პენტაგონის წარმომადგენელი  სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

პენტაგონის წარმომადგენელი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს


ამ კვირაში თბილისში აშშ-ს სამხედრო უწყების მაღალჩინოსანი იმყოფება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის „ახალი საფეხურის“ პარამეტრების დაზუსტებაა, რაზეც ამდენი საუბარია. ისევე როგორც, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ვაშინგტონში, სახეზეა ის, რომ ამერიკული და ქართული მხარეების რიტორიკა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი სამხედრო თანამშრომლობის მომავალს ამ ორ მოკავშირეს შორის, ერთმანეთს არ ემთხვევა.

ქართული მხარე აქცენტს კვლავ „თავდაცვითუნარიანობაზე“ ანუ შეიარაღებაზე აკეთებს. „შეერთებული შტატები უაღრესად დაინტერესებულია საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდაში“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.

ამერიკული მხარე კი ფოკუსირებულია ინსტიტუციონალურ რეფორმაზე ქართულ არმიაში, რასაც აბსოლუტურად მკაფიოდ ცხადყოფს პენტაგონის წარმომადგენლის სელესტა ვოლანდერის სიტყვით გამოსვლა საქართველოს ეროვნულ სამხედრო აკადემიაში. მართალია ვოლანდერმა ხაზი გაუსვა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფართოვების ფაქტს „მთელი რიგი ახალი მიმართულებებით“, თუმცა გაცილებით მეტი დრო დაუთმო აკადემიის აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ არმია აპოლიტიკური უნდა იყოს, მიიჩნია რა, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა:

„არიან ისეთებიც, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ საქართველოს წინსვლაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური პასუხი ამ სკეპტიკოსებისთვის ისეთი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა, რომლითაც ცალსახად აჩვენებდით მათ, რომ მკაფიოდ გესმით შეიარაღებული ძალების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და შეგიძლიათ ამ შეხედულებების შესაბამისად მოქმედება. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღის და სამხედრო ტექნიკის ნებისმიერი შესყიდვა, აუცილებელი სამხედრო უნარების შეძენა და ნებისმიერ კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მთავარი გამოცდა ჩააბაროთ, უნდა დაანახოთ ყველას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ესმის მისი როლი დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, ისეთ საქართველოში, რომლის მშენებლობისთვისაც, ჩემი ინფორმაციით, მისი მოქალაქეები ძალას არ იშურებენ“.

სელესტა ვოლანდერმა ასევე მკაფიოდ გაუსვა ხაზი ურთიერთკავშირს საქართველოს არმიისადმი აშშ-ს და დასავლეთის მხარდაჭერას და ამ ქვეყანაში დამდეგი საპარალამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარებას შორის:

„დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი ისე ძლიერად არ შეარყევს თქვენი მისწრაფების მხარდაჭერას ნატოში და არ გააძლიერებს იმ ადამიანთა პოზიციებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, როგორც ქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება წარმოდგენას დემოკრატიულ, თანამედროვე ევროპულ ქვეყანაზე. ამ და მომავალ წელს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოსკენ მთელი მსოფლიოს მზერაა მოპყრობილი, რომელსაც სურს იცოდეს, ხელს შეუწყობს თუ არა დღევანდელი რეფორმები კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი გზით, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად უზრუნველყოფს ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას“.

ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად ვოლანდერის თბილისში ვიზიტის წინ, ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რის შედეგადაც საქართველოს სამხედრო კონტიგენტში დაღუპულთა რიცხვმა 15-ს მიაღწია. პრეზიდენტი სააკაშვილი მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნის მიზანი აშშ-ს თვალში საქართველოს პოზიციის განმტკიცებაა, და რაც უფრო დიდხანს დაუცდის საქართველო ამ მსხვერპლისთვის მადლიერების რაიმე კონკრეტულ გამოვლინებებს, მით უფრო რთული იქნება მისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით შემდგომშიც ისეთივე დიდი ერთგულების დემონსტრირება იმ ამოცანებისადმი, რომელსაც ავღანეთში კოალიცია წყვეტს. როგორც ჩანს, ამ ფაქტის სრული გაცნობიერებით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ თავის ქართველ კოლეგა ბაჩო ახალაიას დაურეკა და სამძიმარი უთხრა, საუბრის შედეგების შესახებ კი პრესრელიზი გაავრცელა.

ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების ბრიგადებთან და დივიზიის მეთაურებთან შეხვედრისას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ხელახალი შეიარაღების საკითხის განხილვას, რაც, პუტინის თქმით, „პოლიშინელის საიდუმლოა“, იუწყება ვებ-გვერდი Civil.ge:

„მისი [პუტინის] თქმით, საქართველოს ხელახალი შეიარაღება აშშ-მ აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო.

„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა აშკარად აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს, და იარაღით იმ ქვეყნის არმიის მომარაგება, რომელსაც აგრესიული პოლიტიკა აქვს, აუცილებლად, ყოველთვის და ყველგან უბიძგებს მას აგრესიული ქმედებებისკენ, წაახალისებს აგრესიულ ქმედებებს…“

„ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას ვხედავთ, და არა საჯაროდ, მაგრამ შესაბამისად ვრეაგირებთ ამაზე“, აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

„ჩვენ სიტუაციას ვაფასებთ არა სიტყვების, არამედ კონკრეტული ქმედებების მიხედვით, რომლის აღმოჩენაც მარტივია, არამხოლოდ საგარეო დაზვერვის, არამედ „გრუ“-ს [მთავარი სადაზვერვო განყოფილება] საშუალებითაც… ხომალდების გადაადგილებით, ტვირთების მოცულობით, ეს ყველაფერი საკმაოდ იოლად კონტროლდება თვალთვალის კოსმოსური და სხვა საშუალებებით. ზოგიერთი რამ დღეს აქაც მაჩვენეს“, – განაცხადა პუტინმა.

„ჩვენ მათ [აშშ-ს] ამას მუდმივად ვეუბნებით. და მე დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ქართულ მხარეს საღი აზრი ეყოფა და ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ მიიღო, ამაოდ არ ჩაივლის, რომ ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული ქმედებებისთვის“, აღნიშნა პუტინმა“.

ბლოგი „The Bug Pit“ ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიწოდებების საკითხს და ჯერ-ჯერობით ამის დამადასტურებელ ვერცერთი ფაქტი ვერ არმოაჩინა. ეს „პოლიშინელის საიდუმლო“, ჯერ-ჯერობით ვერც იმ მწერალ ჟურნალისტთა შესანიშნავმა წარმომადგენლებმა ამხილეს, რომლებიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებენ. თავად საქართველო ჩივის მისი ქვეყნის იარაღით მომარაგებაზე ფაქტობრივი „ემბარგოს“ დაწესების გამო. (სხვათაშორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც პუტინის გამოსვლის სხვა განცხადებებზე ირეაგირა და სრული იგნორირება გაუკეთა მის განცხადებებს საქართველოს ხელახალ შეიარაღებაზე, შესაძლოა იმ იმედით, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა შეიძლება ახალი ბიძგი მისცეს ამერიკულ-ქართული თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ გადასვლას).

ასე რომ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ: თუკი თქვენ ოდესმე გადაწყვეტთ თქვენი დაზვერვის მიერ ამერიკული იარაღით საქართველოს საიდუმლო მომარაგებაზე ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზებას, თქვენ იცით, ვის უნდა მისწეროთ.
foreignpress.ge