაში რაღაცა ტიპის პოზიტივის მომტანი შეიძლება იყოს.
თუმცა, რუსეთში პოლიტიკური ცხოვრების გაცოცხლება ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ამას, მაგალითად ჩვენი სახელისუფლებო მედია იტყვის, რომ რუსეთში მოხდება ყვავილოვანი რევოლუცია და ხელისუფლებაში მოვა მაგალითად, ნოვოდვორსკაია და რუსები საქართველოს ხომ დაანებებენ თავს, კავკასიიდანაც გავლენ. ამ უტოპიური მაქსიმალიზმიდან უნდა გამოვიდეთ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო ანგარიშში პირველი ინიციატივა რაც დასახელდა, იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივადგაუქმება, ამასთანავე, სიტყვა არ თქმულა არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე, როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილისმხრიდან ამ ქმედებას რაღაც მიზანმიმართული დატვირთვა?
- აქ ორი ვარიანტი შეიძლება იყოს. როგორც 2008 წლამდე რუსულმა სპეცსამსახურებმა და რუსულმა სახელმწიფომ რაღაც გრძელვადიან თამაშში შეითრია საქართველო, - დაარწმუნა ქართული ხელისუფლება, რომ არ ჩაერეოდნენ მაგალითად, მოკლევადიან კავალერისტულ ოპერაციაში თუ ქართული მხარე ერთ დღეში დაამყარებდა საკონსტიტუციო რეჟიმს. თუ რუსეთის მხრიდან ასეთ თამაშში შეთრევა არ მიდის და ეს უბრალოდ ფასადური ამბებია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადებები სააკაშვილის მხრიდან ყოფილიყო „გალიორკაზე“ მჯდომი სახელმწიფოს იმ ერთადერთი წარმომადგენლისთვის განკუთვნილი, რომელი ქვეყნის მთავარ გაზეთს „პრავდა“, ხოლო დასავლელ დამკვირვებლებს „გუდიანი კაცები“ უწოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ „მე თავად არ მაქვს ამოწურული გეოპოლიტიკური კურსის დაზუსტების რესურსი და თუ არ იქნებით ჩემთან ზედმეტად ლოიალური, ყველა გზა არ მაქვს მოჭრილი რუსეთისკენ“. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო საჯარო შანტაჟის შემცველი რაღაც, ან რუსეთის მიმართ საჯარო „ფინტების“ გაგზავნა. როდესაც არ გაქვს ხელშესახები ინფორმაცია, უხერხულია, რომ საზოგადოებას შენი ვარაუდები შესთასვაზო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. ეს შეიძლება იყოს რაღაც თამაში. ძალიან ბევრი ვარიანტია, რა თამაშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და ამ ვარიანტებს აქვს კიდევ თავისი ქვევარიანტები. შეიძლება რაღაცით დაკავშირებული იყოს ირანთანაც, და ა.შ. მაგრამ იმისი კატეგორიულად თქმა არ შემიძლია, რომ სააკაშვილი გრძნობს დასავლეთის მის მიმართ გაცივებას, ის აღარ არის ფავორიტი და ამიტომ, მისი უკედურესად წამგებიანი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს - ეს იქნება კონტიგენტის გაზრდა, ან სხვა ტიპის სერვისების შეთავაზება, იმისათვის, რომ ფავორიტის სტატუსი დაიბრუნოს. ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ამაზე კატეგორიული ფორმატით საუბარი ძალზე არასერიოზულია.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საქართველოს მხრიდან კრიტიკის მთავარი ობიექტია, ამ ორ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუ თვალს მივადევნებთმაგალითისთვის, ტელეკომპანია „პიკის“ გადაცემებს, თვალსაჩინოა ერთი მომენტი - ის, რასაც ქართული ოპოზიცია ამბობს მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ, თითქმის,სიტყვა-სიტყვით მეორდება ამ ტელეკომპანიის ეთერში ერთი განსხვავებით, რომ ადრესატი არის არა სააკაშვილი, არამედ პუტინი და პუტინის რუსეთი... როგორ ფიქრობთ, ეს უბრალო დამთხვევაა თურაიმე დატვირთვის მატარებელია?
- პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის, რომ ტელეკომპანია „პიკი“ არის პროპაგანდისტული პროდუქტი, ეს არის „რაშა თუდეის“ ამოტრიალებული სახე, ასე ვთქვათ, სარკე. თუ „რაშა თუდეი“ არის ინგლისურენოვანი არხი, რომელიც ემსახურება რუსეთის იმიჯის ჩამორეცხვას დასავლეთის თვალში და რუსეთის პროპაგანდას, „პიკი“ ეს არის „რაშა თუდეის“ ამობრუნებული, ქართული, რუსულენოვანი ვარიანტი, რომელიც ერთი მხრივ, ანტირუსულ, ანტიკრემლურ პროპაგანდას ეწევა, ხოლო მეორე მხრივ - საკუთარი ხელისუფლების რუსულენოვან პროპაგანდას რუსეთსა და ევროპაში.
მე ვთვლი, რომ ქართული მედიასშუალებები, ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც იმას, რასაც ტექნოლოგიურ ენაზე ლინკი ჰქვია და რაზეც თქვენ მესაუბრებით, ამას უყურადღებოდ ტოვებს. იმიტომ, რომ წვეთი წყალივით ჰგავს ქართველი „გასუდარსტვენნიკების“ ლაპარაკი რუსი „გასუდარსტვენნიკების“ ლაპარაკს. იმასაც ვფიქრობდი, რომ თავისუფლად შეიძლება, ნუგზარ წიკლაურის ფოტოს ქვეშ დადოთ პროხანოვის, ან ლეონტიევის ტექსტი და პირიქით, პროხანოვის ფოტოს ქვეშ დავდოთ დარჩიაშვილის ტექსტი. ორივეგან საფრთხობელადაა ქცეული ხელისუფლებაში ერხელ უკვე მყოფი ლიბერალები - წარსულში გინდათ დაბრუნება? აქ შევარდნაძე გვყავს - იქ ელცინი.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის მატვეი განაპოლსკი. განაპოლსკი სხვა ფენომენია „ეხო მასკვის“ საიტზე. სხვა რამეზე მეტყველებს მისი რიხი, ლიბერალობა, იქ არის ლიბერალიზმის მესიის მახვილი. ხოლო ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მისი გამოსვლა მე მაგონებს სიბერეში შესული არტისტის იაფ გასტროლს. ამას ჟურნალისტური მეძავობა ჰქვია, რასაც განაპოლსკი საქართველოში ეწევა. ყოფილი იმპერიის პერიფერიაში პენსიაზე გასვლის წინ, ოქროს პარაშუტს იმზადებს, ეს არის პანელზე გასვლა პერიფერიაში, ისეთ ადგილას, რომ არავინ დაგინახოს და თან, ლეგიტიმურობა შეინარჩუნო. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ის, რომ ქართული საინფორმაციო ნაკადი არ არის ინტერაქციაში რუსულ არასასახელმწიფო, არაპროპაგანდისტულ სივრცესთან, მიმაჩნია, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრის, ასევე ქართული ჟურნალისტური ქარტიის ნაკლოვანებად.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე პროცესები ზოგჯერ წვეთი წყალივით ჰგავს ერთმანეთს, მართალია, უკვე რიტორიკულ თემად იქცა, მაგრამ მაინც უნდაგკითხოთ, ხომ არ გაიმეორებს პუტინის გზას სააკაშვილი?
- ჩემთვის არანაირ კითხვას არ წარმოადგენს გაიმეორებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პუტინის გზას. ის გაიმეორებს ყველაფერს, რასაც აკეთებდა პუტინი, პოლ პოტი და სხვები, მას სურს ყველაფერი ერთად და შესაძლოა, ის წამსვლელია ყველაფერზე. აქ კითხვა დგას სხვანაირად - ვინ არის ისტორიის სუბიექტი, მიხეილ სააკაშვილი თუ ქართველი ხალხი. თუ ჩვენ დავუშვებთ, ის წავა ყველაფერზე, რის უფლებასაც მივცემთ, გააკეთებს იმას. მას უნდა, რომ იყოს უკვდავი, მუდმივად იყოს ხელისუფლებაში - ეს ჩემში ეჭვს არ იწვევს. რა დაერქმევა, სულიერი ლიდერი, რევოლუციის მამა, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს - მას სურს ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს კითხვა საკუთარ თავს, საზოგადოებას და ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს უნდა დავუსვათ. მის კეთილ ნებაზე არაფერი არ უნდა ჩამოვკიდოთ და მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ, რომ პოლიტიკოსების იმედზე არ ვიყოთ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საქართველოში კი ფაქტობრივად, უკვე წინასაარჩევნო პერიოდია, ამ დროს პოლიციისშენობაში კვდება ადამიანი. როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა ეს ფაქტი ის ბოლო წვეთი, რომელიც საზოგადოებას საბოლოოდ გამოაფხიზლებს. ამას გეკითხებით, იმიტომ, რომ მომხდარა არანაკლებშემზარავი ფაქტები, რომელსაც ფაქტობრივად, პოლიტიკური გაგრძელება არ მოჰყოლია...
