საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გააუქმა. ხელისუფლების მხრიდან აქტიური ანტირუსული კამპანიის შემდეგ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმების შესახებ ინიციატივა საკმაოდ მოულოდნელი იყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებისთვის ოვაციებითა და მქუხარე ტაშით დააჯილდოვა.
მოკლედ, სააკაშვილმა თქვა დაე, ამის შემდეგ მშვიდობა იყოსო, მისი განცხადების საფუძველზე კი 2012 წლის 29 თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ.
ამ ფაქტს წინ უძღვოდა ხელისუფლების მხარდემჭერი ქართველი ექსპერტების რატომღაც გასაიდუმლოებული შეხვედრა რუს ექსპერტებთან, რომლის გახმაურებამაც საკმაო სკანდალი გამოიწვია. სხვადასხვა წყაროები იმასაც ამბობენ, რომ როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკები, ასევე ხელისუფლებასთან ასოცირებული ექსპერტები რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან საკმაოდ ხშირად მართავენ საიდუმლო შეხვედრებს. რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს ინიციატივა, არის თუ არა ამ იდუმალი თათბირების გაგრძელება და ნიშნავს თუ არა მმათველი პარტიის მხრიდან რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობას, რის შედეგადაც ქვეყნის საგარეო ვექტორი შესაძლოა, საპირისპირო მიმართულებით შეიცვალოს. ამ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.
როგორ ფიქრობთ, სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება უფრო რუსეთის ხელისუფლებისთვის გულის მოგების მცდელობაა, თუ მოქალაქეებისთვის პროცედურის გამარტივების მცდელობა?
- თუ ამოცანა გახლავთ განხეთქილების გაღრმავება რუსეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, მომენტი ასეთი ნაბიჯისთვის სწორად არის შერჩეული. დიახ, რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ახსოვს სტუმართმოყვარე, არხეინი და ალერსიანი ერი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ყველაზე უკეთ ცხოვრობდა და მათ ყველაზე უკეთ ხვდებოდნენ. აქეთკენ ბევრს მოუწევს გული, თუმცა არც აქამდე იყო საქართველოში ჩამოსვლა პრობლემა. აეროპორტში ვიზის შეძენის რეალური საშუალება თუ არ გააჩნია ტურისტს, არ მგონია ასეთი ქვეყნის მიმართ რაიმე მონატრება გაუჩნდეს. ამიტომ ჩვენ გავაუქმეთ არა ვიზები, არამედ ამ ვიზის აღების აუცილებლობა. ამავე დროს მოხდა რაღაც ბალანსი, რომლის საპირწონე იყო უვიზო მიმოსვლა. დღეს უკვე შესაძლებელია, მოსკოვიდან ირანამდე უვიზოდ იმოგზაუროს მოქალაქემ. უფრო სწორად, საქართველო გახდეს რუსულ-ირანული ურთიერთობების ცენტრი, რადგან ორივე მხარეს საჯაშუშო საქმიანობაც უფრო გაუადვილდება საქართველოში.
უვიზო რეჟიმის შემოღებას წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც მოჰყვა ქართული დელეგაციის, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ექსპერტების საიდუმლო შეხვედრას იგორ ივანოვთან და სხვებთან, რადგანქართველი ექსპეერტები არც რუსული დელეგაციის წევრთა ვინაობას ამხელენ და არც შეხვედრაზე განხილული საკითხების დეტალებს.
- ქართულ მედიაში არაერთხელ მომხდარა ამ ორი ივანოვის სახელების და გვარების არასწორი იდენტიფიკაცია. როგორც ვიცი, საუბარი იყო ივანოვზე, რომელიც გახლდათ თავდაცვის მინისტრი და ახლა არის უშიშროების საბჭოს მდივანი და არა ივანოვზე, რომელიც არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ანუ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა?
- რასაკვირველია, და შეგიძლიათ, დააზუსტოთ იგივე ქალბატონ მაია ფანჯიკიძესთან, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა...
თუმცა ამ შეხვედრის უშუალო მონაწილემ, მიხეილ თავხელიძემ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ შეხვედრა შედგა იგორ ივანოვთან და არა სერგეი ივანოვთან.
