"ცდას არ ვაკლებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ადამიანები ბრჭყალებიდან გამოვტაცოთ"

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელ ქართულ პოლიტიკას შემკრები, ინიციატივიანი ლიდერი არ ჰყოლია. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ კი ადამიანებს ქართული ოცნების თვითრეალიზების საშუალებას მისცა. Presage.tv  გია ცაგარეიშვილს ესაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის პრეზენტაციაზე თავისი პარტნიორები დაასახელა. უკვე საუბრობენ, რომ ეს გაერთიანება ეკლექტურია და სხვადასხვა შეხედულებებსა და იდეურ მიმართულებებს შეიცავს. მაინც რა აერთიანებს იმ პარტიებსა და სუბიექტებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდნენ?

- გამარჯვების რწმენა. ეს არის უმთავრესი, რაც გვაერთიანებს და ის ვალდებულებები, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს ჩვენი ხალხის წინაშე გვაკისრია. სწორედ ამან ჩაგვინერგა გამარჯვების დაუშრეტელი რწმენა. მე მგონი, ნათელია, რომ ამ ქვეყანაში გათითოკაცებული ოპოზიცია საქართველოს ზნედაცემული ხელისუფლების წინააღმდეგ ვერაფერს გახდება. ის განცდა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით, შესაძლოა, ყველაში იყო დასადგურებული, მაგრამ არ ჩანდა შემკრები, ინიციატივიანი ლიდერი, რომელიც ყველას შეუძახებდა, ერთი მაგიდის გარშემო გააერთიანებდა და ჩვენი გულის კუნჭულში დამალული ოცნების თვითრეალიზების საშუალებას მოგვცემდა. ასეთი ადამიანი გამოჩნდა, ბატონი ივანიშვილის სახით, და სწორედ ამიტომაც მის გარშემო მოხდა ძალების გაერთიანება.

 როგორც თქვენ უწოდებთ, ამ შემკრებ ლიდერთან მიმართებით ხელისუფლებას თავისი არგუმენტი აქვს, რომ ეს არის ფულით შემკრები ლიდერი.

- ჩემში ეს იუმორის აღმძვრელი თემაა. პირველ რიგში, ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფო ბიუჯეტი, ფაქტობრივად, ფიანდაზად გაიგეს და მასში ისე აფათურებენ ხელებს, ამას ვერავინ ვერ გააკონტროლებს და საქართველოს ვერცერთი მოქალაქე წინ ვერ აღუდგება. ამას ამბობენ ხაზინის ქურდები, ხაზინის ვირთხები, რომლებიც სუსნავენ ჩვენს ბიუჯეტს, ანადგურებენ მას, როგორც ვირთხა ანადგურებს სიმინდით სავსე ნალიას, და ამას ჩვენი მისამართით ამბობენ, თითქოს ჩვენ ფულმა გაგვაერთიანა?!

თუმცა ფინანსური საშუალება რომ არ ყოფილიყო, ალბათ, გაჭირდებოდა მთელი ოპოზიციური სპექტრის მობილიზება?!

- იცით, რა არის? აქტიური პოლიტიკის კამპანიის საწარმოებლად მატერიალური სახსარი აუცილებელი ელემენტია. და ეს არ არის ქართული უცნაურობა. აგერ, აშშ-ში ახლა იწყება წინასაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. მისი წინამორბედი საპრეზიდენტო კამპანია აშშ-ის ისტორიაში გამორჩეული იმით იყო, რომ პრეზიდენტმა ობამამ ყველაზე მეტი ფულადი საშუალების მობილიზება მოახდინა თავის წინასაარჩევნო ანგარიშზე. თუ არ ვცდები, ასობით მილიონ დოლარზე იყო საუბარი.

ალბათ, ამანაც განაპირობა არჩევნებში მისი გამარჯვება?

- რა თქმა უნდა. თუმცა გარწმუნებთ, ჩვენ ასობით მილიონი დოლარი არ დაგვჭირდება. არც ასობით მილიონი ლარი დაგვჭირდება.