- მე რომ თავისუფალი ფილოსოფოსი ვიყო, რაღაც საკრალურ მომენტზე დავიწყებდი ლაპარაკს და ვიტყოდი, რომ სწორედ იქ მოუვიდა პრობლემა, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადო, როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური. ანუ, სახე და საფირმო ნიშანი ამ ხელისუფლების არის შუშის გამჭვირვალე პოლიცია და როდესაც სწორედ ამ შენობაში ხდება მსგავსი ფაქტი, მისტიკისგან შორს ვარ, თუმცა ბედისწერაზეც შეიძლებოდა ლაპარაკი. მაგრამ მაინც, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ყველანაირი შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, ის ერთის მხრივ არის გარკვეული შესაძლებლობების დასაწყისი. ეს არის გამოწვევა ხელისუფლებისთვის და გამოწვევა საზოგადოებისთვის. მიხეილ სააკაშვილისთვის ძალზე არასასურველი გამოწვევაა, მაგრამ საინტერესოა რა მიმართულებით წავა.
ერთია, ამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმის დაფიქსირება, რომ „მოვკლავთ კიდეც და პანაშვიდზეც არ შეგიშვებთ“, ამ კუთხით, ანუ ბრუტალური ძალის დემონსტრირების მიმართულებით თუ წავა, ეს არის გარკვეული შესაძლებლობები მისთვის. მეორე მხრივ, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს, მაგალითად „მე ვსჯი პოლიციელებს“. რა გადაწყვეტილებას მიიღებს დამოკიდებულია მის გუნდზე, მან უნდა შეინარჩუნოს მონოლითი, არა მხოლოდ შიდა სახელისუფლებო, არამედ ელექტორალური. ამ მონოლითის შენარჩუნებისთვის თუ გამოვა ყველაფერზე წამსვლელი და დაუნდობელი ლიდერის იმიჯით, მაშინ ეს უსიამოვნო გამოწვევა აგრესიული მიმართულებით განვითარდება, ხოლო თუ ისინი ჩათვლიან, რომ მონოლითის სიმტკიცის პრობლემა არ აქვთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ გაემიჯნონ და ერთ პოლიციელზე გადატეხონ ეს ამბავი.
თუმცა, ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ჩვენი პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრისთვისაც. ჩვენთან ხომ ტრაიბალური საზოგადოებაა და ახლა, ჯერ, ტომის ბელადებს შორის რიტუალური ცეკვები მიდის, ვისია ხელისუფლება, ვინ არის მამრი, დომინანტი - ეს ამ კუთხითაც არის განსახილველი.
რა თქმა უნდა, სააკაშვილის იმიჯმა დასავლეთის თვალში დიდი დარტყმა მიიღო, ქართველი ამომრჩევლისთვის სააკაშვილის დისკრედიტაცია, ასე ვიტყოდი, უკვე შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერი ვიცით ამ ხელისუფლების შესახებ და ვინც ამბობს, რომ არ იცის, ის უბრალოდ, საკუთარ თავს უმალავს ამას. სააკაშვილის შემდგომი დისკრედიტაცია ქართული საზოგადოებისთვის უკვე იმის მიმანიშნებელია, რა სუსტები ვართ ჩვენ. ამიტომ არ ვიცი, რა შეიძლება აღმოჩნდეს ბოლო წვეთი, ან რამდენი ბოლო წვეთია საჭირო. ახლახანს ვკითხულობდი კანჩალოვსლის ბლოგს, სადაც ამბობს, იმისთვის, რომ მოქმედება დაიწყო, ჯერ საკუთარმა თავმა უნდა შეგაძრწუნოს. ჩვენ თუ არ შევძრწუნდით ჩვენი მდგომარეობით, სარკეში არ ჩავიხედეთ, ჩვენი ქვეყნის ეს ისტორიული მონაკვეთი ძალზე მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს. სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ, ჩვენ ხომ მათზე ყველაფერი ვიცით. მათაც, მე ვფიქრობ, ეჭვი აქვთ, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან და იმიტომ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში.