„ვაფრთხილებთ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს, ხმა ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს პოზიციას არ გამოამჟღავნებს, - წესიერ შვილს ვერ გაზრდის“. - ეს სიტყვები ბატონ თემურ ნანეიშვილს ეკუთვნის, მეცნიერს, რომელიც თავისი რანგითა და პიროვნული ღირსებით ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შენაძენი იქნებოდა. თუმცა ამავე დროს... ეს ის პიროვნებაა, რომელსაც ქვეყნის პირველმა პირმა საჯაროდ „ჩარეცხილი“ უწოდა...
თემურ ნანეიშვილი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების დაცვის თავმჯდომარე. 5 მონოგრაფიის, მათ შორის 2 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 130 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მარტო უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 10 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. საქართველოს ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრი, წლების განმავლობაში ამავე საზოგადოების გამგეობის ვიცე-პრეზიდენტი. აშშ-ს სამეცნიერო საზოგადოების წევრი. საქართველოში ქცევათმეცნიერების სასწავლო კურსის ფუძემდებელი და სხვ.
ბატონო თემურ! საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შესაძლოა, არ ახსოვდეს ის ფაქტი, რომ სატელევიზიო ეთერში სწორედ „ქართული აკადემიის“ წევრების საპროტესტო გამოსვლის შემდეგ გამოიყენა პრეზიდენტმა პირველად ტერმინი „ჩარეცხილები“...
- უფრო კონკრეტულად, ეს მოხდა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩვენი სტუმრობის შემდეგ. ჩვენს მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ აკადემიას“ თავდაპირველად პოლიტიკური მიზანები არ ჰქონია, ჩვენ მხოლოდ ქართული თვითმყოფადობის გადარჩენას ვისახავდით მიზნად, მაგრამ შემდეგ უბრალოდ იძულებული გავხდით, პოლიტიკაში გადავსულიყავით. იმასაც გეტყვით, რომ მაშინ მე სამსახურიდან დათხოვილი და განაწყენებული ადამიანი არ ყოფილვარ, - ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდით.
თავის დროზე თქვენი ბრძანდებოდით „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრი, რომელიც რატომღაც მალე დაიშალა...
- „საზოგადოებრივ დარბაზს“ ცხონებული ბატონი რამაზ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა. მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბატონი ვანო კიღურაძე, შოთა ნადირაშვილი და მე დარბაზის ხელმძღვანელობას ვთხოვდით, რომ ორგანიზაცია არ დაშლილიყო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფალნი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, თან ყველა ისეთ ეიფორიაში იყო, რომ დარბაზის არსებობა უაზრობად ჩათვალეს და მოხდა ის, რაც მოხდა: რევოლუციის შემდეგ პირველი, ვის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა, მეცნიერებათა აკადემია და უნივერსიტეტი იყო... სხვათა შორის, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ მათი სამოქმედო პროგრამის პრიორიტეტი აფხაზეთის დაბრუნება და მეცნიერებათა აკადემიის ლიკვიდაცია იყო(?!).
ვფიქრობ, თქვენ სხვებზე უკეთ უნდა მოგეხსენებოდეთ მათი ამგვარი „ქცევის“ მიზეზები... თქვენ ქართულ ენაზე „ქცევის ფსიქოფიზიოლოგიის“ პირველი სახელმძღვანელოს ავტორი ბრძანდებით და წლების განმავლობაში ამ საგანში ლექციებსაც კითხულობთ. ეს მიზანმიმართული ბრძოლა იყო თუ გაუცნობიერებელი ნაბიჯი?
- რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იყო. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ დღეს მეცნიერება განადგურების ზღვარზეა. უნივერსიტეტებში შეყვანილ ინსტიტუტებს დებულებებიც კი არ აქვთ და აქედან გამომდინარე, მეცნიერს სტატუსი არ გააჩნია. რაც შეეხება ფინანსურ ანაღზაურებას, კვლევით ინსტიტუტებში თანამშრომლების ხელფასი საშუალოდ 200 ლარია. სხვადასხვა ქვეყანაში კი მეცნიერის სარგო 3000-5000 დოლარია. მახსოვს, ბატონი გიას ხუბუას განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთ ინსტიტუტში სტუმრობისას გააკეთა, - კვლევით ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერს კონტრაქტით ხელფასი 200 ლარი დარჩება, მაგრამ თუ მათთვის სასურველი მეცნიერები სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან უნივერსიტეტში გადავიდოდნენ, მაშინ მათ მაღალი ანაღზაურება დაენიშნებოდათ. კანონით სამეცნიერო საბჭოებს უფლება ჰქონდათ თავად გაეკეთებინათ არჩევანი, მერე კანონის დარღვევით ინსტიტუტების გადაყვანა სხვადასხვა უნივერსიტეტებში ბრძანებით მოხდა. ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის და სხვა ინსტიტუტებს კი საერთოდ მოუხსნეს დაფინანსება, სამსახურებში კი თუ გინდათ, იარეთო,- გამოუცხადეს.... ანუ ქვეყანა ფაქტიურად ფილოსოფიის გარეშეა! რაც შეეხება, მათი ამგვარი ქცევის რეალურ საბაბს, ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო: 2004 წლის მაისის თვეში საქართველოში ჩვენი თხოვნით ცნობილი ინგლისელი მეცნიერი სერ გაბრიელ ჰორნი ჩამოვიდა და მეცნიერებათა აკადემიაში ასეთი ლექცია წაიკითხა: „მეცნიერება და საზოგადოებრივი აზრი“ („საქართველოს რესპუბლიკა“ 2004 წლის 14 მაისი). ამ ლექციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა, უარი ეთქვა ფუნდამენტურ მეცნიერებაზე. ანუ მათი აზრით,- დეე, სხვებმა იღვაწონ, ჩვენ კი- მხოლოდ სამეცნიერო მიღწევების მზა შედეგები ავიღოთო, მაგრამ ცოტა ხანში ამ აზრზე უარი თავადვე განაცხადეს, რადგან ასეთი სტრატეგიის დამღუპველი შედეგები სწრაფად მოიმკეს. ჩვენს ხელისუფლებას სწორედ ეს უნდა! მათი აზრით,- მაგალითად, სიტყვაზე, აქ არ არის აშშ ან იაპონია? ისინი გამოიგონებენ, ჩვენ კი, მხოლოდ შედეგებით ვისარგებლებთ! აქვე იმასაც გეტყვით, რომ იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეცნიერებას დაახლოებით 50 %-იანი დაფინანსება განესაზღვრა, ევროკავშირის მოთხოვნა საერთო ეროვნული პროდუქტის 3%-ს უტოლდება, ჩვენთან კი - 0,13%. ამგვარ პოლიტიკას ასეთი ახსნა აქვს: გაუნათლებელი ადამიანები ადვილი სამართავები არიან! მათ სურთ ქართველები მოსამსახურე ერად აქციონ! ტურისტის მომსახურებას მეცნიერობა არ სჭირდება!
ანუ თქვენი აზრით ფაქტიურად გვემუქრება ის, რაც ბერძენ ერს დაემართა?
- მართალს ბრძანებთ,- ასეთივე საშიშროების წინაშე ვდგავართ დღეს ჩვენც... ერთ ფაქტს მოგახსენებთ: ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა სიმეონ დენჩევ დიანკოვმა ბულგარეთის ტელევიზიით გამოსვლის დროს ასეთი რამ განაცხადა: „საქართველოში მეცნიერების დემონტაჟს მსოფლიო ბანკის დავალებით მე ვხელმძღვანელობდი და მას შემდეგ იყო, რომ საქართველოს ეკონომიკამ აყვავება დაიწყო!“-ო.
