„თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ,  მაქსიმალურად ყველა უნდა გაერთიანდეს, პრინციპით - ყველა მინუს ერთი“

„თუ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, მაქსიმალურად ყველა უნდა გაერთიანდეს, პრინციპით - ყველა მინუს ერთი“

საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახა კახიშვილს აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ხელისუფლების  შეცვლაზეა ორიენტირებული თუ ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე? Presage.tv ესაუბრა  კახა კახიშვილს.

კონტროლის პალატისთვის განუზომელი უფლებების მინიჭება არასამთავრობო სექტორმა და მედიაორგანიზაციებმა გააპროტესტეთ. რა რეაგირება მოჰყვება თქვენს ხელმოწერებს ხელისუფლებისგან?

- მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ბუნდოვანია. საერთოდ, იურისტებისთვის ყველა ნორმა ფასობს მაშინ, როცა ნორმა კონკრეტულ და პრევენციულ ხასიათს ატარებს. ყველა ნორმა, მით უფრო, რომელიც დასჯას უკავშირდება, იმდენად მკვეთრად გაწერილი უნდა იყოს, რომ ადამიანმა იცოდეს, სად გადის ზღვარი კანონსა და უკანონობას შორის. ამ ნორმას ეს არ ეტყობა, ფაქტობრივად, იმდენად ბევრი სიტყვითაა გაჟღერებული ეს ნორმა, რომ მხოლოდ მაკონტროლებელს ეძლევა ინტერპრეტაციის საშუალება - არის თუ არა თქვენს მოქმედებაში დანაშაული ან დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, ასეთი ნორმა არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ იქნება მისაღები. ზუსტად ამას ვაპროტესტებთ, არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ამაზე ლაპარაკობენ.

ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა უკვე ორჯერ გააკეთა განცხადება. რამდენიმე დღის წინ გაეროს წარმომადგენელმაც იგივე თქვა. არასამთავრობო სექტორს აწუხებს ის, რომ  კონტროლის პალატას არ ჰქონდეს იმდენად დიდი უფლებამოსილება, როგორიც არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის. როდესაც ერთ ადამიანს ანიჭებ სანქციის საშუალებას, რომ ყადაღა დაადოს ანგარიშებს, როცა არ იცი, რის საფუძველზე იკვლევს კონტროლის პალატა მასალებს და ზეპირსიტყვიერად არკვევს, ესა თუ ის ადამიანი დაკავშირებულია თუ არა პოლიტიკურ პირთან, ესაა პრობლემა. ამიტომ ვითხოვთ, ეს ყველაფერი მკვეთრად იყოს გაწერილი.

როდესაც პარლამენტიდან გვესმის, რომ თურმე ამ კანონს არანაირი პრობლემა არ აქვს, როგორ, ამდენ ადამიანს არ გვესმის ამ კანონის ამოცანა?! თურმე მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის, რომ ეს კანონი პრობლემა არ არის, ერთი მათგანია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და მეორე - კონტროლის პალატის განყოფილების უფროსი.

ხელისუფლებას ტყობთ ნება, რომ დათმოს საარჩევნო გარემო?

- საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების სტილს და ტაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის ხისტები არიან და რატომღაც მიაჩნიათ, რომ უკანდახევა ძალიან დიდი პრობლემაა. მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევაში მიდიან დათმობაზე. როდესაც აშშ-ს ელჩი, გაეროს წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ეს ნორმა ისე არ ყოფილა მისული მათთან, როგორც დღეს არის ასახული კანონში, ვფიქრობ, ხელისუფლებას მოუწევს ნორმების დაზუსტება. იმიტომ, რომ ეს ნორმები ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ნორმა არ უნდა იქცეს ადამიანზე ზემოქმედების ინსტრუმენტად.  

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას წინა კვირას რატომ დასჭირდა მაისისთვის არჩევნების გადმოტანის თემის გახმიანება?

