ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერასა და აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ჩამოსვენებას ელოდებიან. ვალიკო ბერაიასა და პაატა კაჭარავას ოჯახები თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გარდაცვლილთა გადმოსვენებას დღის 5 საათისათვის ელოდებოდნენ, თუმცა უწყების წარმომადგენლებისგან დამატებითი განმარტებები საღამოს 6 საათისათვის მიიღეს და აცნობეს, რომ ავღანეთიდან გამოფრენილი სპეციალური რეისი თბილისის აეროპორტში ღამის 23.00 საათზე დაჯდება. შესაბამისად, დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებას ახლობლები დილის 4 საათისათვის ვარაუდობენ.
დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები ჟურნალისტებთან ურთიერთობას ამ დრომდე ერიდებიან. 25 წლის ვალიკო ბერაიას ბიოგრაფიის შესახებ დასმულ კითხვებს მისი ახლობლები აგრესიით პასუხობდნენ და ტერიტორიის დატოვებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. აშკარა იყო, რომ ისინი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სატელეფონო მითითებებს უპირობოდ ასრულებდნენ. დაღუპული კაპრალის ნათესავი, დემურ ბერაია, რომელთანაც გასაუბრება ჟურნალისტებმა მოახერხეს, ამბობს, რომ ვალიკო ბერაია ბავშვობიდან დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. იგი 12 წლის ასაკიდან ნაყინის გაყიდვით მიღებული შემოსავლით დედასა და და-ძმას არჩენდა. დაჯილდოვებულია მედლებითა და სამხედრო სიგელებით. საბედისწერო სამხედრო სამსახური კი მისთვის მესამე საკონტარაქტო იყო, რომელიც საზღვარგარეთ გაყვანას ითვალისწინებდა. ნათესავების განმარტებით, ვალიკო ბერაიას დაღუპვის შესახებ მძიმედ დაავადებულმა დედამ ამ დრომდე არაფერი იცის. იგი დაჭრილი შვილის ნახვას ელოდება.
ცნობილია, რომ ვალიკო ბერაია პაატა კაჭარავას ნათლია იყო და ჯარისკაცებს მეგობრობაც აკავშირებდათ. პაატა კაჭარავას მშობლიური სახლი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში მდებარეობს. მას დედა და ძმა ჰყავს, მამა ექვთიმე, რუსთავის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში მსახურობს. დაღუპულის ოჯახებმა მომხდარის შესახებ 21 თებერვალს, თავდაცვის სამინისტროდან განხორციელებული სატელეფონო ზარებით შეიტყვეს.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კაპრალების, პაატა კაჭარავას, ვალიკო ბერაიასა და რუსლან მელაძის დაღუპვის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჯარისკაცები საბრძოლო ამოცანის შესრულებისას თალიბებთან შეტაკების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, „აისაფის“ სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 20 თებერვალს საგანგებოდ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირნენ.
ამგვარ მოსაზრებას იზიარებს სამხედრო ექსპერტი და „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც მომხდართან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას ამერიკული მხარის მიერ გამოძიების ჩატარების მოთხოვნით აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„როგორც ჩანს, სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული სპეცოპერაცია დაიგეგმა. თითქოს სამი თალიბანიც დაიღუპა, თუმცა უცნობია, ისინი ბოევიკები არიან თუ სამოქალაქო პირები. თავისთავად, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი ჩადის ავღანეთში, რა თქმა უნდა, ის თალიბების სამიზნე ხდება იმდენად, რამდენადაც მათი ინტერესია, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ იმ მომენტში და მთელ მსოფლიოს დაანახვონ საკუთარი ძალა. ასეთია ზოგადად მეთოდოლოგია ტერორისტების. ვიდეოკადრებშიც ვნახეთ, თუ როგორ გადაადგილდებოდა სააკაშვილი სამხედრო კომუფლირებული ფორმით ერთი წერტილიდან მეორეზე, რამაც ასევე მიიქცია ყურადღება. თავისთავად ის, რომ ამ ვიზიტის გამო იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია და თალიბები გახდნენ მისი მსხვერპლი, ვფიქრობ, რომ გამოიწვია მათი პროვოცირება. ისინი გახადა უფრო აგრესიული და ფაქტობრივად შური იძიეს ამის გამო. მაშინ, როცა ქართველი ჯარისკაცების მიმართ ავღანელები არიან შედარებით ნორმალურ დამოკიდებულებაში, რადგან ქართველები პატივს სცემენ ტრადიციებსა და წეს-ჩვევებს.
სამი ჯარისკაცი ერთად ჩვენ არასოდეს დაგვღუპია და ჩემი აზრით, ეს ტრაგედია გამოწვეული იყო სწორედ პიარ-კამპანიის მიზეზებით და იმით, რომ არ იყო გათვალისწინებული რისკები და შედეგები. მომხდარი ტრაგედიაა იმის გამოც, რომ სააკაშვილმა ვიწრო პოლიტიკური ინტერსების გამო სიტუაცია გაურთულა ჩვენს ქვედანაყოფებს ავღანეთში.
როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დეტალი, რაც შეეხება დროს, ადგილს, ვითარებას და ა.შ. ვერ ვხდები, რატომ უნდა იყოს ეს დამალული. სხვა ტრაგიკული შემთხვევებისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტრომ ამჟამად ადრე გამოაქვეყნა ცნობა მომხდარის შესახებ, რაც ასევე ეჭვს ბადებს. ამიტომაც ვთვლი, რომ გამოძიების ჩატარება აუცილებელია. ის ჯავსანმანქანა, რომელიც ააფეთქეს, როგორც წესი, არის საკმაოდ კარგად ბრონირებული და ნაღმზე ასე ადვილად არ ფეთქდება. ეს ტერორისტული აქტი, როგორც ჩანს განსაკუთრებულად იქნა დაგეგმილი და საკმაოდ დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა გამოყენებული. ეს ოპერაცია უფრო დაკვეთით იყო, ვიდრე ვითარებიდან გამომდინარე.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ზედმეტი სიარული ავღანეთში არაფერს წაადგება. ცოტა ხნის წინ მინისტრი ახალაია იყო ჩასული და მაშინაც იგივე განმეორდა, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. საჩვენებელი სიარული არ სჭირედება ამ საქმეს. ამერიკულმა მხარემ უნდა ჩაატაროს გამოძიება. პირველ რიგში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთვევაში, ამას ჩათვლიან რიგით ტრაგედიად და ყველაფერი დამთავრდება“.-აცხადებს სესიაშვილი.