გამოდის, რომ მთელი რიგი ქვეყნები უბრალოდ „მსოფლიო ბანკის“ ამ „ბრძანებას“ დაემორჩილნენ?
- ასეა, მაგრამ პატრიოტი ხელისუფალნი ამას აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას მათ რიცხვში ვერ დავასახელებ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ბრძოლის რადიკალურ ფორმებზე გადავიდა...
- 2006 წელს მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისთვის ფილარმონიაში საპროტესტო აქცია ჩავატარეთ, რასაც მოგვიანებით ქუჩის პირველი აქცია მოჰყვა. მაშინ ჩვენ მიგვიღო იმდროინდელმა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა და მოლაპარაკების შემდეგ იმას მივაღწიეთ, რომ ინსტიტუტებს საბაზო დაფინანსება, ხოლო 65 წელს გადაცილებულ მეცნიერებს მეცნიერებაში მოღვაწეობის უფლება შევუნარჩუნეთ, ასე რომ ბრძოლას აზრი აქვს, მით უმეტეს დღეს.
ბატონო თემურ! „ქართულ ოცნებაში“ არის მეცნიერების ჯგუფი „ენა, კულტურა, განათლება, მეცნიერება“. თქვენ მეცნიერების ქვეჯგუფის კოორდინატორი ბრძანდებით. როგორია პოლიტიკურად აქტიური ქართველი მეცნიერის აზრი: ეს გზა ქართული ოცნების ასრულებამდე რეალურად მიგვიყვანს?
- ერთ რამეს გეტყვით: თუ დააკვირდით, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვა სამშობლოს აღარ ახსენებენ. ამბობენ: სახელმწიფო, ქვეყანა, მაგრამ სამშობლოს –აღარ! ბიძინა ივანიშვილმა კი ეს სიტყვა დაგვიბრუნა, მან ასეთი რამ განაცხადა: თუკი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს წავაგებთ, მაშინ სამშობლო გვეკარგებაო. ამიტომაც მჯერა, რომ მიგვიყვანს, ნამდვილად მიგვიყვანს!...
მახსოვს, თქვენ ადრე ასეთი რამ განაცხადეთ: „ქართული აკადემია“ ყველა შემთხვევაში დარჩება ოპოზიციაში“-ო, მაინტერესებს, დღესაც ასე ფიქრობთ?
- „ქართული აკადემია“ დარჩება ოპოზიციაში! თანაც ამ პირობებში, როცა ჩვენში ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება ჯერაც არ არსებობს. სამოქალაქო საზოგადოებაა ის, როცა რიგითი ადამიანის პროტესტს ხელისუფლება ყურად იღებს. ასეთი ამბავი მახსენდება: როცა პრინცესა დიანა დაიღუპა, დედოფალი პანაშვიდზე არ მისულა, მიზეზი სიცოცხლეში მასთან არსებული უთანხმოება იყო. პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა შუაღამით ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მოისმინა, რომ რიგითმა მეშახტემ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: „მე არ მინდა ისეთი დედოფალი, რომელიც დიანას პანაშვიდზე არ მოვაო“. ტონი ბლერი იმ წუთშივე დგება და შუაღამით, სამეფო ეტიკეტის დარღვევით, ანუ გაუფრთხილებლად და თანაც საკმაოდ გვიან მიდის დედოფალთან რათა მას ეს ამბავი აცნობოს. დედოფლის შენიშვნაზე, რა მოხდა, ეს ხომ მხოლოდ ერთი მეშახტის აზრიაო, - პრემიერი პასუხობს: „დღეს ერთია, მაგრამ ხვალ, შესაძლოა, ორი გახდეს“-ო. აი ესაა სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ დღეს გვაქვს ამგვარი საზოგადოების აშენების რეალური შანსი და ის ხელიდან არ უნდა გავუშვათ! ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში დავრჩებით კრიტიკულები და სწორედ ამაში ვხედავ დღეს სამოქალაქო საზოგადოების დანიშნულებას.