- არ მინდა, დავიჯერო, რომ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა შეგნებულად შეიტანა დაძაბულობა პოლიტიკურ სიტუაციაში. მიშა დევდარიანი იმ საკონსტიტიუციო კომისიის წევრი იყო, რომელმაც თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილებები შეიმუშავა. მაშინ არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე კანონი დაირღვა, დეპუტატებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და სრულიად უკანონოდ გაიზარდეს ვადა. მიშა დევდარიანი სიების დაზუსტების კომისიის წევრიცაა, რომელმაც მხარი დაუჭირა, რომ სიების დაზუსტების კომისიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის სია უნდა დააზუსტოს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 15 აგვისტოს გადაუგზავნოს. გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც სულ ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ 15 აგვისტოს უნდა დაზუსტებულიყო სია, ახლა უკვე დაუზუსტებელი სიით არჩევნების მაისში ჩატარების მომხრედ გამოდიოდა?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიხეილ დევდარიანი დიდ გაუგებრობაში იყო ჩავარდნილი. ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ თემები გადაეფარათ. კერძოდ, გადაეფარათ გაეროს დამკვირვებლის მწარე დასკვნა არა მხოლოდ 26 მაისთან, არამედ კანონში მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ ცვლილებასთან დაკავშირებით, გადაეფარათ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების „დაცვა“.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიშა დევდარიანს სარჩელს დაუკმაყოფილებდა და იტყოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები მაისში უნდა დანიშნულიყო, მაშინ ჩვენი მხრიდან ამ სარჩელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი განცხადება მოჰყვებოდა იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც თავის დროზე ამ ცვლილების ინიცირება მოახდინეს და, ფაქტობრივად, ოქტომბრამდე უკანონოდ გაიზარდეს უფლებამოსილების ვადა. ისინი იძახდნენ, რომ ეს კანონიერების ფარგლებშია და არანაირი პრობლემა ამაში არ არის, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ არაკანონიერი იყო. ამით მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, რადგან ეს იყო მთელი რიგი თანამდებობრივი დანაშაული და უფლებამოსილების გადამეტება.

მაისში ვერ ჩატარდებოდა არჩევნები, რადგან ხელისუფლებასა და რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის თავის დროზე ხელი მოეწერა 12- პუნქტიან შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სიების დაზუსტების კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა მუხლი, რომ სიების დაზუსტების კომისიამ უნდა დააზუსტოს და ცესკოს გადაუგზავნოს სია. ამით კი გამოდიოდა, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ამ 12 პუნქტიდან, ფაქტობრივად, ხუთი პუნქტი აღარ იყო. სიების დაზუსტების გარეშე ხელისუფლებას არჩევნები რომ ჩაეტარებინა, ცხადი იქნებოდა, რომ ხელისუფლება მის გასაყალბებლად ემზადებოდა. პოლიტიკურად მათ ეს ხელს არ აძლევდა, რადგან 2012 წლის არჩევნები ხელისუფლებისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. ასეთი ნახტომის შემთხვევაში, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის თვალში ეს წინასწარ გაყალბებულ არჩევნებზე მიუთითებდა.

მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის შანსები როგორი იქნება?

- ივანიშვილის შანსები დამოკიდებულია მხოლოდ ივანიშვილსა და მის კოალიციაზე. რამდენად ფართო იქნება მისი კოალიცია და რამდენად არ გახლიჩავენ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის ხმებს. ეს არის ივანიშვილის ამოცანა.

მესამე პოლიტიკურ ცენტრს გულისხმობთ?

- არა მხოლოდ - მესამეს. მესამე ცენტრიც არსებობს და მეოთხეც. ხვალ რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რამდენი პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას? ნაციონალური მოძრაობა მიიღებს, „ახლები“ მიიღებენ, ლეიბორისტები, ქდმ, პაატა დავითაია, ბურჯანაძე აუცილებლად მიიღებს, კუკავაც.

მაგრამ ბურჯანაძე და კუკავა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას არ აპირებენ.

- რომ არ შექმნიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მინდია გულუა აუცილებლად მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. დაახლოებით, ეს უკვე ცხრა ოპოზიციური სუბიექტია.

მაშინ ივანიშვილის კოალიცია აპრიორი დასამარცხებლად არის განწირული?

- გააჩნია, ივანიშვილის სტრატეგია რა არის. თუ მისი სტრატეგია ხელისუფლების შეცვლაა, მაშინ ფართო გაერთიანებაა საჭირო, ერთიანი საარჩევნო ყულაბით.

ანუ თარგამაძეები და ყველანი ერთად იყოს, თუნდაც ფიქტიურად?

