თებერვლის დასაწყისში, როდესაც მუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ, ქართული ნაციონალური ტელეარხები აღფრთოვანებულნი იუწყებოდნენ, რომ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და დაგეგმილი იყო მისი სიტყვით გამოსვლაც.
რა თქმა უნდა, მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგაც ასეთივე აჟიოტაჟი იყო ატეხილი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ კონფერენციაზე სულ სხვა რამ მოხდა და სააკაშვილის საგანგებო სტატუსით კი არა, საერთოდ, მიწვულიც კი არ ყოფილა.
ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია, რადგან არსებობს ბროშურა, რომელსაც მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორები ყოველწლიურად ბეჭდავენ, სადაც მოკლე ბიოგრაფიული ანოტაციით ჩამოწერილია კონფერენციაზე გამომსვლელთა სია და ასევე იმ პირთა სია, ვინც კონფერენციაზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ასეთი ბუკლეტი წელსაც დაიბეჭდა და მისი ნახვა კონფერენციაზე მყოფ ყველა ადამიანს შეეძლო. ქართულმა ნაციონალურმა ტელეარხებს კი, ცხადია, ეს ბუკლეტი „არ უნახავთ“ და ბედნიერნი და აღფრთოვანებულნი გადმოსცემდნენ, თუ სააკაშვილის გამოსვლას როგორი ოვაციით შეხვდნენ კონფერენციაზე მყოფნი.
არადა, კონფერენციაზე სააკაშვილის არანაირი გამოსვლა არ ყოფილა დაგეგმილი. უბრალოდ, ამ კონფერენციაზე, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობისას იმართება დისკუსია და დარბაზში მყოფ პირებს, რომლებიც ამ კონფერენციას არანაირი საგანგებო სტატუსით არ ესწრებიან და, უბრალოდ, დამსწრე პირები არიან, საკუთარი პოზიციის დაფიქისირების საშუალებას აძლევენ და სააკაშვილმაც სწორედ ამით ისარგებლა. იგი რამდენიმე წუთი საუბრობდა იმაზე, რაც, წესით, რეპლიკა ან შეკითხვა უნდა ყოფილიყო. სამაგიეროდ, ნაციონალურმა ტელეარხებმა ისე შეფუთეს, როგორც სააკაშვილს აწყობდა.
ამაზე, საინტერესო არგუმენტი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.
„ეს კონფერენცია ყოველ წელს იმართება და მე როგორც მახსოვს, საქართველოს პრეზიდენტი სხვა დროსაც იყო მიწვეული და ჰქონდა ხოლმე გამოსვლები. ამ კონფერენციაზეც მას ჰქონდა გამოსვლები და ეს გამოსვლა იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ეს საუბარი ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს. არ ვიცი, თქვენ რა ნახეთ და როგორ ნახეთ, მაგრამ ამ საგარეო ურთიერთობებში რაც არის გარკვეული, რა შედეგებიც გვაქვს, ვისაც კი დიპლომატიასთან შეხება ჰქონია, უნდა ესმოდეთ, რა მოხდა ამ ბოლო პერიოდში და იმას უნდა ამბობდნენ, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ცნობადობა და საქართველოთი დაინტერესება ძალიან მაღალია. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, დაწყებული იმით, სულ ბოლოს რაც მოხდა, ვგულისხმობ ევროპარლამენტის რეზოლუციას და დამთავრებული ობამასთან შეხვედრით. ამის შემდეგ კი ნიშნისმოგებით ყველაფერი ცუდის ძიება, არავის არ მატებს ქულებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კონფერენციაზე დამალული და გადასხვაფერებული ამბები ამით არ შემოფარგლულა.
22 თებერვალს მიუნხენის კონფერენციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება კუკავას პარტიამ გააკეთა. „თავისუფალი საქართველო“ მიუნხენში რუსულ-ქართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ითხოვს.
პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, მიმი გაბრიჩიძის განცხადებით, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილმა დაადასტურა, რომ მიუნხენში ქართული დელეგაცია იგორ ივანოვს და რუსეთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
„აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ რუსეთთან დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე საკუთარ პოზიციას და ამ მხრივ, ქმედით ნაბიჯებსაც ღიად დგამენ, მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთის აგენტობაში, კრემლის ინტერესების გატარებაში და სხვა უამრავ ცილისმწამებლურ ბრალდებაში. როგორც ჩანს, თავად ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამ დიალოგის აუცილებლობას, თუმცა მანამ, სანამ ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვის არ გახდა ცნობილი, ამის შესახებ არც ერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია“, - აღნიშნავს გაბრიჩიძე.
მისივე თქმით, მიუღებელია სახელისუფლებო ტელევიზიების დუმილიც ამ თემაზე. როგორც გაბრიჩიძე აცხადებს, მაშინ, როცა საქმე შეეხება რომელიმე ოპოზიციონერის შეხვედრას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სახელისუფლებო მედია ნეგატიურ კონტექსტში აშუქებს შეხვედრის ყველა დეტალს. ამჯერად კი, როცა საქმე ხელისუფლების კულუარულ შეხვედრებს შეეხება, სამთავრობო არხებს ტელემაყურებლისთვის ამ თემისადმი მიძღვნილი არც ერთი სიუჟეტი არ შეუთავაზებიათ.
„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ყველა დეტალი და აცნობოს საზოგადოებას, მიმდინარეობს თუ არა რაიმე ტიპის დიალოგი რუსულ მხარესთან ოფიციალურ დონეზე. კუკავას პარტიას ასევე აინტერესებს, რომელმა მხარემ აანაზღაურა ამ შეხვედრისთვის საჭირო ხარჯები და კონკრეტულად სად გაიმართა შეხვედრა.
ხელისუფლების მხრიდან კი ამ თემაზე ჯერჯერობით არანაირი განმარტება არ კეთდება.