„პრეზიდენტ“ ანქვაბზე მორიგ თავდასხმას გამოხმაურება მოჰყვა. გზაზე, რომელზეც „კორტეჟი“ მოძრაობდა, ჯერ აფეთქება მოხდა, შემდეგ კი უცნობმა პირებმა დე ფაქტო ლიდერის ავტომანქანა დაცხრილეს. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი მცველი რემზიკ ცუგბა გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, ოპერაცია გულდასმით იყო მომზადებული. თავდასხმის ადგილზე ძალოვანებმა მთელი რიგი ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს. კერძოდ, მიმდებარე მთაზე აღმოჩენილია ორი სანგარი და რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – ხელის ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩენილია ნაკვალევი და თითების ანაბეჭდები. ასევე, იპოვეს მავთულის ნაჭერი, რომლის საშუალებითაც გზის ნაპირზე დადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოხდა. მავთული ტრასამდე ბუჩქნარის გავლით იყო გაჭიმული.
დამნაშავეების ძებნის ოპერაცია „შეპყრობა“ მთელ აფხაზეთში მიმდინარეობს.
ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა პირველი განცხადება გუშინვე, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთა: „ყველაზე მეტად იმ ბიჭებზე ვფიქრობ, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ დამნაშავეებთან. სამწუხაროდ, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე მძიმე მდგომარეობაშია. დამნაშავეების მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა“.
ანქვაბმა დე-ფაქტო საბჭოს წევრებს მისი და პრეზიდენტ მედვედევის სატელეფონო საუბრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მედვედევმა ანქვაბს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებამ თავდასხმაში ჯერჯერობით „ქართული კვალი“ ვერ აღმოაჩინა. „პრეზიდენტის“ პრეს-მდივნის კრისტიან ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთის ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ტერაქტში ჯერჯერობით ქართულ კვალს არ განიხილავს“: „ამჟამად ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება, თუმცა ტერაქტში ქართულ კვალს ჯერჯერობით არ განვიხილავთ“, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ ტერაქტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
განხორციელებულ ტერაქტს მოსკოვსა და თბილისში კარდინალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. რუსი ექსპერტების ვარაუდით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკან შესაძლოა, საქართველო იდგეს. როგორც დემოკრატიის პრობლემების კვლევის ფონდის დირექტორმა მაქსიმ გრიგორიევმა „პრავდა.რუ“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ მცდელობის უკან თბილისი დგას“.
დსთ-ის ქვეყნების კავკასიის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელის ფელიქს სტანევსკი კი თვლის, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა, როგორც გარე, ისე შიდა ძალები იდგნენ: „შესაძლოა, ეს რაღაც შიდა შეტაკების შედეგია, რამდენადაც აფხაზეთის სხვა არც ერთ მოღვაწეზე ამდენი თავდასხმა არ განხორციელებულა“.
რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მომხდარი „რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მცდელობად“ შეაფასა.
თავის მხრივ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას აზრით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მასთან დაპირისპირებული შიდა ძალების მიერ უნდა ყოფილიყო მოწყობილი:
„თავდასხმის შესახებ ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსკოვს დღეს წესრიგი უფრო აწყობს აფხაზეთში, ვიდრე არეულობა და სწორედ ამიტომ იქნა არჩევანი ანქვაბზე შეჩერებული. ანქვაბმა აფხაზეთში „ატკატების“ დრო დაამთავრა. ის წესრიგის კაცია, დე ფაქტო უწყებებში საკადრო წმენდები დაიწყო, ნარკოტიკებსა და კრიმინალებს ბრძოლა გამოუცხადა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ ჩინოვნიკებს არ აწყობთ, რომლებიც აფხაზეთსა და რუსეთში მოსახლეობის ფულს ერთად იყოფდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავდასხმის უკან სწორედ ანქვაბზე განაწყენებული ჩინოვნიკები უფრო დგანან, ვიდრე კრემლი“.
მისივე განმარტებით, ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა, როგორც სოხუმში, ისე მოსკოვში მყოფ ჩინოვნიკებს მოეწყოთ: „თავად რუსეთის ხელისუფლებას კი აფხაზეთში წესრიგი და იმის დემონსტრირება უფრო აწყობთ, რომ იქ ყველა კუთხით დემოკრატიული კანონები მყარდება“.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივნის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „თავდასხმა აფხაზეთში მიმოსვლის რეჟიმს გაამკაცრებს“: „ანქვაბი ცნობილია როგორც მტკიცე ხელის, დისციპლინის მოყვარული და მომთხოვნი პიროვნება. შეიძლება, ეს ვიღაცეებს შიგნით არ მოსწონთ“.
მისივე თქმით, ამჟამად დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა გადასავლელი ჩაკეტილია. ყოლბაია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სერიოზულ გართულებამდე არ მივა, თუმცა მიმოსვლის რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში გამკაცრებული იქნება.
„დემოკრატიული მოძრაობა“ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს იგი მიმართული.
კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის ალექსანდრე რუსეცკის აზრით, ანქვაბის მოშორებით რუსეთზე ორიენტირებული ძალები არიან დაინტერესებული:
„ანქვაბზე თავდასხმა პირველი არ არის. იგი ბევრს უშლის ხელს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოგვწონს თუ არა ეს, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში დემოკრატიული „არჩევნების“ ჩატარება შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ „არჩევნებში“ მხოლოდ მოსახლეობის ნაწილი მონაწილეობს, ამ ნაწილთან მიმართებაში საკმაოდ მაღალი დონის ლეგიტიმური პოლიტიკური ხელისუფლება გააჩნიათ, რასაც აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების მეორე ნაწილზე - უნიონისტებზე ვერ ვიტყვით.
რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ აწყობს. პირველ რიგში, ეს მოსკოვზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ირედენტისტებს არ აწყობთ. აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობა (გალის რეგიონი რომ არ ჩავთვალოთ), ასევე ორ ნაწილად არის გახლეჩილი. ორივენი სეცისიის (ანუ გამოყოფის) მომხრეები არიან. ერთი მხარე, რომლის ლიდერიცაა ანქვაბი, სეპარატისტულ ფრთას წარმოადგენს, ანუ მათ სურთ გამოყოფა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან. სეცესსიონისტების მეორე მხარე ასევე გამოყოფის მომხრეა, მაგრამ ისინი ირედენტისტები არიან - გამოყოფა უნდათ იმისთვის, რომ რუსეთს შეუერთდნენ. ამის კარგი მაგალითია მდგომარეობა აფხაზეთის „მართლმადიდებლურ“ ეკლესიაში. როგორც ჩანს, აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაცია ხდება“.
მისივე თქმით, „ანქვაბზე თავდასხმა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგია, რომელსაც გარედან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს“:
„შევადაროთ ცხინვალის სიტუაციას. ალა ჯიოევაც, ისევე როგორც ანქვაბი, ცდილობდა დამოუკიდებელი ლეგიტიმური ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ მოსკოვმა ეს არ დაუშვა და უხეში ფორმებით ჩაერია. ანქვაბი ცდილობს, დასავლეთთან კავშირი დაამყაროს. ინგლისის ელჩის ჩასვლა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. ინგლისი ვენესუელა არ არის. ის იყო, არის და იქნება მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ასე, რომ არა მგონია, აქ უბრალო დამთხვევა იყოს. აფხაზეთის დასავლეთისკენ სწრაფვა რუსეთთან შეერთების მომხრეთა ინტერესებში არ ჯდება“.
ამასთან, რუსეცკი არ გამორიცხავს, აფხაზეთში არეულობის მცდელობა და სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ანქვაბზე თავდასხმას მის მიერ კრიმინალური სამყაროსთვის გამოცხადებულ ბრძოლას უკავშირებს. როგორც არეშიძემ განაცხადა, „ანქვაბმა ძალიან ბევრი ადამიანი გადაიმტერა, როდესაც აფხაზეთში არსებული კორუფციული სქემის გაუქმება მოინდომა“:
„ანქვაბი თავისი აქტიურობით ხელს უშლის იმ კრიმინალურ-კორუფციულ სქემას, რომლის კვალი რუსეთამდე მიდის და რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც აფხაზეთში, ისე რუსეთში ფულს შოულობს. შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ ანქვაბზე უკვე მე-6 თავდასხმა განხორციელდა“.
ამ თემაზე ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასაც ვესაუბრეთ.
მაინც ვინ შეიძლება იდგეს ანქვაბზე თავდასხმის უკან?
– ეჭვი მაქვს, რომ ამაში მოსკოვის ხელი ურევია. კრემლს ანქვაბი თავიდანვე არ აწყობდა. სამი კანდიდატიდან, ვინც ე.წ. პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა, ის ორი ანქვაბს ერჩივნათ. მიუხედავად ამისა, მან მოიგო. მოსკოვი თითქოს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ადებს ხელს, რისიც არ მჯერა და პოლიტიკური აქტი მგონია. რეალურად, ანქვაბის ავანსცენიდან მოშორება უნდათ.
მოვლენების განვითარების დღევანდელ ეტაპზე რატომ სურთ ანქვაბის მოშორება?
– ეჭვებს გამოთქვამენ მის ქმედებებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, რომ ბოლო კენჭისყრაზე არსებული კანდიდატებიდან, ალიკა ანქვაბი მოსკოვისთვის ყველაზე მიუღებელი პიროვნება იყო.
დე–ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან რომელ „საეჭვო ქმედებებზეა“ საუბარი?
– რუსებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაყიდ ქონებას არ უფორმებს. ამასთან, რამდენადაც ვიცი, ანქვაბმა ადგილობრივი მაფიოზებს წინააღმდეგ ღია ბრძოლა დაიწყო. ისინი თავის მხრივ, ძირითადად მოსკოვთან არიან შეკრულები.
ალბათ, თავის დროზე გქონდათ გარკვეული შეხება ამ პიროვნებასთან; როგორ დაახასიათებდით მას?
– ანქვაბი იყო ერთ–ერთი პირველი მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გადაუდგა მაშინდელ რეჟიმს აფხაზეთში, რუსეთში წავიდა და იქ არძინბასთან ოპოზიციაში იყო. ადრე ის დიდხანს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მასთან მომუშავე აქაური ხალხი, ყველა დადებითად ახასიათებს. მეც სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდი და ჩემზეც ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
ცხადია ახლა, ის პროქართული ორიენტაციის არ არის. მაგრამ დანარჩენებთან და პირველ რიგში თვითონ არძინბასთან შედარებით, რასაკვირველია განსხვავებული ფიგურა იყო. მასთან არასოდეს დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილა; არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ამ კაცს სძულს ქართველები. ცოტა ნასვამი თუ იყო, არძინბა თავის სიძულვილს ვერ იკავებდა. ჩემთან პირადად ეს არ გამოუხატავს, მაგრამ მაინც. მომდიოდა ინფორმაცია, რომ არძინბა პირდაპირ სიძულვილს გამოთქვამდა. ასეთი რამე ანქვაბისთვის და ასევე ბაღაფშისთვის არ შემიმჩნევია.
რა ეტაპზე უნდა ველოდოთ აფხაზებთან გარკვეული კონტაქტების აღდგენას და დიალოგის დაწყებას?
– როგორც კი მოსკოვის პოზიციები დასუსტდება და ეს ხლო მომავალში მოხდება. ამაში დარწმუნებული ვარ.