ბრძოლა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და არეულობა მოსკოვის ქუჩებში

ბრძოლა „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და არეულობა მოსკოვის ქუჩებში

რუსეთში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგი, სახელწოდებით „სამართლიანი არჩევნები“ არ დასრულებულა ისე მშვიდად, როგორც მოსკოვსა და სანქტ პეტერბურგში ორგანიზებული სხვა საპროტესტო აქციები. რუსეთში ამბობენ, რომ პუტინთან ერთად ქვეყანაში პოლიციის სისასტიკეც დაბრუნდა. 

მას შემდეგ რაც მოსკოვში, პუშკინის მოედანზე გამართული მიტინგის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა წავიდ-წამოვიდა, როგორც თვითმხილველი ჟურნალისტები ყვებიან, მოედანზე დარჩენილებს ძალოვანები საშინელი სისასტიკით გაუსწორდნენ. სცენა, სადაც ოპოზიციის ლიდერები დიგნენძალოვანებმა შტურმით აიღეს.

დარბევის დროს, სპეცდანიშნულების რაზის წევრებმა სერგეი უდალცოვი, ალექსანდრ ნავალნი, ილია იაშინი და ევგენი ჩირიპოვი დააკავეს.

ინტერნეტპორტალ „ნიუსრუს“ ინფორმაციით, 4 მარტს, გვიან ღამით რუსმა ძალოვანებმა ჟურნალისტი მარია ეისმონტიც დააპატიმრეს.

ნავალნი, უდალცოვი და იაშინი პატიმრობიდან შუაღამის შემდეგ გაათავისუფლეს. მათთან ერთად გამოუშვეს ლუბიანკაზე დაკავებული ედუარდ ლიმონოვი, რომელიც „დრუგაია რასიას“ ლიდერია და ნაციონალისტების ერთ-ერთი სახე დიმიტრი დემუშკინი.. ეს უკანასკნელები არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გეგმავდნენ.

დაკავებულებს ბრალი რუსეთის ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის შემდეგი  მუხლით წარუდგინეს - „მართლწესრიგის დარღვევა, შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები, მსვლელობები ან პიკეტირება“. ამ დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ჯარიმაა 2 000 რუბლის ოდენობით.

ილია იაშინმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ  იმ ადამიანთაგან, ვისაც მიტინგის დასრულების შემდეგ პუშკინის მოედნის დატოვება არ უნდოდა, პოლიციამ 100-ზე მეტი დააკავა.

მომიტინგეთა დაკავების პროცესი პუშკინის მოედანზე 4 მარტს 22:00 საათისთვის დასრულდა. ოპოზიციის აქტივისტებმა თავი მეზობელ ქუჩებს შეაფარეს, თუმცა დევნა და დაკავება იქაც გრძელდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, 4 მარტის ღამეს პოლიციამ რუსეთში, საერთო ჯამში 250 ადამიანი დააკავა მხოლოდ მოსკოვში. თუმცა, ეს მონაცემები ჯერ დასაზუსტებელია. „სახალხო თავისუფლების ლიდერი“ ბორის ნემცოვი ამბობს, რომ დაკავებულთა რაოდენობამ შესაძლოა 500-ს მიაღწიოს.

„შეფასება - რამდენია დაკავებული - რთულია. მაგრამ არა ნაკლებ 300-სა და შესაძლოა 500-ც კი“, - განაცხადა მან.

რუსეთის შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ „მოსკოვის პოლიციის ძალებმა არღვევაძე ოპერატიული რეაგირება უფლებამოსილების სრული შესაბამისობით, კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინეს და მიიღეს ზომები, რომელმაც სიტუაციის ნეგატიური განვითარების და ვითარების გართულების თავიდან არიდება გახადა შესაძლებელი“.

საპროტესტო აქციას მშვიდად არც სანქტ პეტერბურგში ჩაუვლია. რუსმა პოლიციელებმა სანქტ პეტერბურგში მიმდინარე არასანქცირებული აქციის მონაწილეთა დაკავება გვიან საღამოს დაიწყეს. დაკავებულებს შორის, რომელიც რუსმა ძალოვანებმა ავტობუსებში ძალის გამოყენებით ჩაყარეს, ქალაქის სათათბიროს დეპუტატები, „იაბლოკოს“ წევრები მაქსიმ რეზნიკი და ბორის ვიშნევსკიც იყვნენ. დააკავეს ისტოიკოს ლევ რურენიც.

„ეხო მასკვის“ ინფრომაციით, ცისფერ ხიდზე შეკრებილი რამდენიმე ათასი მოქალაქე სკანდირებდა სიტყვას „პაზორ“.

ბოლო ცნობებით რეზნიკი და ვიშნევსკი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.