საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებულ დანაყოფებთან ერთად ავღანეთში.
ცხადია, საზოგადოების მხრიდან მაღალია ინტერესი იმ გარემოებებისადმი, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი მებრძოლები, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არაერთხელ მიუღია არათანამიმდევრული, ყოვლად გაუაზრებელი და იმპულსური გადაწყვეტილებები და გაუცია დავალებები, იმყოფებოდა ავღანეთში და შეხვდა ქართველ მეომრებს, კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების ინტერესს.
ჩემთვის, როგორც ერთი ქართველი ადამიანისთვის და როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტისთვის, განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული იყო ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი და ინფორმაციის მიღებისთანავე გაკეთებული შეფასებაც სწორედ ამ ემოციური ფონით იყო განპირობებული.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემ მიერ გამოთქმული მოსაზრებები განეკუთვნებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას და არამც და არამც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.