ალბათ არაერთხელ გვსმენია ასეთი ფრაზა: „მე პოლიტიკა არ მაინტერესებს“.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ჩემთვის, საკმაოდ ხშირად შევხვედრივარ ასეთი მოსაზრებისა და პოზიციის მქონე ადამიანებს და ახლა, ამ სტატიის საშუალებით, მსურს მათ რამოდენიმე კითხვა დავუსვა:
გაინტერესებთ თუ არა, როგორ განათლებას მიიღებენ თქვენი შვილები, ან საერთოდ, ექნებათ კი განათლების მიღების საშუალება?
გაინტერესებთ თუ არა, თქვენს ძმას როგორ პირობებში მოუწევს ჯარში სამსახური?
არ გაინტერესებთ ექნებათ თუ არა თქვენს პენსიონერ მშობლებს ღირსეული პენსია, ისეთი მაინც, საარსებო მინიმუმს რომ აკმაყოფილებდეს?
შეიძლება არ გაინტერესებდეთ თქვენი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობა, შესაძლებლობა გაზარდოთ თქვენი შვილები, დააპუროთ და შემოსოთ?
არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ფუნდამენტუი უფლება - იყოს თავისუფალი? არ გსურთ თავისუფლება?
თავს უფლებას მივცემ და ავღნიშნავ, რომ ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, აინტერესებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჭირბოროტო და ფუნდამენტური საკითხი, თუმცა ბევრი მათგანი რატომღაც მაინც დაჟინებით იმეორებს ფრაზას: „მე პოლიტიკა არ მაინტერესებს“.
კი, მაგრამ ყველა ზემოთ ხსენებული საკითხი ხომ პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კურსსა და პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს. ყველა ამ საკითხის ჩვენს საკეთილდღეოდ გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნის ხელისუფალს ძალუძს (ან არ ძალუძს!) და ამ ხელისუფლების არჩევა კი ჩვენ, მოქალაქეებს გვევალება სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური მოვლენა, არჩევნებია.
ცნობისთვის - ძველი ბერძნები ამბობდნენ: „ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს, უგუნურია“. სრულად ვეთანხმები ბრძენი ბერძნების ამ მოსაზრებას.