რას მიიღებს საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე?

რას მიიღებს საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტზე?

 

დასავლური მედიის შეფასებით, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (მაპი) მიუღწეველი წმინდა გრაალია. ამ მხრივ, დიდი მოლოდინები არც მაისში დაგეგმილ ალიანსის ჩიკაგოს სამიტს უკავშირდება. ამ თემას მორიგი სტატია Eurasianet–მა მიუძღვნა.

 

„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები, რომლებიც  2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ თითქოს აღარ არსებობდა, როგორც ჩანს, გამოსწორდა. ნატო-მ ამ ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებული  რიტორიკა შეცვალა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მას „კანდიდატი“ პირველად უწოდა.

 

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ჩიკაგოში უნდა აღიარონ. მაშ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? საქართველოს ისევ აქვს ნატო-ში გაწევრიანების შანსი? რეალურად არ აქვს.

 

პრეზიდენტმა ობამამ  ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აღსაწერად სიტყვა „საბოლოოდ“ წარმოთქვა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლი საქართველოს გაწევრიანებას ისევ ისეთივე სიმტკიცით დაუჭერს მხარს, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აკეთებდა, ევროპული ქვეყნების პოზიცია მაინც პრობლემად რჩება.

 

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის წმინდა გრაალია, მაგრამ მიუღწეველი. ამ საკითხს სამიტზე უბრალოდ არ განიხილავენ, ვინაიდან იგი იმ წლის მაისში იმართება, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – წერს გამოცემა.

 

„ეს ამერიკის საშინაო პოლიტიკის საკითხია, ასე რომ, სამიტი კარგად უნდა ჩატარდეს. ჩვენ აღარ გვჭირდება ისეთი ზედახორა, როგორიც 2008 წელს გვქონდა – დაპირისპირება ჩვენსა და გერმანელებს, პრო-ქართულ ბანაკსა და მათ შორის, ვინც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დიდად მონდომებული არ არის. ასე რომ, საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც Eurasianet არ ასახელებს.

 

გამოცემის ვარაუდით, შეიძლება, „სამიტზე შეიძლება, რამდენიმე სიმბოლური, მაგრამ არაარსებითი ნაბიჯი გადაიდგას, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელიც ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ „ამ ქმედებათა მიზანი რუსეთის დაშოშმინება კი არა, ის არის, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს არ აწყენინონ, მაგრამ ამ ტიპის მოვლენები რუსებს ძალიან აღიზიანებთ“.

 

„რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ეს ოდნავ დამთბარი ურთიერთობები გააანალიზა და სააკაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრის ნებისმიერი შემდგომი მცდელობის გამო ხმამაღლა გააფრთხილა, განაცხადა რა, რომ „(სამხედრო ბაზები) ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ თავდამსხმელს ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს“.

 

მედვედევმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ მას სინანულით უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა მოახერხა საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე „არაფორმარული ემბარგო“ დაეწესებინა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და საქართველომ „მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიარაღების შესყიდვა განაახლა“.

 

ამ მონაწილემ ისიც თქვა, რომ ზოგიერთის აზრით, რუსეთი საქართველოს გადაიარაღებაზე თვალს დახუჭავს, ხოლო საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის. ნეტა დახურულ კარს მიღმა რაღა ითქმის ხოლმე?“ - წერს Eurasianet.

 

„პრესაგე.ტვ–სთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი გიორგი თვდგირიძე ნატოში სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.       

 

გიორგი თავდგირიძე: ბოლო დროს ნატოში გაწევრიანება ხდება არა იმიტომ, რომ ქვეყანა სრულად მზად არის ამისთვის, არამედ ხშირად ეს არის წახალისება შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის ან გეოპოლიტიკური ვითარების გამო. 

 

საქართველოს შემთხვევაშიც მარტო იმის თქმა, რომ ნატოს კარები ღიაა, უკვე არასაკმარისია. პროცესი საკმაოდ გაიწელა და ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს. მითუმეტეს, საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს  ერაყ–ავღანეთის მისიაში. არაწევრებში ყველაზე დიდი კონტინგენტი გვყავს და შესაბამისად, შენატანი მისიაში საკმაოდ მაღალია.

 

აქედან გამომდინარე, ნატოც ვალდებულია გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. პირდაპირ ალიანსში გაწევრიანება ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ არ არის გამორიცხული მაპი, ანუ სამოქმედო გეგმა მივიღოთ. შესაბამისად, ალიანსში გაწევრიანებაც ტექნიკის საქმე იქნება.

 

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა გეოპოლიტიკური ვითარება ყალიბდება რეგიონში ირანის კრიზისთან დაკავშირებით, აუცილებელია საქართველოს გარკვეული უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, რეგიონში სტაბილური ვითარების გარანტია იქნება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნატოსთვის აუცილებელია დეკლარირება, რომ საქართველო შეიძლება მისი წევრი არ იყოს, მაგრამ ალიანსის დაცვის ქვეშაა.

