დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართუ ბანკი“ ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსმა ზვიად ხუხუნაშვილმა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ ქურდაძემ დატოვეს. ამის მიზეზად მათ ხელმძღვანელობის მხრიდან კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შეთავაზება დაასახელეს.
კერძოდ, ქურდაძის განცხადებით, მას უჩვეულოდ მაღალი პრემია ჩაურიცხეს და შემდეგ ამ თანხის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვა მოსთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად ხუხუნაშვილს პირად ანგარიშზე 37 000 ლარი, ხოლო მიხეილ ქურდაძეს 45 000 ლარი დაურიცხეს.
ქურდაძის განცხადებით, მას ბანკში მუშაობისას დისკომფორტი არ ჰქონია მანამ, სანამ ფინანსური ორგანიზაცია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებმებოდა. ზვიად ხუხუნაშვილის თქმით, ის აპოლიტიკური პიროვნებაა და მსგავსი შემოთავაზება მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. სწორედ ამიტომ, მან ფულზეც და თანამდებობაზეც უარი თქვა. ასევე მოიქცა ქურდაძეც, რომელიც ბანკში იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა - ორივე ზემოთაღნიშნულმა პირმა თანხა არათუ არ გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, საერთოდ უარი თქვა მის გამოყენებაზე.
„ქართუ ბანკში“ კატეგორიულად უარყოფენ თანამშრომლებისთვის მსგავსი მოთხოვნების წაყენების ფაქტს. საინფორმაციო სააგენტო „პირველთან“ საუბარში „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ასეთი პრემიები ბანკის თითქმის ყველა ხელმძღვანელ პირს დაერიცხა.
„დილით სამსახურში 09:50 საათზე მივედი და ქურდაძემ გათავისუფლების თაობაზე განცხადება მომაწოდა, განმარტა, რომ თავად „ქართუ ბანკთან“ მას რაიმე პრობლემა არ აქვს, თუმცა არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ამ პროცესებში ძალაუნებურად ერთვებოდა. შესაბამისად, მისი სამსახურიდან წასვლა პრემიის დარიცხვასთან კავშირში არ არის. ბონუსის სახით მეც სამჯერ მეტი თანხა დამერიცხა. ყველა ადამიანს უფლება აქვს, დარიცხული პრემია სურივილისამებრ განკარგოს. თუ უნდა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხოს ან კიდევ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ სწორედ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რამდენიმე თანამშრომელმა უარი განაცხადა და გვთხოვა, რომ პრემია უკან დაგვებრუნებინა და ჩვენც დავიბრუნეთ“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიის დაბრუნების სურვილი ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხუხუნაშვილმაც გამოთქვა, თუმცა სამსახური არ დაუტოვებია.
ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე კი presage.tv -სთან საუბარში მიხეილ ქურდაძის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და ეჭვობს, რომ ეს თემა ხელისუფლების მიერ არის აგორებული.
მაია ფანჯიკიძე: „ბანკთან მე არავითარი შეხება არ მაქვს, ეს არის ცალკე კომერციული დაწესებულება. ამიტომ მე არ ვიცი, ამ ადამიანებმა მართლაც დატოვეს თუ არა ბანკი. მე მხოლოდ ვიცი ბატონი ქურდაძის განცხადება, რომელიც მის მიერ გავრცელდა“.
რაც შეეხება მიხეილ ქურდაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას აიძულებდნენ მისი პრემია „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადაერიცხა, ამაზე presage.tv -სთან საუბარში მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ გაუგებარია რაზე ფიქრობდნენ ეს ადამიანები ერთი თვის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც მათ პრემიები დაერიცხათ
მაია ფანჯიკიძე: „მე იგივეს ვიტყვი, რაც თავად ბატონმა ქურდაძემ თქვა, რომ თურმე 8 თებერვალს ჩაურიცხეს ეს პრემია. დღეს არის ხუთი მარტი. თუკი მას ებევრა ეს პრემია და იფიქრა, რომ იმაზე მეტი იყო, ვიდრე იგი ელოდა, მე ვფიქრობ, მანამდეც შეეძლო ამაზე განცხადების გაკეთება. ამასთანავე, სრულიად გამორიცხულად მიმაჩნია, რომ მისთვის ვინმეს ეთქვა, რომ ეს ფული „ქართულ ოცნებას“ უნდა გადაურიცხოს. ლოგიკურად რომ მივდიოთ ამ ფაქტებს, მაშინ ცოტა გაუგებარია, ერთი თვე რას უცდიდა ეს ადამიანი, თუ მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს იგი, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ. ფაქტი ერთია, რომ ამ თემით უნდათ რაღაცნაირად გადაიფაროს ის, რაც დღეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით“.