არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ კანონით განისაზღვროს, კონტროლის პალატას რა შემთხვევაში შეუძლია არასამთავრობო სექტორისთვის ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა და, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნას გარკვეულწილად თავად კონტროლის პალატაც იზიარებს. ყოველ შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სწორედ ამაზე საუბრობდნენ. თავად ბეჟაშვილს კი ამის ღიად გაცხადების მოერიდა და მხოლოსდ ის თქვა, რომ კონტროლის პალატა მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს, თუკი ისინი საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებენ.
ამის შესახებ განცხადებები 10 თებერვალს, თბილისში, არასამთავრობო სექტორის მხრიდან კონტროლის პალატის თავმჯდომარეასთან და ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, რომელიც კონტროლის პალატის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე განხორციელებული ფინანსური მონიტორინგის პრობლემას შეეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად გამკაცრდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესები და ასევე დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. რაც მთავარია, ამ ცვლილებების თანახმად, ეს შეზღუდვები ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიასთან.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მაშინვე მოჰყვა ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობა, რადგან ასეთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების აღებასაც კი ვეღარ შეძლებენ. მაგრამ მაშინ ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ეს მოთხოვნა არასამთავრობო სექტორს არ ეხებოდა და მათთვის გაუგებარი იყო მათი წინააღმდეგობა.
თუმცა, კონტროლის პალატამ უკვე დაიწყო არასამთავრობო სექტორისთვის ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა. პირველი ასეთი მოთხოვნა 8 თებერვალს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას გაეგზავნა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
სწორედ ამ პრობლემაზე სასაუბროდ და იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ელის არასამთავრობო სექტორს, შეხვედრა კონტროლის პალატის ხელმძღვანელსა და არასამთავრობო სექტორს შორის გაიმართა, რომელსაც ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
ცხადია, ეს შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალური არხები დიდად არც კი დაინტერესდნენ. პრინციპში, მათი ბრალიც არ არის. შეხვედრაზე კი მოვიდნენ და გულდასმითაც ეძებდნენ შეხვედრაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ისეთის პოვნას, რომელიც იტყოდა, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ძალიან კარგია და ჩვენც კმაყოფილები ვართო, მაგრამ, რომ ვერ აღმოაჩინეს, შეხვედრის ადგილიც დატოვეს.
რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ბევრი ბუნდოვანებაა და მასში ცვლილებების შეტანაა საჭირო.
როგორც საია-ის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, „ბუნდოვანია, რა შემთხვევაში ხდება კონტროლის პალატის მიერ ამა თუ იმ ორგანიზაციისგან ფინანსური ანგარიშის გამოთხოვნა. კერძოდ, „ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ შემთხვევაში მიზეზად მისი ყოფილი წევრის კოკი იონათამიშვილის პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი დასახელდა, თუმცა კანონი ამა თუ იმ პოლიტიკური პირის წარსული საქმიანობის გამო ორგანიზაციის შემოწმებას არ ითვალისწინებს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ნინო ხატისკაცის თქმით კი, „ამ მომენტისთვის ორგანიზაციები მხოლოდ კონტროლის პალატის კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებულნი.
კანონში არის ძალიან ბევრი ბუნდოვანი და გაუაზრებელი ჩანაწერი, რომლის აღსრულება ძნელია, ასე რომ, კანონმდებელმა თავისი როლი უნდა შეასრულოს, კონტროლის პალატასთან კი კითხვები ძირითადად აღსრულებასთან დაკავშირებით გვაქვს. ეს კითხვები ეხება იმას, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობენ, როცა არჩევენ ორგანიზაციას, რომლისგანაც ფინანსურ ანგარიშს გამოითხოვენ, ასევე იმას, თუ რა ფორმით ხდება ეს.
ამასთან, კონტროლის პალატა ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ერთი თვის ინფორმაციას ითხოვს, ანუ კანონის ამოქმედების დღიდან დღემდე პერიოდისას, ზოგ შემთხვევაში კი - მთელი წლის. ჯერჯერობით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით. კონტროლის პალატა მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ორგანიზაციის ან პირის ქმედება შემდგომში ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რათა მისი შემოწმების საბაბი არსებობდეს, თუმცა დღევანდელი გამოცდილებით, უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციებს ფინანსური ანგარიში მოეთხოვათ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ასეთ ხარჯებზე საუბარი არ იყო და ყველაფერი მხოლოდ „საფუძვლიან ეჭვზე“ დაყრდნობით მოხდა“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი და აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა დამაჯერებელი განმარტებები ვერც ერთ ძირითად საკითხზე ვერ მიიღო.