 

ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი ქვეყნისთვის მაპის მინიჭებაა. სპეციალური პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომელიც საქართველოს შემდგომ დაჩქარებულ განვითარებას და რეფორმირებას უზრუნველყოფს. საუბარია იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღესდღეობით ნატოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამიტომ, დღევანდელ ვითარებაში მაპის მინიჭება უფრო რეალური ჩანს.

 

ახსენეთ ერთგვარი წახალისების მომენტი ირანის რეგიონული ფაქტორის გარდა, კიდევ რის გამო შეიძლება იმსახურებდეს საქართველო მაპის მინიჭებას?

 

– როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ერაყის და ავღანეთის მისიები, რომელთა მონაწილეა საქართველო. ამასთან, ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანი ხდება არამარტო ირანის, არამედ ზოგადად ევროპული მნიშვნელობითაც. ნებისმიერ შემთხვევაში, რეგიონში სტაბილურობის გარანტი არცერთი სხვა სახელმწიფო არ არის. არც რუსეთი, არც ირანი და თურქეთი.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მყარი გარანტია უნდა იყოს ნატოს მყარი და შუქცევადი ინტერესები. ეს ფაქტორი საშუალებას არ მისცემს იგივე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაღრმავებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი მეთოდების დაბრუნებას, რუსეთის აგრესიის გაფართოებას და ა.შ.

 

ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა რომელ ჭრილში განიხილება?

 

– ეს არის დამოუკიდებელი თემა, რასთან მიმართებაშიც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი ნაბიჯების ერთობლიობა რომლებიც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაგვაახლოვებს. სამწუხაროდ, ასეთი გეგმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ გააჩნია.

 

იგივე ხელისუფლება მხოლოდ რეაგირების პოზიციაშია. მას აქვს გეგმა და მხოლოდ იმისთვის იღწვის, რომ არ მოხდეს ჯუჯა „სახელმწიფოების“ ე.წ. აღიარება. ეს არის ვითარების შენარუნებისთის ქმედება და არა კონკრეტული ხედვა იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ ამ ტერიტორიებთან მიმართებაში.

 

ნატოს შემთხვევაშიც, ეს არის ფაქტორი, რომელიც დიალოგის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება. საქართველოს მხარე მოლაპარაკების მაგიდაზე მყარად იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ნატოში გაწევრიანება ამ პრობლემის მოგვარებას ცალსახად არ ითვალისწინებს. ეს არის ცალკე პროექტი, რომელიც გასაკეთებელია და ბოლომდე მისაყვანია.

 

ალტერნატივა – ნატოში გაწევრიანება, თუ ტერიტორიების დაბრუნება დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. საკითხი ასე არავის არ დაუყენებია და სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ. ნატოში გაწევრიანება თუ არგაწევრიანება ჩვენს მტკივნეულ ტერიტორიულ პრობლემებს არ წყვეტს.

 

მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები ნატოში ინტეგრაციის გზაზე რა როლს თამაშობს?

 

– არჩევნების ნორმალურად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ვითარებაში, გაყალბებულმა ან არასრულყოფილმა არჩევნებმა შეიძლება გარკვეული უარყოფითი ქმედებები გამოიწვიოს. ეს მოხდება მიუხედავად იმისა, ნატოს წევრები ვიქნებით თუ არა.

 

ნატოს წევრობის პირობებში კი ყურადღება გაცილებით მეტი იქნება საქართველოს პრობლემატიკის მიმართ. ალიანსში გაწევრიანებული ქვეყნები საქართველოში სტაბილურობით და განვითარებით უფრო მეტად დაინტერესებულნი იქნებიან. სტაბილურობა კი იმას ნიშნავს, რომ ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩევლის ნება რეალურად ასახული იქნება. 

 

არჩევნების შედეგების შესაძლო გაყალბება ან მცდელობა, ჩრდილოატლანიკურ ალიანსთან რამდენად დაგვაშორებს?

 

– აშშ–ს და ევროპას გარკვეული გარანტია მიღებული აქვთ, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები ნორმალურად ჩატარდება. რა თქმა უნდა, კენჭისყრის მიმართ მეტნაკლები უკმაყოფილება იქნება, მაგრამ ეს გაყალბებული ან არათავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები არ უნდა იყოს.

 

რეალურად, საუბარია არა ნატოსთან დაშორებაზე, არამედ იმაზე, შევძლებთ თუ არა  ჩვენ ყველანი ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფას. თუ ქვეყნის ზოგადი კურსი არ შეიცვალა, საქართველოს ნატოში შესვლა უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.