როდესაც იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ ხომ ნამდვილად იმ საქმეს ვემსახურები, რაც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია? ხომ არ ვუშვებ შეცდომას? ან ხომ არ მოემსახურება ცვლილებები, ჩემს მეგობარს, სულხან ღლონტს დავესესხები და ვიტყვი ,,ცვალებად იგივეობას“? მომეწონა ეს ფრაზა, კარგად ასახავს იმას, რაც დიდი ხანია ჩვენს თავს ხდება. ხომ არ მიგვიყვანს ეს ცვლილება ისევ იგივე წრეზე? და არის თუ არა ბოლოს და ბოლოს, არსებული რეჟიმი ნამდვილად შესაცვლელი? და თუ არის მაშინ რატომ? ამ საკითხებზე მიფიქრია და აბსულუტურად გულწრფელად გეტყვით, მთელი ჩემი შინაგანი რწმენით, რომ ცვლილება აუცილებელია!
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სხვადასხვა შეფასება მომისმენია, სხვადასხვა დასკვნები, ზოგი თვლის, რომ ეს არის მრავალსაუკუნოვანი მონობის ისტორია, მე ვფიქრობ რომ არა მონობის, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა და იშვიათია ერი, რომელსაც ასეთი სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება აღმოაჩნდეს, მუდმივი ჩაგვრის, დაპყრობისა და გაქრობის საფრთხეების წინაშე. და ყოველთვის, როცა გადამწყვეტი მომენტი დგებოდა, ქართველი ერი აკეთებდა იმ არჩევანს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც გავაკეთებთ!
მე არ მგონია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველაფერი რაც შექმნა იყო ცუდი, მე არ მგონია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ არ შექმნა სიახლეები, ან-და არ გადავიდა ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე, რა თქმა უნდა - გადავიდა, მაგრამ სამწუხაროდ გაკეთებული გაფუჭებულმა გადაწონა, და მან დაიმსგავსა მთელი რეჟიმი, ხელისუფლებამ დაკარგა მორალი, ხელისუფლებამ დაკარგა ცვლილებებისათვის საჭირო შესაძლებლობები, რადგან იგი დემორალიზებულია.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ხელისუფლება მაგონებს კომპრაჩიკოსებს. ეს სიტყვა მე პირველად ჰიუგოსგან გავიგე, ისევე როგორც მათი საქმიანობის შესახებ. ბევრი სისასტიკე მომხდარა და ხდება ამ სამყაროში, მაგრამ ალბათ, ერთ-ერთი დაწინაურებულნი სწორედ კომპრაჩიკოსები იყვნენ. ეს კასტა გარკვეულწილად კოსმოპოლიტური იყო და მათი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სხვა „ღირსებებთან“ ერთად, გახლდათ ადამიანების დამახინჯება. მათ არსენალში ყველაზე სასტიკი ალბათ იყო ის, რომ ეს „ადამიანები“ პატარა ბავშვებს სვამდნენ გარკვეული ფორმის ქილებსა თუ ქოთნებში, ბავშვებს იმიტომ, რომ მათი სხეული უფრო თვინიერია, რბილი და სათუთია და მისი დამახინჯება უფრო ადვილია. და ეს ბავშვები იზრდებოდნენ იმ ფორმით რა ფორმაც ამ ჭურჭელს ჰქონდა...
წარმოგიდგენიათ ალბათ ამ ბავშვების ყოფა, იყო მუდმივად რაღაც ჭურჭელში, რომელიც გამახინჯებს, გინდა გათავისუფლდე და ვერ ერევი, ალბათ რთულად წარმოსადგენია ის ტანჯვა, რასაც ეს პატარა არსებები განიცდიდნენ კომპრაჩიკოსების „შემოქმედებით“, შემოქმედებით რომლის არსიც ადამიანის დამახინჯება იყო, რათა დიდგვაროვნებსა, თუ სხვა „ადამიანებს“ ეცინათ, დაეცინათ მათთვის, დაეცინათ იმისათვის, რომ მათ მაშინ როცა ძალა არ ჰქონდათ ვერ გათავისუფლდნენ იმ ჭურჭლისგან, რამაც ისინი დაამახინჯა. მაგრამ კომპრაჩიკოსებზე ნაკლები სისატიკე არც იმ ადამიანებმა გამოიჩინეს, ვინც ამას ხედავდა და წინ არ აღუდგა, რადგან როგორც ლესინგი იტყვის: „ვინც ბოროტებას ხედავს, მისთვის ხელის შეშლა შეუძლია და ამას არ აკეთებს - დამნაშავეა!“
ასე რომ, ერთის მხრივ, ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ კომპრაჩიკოსები საზოგადოებამ შექმნა, მართალია, რადგან საზოგადოება მათი უმოქმედობითა თუ ამ „შემოქმედების“ წახალისებით, თანამონაწილენი და თანამდებნი არიან კომპრაჩიკოსთა სისასტიკისა. ახლა ისიც მინდა გავიაზროთ ყველამ, თუ რა სიძულვილი იყო იმ ადამიანებში ვის სხეულსა და სულსაც ამახინჯებდა საზოგადოება, რა თქმა უნდა, მათ სძულდათ ყველა, ყველა ვინც გვერდზე ჩაუარა როცა გათავისუფლებას ითხოვდნენ, და მათი სამართალიც რა თქმა უნდა სასტიკი იქნებოდა, რომ მისცემოდათ ამის საშუალება.
მაგრამ მოდით ახლა იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ხელისუფლება სახელმწიფოს ჩვილ ინსტიტუციებს, სვავს ჭურჭელში, რომელიც მათ სახეს დაუკარგავს, რომელიც სასაცილოდ იქცევა სხვებისთვის, და უბედურებად ჩვენთვის, რადგან მათი სამართალი სასტიკი იქნება - ჭურჭელი, რომელიც მათ ამახინჯებს სწორედ პოლიტიკაა! მათი პოლიტიზირება! პოლიტიკამ შეიძლება მხოლოდ შვას ინსტიტუციები და შემდეგ ისინი უნდა გაათავისუფლოს, რადგან ბუნებრივი ზრდა, მხოლოდ თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი, მაგრამ ვხედავთ რა, რომ სასამართლოს, პოლიციას, ჯარს, მედიასა თუ სხვა ინსტიტუციებს ამ ჭურჭელში ჩასმულს, ჭურჭელში, რომელიც მათ დაამახინჯებს და როცა ზრდას დაასრულებს, ის გახდება სასაცილო, სამარცხვინო და ბუნება მისი იქნება ბოროტი და შურისმაძიებელი, შემდეგ ისიც იქცევა კომპრაჩიკოსად და დანარჩენ საზოგადოებას დაუწყებს ტანჯვას უმოწყალოდ, სანამ კიდევ ერთ წრეზე არ წავალთ? არა! მე მინდა გზის გაგრძელება, მე მინდა წინ წასვლა, მე მინდა განვითარება, მე არ მყოფნის ის სივრცე, რასაც ეს მოჯადოებული წრე მთავაზობს, მე მინდა ვიარო წინ, თუნდაც რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე, სადაც მარტო არ ვარ, გზაზე, სადაც არავინ ჩაუვლის გვერდზე ერთისგან მეორე დაჩაგრულს, გზაზე, სადაც არა ბნელია, არამედ ნათელი, გზაზე სადაც ჩემს მიერ გაკვლეულ გზას სხვა გააგრძელებს, ეს არის სახელმწიფო! ეს არის ერი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, მთელს მსოფლიოს გააგებინებს საქართველოში ქოთნების მტვრევის ხმას!