- მიხეილ თავხელიძეს ნამდვილად აწყობს, რომ თქვას იგორ ივანოვი.სერგეი და იგორი ერთი გვარის მატარებლებიც კი არ არიან, იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი მნიშვნელობითაც და მსოფლმხედველობითაც. თუ ერთ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს რაიმე ტიპის თანამშრომლობას, მეორე შემთხვევაში ეს პირდაპირი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისათვის.
ამ შეხვედრიდან, იგივე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული ცვლილებიდან გამომდინარე, გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი კატეგორიული იქნება სამართლიანი დადემოკრატიული არჩევნების ნაწილში, არ არის გამორიცხული საქართველომ, უფრო სწორად მმართვერლმა პარტიამ ძირითადი პარტნიორი ქვეყნის შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი და ეს ქვეყანა გახდესრუსეთი
- არაერთხელ გამიკეთებია ასეთი პროგნოზი, რომ სააკაშვილისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შენარჩუნება ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე, ვიდრე მისი საერთაშორისო გარემოცვა პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი კი არა, მთელი მისი გარემოცვა სიამოვნებით შეიცვლიდა პარტნიორებს სავარძლის გულისთვის. ხელისუფლებაში დარჩენის შანსი თუ ექნება, თუნდაც ლუკაშენკოს სტატუსის განმეორების შემთხვევაში, რომელსაც აღარ უშვებენ ევროკავშირში, მაინც მოახერხებდნენ ემეგობრათ ისეთ პრეზიდენტებთან, როგორიც გახლავთ რუსეთის, ირანის, ვენესუელის, კუბის თუ გნებავთ, სირიის პრეზიდენტები. ანუ ნაციონალური მოძრაობა მზად იქნება, თავისი ლიდერი იხილოს ახალ საპრეზიდენტო კლუბში, ანუ ახალ პოლიტიკურ საძმოში, რომლის მიმართაც მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ლეგიტიმურად იკავებდნენ საკუთარ სავარძლებს.
პრინციში ისტორიას ახსოვს ქვეყნები, რომლებიც იცვლიან ხოლმე პარტნიორ ქვეყნებს
- პარტნიორის გამოცვლა ერთია, მაგრამ 180 გრადუსით შემობრუნება იმ სამყაროსგან რომლისკენაც არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვის, არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს გახლავთ დანაშაული ერის პერსპექტივის მიმართ.
ასეთი მოსაზრებები კი გამოითქვა, მაგრამ ისეთი რეალური მინიშნებები თუ არსებობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ხელისუფლება მართლაც აპირებს საგარეო ვექტორის შეცვლას?
- უკვე აღარ იმალება აზრი, რომ დასავლეთის რეკომენდაციები არ არის შესასრულებლად სავალდებულო. რომ საზღვარგარეთ არ წყდება თურმე ჩვენი ხელისუფლების ბედი. ძალიან კარგი, თუ არ წყდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქართველ ხალხს საკუთარი ბედის გადაწყვეტის უფლება უნდა მიეცეს. ხელისუფლება ამისთვისაც არ არის მზად. ფორმატი - ვიქნები და ვიქნები, არც ერთი ერის ნებაყოფილობითი გადაწყვეტილება არ არის.
სააკაშვილის საპარლამენტო გამოსვლაში თუ დაინახეთ მესიჯი, რომ ის არსად არ აპირებს წასვლას?
- როცა იძახის ადამიანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩეს ხელისუფლებაშიო, ყველაფერი გასაგები ხდება. ამას აცხადებს არა რომელიმე აქტივისტი, რომელიმე პარტიის ზღვარგადასული ფანი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ივიწყებს, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტია და თავისი ორი წინამორბედის მსგავსად პარტიის პრეზიდენტობით კმაყოფილდება. ის უნდა აცნობიერებდეს, როგორი უნდა იყოს მისი პოლიტიკა, მაგრამ როდესაც ეს არ ხდება, არის მოლოდინები, რომ 180 გრადუსით შემოტრიალდება თავის პოლიტიკურ ველში და ხელგაშლილი დახვდებიან ისინი, ვის მიმართაც დღეს კრიტიკულად არის განწყობილი.