გამოდის, ჩვენთან უფრო მარტივადაა საქმე?

- ჩვენ დაგვჭირდება იმდენი თანხა, რამდენიც საჭირო იქნება მიხეილ სააკაშვილის დასამარცხებლად...

ქართულ ოცნებაში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 12- პუნქტიანი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც თავადქართული ოცნებისლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააცნო საზოგადოებასამ დეკლარაციაში ერთ-ერთ მუხლად წერია, რომ საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმი და ავტორიტარიზმი უნდა დასრულდეს. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ხომ არ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება მისი პოლიტიკური მესიანიზმით?

- არა, აქ წერია, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური მესიანიზმი.

კი, წერია, მაგრამ რეალობა როგორი იქნება?

- ეს არის ის, რასაც ჩვენ რეალურად განვახორციელებთ. ეს გახლავთ ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც ოთხი პარტიის ლიდერი ხელს აწერს. ეს ჩვენთვის ამოსავალი წერტილია. ფაქტობრივად, ეს არის შეთანხმება საზოგადოებასთან, რასაც ჩვენ, არცერთ შემთხვევაში, არ გადავუხვევთ. საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმი უნდა დასრულდეს. უნდა დამყარდეს ხალხის მმართველობა და რეალური დემოკრატია. ამისთვის ვიღწვით ჩვენ და ამას 2012 წლის არჩევნებში წარმატებით მივაღწევთ.

პოლიტიკური კოალიციაქართული ოცნებისპოლიტიკურ საბჭო წევრად ზვიად ძიძიგური დასახელდა, მაგრამ პოლიტსაბჭოში არ მოხვდა კობა დავითაშვილი. გამოდის, ბიძინა ივანიშვილთან ზვიად ძიძიგური უფრო ახლოსაა? რით ახსნით ასეთ დიფერენცირებას?

- ეს ასე გადაწყდა, როდესაც კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია კოალიციასა და გაერთიანებაში შემოვიდა. თქვენ იცით, რომ ეს ორპარტიული სუბიექტი იყო, ხალხის პარტია და კონსერვატიული პარტია, თავის მხრივ, წარმოადგენდა ეროვნულ საბჭოს, ამიტომ კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ორპარტიულ სუბიექტს პოლიტსაბჭოში მხოლოდ ერთი მანდატი ექნებოდა. ეს  შეთანხმება, პირველ რიგში, ძიძიგურ-დავითაშვილის შეთანხმებითა და წინასწარი თანხმობით იყო გამყარებული და შემდეგ უკვე - კოალიციური თანხმობით.

ამით კობა დავითაშვილის იგნორირება არ მომხდარა?

- არა, სწორედ ეს გახლავთ შეთანხმებების გზით სიარული. ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ლიდერს, თუ როგორ შეიძლება, პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადაიდოს და კოალიციაში გაერთიანებულმა ნებისმიერმა პოლიტიკოსმა და ნებისმიერმა პარტიამ საერთო წარმატებისთვის იღვაწოს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავიდანვე გაცხადდა, რომ მის კოალიციაში ნაციონალებიდანაც გადმოვიდოდნენ. ამ მხრივ რა ძვრებია? მით უფრო, რომ პარლამენტში სახელისუფლო ძალებს შორის დაბნეულობა აშკარაა - დეპუტატების გასესხება, ფრაქციების დაშლის საშიშროება და სხვა.

- ჩვენ ცდას არ ვაკლებთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ადამიანები ბრჭყალებიდან გამოვტაცოთ. ვფიქრობ, რომ ცალკეული ადამიანები ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში არიან. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ გონება გაუნათლდეთ.

მათი მხრიდან თქვენთან თანამშრომლობის მზაობას ხედავთ?

- ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან არ მინდა, ხელისუფლებას იმის საშუალება მივცე, რომ ოპოზიციაში გადმოსასვლელად გამზადებულ სავარაუდო კანდიდატებზე ზეწოლა განახორციელოს. ერთ რამეს გეტყვით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს. საკმაოდ რთული პროცესია.