გამყალბებელი უნდა გაფრთხილდეს!

გამყალბებელი უნდა გაფრთხილდეს!

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს გააყალბებს, ის ხალხს ხმების დასაცავად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განხორციელებული ბოლოდროინდელი უკანონობების ფონზე, ანალიტიკოსებს ივანიშვილის გამოსვლებში ახალი ნოტები არ უკვირთ.  

 

კერძოდ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, არავინაა ვალდებული არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საკუთარ სამზარეულოში ჩაიკეტოს: 

 

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შევაფასებ, როგორც ბუნებრივ რეაქციას იმ უსამართლობაზე, რომელიც შესაძლებელია მოხდეს. ჯერ-ჯერობით რაიმე დამამაშვიდებელი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა სამართლიანი არჩევნების მიმართულებით.

 

თვალებში ნაცრის შეყრის ტექნოლოგია ნაციონალურ მოძრაობას ხელეწიფება საზღვარგარეთ, მაგრამ არა საკუთარ სამშობლოში. რასაკვირველია, არავინ არის ვალდებული, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩაიკეტოს საკუთარ სამზარეულოში.

 

მოვლენებს ექნება ლოგიკური განვითარება. არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა ისეთი გაკვეთილის შემდეგ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას შესთავაზა ბატონმა სააკაშვილმა 2003 წლის ნოემბერში“.

 

ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილმა ამ განცხადებით მინიშნება გააკეთა, რომ მის არსენალში ქუჩის აქციების იარაღიც არსებობს:

 

„ივანიშვილის ეს განცხადება უფრო პრევენციის მატარებელი თემა გახლავთ და არა მუქარა, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომელსაც ქუჩის აქციების გარდა არაფერი წარმოუდგენია სამართლიანობის მიღწევის იარაღად.

 

ეს იარაღიც რომ არსებობს ივანიშვილის არსენალში, მხოლოდ აღნიშნულის მიმანიშნებელი იყო აღნიშნული განცხადება და არა ის, რომ მისი სურვილია ასეთი სცენარის განვითარება“.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ასარჩევია, რა სახით უნდა განერიდოს ის სახელისუფლებო ძალადობას: „მათ სერიოზულად მოუწევთ დაფიქრება საკუთარ მომავალზე - აირჩევენ ისინი გზას, რომელსაც ჰქვია „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, თუ პირიქით, გადავლენ უფრო ხისტ პოლიტიკაზე და იგნორირებას გაუკეთებენ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს“.

 

„პრესაგე.ტვ–სთან“ საუბრისას ექსპერტი–კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე სააკაშვილის ხელისუფლებას იმ კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებს, რაც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას შეიძლება მოჰყვეს.

 

ვახტანგ ხმალაძე: გამყალბებელი უნდა გაფრთხილდეს, რადგან ქართული საზოგადოება მორიგ უკანონობას არ გადაყლაპავს. ამ პირობებში, ივანიშვილი ხალხს გამოსვლისკენ და სიმართლის დაცვისკენ მოუწოდებს. ყალბის მქმნელი  ხელისუფლებისთვის ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს.

 

მეორეს მხრივ, „ქართული ოცნებამ“ თავიდანვე უარი თქვა ქუჩის გზაზე და ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლა გადაწყვიტა. ამ ნათქვამს კი ორი გაგება აქვს. რასაკვირველია, არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას უპირატესობა ენიჭება. თუმცა, მოქმედ მთავრობას სიფრთხილე მართებს. თუ მოინდომა და არჩევნები გააყალბა, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს ისე, როგორც ეს სხვა დროს მომხდარა.

 

ივანიშვილის ამ განცხადებას მოძრაობის მიმართ განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა უკანონობებმაც ხელი ხომ არ შეუწყო?

– საერთოდ, ნებისმიერ განცხადებაზე და მოქმედებაზე უშუალო გავლენას ახდენს ის პროცესი, რაც მას წინ უსწრებდა. ბუნებრივია, როდესაც ხედავთ, რომ ვიღაც სისტემატურად და მიზანმიმართულად, არაკანონიერად და უსამართლოდ მოქმედებს, თქვენშიც პროტესტი იზრდება. ამ დროს ადექვატურ მოქმედებას იწყებთ. მათ შორის სიტყვით  გამოხატვასაც.

 

რამდენად გაითვალისწინებს პოტენციური გამყალბებელი შეცვლილ პოლიტიკურ  რეალობას?

– მარჩიელობას ვერ დავიწყებთ, მგონია, რომ უნდა გაითვალისწინოს. არაგონიერი შექმნილ რეალობას არ ითავისებს ხოლმე და მერე თვითონვე იმკის გამოწვეულ შედეგებს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს.

 

ბრძანეთ, რომ კენჭისყრის გაყალბება ხელისუფლებისთის ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება...

– ნებისმიერმა მასობრივმა პროტესტმა შეიძლება ძალიან მწვავე ფორმა მიიღოს და ამის უამრავი მაგალითები არის ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც. ასეთ დროს რა ხდება ხოლმე, ამისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის.

 

თუ ვინმეს დაავიწყდა, აგერ გაიხსენოს გასული კვირეების და თვეების განმავლობაში თუ რა ხდებოდა მთელ მსოფლიოში. ამით რეალურ ვითრებას და პერსპექტივებს გაიაზრებს. ვერცერთი ხელისუფლება ხალხის სამართლიან მოთხოვნებს უკანონობაში ვერ ჩაახშობს.