სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ისრაელი-ირანის ომის ეშინიათ

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ისრაელი-ირანის ომის ეშინიათ


თბილისი, საქართველო – სამხრეთ კავკასიაში ისრაელელი დიპლომატების მკვლელობის ორი აშკარა მცდელობის შემდეგ, ბევრს ეშინია, რომ ეს დანაწევრებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი ჩათრეულ იქნება სულ უფრო მზარდ დაძაბულობაში ირანს და დასავლეთს შორის.

ორშაბათს, პოლიციამ გააუვნებელყოფა „მაგნიტური ბომბი”, რომელიც საქართველოში ისრაელის სალჩოს მძღოლის ავტომანქანაში იყო ჩამონატაჟებული. იმავე დღეს, ინდოეთის ნიუ დელიში, ბომბი აფეთქდა ისრაელის საელჩოს ავტომანქანაში. ამ აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ისრაელის სამხედრო ატაშეს მეუღლეც დაიჭრა.

საქართველოში აფეთქების მცდელობას დაახლოებით სამი კვირით ადრე წინ უძღოდა მეზობელი აზერბაიჯანის მთავრობის განცხადება. ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც აზერბაიჯანში ისრაელის ელჩის მკვლელობისა და შემდეგ ქვეყნის ებრაულ სკოლაზე თავდასხმაში დახმარებისთვის დაიქირავეს და ფული გადაუხადეს.

ორშაბათს, თეირანმა აზერბაიჯანს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ისრაელის დაზვერვის სამსახურებს ირანელი მეცნიერის მოსტაფა აჰმად როშანის მოკვლაში ეხმარებოდა. როშანიც იანვრის დასაწყისში, მის მანქანაზე დამონტაჟებული მაგნიტური ბომბით მოკლეს. მაშინ ირანელმა მაღალჩინოსანმა ადგილობრივ გაზეთს განუცხადა, რომ „ირანის რეაქცია საზღვრებს და რეგიონს გასცდებოდა“. ჩინოვნიკმა დასძინა: „ამ თავდასხმების ვერცერთი დამკვეთი ვერ იგრძნობს თავს დაცულად ვერსად“.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს როგორც დასავლეთთან, ასევე ირანთან. ამ ორ მხარეს შორის კონფლიქტმა შეიძლება რეგიონის მყიფე, მაგრამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი მშვიდობა დაარღვიოს.

აზერბაიჯანი: ირანის ინტერვენციის შიში

აზერბაიჯანი, როგორც გაზის, ასევე ნავთობის მთავარი მიმწოდებელია ევროპაში, და გაზსადენის რამდენიმე პროექტი, რომელმაც უნდა შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, ისეა შემუშავებული, რომ საქართველოს ტერიტორიას და აზერბაიჯანულ რესურსებს მოითხოვს.

ამ ორ ქვეყანას საკვანძო კავშირები აქვს ჩრდილოეთის მომარაგების ქსელთან, სატრანზიტო მარშრუტთან, რომელიც ავღანეთში ISAF-ის ძალებს ამარაგებს. მას შემდეგ, რაც 2011 წლის ნოემბერში პაკისტანმა დახურა მისი საზღვრები ნატოს საჰაერო და სახმელეთო ტრანზიტისთვის, დღეს ეს ერთადერთი მარშრუტია ალიანსისთვის, რომლითაც მას ავღანეთში სამხედროების და აღჭურვილობის გადატანა შეუძლია.

სავარაუდო ირანული შეთქმულების მხილების შემდეგ, აზერბაიჯანს და ირანს შორის ურთიერთბრალდებები გამწვავდა. თეირანი არაერთხელ დაემუქრა აზერბაიჯანს ინტერვენციით, რადგან ის დასავლურ ქვეყნებს აძლევს თავისი ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მხარდაჭერისთვის.

საქართველო: შუაში მომწყვდეული

იმავდროულად, საქართველოს მთავრობა ძალიან ფრთხილი იყო შეფასებებში, როდესაც მის დედაქალაქში აღკვეთილ აფეთქებაზე პასუხისმგებელ მხარეზე საუბრობდა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნათანიაჰუმ თავდასხმებში უმალ ირანი დაადანაშაულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა საჯაროდ ისაუბრა იმ ზოგად მსგავსებაზე, რაც არსებობს გაუვნებელყოფილ ბომბსა და იმ აფეთქებულ ბომბს შორის, რომელმაც ირანელი მეცნიერი იმსხვერპლა, და განაცხადა, რომ ორივე ბომბის სამიზნე ავტომანქანის მგზავრები იყვნენ.

