მოახლოებული არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა სიების დაზუსტება პროგრამა “კარდაკარის” ფარგლებში მოხდება. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. სიების დაზუსტებისთვის კომისები ყველა რეგიონში შეიქმნა.
2 მარტს, რუსთავში ამომრჩეველთა სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა.Kკომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო.
“ქვემო ქართლი რთული რეგიონია, როგორც წესი არჩევნებზე გარკვეული პრობლემები, უნდობლობა და კითხვები, სწორედ, ამ რეგიონზე მოდის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. დღეს, ჩემი პირველი სტუმრობაა ამ ოფისში. მართლაც, კარგი სამუშაო პირობებია“ – გახარებული იყო კომისიის წევრებთან შესახვედრად ჩამოსული, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავჯდომარე, მამუკა კაციტაძე.
მერიის შენობაში მსგავსი კომისიის დაბინავება პრობლემა არ აღმოჩნდა, კომისიის ქრისტიან-დემოკრატი წევრისთვის, ალექსანდრე ახვლედიანისთვისაც.
“ამაში ვერანაირ პრობლემას და უხერხულობას ვერ ვხედავ. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა და ამ ვარიანტებიდან ეს შევარჩიეთ. ოფისში კარგი სამუშაო პირობებია. ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ამომრჩეველთა სიების რეგისტრატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას. მათი ანაზღაურება უბნების სირთულის მიხედვით მოხდება. თანხა 100-200 ლარის ფარგლებშია. რთულ უბანზე ორი რეგისტრატორი იმუშავებს” – ოპტიმისტურად იყო განწყობილი ახვლედიანი.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობის თავჯდომარემ, გურამ ფირცხალაიშვილმა.
აღნიშნული სტატუსით თავის პირველ საჯარო განცხადებაში ფირცხალაიშვილი ოფისისთვის მადლობას უხდიდა რუსთავის მერიას და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას.Aმას არც პრეზიდენტის ღვაწლი დავიწყებია.
“სიების რეგისტრატორობის კანდიდატების განცხადების მიღება 25 თებერვალს დავიწყეთ. ეს პროცესი 7 მარტს დასრულდება. საერთო ჯამში მთელ რეგიონში გვჭირდება 1 314 რეგისტრატორი. დღეისათვის 728 განაცხადია შემოსული. ვფიქრობ, განაცხადების შემოსვლა კვლავ გაგრძელდება და არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება.
ის მისია, რაც ჩვენ პრეზიდენტის ბრძანებულებით დაგვეკისრა, აუცილებლად შესრულდება. აქვე მინდა, ოფისისთვის მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.Kმართლაც, კარგად მოვეწყვეთ და ჩვენი მისიის შესასრულებლად ყველანირი პირობა გვაქვს” – აღნიშნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობის თავჯდომარემ, გურამ ფირცხალაიშვილმა.
რეგისტრატორებთან დაკავშირებით კომისიის წევრები განმარტავდნენ, რომ კანდიდატის პარტიულ კუთვნილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
თუმცა, რეგისტრატორად განაცხადის შესატანად მისულთა რიგებში “ნაციონალური მოძრაობის” გასულ არჩევნებზე გაწაფული, აქტივისტი ქალბატონები ჭარბობდნენ. “ბოდიშით, მაგრამ ახლა, კომენტარის გაკეთება არ გვინდა” – პასუხობდნენ ისინი ჟურნალისტებს.
საუბარზე უარს არ ამბობენ რიგითი უმუშევარი რუსთაველები. მათ აინტერესებთ, როგორ შეიტყო ამომრჩეველთა სიების რეგისტრატორის ვაკანსიის არსებობა 728 რუსთაველმა, როდესაც ეს ინფორმაცია მათ საჯაროდ არც მოუსმენიათ. “3 წელია უმუშევარი ვარ. სამსახურს საიტებზე, გაზეთებში და ყველაგან ვეძებ. მეუღლე დაღუპული მყავს, მარტოხელა დედა ვარ, მთელი სანათესაო გაფრთხიებული მყავს, თუ რამე გამოჩნდა უნდა გამაგებინონ. როგორ გგონიათ ასეთი ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში არ გამოვეხმაურებოდი? შვილები დამეფიცება... ეს პირველად თქვენგან გავიგეთ” – ამბობს, რუსთაველი ნინო გზირიშვილი.
დაკომპლექტდება, თუ არა ნაციონალების აქტივისტებისგან ამომრჩეველთა რეგისტრატორების რიგები, მარტის ბოლომდე გადაწყდება.