ირანის ბირთვული დაძაბულობა კავკასიასაც გადაედო

ირანის ბირთვული დაძაბულობა კავკასიასაც გადაედო


ირანს და დასავლეთს შორის დაძაბულობა კავკასიაზეც გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში ისრალელი დიპლომატის ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი იპოვეს.

ირანი და ისრაელი, როგორც ჩანს მუქარების, აფეთქებების და შეთქმულებების ფარული ომით არიან დაკავებულნი კავკასიაში, რეგიონში, რომელიც ცივი ომის დროს მტკიცედ რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი იყო.

ირანის საიდუმლო ბირთვული პროგრამა ჯაშუშების სამიზნეა, რადგან დასავლელი ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ თეირანი, მართალია ამას უარყოფს, თუმცა ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს.

აფეთქებასთან დაკავშირებულ ანტიისრაელურ შეთქმულებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში ადგილი ჰქონდა სამი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ნავთბით მდიდარი მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ბაქოში ისრაელის ელჩის მოკვლის მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების თანახმად, სამიზნეს ებრაელების სკოლა და ადგილობრივი რაბინებიც წარმოადგენდნენ.

ისრაელის მთავრობამ ირანი იმაში დაადანაშაულა, რომ ამ თავდასხმების უკან ის დგას – ბრალდება, რომელსაც თეირანი უარყოფს.

გასულ კვირაში ირანმა შეუღრინა აზერბაიჯანს, რომელსაც ისრაელთან კარგი კავშირები აქვს. თეირანმა განაცხადა, რომ იანვარში მოკლული ირანელი მეცნიერის როშანის მკვლელები აზერბაიჯანის გავლით გაიქცნენ.

ეს დაძაბულობა იმაზე მიუთითებს, რომ ირანელი ჯაშუშები და ისრაელის საიდუმლო სამსახურის „მოსადის“ აგენტები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთისგან შედგება, აქტიურად მოქმედებენ.

კასპიის ზღვაში აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მოპოვების ფაქტი, ასევე რეგიონში არსებული მთავარი მილსადენები, რომლებიც დასავლურ ბაზრებს ენერგორესურსებით ამარაგებს, კიდევ უფრო ზრდის ამ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ზესახელმწიფოთა მეტოქეობა

როდესაც საქმე ჯაშუშობას ეხება, რეგიონი მეორე მსოფლიო ომის წინანდელ შვეიცარიას ემსგავსება, ამბობს ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი: „ყველა იყენებს სამხრეთ კავკასიას ამ ფარული ომისთვის. ეს ცხადია“, ამბობს ის.

რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის მოქცეული სამხრეთ კავკასია სტრატეგიული გზაჯვარედინია ირანს და დასავლეთს შორის.

აზერბაიჯანს, რომელიც ირანს ესაზღვრება, თეირანთან ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს: ირანის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20-30 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

საქართველო, რომელმაც შარშან ირანთან თავისუფალ სავიზო რეჟიმზე შეთანხმება გააფორმა, თავისი სუსტი ეკონომიკის ზრდისთვის ენთუზიაზმით იზიდავს ირანულ ტურიზმს და ვაჭრობას. ახალი სავიზო რეჟიმის წყალობით, შარშან საქართველოს ირანელი ტურისტების უპრეცედენტო რიცხვი – 60, 000 ადამიანი სტუმრობდა.

მაგრამ იმავდროულად, საქართველო და აზერბაიჯანი დასავლეთის აქტიური მოკავშირეები არიან. ორივე ნატოს ავღანეთის მისიის კონტრიბუტორია და ევროპასთან ძლიერი ბიზნესსკავშირები აქვთ.

საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

აზერბაიჯანი დასავლეთში, ასევე ისრაელში ნავთობისა და გაზის მსხვილი მიმწოდებელია. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ისრაელისგან იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს.

ლოიალურობის შეწყვეტაში სამხრეთ კავკასიისთვის ახალი არაფერია.

საუკუნეების განმავლობაში რუსეთის, სპარსეთის და ოტომანთა იმპერიები იბრძოდნენ ამ ლამაზი რეგიონისთვის, სადაც ალპებზე მაღალი მთები და ნაყოფიერი ხეობებია. ის მსოფლიოში პირველი ვაზის სამშობლოა.

ჩრდილოეთით რუსეთის, ხოლო სამხრეთით ირანის არსებობა რთულ და არასტაბილურ სამეზობლოს ქმნის, რომელიც სულ უფრო არასტაბილური ხდება. „ბოლო 200 წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული პერიოდია“, ამბობს აზერბაიჯანის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი და დღეს ბაქოში მცხოვრები პოლიტოლოგი არასტუნ ორულუ.

