„სიზმრის დროის“ ეპოქა – ზოგიერთი ასეც უწოდებს პოსტმოდერნიზმს, ანუ დროს, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. მე მომწონს ეს განმარტება, რადგან მხოლოდ ამ კონტექსტში ხდება შესაძლებელი იმის გააზრება, რაც დღევანდელ მსოფლიოში და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ხდება.
„სიზმრისეული“ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქცევიდან აზრი და ლოგიკა გამოირიცხა. ცხადი აქ არ არსებობს, რადგან პოსტმოდერნული ცხადი ის არის, რაც გეჩვენება და არა ის, რაც ფაქტებითა და არგუმენტებით დასტურდება.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტება და „მიშას რეჟიმად“ წოდებული მისი ეპოქის დადგომა საქართველოში შემთხვევითი ამბავი არ იყო, რადგან სააკაშვილი ამ ახალი, ფანტაზმებისა და სიმულაციების, ეპოქის ხორცშესხმული სახეა, თანც ისეთი სახე, რომლის ბადალიც მსოფლიოში ძნელად მოიძებნება.
თუ საამაყოა, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ საქართველოში დაიბადა ახალი, პოსტმოდერნული ეპოქის კლასიკური გმირი - „მიშა“, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერავინ გაიმეორა, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან „ფერადი“ და „ფეისბუქური“ რევოლუციები ხდებოდა და პიარ ტექნოლოგიების გამოყენება ეპოქას აშკარად აცდენილმა და წარსულში ჩარჩენილმა რუსეთის პრემიერმაც კი ისწავლა.
მიშა რომ სიმულაციების „მაესტროა“, ეს ჯერ კიდევ მისი იუსტიციის მინისტრობის დროს გახდა თვალსაჩინო, როდესაც მთელი თბილისი გაოგნებული უყურებდა სამინისტროს წინ გამოჭიმულ, უცნაურად ჩაცმულ-დახურულ საპატიო ყარაულს: მაშინ ყველამ გავიგეთ, რომ ეს სწორედ სიმულაცია იყო, ე.წ. „დასავლურობის“ მიამიტი და შინაარსისაგან დაცლილი გათამაშება.
შემდეგ კი იმდენი ასეთი სიმულაცია და ფანტაზმა ვნახეთ, დაწყებული რევოლუციიდან დასრულებული, ვთქვათ, „ლაზიკით“ და თუნდაც ინოვაციური მთავრობის სხდომებით სახურავებსა და შუაგულ ვენახებში, რომ რეალობის შეგრძნება ყველამ ერთად დავკარგეთ და ახლა ყველა ერთად დავფარფატებთ „მიშას“ სამყაროში, სადაც რაღაც პროექტები საპნის ბუშტებივით ჩნდებიან და სკდებიან, რაღაც იწყება და არ მთავრდება, ორთქლდება და იწელება ყველაფერი. ტელეეკრანებიდან ყველაზე თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურას უწოდებს იმ სისტემას, რაც აქაურებს დიდი ხანია დერჟინსკის „ენკავედეს“ აგონებთ. მსოფლიო რეიტინგებში ქვეყანა ეკონომიკურად და ბიზნესის განვითარების კუთხით მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ერთი მესამედი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სულს ღაფავს.
თუმცა, თუ ეს შეუსაბამობები თქვენში პროტესტს იწვევს და გათქმევინებთ – „ეს ტყუილია!“ გეტყვით, რომ ცდებით, რადგან სწორედ ეს არის „პოსტმოდერნისტული“ რეალობა - როდესაც მაქვს ის, რაც არ მაქვს! ვარ ის, ვინც არ ვარ! ვაკეთებ იმას, რაც არასოდეს გამიკეთებია! – მთავარია, რამდენის მოჯადოებას და დარწმუნებას შეძლებ. მიშას კი, უნდა ვაღიაროთ, ქართულ სივრცეში ამ მხრივ ბადალი ჯერ-ჯერობით არ ჰყავს. ის საკუთარი ეპოქის ღვიძლი შვილი და რჩეულია, სწორედ ამიტომ უმართლებს ასე საოცრად და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ეპოქა არ დასრულდება, რომელთან ერთად თავისთავად გაქრება მისი მთავარი პერსონაჟიც.
P.S. სხვათა შორის, მიშას ეპოქის საუკეთესო აღწერაა „ბანანის რესპუბლიკა“, შალვა რამიშვილი, რომელიც შესანიშნავად გრძნობს ეპოქის ხასიათს და არის კიდეც ამ ეპოქის მატარებელი სახე, იჭერს მთავარს – „მიშას“ რეჟიმის კომიზმს და, ამავე დროს, სასტიკ ბუნებას, და მისი დასასრულის ფორმებს – გაქრობა, უკუნში ჩანთქმა, მთავარი პერსონაჟის მისტიკური და ზღაპრული ხილვები. რაც მთავარია, ამ სერიალში საერთოდ არ ჩანს ე.წ. მხსნელი, ვინც ამ ყველაფერს ებრძვის, რადგან „სიზმარსა“ და სიმულაციაში მხსნელი არ არსებობს, არსებობს უბრალოდ – გამოღვიძება!