რომან მარსაგიშვილმა უმრავლესობაც და უმცირესობაც რამდენიმე დღის განმავლობაში საკმაოდ ანერვიულა. ცხადია, უფრო მეტად უმცირესობა, რადგან ჯერ თორთლაძის ფრაქცია დადგა დაშლის საფრთხის ქვეშ. რა თქმა უნდა, უმრავლესობას შეეძლო, რომ მრავალრიცხოვანი წევრებიდან ერთ-ერთი თორთლაძისთვის მიეცა, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი ფრაქციის შესანარჩუნებლად უმრავლესობის ბუდიდან ერთი ბარტყის გადაგდება იმდენჯერ მოუხდა, რომ ახლა კიდევ ერთის მიცემა, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა.
სამაგიეროდ თორთლაძეს ქდმ-მ ათხოვა ერთი დეპუტატი. დიახ, ათხოვა, რადგან ქდმ-ს წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე იმ დღეს სააგენტოებთან პირდაპირ ამბობდა, რატი მაისურაძე იდეოლოგირად ჩვენთან დარჩება და პარტიის წევრი იქნებაო. ისე, ვეფხვაძეს ამ შემთხვევაში ორი უპატიებელი შეცდომა მოუვიდა და, წესით, უმრავლესობას ამაზე თვალი არ უნდა დეხუჭა. პირველი, ეს არის ის, რომ პარლამენტის რეგლამენტი კრძალავს, რომელიმე პარტიის წევრი სხვა ფრაქციაში გაწევრიანდეს, თუ მის პარტიას პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი და მეორე, ფრაქციას ქმნიან თანამოაზრეები და, თუკი რატი მაისურაძე ქრსტიან-დემოკრატების თანამოაზრედ რჩება და ამ დროს თორთლაძის ფრაქციაში წევრიანდება, გამოდის, რომ თორთლაძეს და თარგამაძეს შორის არანაირი სხვაობა არ არის.
ამიტომაც გასაკვირია, უმრავლესობა ამაზე რატომ არაფერს ამბობს. მით უმეტეს, რომ ქდმს-ს არგუმენტი, უმცირესობის პრივილეგიების დაკარგვა არ გვინდაო, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
სამაგიეროდ, ქდმ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში თორთლაძეს და მისი ფრაქციის წევრებს არაფრი უთქვამთ უმცირესობის პრივილეგიების დაკარგვის საშიშროებაზე, უმრავლესობამ ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ ანერვიულა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ იმ დღეს მოუნდათ ფრაქციიდან ბეჟან ხურციძის გარიცხვა, როდესაც ქდმ-მ განაცხადა, თორთლაძეს რატი მაისურაძეს ვათხოვებთო.
ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ კი უმცირესობა მაინც დაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმცირესობას ქმნის უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი. ბეჟან ხურციძის წასვლის გამო კი ეს ბარიერი გაიზარდა და უმცირესობაში არსებული დეპუტატების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მარსაგიშვილის თორთლაძის ფრაქციიდან წასვლის შემდეგ, უმცირესობაში 12 დეპუტატი იყო. უმრავლესობიდან ბეჟან ხურციძის გარიცხვის შემდეგ კი უმრავლესობის გარეთ მყოფი უკვე 24 დეპუტატი აღმოჩნდა და ამიტომაც, უმცირესობის შესაქმნელად საჭირო იყო 12+1 დეპუტატის არსებობა.
“ქრისტიან-დემოკრატებმა” კი გააკეთეს განცხადება, რომ რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უმრავლესობის წევრ რამდენიმე მაჟორიტართან და ფორსმაჟორის გამო მოლაპარაკებებს დააჩქარებდნენ.
მოლაპარაკებები ნამდვილად დაჩქარდა, თუმცა ძნელი სთქმელია, ქდმ მოლაპარაკებებს უმრავლესობის ლიდერებთან აწარმოებდა თუ კონკრეტულ მაჟორიტარებთან, მაგრამ ფაქტია, რომ უმრავლესობიდან კასპის მაჟორიტარი დეპუტატის წასვლის შესახებ პირველი განცხადება უმრავლესობამ გააკეთა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კობა კურდღელაშვილი უმრავლესობიდან იმის გამო წავიდა, რომ „მათი პოლიტიკური შეხედულებები აღარ ემთხვეოდა ერთმანეთს და მან უმრავლესობიდან წასვლა ამჯობინა“.