რუსეთის გამოწვევა 

1991 წლამდე, საქართველოც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, შესაბამისად, რუსეთი აქ ერთადერთი მოთმაშე გახლდათ. მაგრამ დღეს, თურქეთი და ირანი, ორივე ყოფილი რეგიონული იმპერია, 19-ე საუკუნემდელ თვითრწმენას იბრუნებს.

რეგიონმა უცბად აღმოაჩინა, რომ ის ძველებურად სამი სულ უფრო აგრესული ზესახელმწიფოს გარემოცვაშია. „თქვენ არ შეგიძლიათ მეზობლების არჩევა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც ამ მხარეში სულ უფრო ხშირად ისმის.

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მოკავშირეები – და აზერბაიჯანი, მას შემდეგ რაც ცივი ომი დასრულდა, გაიხსნა თურქეთისა და შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც მისი ძველი პატრონის, რუსეთისთვის. ის გაჩერების მთავარი პუნქტია ავღანეთისკენ მიმავალ მარშრუტში ამერიკული არმიის, აღჭურვილობისა და საწვავისთვის.

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკვირვა დასავლელი ლიდერები იმით, რომ ამერიკას ევროპის დასაცავად ნებისმიერი ირანული სარაკეტო თავდასხმისგან, აზერბაიჯანში, ქაბალას რუსული სარადარო სადგურის გამოყენება შესთავაზა.

მაშინ გარიგება შეჩერდა, რადგან ბუშის ადმინისტრაციას არ სურდა საკუთარი ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის მიტოვება აღმოსავლეთ ევროპაში.

მაგრამ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფრო მომრიგებლურმა მიდგომამ მოსკოვისადმი და ირანთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, შეიძლება ეს წინადადება კვლავ დააბრუნოს დღის წესრიგში.

არასტაბილურობა საქართველოში

2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ რუსეთი და აშშ საქართველოში ერთად მუშაობდნენ. არსებობდა შიში, რომ ჩრდილოეთ საქართველოს მთებს, რომელიც ომგადატანილ ჩეჩნეთს ესაზღვრება, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტები აფარებდნენ თავს.

საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთისთვის, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საქართველოს არმიის წრთვნა და პოლიციის მომზადება რეგიონში წესრიგის მხარდაჭერისთვის.

მაშინ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ირანზე შეერთებული შტატების ან ისრაელის დარტყმას?

„საქართველო ყველაზე ახლო სამიზნე იქნება ირანის კონტრ-შეტევისთვის“, დარწმუნებულია აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი. „აზერბაიჯანი შეეცდება თავი აარიდოს ნებისმიერ თანამშრომლობას დასავლეთთან. მაგრამ საქართველო ამას უდიდესი სიამოვნებით გააკეთებს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრო-დასავლური მთავრობა აშშ-ს აქტიური მოკავშირეა, ალექსანდრე რონდელი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. „ჩვენ აქ არ გვაქვს არანაირი ამერიკული ბაზები ან აუცილებელი სამხედრო ინფრასტრუქტურა“. და დიპლომატებიც ამბობენ, რომ ვაშინგტონი არ ჩააყენებს საქართველოს ასეთ მოწყვლად მდგომარეობაში.

ბ-ნ რონდელს სჯერა, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან ემუქრება.

ეს ორი ქვეყანა 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა, და დღემდე რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიის 20%-ზეა დისლოცირებული.

ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ მოსკოვი ირანთან კონფლიქტს რეგიონში რუსეთის პოზიციის აღდგენისთვის საბაბად გამოიყენებს. ტრადიციულად კრემლი ამ რეგიონს მიიჩნევს საკუთარ ზურგად და სასარგებლო ბარიერად არასტაბილური ახლო აღმოსავლეთისგან ჩრდილოეთით.

ქართველების შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთი წელს მოგვიანებით კავკასიაში მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს გეგმავს.

ნებისმიერ მნიშვნელოვან კონფლიქტს ირანთან შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვეს: ასობით ათასი დევნილი მოაწყდება ირანის საზღვართან აზერბაიჯანს, ქვეყანას, რომელიც 1990-ან წლებში სომხეთთან ომის შემდეგ მთელი ძალით ცდილობს მილიონამდე დევნილის პრობლემას გაუმკლავდეს.

ანალიტიკოსები ერთ რამეზე თანხმდებიან: ადგილობრივ დონეზე კიდევ რაიმე ტიპის კონფლიქტის არანაირი სურვილი არ არსებობს.

როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტების მდელობა, ნერვების ომის ნაწილია. მაგრამ ამ რეგიონში, რომელიც მრავალწლიანი ომების შემდეგ აღდგენისთვის იბრძვის, ხალხს სტაბილურობა სწყურია.
foreignpress.ge