თუ სააკაშვილმა მართლაც გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ არ წავიდეს ხელისუფლებიდან, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყნის შიგნით. რამდენად აქტიური იქნება დღევანდელიოპოზიცია, რომელიც ამ ეტაპზე უფრო ძლიერი ჩანს, ვიდრე ოდესმე. რა ფორმატში შეიძლება წარიმართოს ბრძოლა?
- ოპოზიცია თანდათან ეგუება ახალ ფუნქციას, რომ ის იყოს არა წინამძღოლი პოლიტიკური პროცესებისა, არამედ ინსტრუმენტი ამ პროცესების რეალიზაციისთვის, რადგან საქართველოს მოსახლეობა უფრო მკაფიოდ არის ორიენტირებული საკუთარ ინტერესებში, ერთმანეთის მიმართ შუღლი და ქილიკი უფრო ნაკლებია საზოგადოების წევრებში, ვიდრე პოლიტიკურ ძალებს შორის. ამიტომ, სურთ ეს, თუ - არა, პოლიტიკოსები დღეს არიან დასაქმებულები საზოგადოების მიერ და არა პირიქით.
საზოგადოება მართლაც დიდ იმედს ამყარებს ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ რა პერსპექტივა არსებობს, რომ ბრძოლა თანაბარ პირობებში წარიმართოს? ამ დღეებში ცნობილიგახდა, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე პასუხს გასცემენ მხოლოდ სამი თვის შემდეგ. რა პერსპექტივა რჩება ამ გუნდს თუ სააკშვილი მართლაც ყველა მეთოდს გამოიყენებსიმისათვის, რომ თვითონ დარჩეს ძალაუფლებაში...
- ძალიან ცვალებად ეპოქაში ვცხოვრობთ და რაიმე პროგნოზის გაკეთება უმადურობა იქნებოდა, რადგან თუნდაც ჩვენი მრავალნაქები სისტემა, რომელიც უთვალთვალებს და აკონტროლებს ყველაფერს, ასევე სახელმწიფო რეესტრს, არ თაკილობს რომ სისტემაში ჰყავდეს ისეთი წარმატებული ჩინოვნიკი, მაგრამ ჭიანი მოქალაქე, როგორიც არის ბატონი ვაშაძე. როცა ჯერ ერთ თარიღს აცხადებ, შემდეგ მეორეს და კამერასაც ვერ უყურებ პირდაპირ, როდესაც ცრუობ, ეს მიანიშნებს, რომ როგორც მოქალაქე ქვეყნისა არ ხარ მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომ გეკავოს ის მაღალი თანამდებობა, რომელიც გიკავია. ეს ახალი მიმართულების საჯარო ტყუილები გახლავთ სრულიად მკაფიო მაჩვენებელი იმისა, თუ რას და როგორ აპირებს რეესტრი საარჩევნო სიებთან მიმართებაში და აღარ იქნება გასაკვირი, თუ 16 წლის მოზარდებიც იქნებიან ჩართული საარჩევნო სიებში.
საუბარი იმაზე, ივანიშვილი გახდება თუ არა საქართველოს მოქალაქე, ყველაზე ნაკლკებად ამ ადამიანს აინტერესებს, რადგან მისთვის არ არის გადამწყვეტი, საკუთარი, პირადი სტატუსი პოლიტიკურ პროცესებში. მას გააჩნია საკმაო ბერკეტები იმისათვის, რომ ყოველგვარი პირადი დასაქმების გარეშეც შეეცადოს იმ მიზნების მიღწევას, რომელსაც ის აცნობიერებს, აცხადებს და თანამიმდევრულად ცდილობს განახორციელოს.
იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება, ხომ არ ხედავთ პერსპექტივას, რომ მართლაც ქუჩაში გადაინაცვლოს პროცესებმა?