მაგრამ კურდღელაშვილი არასოდეს არ ყოფილა შემჩნეული იმაში, რომ იგი უმრავლესობის წინააღმდეგი წასულიყო. ერთადერთი ასეთი შემთხვევა იყო შარშან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას მან უარყოფითი ხმა მისცა და მაშინაც უმრავლესობის მხრიდან საჩქაროდ გაკეთდა განმარტება, რომ შეეშალა და შეგნებულად არ მიუცია წინააღმდეგი ხმა. თავად კურდღელაშვილს კი გუშინ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ფაქტია, რომ მისი ბედი უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებმა მის გარეშე გადაწყვიტეს. საინტერესოა ისიც, რომ გუშინ უმრავლესობამ საგანგებო შეკრება გამართა, რა თქმა უნდა, დახურულ ფორმატში და ეს შეკრება ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ დარბაზიდან ტექნიკური პერსონალიც კი გამოუშვეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
ამის შემდეგ კი, უკვე ბიუროს სხდომის დაწყებამდე ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სწორედ კობა კურდღელაშვილი იყო და მან უკვე მიმართა მათ უმცირესობაში გაწევრიანების თხოვნით და თანხმობაც მიიღო.
კობა კურდღელაშვილი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებში“ შევა, თუმცა იმავდროულად, „ქრისტიან-დემოკრატების“ უკვე ყოფილი წევრი რატი მაისურაძე, ფარქციაში „ძლიერი საქართველო“ დარჩება.
ბიურიოს სხდომაზე უმრავლესობამ ამ თემაზე ხუმრობაც სცადა. „ისე კი მიკვირს, კურდღელაშვილმა ვეფხვაძესთან მისვლა როგორ გაბედაო,” - იხუმრა პარლამენტის ვიცესპიკერმა გიგი წერეთელმა.
თუმცა, თუ კურდღელაშვილის ბიზნესებს გადავხედავთ, ადვილი მისახვედრი იქნება, რომ გარანტიების გარეშე ეს არც ისეთი ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა.
2011 წლის მდგომარეობით, ის ცხრა ორგანიზაციის, მათ შორის “ჭრელი აბანოს” პარტნიორი იყო. კერძოდ, 2007 წლიდან ჩართულია Luxe Provider Ltd, Luxe 2007 Ltd, “Chreli Abano Ltd”, “კასპი 2007", “მერიდიანი 2007” და Luxe-Kutaisi Ltd კომპანიების საქმიანობაში.
2006 წლიდან – Marani Ltd-ს საქმიანობაში, 2004 წლიდან - “Beer Georgia”-ს ხოლო 2010 წლიდან "Alfa Ltd"- ს პარტნიორი გახდა.
კობა კურდღელაშვილს 2008 წელს “ჭრელი აბანოს" წილის კუთვნილი 20%, “ლუქსი პროვაიდერის" წილის კუთვნილი 50%, შპს “მარანის" წილის კუთვნილი 35%, შპს “კასპი 2007" წილის კუთვნილი 50%, შპს “მერიდიანი 2007"-ს წილის კუთვნილი 25%, შპს “ლუქსი 2007" კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი და შპს “ბიარ ჯორჯიასა და შპს “ლუქსი-ქუთაისის" წილები მინდობილობით, 2014 წლამდე აქვს გადაცემული.
ასეა თუ ისე, კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლის შემდეგ, უმცირესობაში დეპუტატთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია და, შესაბამისად, პარლამენტში უმცირესობა შენარჩუნებულია. თუმცა. ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. სამაგიეროდ, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მხრიდან უკვე ღიად კეთდება განცხადებები, რომ “უმრავლესობა უმცირესობას არსებობის შენარჩუნებაში ეხმარება”.