აფხაზები დიდ ბრიტანეთს „პასპორტების აღიარებას“ სთხოვენ

აფხაზები დიდ ბრიტანეთს „პასპორტების აღიარებას“ სთხოვენ

სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება დიდ ბრიტანეთს აფხაზური პასპორტების აღიარებას სთხოვს. როგორც სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ეს საკითხი „საგარეო  საქმეთა მინისტრმა“ ვიაჩესლავ ჩირიკბამ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯუდით გოფთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა.

ჩირიკბამ ელჩს აფხაზური პასპორტების აღიარება შესთავაზა ნაცვლად ე.წ. ნეიტრალური პასპორტებისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გასცემს:

„განვიხილეთ აფხაზეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხი, საქართველოსთან კონფლიქტის ასპექტები. ვფიქრობ, ვიზიარებთ იდეას, რომ არ შეიძლება ევროპისგან აფხაზური საზოგადოების იზოლირება.

ასევე, განვიხილეთ პასპორტების საკითხი. ჩვენ დავაყენეთ აფხაზურ პასპორტებში ბრიტანეთის ვიზების ჩარტყმის საკითხი. ვაპირებთ, შესაბამისი თხოვნა გავგზავნოთ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვიმედოვნებთ, რომ იქ ამ მიმართვას განიხილავენ“.

თავის მხრივ, ელჩმა ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტის მიზანი განათლების, კულტურისა და ინგლისური ენის შესწავლის სფეროებში პროექტების განხორციელების შესაძლებლობის შესწავლაა.

ელჩის განცხადებით, ბრიტანელი სპეციალისტები მზად არიან, წელს ჩავიდნენ აფხაზეთში, ინგლისური ენა შეასწავლონ და მასწავლებლებს სწავლების ახალი მეთოდები გააცნონ:

„ინგლისური ენა – გლობალური, ვაჭრობის, მეგობრობის ენაა და ვთვლი, რომ იგი ყველასთვის ბევრ შესაძლებლობას ხსნის“, – განაცხადა გოფმა.

აფხაზი სეპარატისტების მორიგ ინიციატივაზე და მოსალოდნელ გამოხმაურებაზე  საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვლის ვესაუბრებით:

რა შედეგი მოჰყვება აფხაზურ თხოვნას?

– სოხუმში გაჟღერებულ წინადადებას, მათთვის სასურველი გაგრძელება არ მოჰყვება. ეჭვი არ მეპარება, რომ ევროპის არცერთი ქვეყანა, რუსეთის მიერ 2008–ში გადადგმულ უპასუხისმგებლო ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს. ეს არ გახლავთ აფხაზების უფლებების იგნორირება ან მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა. ეს რეალურად, ევროკავშირის პრინციპული პოზიციაა.

მაშინ მსგავსი ტიპის მოთხოვნების წამოყენებისას, რა ფაქტორებზე იმედოვნებენ სეპარატისტები?

– ყოველთვის არის იმედი, რომ მუდმივ მცდელობას შეიძლება რაღაც შედეგი მოჰყვეს. ამ შემთხვევაში ისინი უპერსპექტივო საქმეს სჩადიან. მაგრამ როგორც ჩანს, ავანტიურის ინიციატორი რუსული მხარისგან გარკვეული რეკომენდაციები აქვთ მიღებული.

მოსკოვი დღემდე ცდილობს, თავისი გადაწყვეტილებისთვის რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს. რას მიაღწია, თქვენთვის კარგად არის ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი ამგვარ საზღვრებს და ფარგლებს არ გასცდება. აფხაზური მხარის ამ ბოლო თხოვნასაც, არაპირდაპირი გზით მოსკოვი მართავს.

რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნეიტრალურ პასპორტს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?

– ადრე თუ გვიან, როგორც აფხაზური ისე ოსური თემის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ საერთაშორისო არენაზე მათი ინტეგრაციისთვის ეს აუცილებელია. ეს მათი თითოეული მოქალაქის უფლების რეალიზაციაა, რომ ჰქონდეთ კონტაქტი გარე სამყაროსთან. მხოლოდ რუსეთით არ შემოიფარგლებოდეს მათი არსებობის არეალი. ამისთვის გარკვეული ფორმალური ელემენტი არის საჭირო, ქართულ პასპორტს სწორედ ამ როლის შესრულებ შეუძლია.

თუ ეს ნაბიჯი სათანადო ეფექტს არ მოგვცემს, შესაძლებელია სხვა, უფრო ფართო ჩარჩოების თაობაზეც ფიქრი. მაგრამ მიუღებელია იმის დაშვება, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, როგორც რუსეთის მოქალაქე მოძრაობდეს მსოფლიოში.

რაც შეეხება ბრიტანული მხარის მცდელობას, რომ აფხაზებს ინგლისური ენა ასწავლონ...

– თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები იქნება. ვიღაც ჩათვლის, რომ ამით სეპარატიზმს ხელს უწყობენ, სხვები პირიქით, მხარს დაუჭერენ.

მივეკუთვნები მათ, ვინც მხარს დაუჭერს აფხაზური ეთნოსის რაც შეიძლება ფართო ინტეგრაციას საერთაშორისო ცხოვრებაში. თუნდაც არსებული ენობრივი ბარიერის გადალახვის გზით. დღეს მათ ურთიერთობა შეუძლიათ მხოლოდ რუსეთთან, მის მოსახლეობასთან და ქართველების ნაწილთან. ჩვენს მხარესთან კონტაქტებს ისინი თვითონ ზღუდავენ.

მაგრამ აფხაზებმა უნდა დაინახონ, რომ სამყარო ბევრად უფრო ფართოა; გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა მათთვის, ვიდრე ის ვიწრო ჩარჩო, რომელიც რუსულმა მხარემ შემოუხაზა. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ბრიტანული  ინიციატივა უპერსპექტივო არ უნდა იყოს.