„ჩვენ ასევე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი განმარტება იმის თაობაზე, თუ რამდენადაა კონტროლის პალატის მანდატი და ფუნქცია, ინფორმაციის დასადგენად გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში მაშინ, როდესაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის თაობაზე. მაგალითად, „ახალი თაობა-ახალ ინიციატივას“ ფინანსური ანგარიში მხოლოდ იმიტომ მოსთხოვეს, რომ მათი ინფორმაცია მათივე ვებგვერდზე ვერ ნახეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ ვებგვერდებზე მხოლოდ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას განვათავსებთ. საინტერესოა, რა ტიპის შემოსავალი უნდა დაფიქსირებულიყო, რომ ეს შემოწმების საგანი გამხდარიყო?! როგორც ვატყობთ, თვითონ კონტროლის პალატას არ აქვს მკაფიო ხედვა და ახცადებს, მართალია, კანონი ამას არ ამბობს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, კანონის გონივრულობის ფარგლებში ვიმოქმედოთო. შესაბამისად, მივდივართ იქამდე, რომ კონტროლის პალატის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულნი. კონტროლის პალატას კი, როგორც თვითონ მიიჩნევს, მოქმედების საკმაოდ ფართო არეალი აქვს“, - განაცხადა ხატისკაცმა.
სწორედ ამიტომ საია-ის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ, თუ პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ახალი რეგულაციები არ შეცვალა, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში უხეშად ერევა და არასამთავრობო სექტორი კანონის ახალი რეგულაციების შესაცვლელად ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს.
„იმისთვის, რომ შეიცვალოს კანონის სრული აბსურდული რეგულაციები, პირველ რიგში მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით და ვაწარმოებთ აქტიურ სამოქალაქო კამპანიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საიას თავმჯდომარემ.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ კი განაცხადა, რომ გარკვეული რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით თვითონ კონტროლის პალატასაც გააჩნია.
„როდესაც შეკითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა მათ კანონთან პრეტენზიები, ბატონმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კონტროლის პალატაში კანონთან მიმართებაში რეკომენდაციები მუშავდება. ჩვენ ასევე შევთავაზეთ მათ თანამშრომლობა ცვლილებების შემუშავების პროცესში და უარი ნამდვილად არ მიგვიღია“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, „კონტროლის პალატა პირდაპირ არ ამბობს, რომ კანონში ცვლილებაა შესატანი და ამას გვერდს უვლის, თუმცა ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პალატა ამ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე მუშაობს.
ის არგუმენტები, რაც კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსისგან მოვისმინეთ, ჩვენთვის უფრო მისაღებია და ის ინტერპრეტაცია, რასაც კანონთან დაკავშირებით კონტროლის პალატა ახდენს, ბევრად პროგრესული და ადეკვატურია. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კონტროლის პალატა სასამართლო ხელისუფლების ორგანოს არ წარმოადგენს და საკუთარ თავს ვერ მისცემს უფლებას, კანონმდებლობაში ჩაწერილი ნორმა კანონისგან განსხვავებული ინტერპრეტაციით აღასრულოს. მათ აქვთ კანონისგან განსხვავებული შეხედულება. ისინი უფრო უკეთესად განმარტავენ ამ კანონს, რაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, მაგრამ ფაქტია, რომ მოქმედი კანონი კონტროლის პალატისგან სულ სხვა რამეს ითხოვს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატის ხელმძღვანელობას შესთავაზეს, ერთად მოძებნონ გამოსავალი, რაც კანონში ახალი ცვლილებების შეტანაში მდგომარეობს.
კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ „კონტროლის პალატა მხოლოდ მიესალმება“, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტთან ითანამშრომლებენ“. თავად კი ამის ინიცირებას არ აპირებენ.
„ზოგადად არცერთი კანონი იდეალური არ არის. ჩვენ, ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციების მზაობას, კანონში ცვლილება განხორციელდეს, მხოლოდ მივესალმებით, თუმცა ჩვენსა და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სერიოზული განსხვავებებია. ჩვენ ამ კანონს განვმარტავთ პროგრესულად, სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ არასამთავრობოები პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ, მაგრამ ისინი კანონის ზედმეტად დრამატიზირებას ახდენენ, რის საშუალებასაც თავად კანონი არ იძლევა.
ჩვენ არ ვართ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტი და გვაქვს მოცემულობა, რომლის პირობებშიც ამ კანონს საუკეთესო გაგებით და პრაქტიკით განვმარტავთ. თუ პარლამენტი გვეტყვის, რომ მივიღოთ მონაწილეობა ახალი რეკომენდაციების შემუშავებაში, ამას გავაკეთებთ. თუ არასამთავრობო სექტორი მიაღწევს იმას, რომ პარლამენტთან ითანამშრომლოს და კანონში დამატებითი დეტალიზება მოხდეს, ამას მივესალმებით, თუმცა ეს კანონი ისედაც იძლევა საშუალებას, რომ დემოკრატიული პრინციპები დაცული იქნას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.