საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაზე“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა კვლავ გრძელდება. საქართველოს კონტროლის პალატამ დღეს მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 200 ათასი ლარით დააჯარიმა.
გასათვალისწინებელია ის, რომ 2012 წლის 6 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონტროლის პალატას ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის 2 მარტსაა დანიშნული. ამდენად, თუ 2 მარტს დაკმაყოფილდება საჩივარი და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაზე“ არ გავრცელდება კონტროლის პალატის მონიტორინგი, მაშინ კონკრეტული პირების მოქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების ძიება აზრს დაკარგავს.
ამიტომ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს კონტროლის პალატას და მოსთხოვეს მას 27 თებერვალს, დილის 10 საათზე დანიშნული საქმის განხილვა გადაედო 2 მარტისთვის, ანუ მთავარი სხდომის ჩატარებამდე, რაც კონტროლის პალატამ სრულიად უკანონოდ არ დააკმაყოფილა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკანონოა კონტროლის პალატის დღევანდელი დადგენილება შემოწირულობის განხორციელების კანონიერებასა და ყველა პირის ერთდროულად დაჯარიმებასთან დაკავშირებით, როგორც არსებითი, ისე პროცედურული საფუძვლების გათვალისწინებით.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ აგრძელებს ბრძოლას სასამართლოში და კვლავაც შეეცდება სამართლებრივი გზით შეაჩეროს კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებები.