ნაციონალების გეგმები და ოცნებები

ნაციონალების გეგმები და ოცნებები

Presage.tv-ს ინფორმაციით, ხელისუფლებას საპარლამენტო ადრჩევნების შედეგები უკვე განაწილებული აქვს და თავად 65%-ის აღებას, დანარჩენი 35%-ის განაწილებას კი, ოპოზიციაზე გეგმავენ. რა თქმა უნდა, მათი მხარდამჭერი ოპოზიციის ჩათვლით.

საპარლამენტო უმრავლესობას საარჩევნო ხმები რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრისას გადაანაწილა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი, საიდუმლოდ ჩატარებული საკუთარი პარტიის კვლევის შედეგები დაასახელეს. მართალია, მათ არ უთქვამთ, ეს კვლევა რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა და რა სისტემით, მაგრამ ნაციონალები თავს ირწმუნებენ, რომ კვლევა მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდა და გარანტირებული 65% გვაქვსო. 

მათი თქმით, ამ კვლევის თანახმად, ივანიშვილის გუნდი მკვეთრად ჩამორჩება მათ და ირონიული ტონით ამბობენ, 20% თუ აიღეს, მაგათთვის მაქსიმალური შედეგი იქნებაო. რა თქმა უნდა, ამ დროს იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ესეც საზოგადოების ეიფორიის შედეგია და საბოლოოდ რომ გამოჩნდება, გუნდში ვინ ჰყავთ, მოსახლეობას ეს იმედიც გაუქრებაო.

10%-ს ქდმ-ს და ლეიბორისტებს უნაწილებენ და თანაც ამბობდნენ, 3-4%-საც ძლივს აღწევენ და მაგათ ბარიერი როგორ უნდა გადალახონო. საინტერესო ის არის, რომ ამ ნაწილზე საუბრისას ლამის ტიროდნენ, ივანიშვილმა მთელი გეგმები ჩაგვიშალაო. მათი ამ გეგმის თანახმად, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალები თავის ასაღებს აიღებდნენ, და ქდმ-ს, ახლებს და ლეიბორისტებს ბარიერს გადაალახინებდნენ. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ქდმ-ს კიდევ იმ ცალკეულ პირებსაც შეუერთებდნენ, რომლებიც ე.წ „ოპოზიციიდან“ მიშას ფანებად ითვლებიან, „მეტი დემოკრატიულობისთვის“ „ახლებსაც“ გაიყვანდნენ და იცხოვრებდნენ მშვიდად და ბედნიერად. 

ამ სქემაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც „ახლები“ საკუთარი მომავლისთვის ოპოზიციას გამოეყვნენ და ქდმ-ს გვერდით აღმოჩნდნენ. მართალია, "ახლებმა" ამით გარკვეული სარგებელი უკვე ნახეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი მიზანი – პარლამენტში მოხვედრა უკვე აუსრულებელ მიზნად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ნაციონალების გეგმებში მათი პარლამენტში მოხვედრა ვეღარ შედის. 

რაც შეეხება ლეიბორისტებს, ნაციონალები არ მალავენ, რომ მათ ნათელაშვილი მუდმივად ჭირდებათ და ამიტომაც წუწუნებდნენ, რაღა ვქნათ, მათ რაღა ვუყოთო. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას „ახლებზე“ მეტად ნათელაშვილი აწყობს და გასაკვირი არ იქნება, ნათელაშვილი ისევ პარლამენტარი გახდეს და ოთხი წელი თვითონაც მშვიდად იყოს, ოფიციალურად გარანტირებული ხელფასი რომ ექნება და არაოფიციალურად კიდევ – რა, ნელ-ნელა გამოჩნდება და ხელისუფლებასაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის სათქმელი მაინც ექნება რამე. 

ქდმ-ს კი ხელისუფლება განსაკუთრებულად რომ წყალობს, ეს ბოლო დღეების განმავლობაშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც უმცირესობას, პრივილეგიების შესანარჩუნებლად, უმრავლესობიდან გაუგზავნეს დეპუტატი. 

ედპ-თორთლაძე-დავითაიას ბედი კი ჰაერშია, რადგან 0%-ს ხელისუფლების სქემაშიც კი ვერ ლახავენ. თუმცა, დავითაია ბოლო პერიოდში თავს იმშვიდებდა, სხვებმა იკითხონ, თორემ პირადად მე პარლამენტში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ვიქნებიო. ამის არგუმენტად კი იმას ასახელებდა, რომ ევროსაბჭოში ჰქონია რაღაცა თანამდებობა, რომელიც მისი თქმით, პირადად მისია და, თუკი იგი პარლამენტარი აღარ იქნება, მაშინ საქართველო ამ ადგილს საერთოდ დაკარგავს (!).   

ასეა თუ ისე, ხელისუფლება ამბობს, რომ თავად, მინიმუმ, 65%-ს აიღებენ. ივანიშვილის გუნდისთვის 20%-ს იმეტებენ. ქდმ-მ და ლეიბორისტებმა ბარიერი უნდა გადალახონ. თუმცა, ნაციონალები იმასაც ამბობენ, რომ ლეიბორისტების საქმე ძალიან ცუდად არის. ძნელი სათქმელია, არჩევნები რეალურად ნაციონალების გეგმის მიხედვით დამთავრდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

65%-იანი შედეგი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან 150–კაციან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სწორედ ეს შედეგია საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ აიღებენ, ნაციონალებს ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა ექმნებათ. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 65% არის, დაახლოებით, 95-98 ადგილი და იმის გარანტია, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ, რომც გაერთიანდეს, ხელისუფლებას ვერაფერი დააკლოს. როგორ მოახერხებს  ამის მიღწევას ხელისუფლება, არჩევნებზე გამოჩნდება. ფაქტია, რომ მათ გარკვეული გეგმა აქვთ და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეს არც დაუმალავთ. და, როგორც ჩანს, ამასთან საზოგადოების შეგუების პროცესი უკვე დაიწყო.