სხვა მაღალჩინოსნებმა შეამცირეს ამ კავშირის მნიშვნელობა, თუმცა განაცხადეს, რომ ბომბი ისრაელის საელჩოს კუთვნილ ავტომანქანაში იპოვეს. მეტიც, პრო-სახელისუფლო ტელეკომპანიებმა ადგილობრივი „ახალი ამბების“ გაშუქებისას ინციდენტს ძალიან მცირე ყურადღება დაუთმეს.

2008 წელს ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთთან, საქართველო თეირანთან ახლო კავშირებს ავითარებდა. მან ხელი მოაწერა ისლამურ რესპუბლიკასთან თავისუფალი, უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებას და სხვადასხვა შეთანხმებებით ამ ქვეყანასთან დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო და კომერციული კავშირების შესაძლებლობა გახსნა.

თუმცა, საქართველოს პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოში და ევროკავშირში წევრობაც მისი საგარეოპოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ თემად აქცია, გააგზავნა რა 1,700-ზე მეტი სამხედრო ავღანეთის ყველაზე არასტაბილურ პროვინცია ჰელმანდში იქ ალიანსის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერის ნიშნად. რუსეთთან ომამადე საქართველოს 2,000 სამხედრო ერაყშიც მსახურობდა.

სომხეთი: ირანთან დაახლოევების მცდელობა

სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა სომხეთია, რომლისთვისაც ირანის პოლიტიკურ მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმავდროულად ისლამური რესპუბლიკა ის მარშრუტია, რომელზეც სომხეთის ვაჭრობის ერთი მესამედი მოდის. აზერბაიჯანთან გადაუჭრელი ტერიტორიული დავის პირობებში, სომხეთის საზღვრები როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის მხრიდან 1990-იანი წლების დასაწყისიდან დახურულია. ვაჭრობის და ენერგო მომარაგების თვალსაზრისით ის ირანზე და რუსეთზე (საქართველოს ტერიტორიის გავლით) არის დამოკიდებული.

სომეხი ანალიტიკოსები ღელავენ, რომ დაზიანებულმა ან შეშფოთებულმა ირანმა შეიძლება გამოიწვიოს მთიანი ყარაბახის გამო მისი პერიოდული ომის განახლება აზერბაიჯანთან.

გასულ კვირაში, სომხეთმა ირანში მისი საგარეო მინისტრის მოადგილე გააგზავნა, თეირანთან ურთიერთობის „განმტკიცებისთვის“ „მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, იუწყება სომხეთის სახელმწიფო მედია.

რუსეთის ფაქტორი

იმავდროულად, რუსეთმა განაცხადა, რომ წელს სამხრეთ კავკასიაში სამხედრო წრთვნებს გამართავს. ეს წრთვნები მისი მასშტაბით უპრეცედენტოა და მასში მონაწილეობენ არა მხოლოდ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიის დანაყოფები, არამედ სომხეთისა და საქართველოს გამოყოფილი რესპუბლიკის, აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული ბატალიონებიც.

ბოლო წლის განმავლობაში, რუსი ჩინოვნიკები ხშირად აცხადებდნენ, რომ საგარეო ინტერვენციას როგორც სირიაში, ასევე ირანში უფრო ფართო კონფლიქტს გამოიწვევდა რეგიონში. ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვი, რომელიც სამხრეთ კავკასიას ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ თავის ტრადიციულ ბუფერულ ზონად განიხილავს, ახლა ხელახლა აძლიერებს თავის პრეტენზიას რეგიონზე.

შეერთებული შტატების სამხედრო კოლეჯის (Army War College) პროფესორმა სტივენ ბლენკმა ამ თვის დასაწყისში Asia Times-ს განუცხადა, რომ რეგიონის ლიდერებს ახლა აღელვებთ ის, რომ მათ არაპროგნოზირებად კონფლიქტში ჩაითრევენ. „ისინი აშკარად წუხან, ისევე როგორ რუსები, იმ ფაქტის გამო, რომ მათ ითრევენ გაურკვეველ სიტუაციაში, რომელიც მათი ტერიტორიის მიღმაა და რომლის თაობაზეც მათ მართლაც არაფერი აქვთ სათქმელი“, განაცხადა მან.
foreignpress.ge