„ამომრჩეველთა ლიგამ“ ღია წერილით მიმართა პირველი არხის, „რუსეთი-1“-ისა და НТВ-ს ხელმძღვანელებს, კონსტანტინ ერნსტს, ოლეგ დობროდეევს და ვლადიმერ კულისტიკოვს და მათი არხები აგიტაციის პირველ კვირას წინასაარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ლიგის წევრების აზრით, ქვეყნის სამი მთავარი ტელეარხი არათანაბრად აშუქებს პრეზიდენტობის კანდიდატების აქტივობებს, და მათი ახალი ამბების გამოშვებები „ვლადიმერ პუტინის ღია პიარ-ინსტრუმენტის როლს ასრულებს.“
წერილში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინი „დომინირებს ყველა საინფორმაციო პროგრამაში“, და ყველა მის სიტყვას გადმოსცემენ, როგორც „აბსოლუტურ ჭეშმარიტებას“. ამრიგად, „ამომრჩეველთა ლიგაში“ თვლიან, რომ ფედერალური არხები ცდილობენ თავისი მაყურებელი დაარწმუნონ პუტინის გამარჯვების გარდაუვალობაში, და რეალურად „ერთადერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ტელეგანყოფილების როლს ასრულებენ.“
„ამომრჩეველთა ლიგის“ წევრებმა ასევე გააკრიტიკეს პუტინის უარი დებატებში მონაწილეობის მიღებაზე. „გამოდის, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყნის მეთაური არ თვლის საჭიროდ საჯარო პოლემიკის რეჟიმში ესაუბროს საზოგადოებას თავისი წარსული მოღვაწეობისა და წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ“. - ნათქვამია წერილში. როგორც მიმართვაში ამტკიცებენ, არხების მიერ წინასაარჩევნო კანონდებლობის დარღვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წინასაარჩევნო კამპანიის ლეგიტიმურობას.
„ამომრჩეველთა ლიგამ“ არხების ხელმძღვანელობისგან დარღვევების აღმოფხვრა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ამ მოთხოვნის შესრულების გაკონტროლება მოითხოვა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სააგიტაციო
კამპანიამ სტარტი 4 თებერვალს აიღო. დებატები უკვე ორ არხზე, პირველ არხსა და
„რუსეთი 24-ზე“ შედგა, ხოლო 15 და 27 თებერვალს ТВЦ-ზე
და „რუსეთი 1“-ზე ჩატარდება. წინასწარ გახდა ცნობილი, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად
არ აპირებს დებატებში მონაწილეობის მიღებას, მის მაგივრად სხვა კანდიდატებს
ოპონირებას პუტინის ნდობით აღჭურვილი პირები გაუწევენ. პრეზიდენტობის სხვა
კანდიდატები - გენადი ზიუგანოვი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, და სერგეი მირონოვი პირადად
მიიღებენ დებატებში მონაწილეობას. ხოლო მიხეილ პროხოროვმა განაცხადა, რომ პირადად
დებატებში ჩაერთვება მხოლოდ სხვა კანდიდატებთან, და არა მათ წარმომადგენლებთან,
ხოლო ვლადიმერ პუტინთან დებატებზე ასევე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის გაგზავნას
გეგმავს.