- ძალიან დიდი სურვილია ნაციონალური მოძრაობის, რომ ისევ ქუჩაში, სპეცნაზთან არკვიოს საზოგადოებამ ურთიერთობა და არა საარჩევნო ურნებთან, მაგრამ გონივრული ზომების მიღების შემთხვევაში, რასაკვირველია, ქუჩა იქნება აუცილებელი ატრიბუტი თუნდაც პოზიციის დაფიქსირებისთვის და იმ სიცრუის უკუსაგდებად, რომელიც მუდმივად ვრცელდება სახელისუფლებო მედიის საშუალებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლება თავის უმსგავსობას ხშირად, ახალი უმსგავსობით გადაფარავს ხოლმე, ამიტომ არის, რომ ხალხი ვერც კი ასწრებს კონცენტრირებას, რეაქციის გამოსახატავად ამა თუ იმ უმსგავსობის გამო. ჩამონათვალი რომ აიღოთ ხელისუფლების არასწორი ნაბიჯებისა, რომელიც გამოიხატება სრულიად კონკრეტული პირების უბედურებასა და უსამართლობაში ქვეყნის მასშტაბით, აქ შეიძლება, მოგიწიოთ კიდეც იმ სტრატეგიაში გარკვევამ, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო პოლიტიკა. მმართველ ძალას აქვს კიდევ იმედი, რომ რამეს მიაღწევს, მაგრამ სხვანაირი მოლოდინიც არსებობს. საზოგადოების თავმოყვარეობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის გახლავთ და ხალხს ამ თვითმარქვია მაცხონეთა თავიდან მოშორების იმედი მართლა გაუჩნდა.
თუ რუსეთისკენ გადაიხრება „ნაციონალური“ ვექტორი, გასათალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ოპოზიციის ნაწილს აქამდეც ხვდებოდნენ და თითქოსმათ მიმართ კეთილ განწყობასაც ამჟღავნებდნენ. რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, ისევ საიდუმლო სერობების დონეზე დარჩება ეს დამთბარი ურთიერთობები თუ მართლაც ხელშესახებ ცვლილებებსუნდა ველოდეთ?
- ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის მთავრობის მიერ რომელიმე ქართული პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს ამ პარტიის ჩაძირვას საქართველოში. ასეთ ვითარებაში ცხადია, ის საუკეთესო ნიშა, რომელიც მოიძიეს პუტინმა და მედვედევმა, რომ გაიბუტნენ და აღარ ელაპარაკებიან ქართულ ხელისუფლებას, არის საუკეთესო თავშესაფარი იმისთვის, რომ არანაირი პასუხისმგებლობა აღარ ჰქონდეთ ამ ქვეყნის მიმართ სახელმწიფო დონეზე. კი ბატონო, ვსვამდით და დავლევთ რუსულ არაყს, თუ მოისურვეს რუსებმა, ქართულ ღვინოსაც სიამოვნებით დააგემოვნებენ, მაგრამ პოლიტიკურ კონტაქტებზე, სახელმწიფოებრივ დონეზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც უფრო სერიოზულ დათმობებს მიიღებენ საქართველოს მხრიდან.
ეს შეიძლება თუ არა დაკავშირებული იყოს იმ ბოლო განცხადებებთან, რაც ზოგიერთი წყაროთი ვრცელდება, იმის შესახებ, თითქოს, აშშ მზადაა თეირანს დაარტყას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდღეებში ამ საკითხზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებაც გავრცელდა...
- ვნახოთ, თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ეროვნული გადამზიდველის მზის ჩასვენების შემდეგ მოწმენი გავხდით რომელიმე ირანული საჰაერო კომპანიის მზის ამობრწყინებისა, მაშინ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ მოვლენებს. დაველოდოთ, რით შევავსებთ „აირზენას“ ნიშას, რომელი ქვეყნის საჰაერო გადაზიდვები განხორციელდება ქართულ ცაზე. და საინტერესოა, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი ინფორმაცია, რა როლი აინტერესებს საქართველოს, ან თავად აშშ-ს რუსულ-ირანულ თამაშში.
ნაციონალური ავიაკომპანია, რომლის არსებობა ქვეყნის უსაფრთხოებას მართლაც უკავშირდება, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დევნის ობიექტი, ალბათ ამისათვისარსებობს ისეთი მიზეზები, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა გაუგებარი იყოს.
-აირზენაგან ფულის ამოღების მაქსიმუმი ცნობილია და როგორც ჩანს, ეცოტავება ხელისუფლებას. შემოვა რომელიმე უცხოური კომპანია, რომელიც მიმზიდველი იქნება თავისი ფინანსური წინადადებებით, მაგრამ თუ ეს იქნება ირანული კომპანია, მაშინ უკვე სხვაგვარი დასკვნების გაკეთება შეიძლება მოგვიხდეს.