- აბსოლუტურად, თუ ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი, მაქსიმალურად ყველა უნდა გაერთიანდეს - ყველა მინუს ერთი, და შემდგომში ჩაატარონ არჩევნები. ექვსთვიანი სესიები უნდა მოანდომონ იმას, რომ დახვეწონ საარჩევნო კანონმდებლობა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატარონ.

მერე ქდმ-სა და თორთლაძესთან ერთად როგორ გესახებათ ივანიშვილის კოალიცია, ასეთი გაერთიანება ხომ სიყალბე იქნება?

- თუ დღეს ქდმ და თორთლაძე დათანხმდება იმას, რომ მათაც უნდათ ხელისუფლების შეცვლა... პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ მოყვრისგან მტერი არ უნდა შექმნა და მტრისგან მოყვარე უნდა შექმნა. ისაა ძლიერი ადამიანი, რომელიც მტრისგან მოყვარეს ქმნის, თორემ, მტრის პოვნა ძალიან ადვილია. დღეს რომ ქდმ-მაც უთხრას ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენ შენთან ვართ, რაღაც ერთობით, ხელისუფლება შევცვალოთ და მერე ჩავატაროთ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები, პირველ რიგში, ეს სტრატეგიულად ივანიშვილს უნდა აწყობდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქდმ-ს ორი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ჰყავს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც ორი წევრი ჰყავთ.

მერე გაქვთ გარანტია, რომ ბოლო მომენტში ივანიშვილს არ უმუხთლებენ, თუნდაც ამ საუბნო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მეშვეობით?

- ყველაფერი სტრატეგიით და ტაქტიკით დგინდება. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა მიუღებელი ამ კოალიციისთვის იგივე ბურჯანაძე ან კუკავა, თუ ისინი ხელისუფლების შეცვლაზე არიან ორიენტირებული და არა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე?

ანუ ეჭვი უკვე ჩნდება?

- უკვე ეჭვი ჩნდება, რადგან მე ვფიქრობ, რომ, თუ მხოლოდ, დაახლოებით, ამ ხუთმა სუბიექტმა გადაწყვიტა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ხელისუფლების შეცვლა მათ არ გამოუვათ. ეს არის ძალიან ძლიერი ხელისუფლება, რომელიც სერიოზულად ბევრ ტექნოლოგიას ფლობს საიმისოდ, რომ ხუთმა პარტიამ ვერ გაიმარჯვოს და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოვიდეს. ხოლო, თუ ეტაპობრივ ჩანაცვლებაზეა საუბარი, რომ დიდი ფრაქცია შეიქმნება, შემდგომში, ამ ფრაქციასთან ერთად, შეიქმნება კოალიციური მთავრობა და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვირტუალური დემოკრატიით მივალთ რაღაც სასწაულამდე, ეს სხვა თემაა. მაშინ სტრატეგია და ტაქტიკა სხვას ემსახურება.

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, კოალიციაში შეუშვას თქვენს მიერ ნახსენები ძალები. მის გარემოცვას მივადექით?  

- ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია, რა დააშავა ნინო ბურჯანაძემ ან კახა კუკავამ, რომ ამ კოალიციაში არ ხვდებიან, თუ მართლაც ეს კოალიცია ხელისუფლების შეცვლაზეა ორიენტირებული?! მესმის, რომ შეიძლება ბურჯანაძეს ჰქონდა შეცდომა 26 მაისთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს საუბარი რაღაცაზე, მაშინ, როცა იმ სუბიექტებსაც, რომლებიც არიან კოალიციაში, ბევრი შეცდომა შეიძლება, აღმოვუჩინოთ, ცოტა უხერხულია. ადამიანი ხომ რეალურად ორიენტირებულია სააკაშვილის შეცვლაზე? ბურჯანაძეზე ვერ იტყვი, რომ, შეიძლება, შეკრული იყოს ხელისუფლებასთან, ასევე, - კუკავაზე. აქედან გამომდინარე, მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ არ მინდა ბურჯანაძე და კუკავა, ასე, მხოლოდ ამ კოალიციით, ამერიკელებისთვის უფრო მიმზიდველი ვიქნები, არ მაინტერესებს დანარჩენები და უფრო ჩანაცვლებაზე ვარ ორიენტირებული. ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქმევა, პრობლემა არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ხალხი მაინც გაიგებს მის სტრატეგიას.